ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გია ნიჟარაძე – რაგბი ქართული სპორტია

არსებობს გადმოცემა, რომ რაგბი 1823 წლის 7 აპრილს დაიბადა. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby;  აქედან მომდინარეობს თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეს ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში იმხანად ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომლებმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს – Rugby-football-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ, რომელი წესებით ეთამაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი – მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში, 1871 წელს კი თამაშის ამ წესის მიმდევრებმა დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც ინგლისსა და შოტლანდიას შორის.

როგორც მორაგბეები ამბობენ, ქართველებმა რაგბი პირველად მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ითამაშეს; ოფიციალური წყაროების მიხედვით, რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი ჩვენთან 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა, პირველი ქართული კლუბი კი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა იმიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც  1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება, თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით 1962 წელს გაიმართა.

უკანასკნელ ხანს რაგბი საქართველოში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სახეობაა, რის გამოც სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, გახდეს მორაგბე. რა ხიბლი აქვს რაგბის და რით იზიდავს იგი ქართველ ახალგაზრდებს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge-ს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე ესაუბრება.
• ბატონო გია, ბოლო ხანს ქართველმა მორაგბეებმა მრავალი სასახელო გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ ამის წყალობით არის, რომ რაგბი ქართველ ახალგაზრდებში ასეთი პოპულარული გახდა?

– გამარჯვებები თავისთავად არ მოდის; ისინი დიდი შრომის საზღაურია. უამრავმა თაობამ სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანა რაგბი დღევანდელ დღემდე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უეცრად დაინგრა მთელი სისტემა, შეწყდა ცენტრალური დაფინანსება, სპორტის მრავალ სახეობას გაუჩნდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ გადავრჩით, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ოჯახი ვართ. ბევრმა გმირმა მორაგბემ სახლები და სხვა ქონება გაყიდა და ამ გზით შეინარჩუნა ეს ოჯახი. შემდეგ ნელ-ნელა განვვითარდით და ჩამოყალიბდა რაგბის კავშირი. თითოეულმა მოთამაშემ, ხელმძღვანელის ჩათვლით, ყველაფერი გააკეთა, რომ წლების განმავლობაში გავძლიერებულიყავით. დიდმა შრომამ და უზარმაზარმა სიყვარულმა მოგვიყვანა აქამდე. ზოგჯერ ჩვენც მოგვდის უთანხმოება, როგორც ყველას, მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს და ვაკეთებთ იმას, რაც ქართული რაგბისა და ჩვენი ქვეყნისთვის არის სასიკეთო. ალბათ ამით განვსხვავდებით სხვებისგან.

რაგბი მორაგბისთვის არ არის მხოლოდ სპორტი; ეს არის ცხოვრების წესი, ფასეულობათა მთელი ნაკრები, რომლის გარეშე ეს სპორტი ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს. არ მინდა, გაცვეთილი ფრაზებით ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია – ჩვენი ფასეულობებია სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის სამსახური, თავგანწირვა, მეგობრობა, რაინდობა, მეტოქე გუნდისა და მისი მაყურებელის დაფასება, სუსტის დახმარება. უამრავ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც სპორტს არ უკავშირდება, მაგრამ ვერავინ იგებს, რადგან ვაკეთებთ პიარისა და ქულების ჩაწერის გარეშე. ერთი სიტყვით, ეს ფასეულობები კრავს ჩვენს ოჯახს. დიახ, მე ოჯახს ვეძახი სარაგბო საზოგადოებას და ამ სულისკვეთებით ვზრდი ახალგაზრდა თაობებსაც, მერე ისინი ზრდიან მომდევნოს და ასე… ასეთივე სულისკვეთებაა მსოფლიო რაგბიში. ჩვენც ნაწილი ვართ ამ საერთაშორისო სარაგბო ოჯახისა, რომელიც ღირსეული ფასეულობებით ცხოვრობს. გამონაკლისი აქ არ არსებობს, მიუხედავად ამ რთული სამყაროსი, სადაც ფასეულობები ან იმსხვრევა, ან იცვლება და, სამწუხაროდ, არცთუ სასიკეთოდ.

• რა მონაცემები უნდა ჰქონდეს მოზარდს, რომ მორაგბე გახდეს? 

– ჩემი პირველი მოწოდება მშობლებისადმი ის იქნება, რომ ბავშვი სპორტის ნებისმიერ სახეობაზე მიიყვანონ. ნუ იქნება რაგბი, ოღონდ მიიყვანეთ. ერი კნინდება ფიზიკურად და, შესაბამისად, სულიერადაც. არ შეიძლება, ბავშვი სპორტის გარეშე არსებობდეს. რაც შეეხება რაგბის, ის ძალიან დემოკრატიული სპორტია და არავითარ სპეციალურ მონაცემებს არ მოითხოვს. ჩვენთან არის ღონიერები, სუსტები, მაღლები, დაბლები… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რაგბის თამაში, თუ ექნება სათანადო ფიზიკური მომზადება და, რაც მთავარია, სულიერი სიმტკიცე. ამასთან, ის რაგბის ფასეულობების ერთგული უნდა იყოს. ეს ყველაფერი საწინდარია იმისა, რომ ადამიანი ძალიან წარმატებული მორაგბე გახდეს.
• ჩემთვის ცნობილია, რომ სკოლებში არჩევითი სპორტის სახეობად შეტანილია რაგბიც. ბევრი მოსწავლე ირჩევს ამ სპორტს?

– უფრო და უფრო მეტი. სამწუხაროდ, რაგბი ყველა სკოლაში არ არის დანერგილი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტურქტურა. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი სკოლის მასწავლებელს დავეხმაროთ სარაგბო კვალიფიკაციის ამაღლებაში, ჩავუტაროთ ტრენინგები ქვედა დონეზე, მაგრამ შემდეგ თავს იჩენს ინფრასტრუქტურული პრობლემა. არა მარტო რაგბიში – ფეხბურთშიც იგივე პრობლემები აქვთ. აქ განათლების სამინისტროს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია. იმედია, სახელმწიფო მეტ თანხას გამოყოფს იმისთვის, რომ აშენდეს და გარემონტდეს დარბაზები. ბავშვებს უნდა მიეცეთ სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვის საშუალება. რაგბის ანბანის სწავლება დარბაზებშიც შეიძლება. სპეციალური „ანის და ბანის პროგრამებიც” გვაქვს, რის შემდეგაც მოსწავლეები გადავლენ სპეციალურ სექციებში, კლუბებში. ასე განვითარდებიან და ჩამოყალიბდებიან მორაგბეებად. 
• რატომ მოინდომეთ სასჯელაღსრულების სისტემაში რაგბის დანერგვა?

– ავჭალის კოლონიაში ვავარჯიშებთ არასრულწლოვან პატიმრებს, ვასწავლით რაგბის ფასეულობებს, ვახვედრებთ თანატოლებს. შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდიან, ვანაწილებთ ჩვენს კლუბებში, რომლებიც პასუხისმგებელნი ხდებიან მათ მომავალზე. ეს ჩემი იდეა და ოცნება იყო, რადგან მცირეწლოვანის ციხეში მოხვედრა ტრაგედიად მიმაჩნია. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. იმავეს ვაკეთებთ ობოლ ბავშვთა სახლებში, დევნილებთანაც.

ჩემი მეგობრების ინიციატივით, საინტერესო პროექტი წამოვიწყეთ არაქართულენოვან მოსახლეობაში: ასპინძაში გვაქვს ბაზა, სადაც ახალქალაქიდან ვიწვეთ სომხური წარმომავლობის ბავშვებს. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, სომეხ ბავშვებს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გაადვილებოდათ, დაეძლიათ სხვადასხვა პრობლემა. ფანტასტიკური შედეგი გვაქვს – ბავშვები თამაშობენ რაგბის, ლაპარაკობენ ქართულად, მეგობრობენ თანატოლებთან…
• საზოგადოება გამორჩეულად აფასებს მორაგბეთა წარმატებას. ქართულმა რაგბიმ სახელი გაითქვა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განსკუთრებით მნიშვნელოვანია. 

– ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გაირკვა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს სახელის გატანაში რაგბის უზარმაზარი წვლილი შეუტანია. ეს არის საშუალება, დააინტერესო რაც შეიძლება მეტი ადამიანი მთელ მსოფლიოში, რათა გადაშალონ ენციკლოპედია და წაიკითხონ საქართველოს შესახებ, ჩამოვიდნენ, დაიწყოს ურთიერთობები, რომლებიც კულტურულ, სპორტულ, საქმიან თუ პოლიტიკურ ურთიერთობებში გადაიზრდება. ჩვენ ამ კუთხით დიდი დახმარების გაწევა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც. 

• რაგბის ტრადიციებსა და რიტუალებზე ლეგენდებს ჰყვებიან… რა რიტუალები აქვს ქართულ რაგბის? 

– ამ ტრადიციებს მე ფასეულობებს დავარქმევდი. ერთ-ერთ ფასეულობაა მოწინააღმდეგის პატივისცემა. მორაგბეებმა მოედანზე შესაძლოა ჩახოცონ ერთმანეთი, მაგრამ გაისმება თუ არა მსაჯის სასტვენის ხმა, ეს ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. გამარჯვებული გუნდი გარბის მოედნის კიდისკენ, აკეთებს დერეფანს და ტაშით აცილებს დამარცხებულ გუნდს, რომელიც ამ დერეფანში გადის. ამით ის დამარცხებულის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მადლობას უხდის თამაშისთვის. მერე უკვე დამარცხებული გუნდი აკეთებს დერეფანს გამარჯვებულისთვის… ბოლოს „მესამე ტაიმი” იმართება – ორივე გუნდი, მსაჯები და სპორტული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ერთად მიდიან რესტორანში, სვამენ ღვინოს ან ლუდს და საუბრობენ რაგბიზე.

რიტუალი ყველა გუნდს თავისი აქვს. ზოგიერთი, მაგალითად, ახალზელანდიელები და სამოელები, მოედანზე საბრძოლო რიტუალს ატარებს. ჩვენი რიტუალი ასეთია: თამაშის წინ ბიჭები მარტო რჩებიან გასახდელში, დგებიან წრეში, ეხვევიან ერთმანეთს და „მამაო ჩვენოს” კითხულობენ… ჩვენ ჩვენი ქვეყნის მეომრები ვართ. ჩვენი წინაპრები სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ. ჩვენც ჩვენი ქვეყნისა და უფლისთვის ვლოცულობთ და ასე გავდივართ მოედანზე.

• ქართველი მორაგბეები ხშირად ამტკიცებენ, რომ რაგბი ქართული თამაშია. რატომ? 

– პირველი – ჩვენში საუკუნეების განმავლობაში თამაშობდნენ ლელოს, რომელიც ძალიან ჰგავს რაგბის. მეორე – ფასეულობები, რომლებიც ჩამოვთვალე, ჩვენი მენტალიტეტიდან, ტრადიციებიდან, წარსულიდან მოდის. დიახ, ეს ჩვენი სპორტია, ამიტომ მეტ და მეტ წარმატებას მივაღწევთ და ამ პატარა ქვეყნის შვილები მსოფლიოში წარმატებულ ადგილს დავიმკვიდრებთ. დარწმუნებული ვარ, სამოასთან ისტორიული მოგება კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს ქართველ ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობის მიმართ. 

რაგბი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სპორტია, რომელიც ახალგაზრდას ბევრ რამეს მისცემს: ხალხის სიყვარულს, პატივისცემას, ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს, წარმატებას. მორაგბე ბუნებით ლიდერია და სადაც არ უნდა წავიდეს – ბიზნესში, პოლიტიკაში თუ სხვაგან, ლიდერად დარჩება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. მე გარანტიას ვაძლევ მშობლებს, რომ რაგბის წყალობით მათი შვილებისგან კარგი ადამიანები დადგებიან. ამიტომ უნდა აირჩიონ რაგბი.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი