პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნანა კაკაბაძე – ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი გადაცემები მოსწონთ

21-ე საუკუნე ტელევიზორისა და ინტერნეტის ეპოქად ითვლება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ახალგაზრდების, განსაკუთრებით – მოსწავლეთა, უმეტესობა დროის უდიდეს ნაწილს სწორედ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებს. რა ძალა აქვს ტელევიზორს, რით იზიდავს იგი ახალგაზრდა მაყურებელს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge „საზოგადოებრივი მაუწყებლის” საბავშვო გადაცემების ავტორს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა. 
ნანა კაკაბაძე:

– ტელევიზორი და ინტერნეტი ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად მიიღო ინფორმაცია ნებისმიერ საკითხზე, ეს კი მოზარდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მათ ხომ ყოველდღიურად უამრავი კითხვა უგროვდებათ. ამასთან, ტელევიზორი და ინტერნეტი ბავშვებისთვის ის საოცარი და ფერადი სამყაროა, სადაც შეუძლიათ გადაცემების მეშვეობით იმოგზაურონ, მოუსმინონ მათთვის მოსაწონ მუსიკას, უყურონ მულტფილმებს და დაიკმაყოფილონ ბავშვური ინტერესი.

– დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ტელევიზიებში საბავშვო გადაცემების დეფიციტი შეინიშნება, თუმცა „საზოგადოებრივ მაუწყებელში” არის ჯგუფი, რომელიც საბავშვო გადაცემებს ამზადებს. რა მიმართულებით მუშაობს ეს ჯგუფი, რა მიზანს ემსახურება?

– „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყოველთვის ცდილობდა, პატარა მაყურებლისთვის ხარისხიანი საბავშვო გადაცემები მიეწოდებინა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი უკვე მრავალი წელია ზრუნავს ამისთვის, ამიტომ ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ გავერკვეთ ბავშვის ფსიქოლოგიაში, რაშიც პროფესიონალებიც გვეხმარებიან, ახლო და მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ მოზარდებთან, რათა მუშაობის დროს მათი მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება შევძლოთ. ბავშვებთან ერთად ჩვენც ვვითარდებით. ახლა ახალ გადაცემაზე ვმუშაობთ, რომელსაც სულ მალე წარვუდგენთ მაყურებელს.

– როგორ გადაცემებს ანიჭებენ ბავშვები უპირატესობას?

– გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად გასართობი გადაცემები მოსწონთ, თუმცა აუცილებელია სიახლეც, რაც მათ ინტერესს გაუღვიძებს, ამიტომ გადაცემა უნდა იყოს შემეცნებითიც. თუ ბავშვი თამაშითა და გართობით ისწავლის რამე ახალს, ის კმაყოფილი დარჩება და მოუნდება, თვალი ადევნოს ასეთ გადაცემებს.
– ხშირად ამბობენ, რომ ტელევიზია უფრო მეტ დროს უნდა უთმობდეს შემეცნებით გადაცემებს, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე მოზარდს ეხება. თქვენი ჯგუფისთვის რამდენად პრიორიტეტულია ასეთი გადაცემები?
– როგორც გითხარით, ბავშვებს მოსწონთ თამაშითა და გართობით სწავლა, ამიტომ საბავშვო გადაცემას შემეცნებითი ხასიათიც უნდა ჰქონდეს და იმავდროულად გასართობიც იყოს.

– სკოლებთან, მასწავლებლებთან, განათლების სამინისტროსთან თუ თანამშრომლობთ?

– ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ხშირად ნახავთ სკოლებში. გადაცემებისთვის ბავშვებს უმთავრესად სკოლებში ვპოულობთ, ჯერ პედაგოგებს და სკოლის დირექტორს ვუთანხმდებით, მერე კლასებში შევდივართ და ბავშვებს ვესაუბრებით. ხანდახან გადაცემაში მთელი კლასი მონაწილეობს, – არ გვინდა, ბავშვებს გული დავწყვიტოთ და წავართვათ ოცნების ახდენის – ჩვენს წამყვანებთან შეხვედრის, მათი გაცნობის – შესაძლებლობა. ვთანამშრომლობთ მუსიკალურ სტუდიებთანაც. რამდენიმე ჩვენს თანამშრომელს პედაგოგიური გამოცდილებაც აქვს.

– თქვენი აზრით, უნდა ურჩევდეს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეს, რას უყუროს?

– რა თქმა უნდა, მოსწავლეს სწორედ მასწავლებელი უნდა აძლევდეს რჩევას. უკეთ, რამდენიმე ვარიანტს სთავაზობდეს, საიდანაც ის თავად აირჩევს, რას უყუროს და რას – არა. კარგია, როცა მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს ეხმარებიან. ამგვარ მუშაობაში იდეებიც უფრო მეტად იხვეწება.

– დღეს პრობლემად მიიჩნევა, რომ ბავშვების უმეტესობა უყურებს უფროსებისთვის განკუთვნილ ტელესერიალებს. როგორ მოიქცნენ მშობლები, რომ მათი შვილები უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული საბავშვო გადაცემებზე?

– ბავშვები დილით ადრე იღვიძებენ, საღამოს კი უფროსებზე ადრე წვებიან დასაძინებლად. საბავშვო გადაცემების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მათ ყოველდღიურ რეჟიმს და გადაცემა ყოველთვის მათთვის მისაღებ დროს გადის ეთერში. ასევე ცნობილია, რომ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი დღეში 20 წუთზე მეტს არ უნდა ატარებდეს ტელევიზორთან. კარგი იქნება, თუ მშობლები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ.

– წლების წინ საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ რადიოსა და ტელევიზიის საბავშვო გადაცემებს. დღეს როგორი დამოკიდებულება აქვს ახალ თაობას თქვენი გადაცემების მიმართ?

– საბედნიეროდ, მას შემდეგ ჩვენი პატარების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მათ ფართო არჩევანი აქვთ, შეუძლიათ უამრავი ქართული თუ უცხოური საბავშვო გადაცემის ნახვა. კონკურენცია რომ დიდია, ეს ჩვენთვისაც არ არის ცუდი – სტიმულს გვაძლევს, არ მოვდუნდეთ, მეტი ვიშრომოთ და მეტად განვვითარდეთ. გვიყვარს სკოლებსა თუ ბაღებში მისვლა – იქ ჩვენი გადაცემის წამყვანებს ცნობენ, სიყვარულით ხვდებიან და დადებითი მუხტიც უხვად მოგვაქვს, რაც მუშაობაში ძალიან გვეხმარება.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ჯგუფს?

– სულ მალე ბავშვებს ახალ პროექტს შევთავაზებთ. „ყოჩაღების ქუჩაზე” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ყოველ დილით გავა ეთერში. ეს შემეცნებით-გასართობი გადაცემაა, რომლის მთავარი გმირები ყველასათვის საყვარელი კაპიტანი და ბავშვები იქნებიან. გადაცემაში ახალი, საინტერესო პერსონაჟიც შემოვიყვანეთ – ბუზღუნა და მძინარა ბუა, რომელიც ჩვენს კაპიტანს და ბავშვებს უამრავ პრობლემას უქმნის. ერთი შეხედვით, ბუა უარყოფითი გმირია, თუმცა, ვფიქრობთ, ბავშვებს ისიც შეუყვარდებათ. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ – ჩვენს გადაცემას ბავშვების საყვარელი წამყვანი გოგიჩა გაუძღვება. გიორგი გოგიჩაიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაუბრუნდა და ახალი იმიჯითა და გადაცემით შეეცდება, ბავშვების უფრო დიდი სიყვარული დაიმსახუროს. ასე რომ, ბავშვებს ვურჩევ, ყოველ დილით შემოგვიარონ „ყოჩაღების ქუჩაზე”, სადაც დიდი ჟრიამულია და ბევრი საინტერესო ამბავი ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი