ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რამაზ ჭილაია – შვილის განათლებაში დაბანდებული თანხა – საუკეთესო ინვესტიცია

“ბუნების წესია _ ყოველი ახალი გენერაცია ახალი აზრებითა და საფიქრალით მოდის. სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე: არ დაიჯეროთ, რომ ცუდები ხართ, მაგრამ დაამტკიცეთ, რომ კარგები ხართ-მეთქი. ის ერი, სადაც მამები ჯობნიან შვილებს, კვდომისთვის არის განწირული”, – ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის თეორეტიკოსი რამაზ ჭილაია, რომლის ბიოგრაფია სკოლის მასწავლებლობის ორ წელსაც მოიცავს.
რამაზ ჭილაიას აზრით, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პრობლემა, ყველა სხვა სირთულესთან ერთად, ღირსებაშელახული მასწავლებელიც არის:
– “დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკ” – ასეთი იყო ქუთაისის გიმნაზიის დირექტორის ჩინი, როცა ქუთაისი რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა და ეს სამოქალაქო სტატუსი იმხანად გენერლისას უტოლდებოდა. გიმნაზიის დირექტორს, იოსებ ოცხელს, ერთ-ერთ პირველს ჰყავდა ქუთაისში მაშინდელი ტრანსპორტი – ტარანტასი და ქუჩაში რომ გამოვიდოდა, ვისაც მიესალმებოდა, თავს ბედნიერად რაცხდა. მეფის რუსეთისთვის საქართველო კოლონია იყო, მაგრამ ის თავის მოხელეებს სტატუსს აძლევდა. დღეს რა სტატუსი აქვს მასწავლებელს? მეოთხეკლასელი მოწაფე სამი შენი ხელფასის ღირებულების მობილურ ტელეფონს რომ ამოიღებს გაკვეთილზე, იქ მთავრდება შენი საქმე…
– რა ხდებოდა თქვენს დროს?

– ჩემი თაობისთვის ორი თანამდებობა იყო სანატრელი – ცეკას მდივნობა და უნივერსიტეტის რექტორობა… ანგელოზები არც ჩვენ ვყოფილვართ და არც ჩვენი მასწავლებლები, მაგრამ არსებობდა დაუწერელი კანონი და აზრადაც არ მოგვივიდოდა მასწავლებლის შეურაცხყოფა. შატალოზეც დავდიოდით, სისულელეებსაც ვაკეთებდით, მაგრამ ეს იყო უბოროტო ცელქობა თავის გამოჩენის მიზნით – “შემომხედეთ, რა ბიჭი ვარ!” უზრდელობასაც კი ვერ დაარქმევდი. დღეს რაც ხდება, ცოდნის ნაკლებობისა და ზედაპირული აზროვნების ბრალია. საზოგადოდ, ადამიანი წამხედურია. ამას ემატება ჩვენი სამხრეთული ტემპერამენტიც…
კარგად მახსოვს ჩემი სკოლის რუსულის მასწავლებელი ირინა ვლადიმიროვნა ბალოტინა, რომელიც შეყვარებული იყო საქართველოზე. ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა – პუშკინი. როცა გაკვეთილის მოსმენა არ გვინდოდა, პუშკინზე შევაპარებდით ხოლმე შეკითხვას… ერთხელ საკონტროლოში ერთადერთი შეცდომის გამო ერთიანი დამიწერა _ სხვას ხუთიანსაც დავუწერდი, მაგრამ შენგან ამას არ მოველოდიო და ორი კვირა შერცხვენილი დავდიოდი.
– თქვენ როგორი მასწავლებელი ხართ?

– ოცდაჩვიდმეტი წელია, ლექციებს ვკითხულობ და სია არასოდეს ამომიკითხავს. სტუდენტი ლექციას არ გააცდენს, თუ აინტერესებს. მთავარია, მასწავლებელმა მოახერხოს და დააინტერესოს.
– ორი წელი სკოლაშიც ასწავლიდით. როგორია თქვენი ნანატრი სკოლა?

– ადამიანი დიდწილად სკოლაში ყალიბდება. ჩემს ნანატრ სკოლაში I-IV კლასების მასწავლებელს ათასგზის მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე დანარჩენი კლასებისას. არ შეიძლება, მერვეკლასელს ასე მიმართო: “აეთრიე”, “რას ჰგავხარ”… კეთილ ვინებოთ და ჩვენი გაუსაძლისი ყოფა სკოლის ზღურბლთან დავტოვოთ. პირველი ცოდვის მერე ადამიანი მუდამ ადამიანია, ამიტომ არ მიყვარს გამოთქმა: “ჩემს დროს ასე იყო”. ხუთი ათასი წლის წინანდელ თიხის ფირფიტებზეც იმავე ჩივილს ამოიკითხავთ: ეს რა თაობა მოდის, როგორ მეტყველებენ, როგორ აცვიათ, როგორ იქცევიანო… უბრალოდ, სოციუმში უნდა იყოს გამოკვეთილი ორიენტირი. ნურავის ეგონება, მეორეკლასელი ვერ ხედავს, რითია გამორჩეული მისი თანატოლის მამა თუ ბაბუა და რაზე უნდა გააკეთოს სწორება.
ბოლო დროს მასწავლებელი განტევების ვაცად იქცა, ჩვენი საზოგადოების ყველა ნაკლი მასა და სკოლას ბრალდება… მოარული შესიტყვებაა: ჩემპიონებს არაჩემპიონები ზრდიან. თუ გუნდი იგებს, მისი წარმატებაა, თუ აგებს – მწვრთნელის წარუმატებლობა…
ეს რამდენიმე წელია, საგანმანათლებლო სისტემაში სასიკეთო სხივი გამოჩნდა, თუმცა იყო წლები, რომლებმაც გაუზრდელი მშობლების თაობა მოიყვანა. დღეს ბევრი ხვდება, რომ შვილის განათლებაში დაბანდებული თანხა საუკეთესო ინვესტიციაა. მეორე უკიდურესობა, რაც დღევანდელ განათლებას სჭირს, რეპეტიტორია. ხშირად მშობელი ამით მხოლოდ იმშვიდებს თავს. რეპეტიტორობა ყოველთვის არსებობდა, გერმანულად ამ სტატუსს “შულმაისტერი” ჰქვია და ასეთი შულმაისტერი იყო კანტიც. მაგრამ როცა რეპეტიტორს თვითონ აქვს სასწავლი?!
განათლების კაიზერისეული სისტემა, რომელიც ლენინმა არ შეცვალა, ძალიან კარგ ზოგად განათლებას იძლეოდა. ჩემს თაობაში დაიწყო დამატებით მომზადება სასკოლო საგნებში. ეს იმათ სჭირდებოდათ, ვინც სამედიცინოზე აბარებდა. მაშინ გახდა ეს პროფესია პოპულარული. მოდის წყალობით, მეც დავდიოდი დამატებით გაკვეთილებზე მათემატიკის მასწავლებელთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არჩევანი – ჰუმანიტარული მეცნიერება _ თავიდანვე განსაზღვრული იყო. მიმაჩნია, რომ ადამიანი ვერ ისწავლის გრამატიკას, თუ ლოგიკური ანალიზი არ შეუძლია. მათემატიკაც ხომ ამაზე დგას.
ახალგაზრდების განათლების ნაკლსა და ღირსებაზე ვსაუბრობთ. არ უნდა დავივიწყოთ ოჯახის როლი. რომლისაც გნებავთ ქართველი მწერლისა თუ საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიას გადავხედოთ – ყველა აღნიშნავს, რომ წერა-კითხვა დედამ ასწავლა. დღეს დედის როლი დაიკარგა. ან რა გასაკვირია, როცა გაჭირვებული დედა პირველი სექტემბრისთვის შვილს ფანქარს ვერ უყიდის?.. ლოზუნგებისა და სადღეგრძელოების დრო უნდა დასრულდეს. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი – ბოლოს როდის გაიგონეთ სიტყვა “ოჯახიშვილი”? ეს არც კომპლიმენტია და არც ახირება. ოჯახიდან რომ იწყება ადამიანის აღზრდა, ამას საზოგადოების ყველა ფენა მიხვდა. შემთხვევით როდი მიყო, რომ თვითონ გამორჩული ოჯახის შვილმა როსტომ წერეთელმა გლეხის ოჯახში გაგზავნა შვილი. აი, სად იყო თანასწორობა და ოჯახიშვილობაც ამით იწყებოდა. სწორედ ასეთ სოციუმში გაზრდილს შეეძლო ეთქვა: “ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობაო”. თვითონ დიდგვაროვანსაც ასე სჯეროდა.

– როგორც პედაგოგს, შეგიძლიათ გვითხრათ, სად “უჭირთ” დღეს ახალგაზრდებს?

– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღევანდელი თაობა ვერ მეგობრობს მშობლებთან. ეს ბევრ სიმახინჯეს წარმოშობს. შვილი მტრად არ უნდა გაზარდო, თუმცა არც ენა უნდა მოუჩლიქო; უნდა ემეგობრო და თანასწორად აღიქვა. ჩემი ოცდათხუთმეტი წლისაა და მისი მეგობრები ასევე მეგობრობდნენ ჩემთანაც. შვილების სიყვარულია საჭირო და არა მოქრთამვა. ზოგჯერ ჯოხიც საჭიროა, თუმცა მერე ეს სიყვარულში უნდა გადავიდეს, აგრძნობინო, რომ ის პიროვნებაა, რომ ოჯახში ორივე მთავარი ხართ.
ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი