პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პაროდია პანდემიისას, ანუ იუმორის თავისებურებები ჟამიანობისას და საერთოდაც…

რა გვაცინებს, როდესაც ყველაფერი არის ძლიერ ცუდად?

 

რატომ გვიყვარს ( თუ გვჭირდება?) საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების გამოჯავრება?

 

ეთიკურია თუ არა სიცილი გაჭირვებისას, პანდემიისას, როცა სიკვდილისა და ავადმყოფობის ამდენი შემთხვევაა?

 

როდის და რაზე გაგვეცინა ბოლოს გულიანად, ხმამაღლა, ხმით?

 

რატომ გახდა პაროდია ასე პოპულარული ბოლო ხანებში? რა მიზეზი და ახსნა აქვს ამას?

 

რამდენი კითხვაა…და რამდენი კითხვაცაა, იმდენი საკვლევია.

(სტატიის მიზანი არ არის ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. ზოგი კითხვა „განწირულია“უპასუხობისთვის. ამ შესავალში დასმული კითხვების დარად…)

 

ახლა რთული და უჩვეულო ვითარებაა.

 

რეალობა, რომლის წარმოდგენაც, მიუხედავად მრავალგვარი აპოკალიფსური, პოსტაპოკალიფსური, უტოპიური, დისტოპიური ტექსტებისა და სცენარებისა, მაინც რთული წარმოსადგენი იქნებოდა ორიოდე თვის წინ.

 

არისტოტელე ამბობდა, ტრაგედია „შიშისა და თანაგრძნობის გზით ამგვარ ვნებათაგან განგვწმენდსო“ და დრამატული ხელოვნების „განმწმენდ“, თერაპიულ დანიშნულებაზე მიუთითებდა.

 

„ბნელ და შემაწუხებელ“ ვნებათაგან განთავისუფლების ერთგვარი მცდელობაა, ვფიქრობ, იუმორიც. განსაკუთრებით – ასეთ უცნაურ დროებაში.

 

ერთგვარი პასუხი, ახსნა, ამოთქმა, რომელიც შეიძლება შეაგებო ისეთ აბსურდულ სიტუაციას, რომელსაც ახსნას ვერ უძებნი, ისეთ ტკივილს, რომლის ატანაც არ ძალგიძს, მდგომარეობას, რომლის რაციონალურად გადაწყვეტაც რთულია.

 

სწორედ ამ ვითარებაში ჩანს იუმორი სხვა ყველაზე მეტად ადეკვატური, შესაბამისი და შესაფერისი პასუხი. ამის დასტურია გავრცელებული ინტერნეტმემები, რომლებზეც ყველა ის სიტუაციაა გამოჯავრებული, „მასხრად აგდებული“, რაც ბოლო დროის მოვლენების გამო ასე აქტუალური გახდა.

 

  • ფოტოშოპის მეშვეობით სუპერგმირების სამოსში გამოწყობილი ეპიდემიოლოგების ფოტოები;
  • ვიდეოგიფები „ცხელი წერტილიდან“ – ინფექციური საავადმყოფოდან;
  • რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სასაცილო ინტერნეტმემები, რომლებშიც ცნობილი სერიალის მოტივებია ნასესხები და მორგებული არსებულ სიტუაციას;
  • არაჩვეულებრივი პაროდიები – გენიალური ნახატების „გაცოცხლებული“ ვარიანტები, როდესაც იზოლაციაში მყოფი ადამიანები ხელთ არსებული ნივთებისა და საგნების გამოყენებით ცნობილი ნახატების იმიტაციებს აკეთებენ, იღებენ და აქვეყნებენ;
  • პაროდია-წერილები, რომლებიც ცნობილი მწერლების სტილის ბაძვით იქმნება…

 

სიცილი საზღვრებს გარეშე, სიცილი მორალური ან ეთიკური მუხრუჭების გარეშე, სიცილი ყველასა და ყველაფერზე, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ადამიანური და აუცილებელი რამაა.

 

ანრი ბერგსონის თქმით, დროებითი ანესთეზია – უგრძნობლობა – ესაა სიცილის ბუნებრივი გარემო („სიცილის მომენტში მთელი სისრულით რომ გამოვლინდეს კომიკურობა, გრძნობების დროებითი ანესთეზია აუცილებელია“…ანრი ბერგსონი, „სიცილი“, ინტელექტი, 2014).

 

ხომ საჭიროა ზოგჯერ რელიგიური, მორალური, ეთიკური ან რთული ვითარების გამო დაძაბულობის ზღვარზე მყოფი ადამიანური გრძობების დროებითი ანესთეზია? ძალიანაც!

 

¨¨¨

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს ( როგორც არგუმენტირებული ესეების დებულებებშია ხოლმე ფორმულირებული), რომ არსებობენ ხელშეუვალი ავტორიტეტები, რომ ზოგიერთი შემოქმედის, მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკა ან ნებისმიერი სხვა გრძნობა, „გარნა“ პატივისცემისა დაუშვებელია. ამგვარი დამოკიდებულება ქმნის სწორედ კვარცხლბეკზე შემოსკუპებული გაშარჟებული პერსონაჟების გალერეას.

 

რა კარგია, ამ სიბეცისგან თავის დასაცავი პრევენციული საშუალებები რომ არსებობს და მხატვრულ ლიტერატურას თავისი წვლილი რომ შეაქვს პაროდიის, ეპიგრამების, სატირის, სარკაზმის, გროტესკის და სხვა იუმორისტული, კომიკური გამომსახველობითი ხერხებით.

 

სულ მიკვირს, რატომ არ ისწავლება ჩვენთან ისტორია და ბიოგრაფიები შელამაზებისა და „გადავარცხნის“ გარეშე ან რატომ ითვლება, რომ თუ რომელიმე ღვაწლმოსილი მოღვაწის რაიმე „უღირსი“ ან „შეუფერებელი“ საქციელი გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, მის „სიდიადეს“რამენაირად ჩრდილი მიადგება.

¨¨¨

რაც ეს უცნაური დრო დაგვიდგა და ონლაინ რეჟიმზე გადავერთეთ, გაკვეთილების დაგეგმვის, მიზნებისა და შედეგების შესახებ ფიქრისას ვცდილობ, რაც შეიძლება სახალისო და საინტერესო სამუშაო შევარჩიო მოსწავლეებისთვის. სახალისო – გადამწყვეტი და საკვანძო ფაქტორია.

 

იუმორის სახეებიდან ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულის, პაროდიის შესახებ ცნობების შეგროვებისას ერთ წერილს წავაწყდი, რომელსაც ხელს სკოტ ფიცჯერალდი „აწერს“, მაგრამ ეს წერილი მას არასდროს დაუწერია.

 

2020 წლის 13 მარტს  თანამედროვე ამერიკელმა მწერალმა, ნიკ ფარიელამ იუმორისტულ საიტზე გამოაქვეყნა „სკოტ ფიცჯერალდის წერილი კარანტინიდან“. გამოქვეყნებულ მასალას ახლავს მინაწერი – ნაშრომი პაროდიაა და არ გახლავთ ფიცჯერალდის ნამდვილი წერილი. ფარიელა ცდილობს, მიბაძოს ფიცჯერალდის სტილს, ახსენოს თანამედროვეობისთვის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი რეალიები. რამდენიმე მონაკვეთზე გულიანად ჩამეღიმა, რამდენიმე მონაკვეთმა კი თარგმნისას გვარიანად „გამჭედა“ (როგორც ჩემი მოსწავლეები იტყოდნენ), რადგან არც მწერლური ნიჭი აღმომაჩნდა, არც მთარგმნელობითი და იუმორის ამ სპეციფიკური ასახვის ხერხის, პაროდიის გადმოქართულებაც იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა (ძალიანაც ადვილად წარმომედგინა – აგერ ტექსტი, აგერ ლექსიკონების ტევრი, მწერალს ვიცნობ, სტილი მახსოვს, ასე ვფიქრობდი…).

აი, „ღწვისა და დაგვის“ შედეგიც:

 

უძვირფასესო როზმერი,

კრიალა, მოსაწყენი დღე იყო. გეგონებოდა, ცაზე გამოკიდებული მქრქალი ვარსკვლავიდან უღიმღამო ბადურაა ჩამოშვებულიო.

გმადლობ წერილისთვის.

 ჩამოცვენილი ფოთლების ფერხულს გავცქერი, გარეთ, ნაგვის ურნასთან რომ გაუმართავთ. ეს შარიშური ჯაზივით ჩამესმის.

ქუჩები დაცარიელდა. ვფიქრობ, ქალაქელების უმეტესობა საკუთარ უბნებში შეიკეტა. სწორიცაა. ახლა მეტად საჭიროა ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება. ბარებსაც არ უნდა გავეკაროთ. ეს რომ ჰემინგუეის ვუთხარი, მუცელში მდრუზა ხელი. ვკითხე, დაბანილი თუ გაქვს-მეთქი. არ ჰქონდა. ის ხომ ყველაფერს უარყოფს და არად დაგიდევს. ირწმუნება, ვირუსი უბრალო გრიპიაო. ნეტავ, რა წყაროები აქვს…

ხელისუფლებამ გაგვაფრთხილა, ერთი თვის სამყოფი აუცილებელი რაღაცები მოიმარაგეთო. ზელდამ და მე წითელი ღვინო, ვისკი, რომი, ვერმუთი, აბსენტი, თეთრი ღვინო, შერი, ჯინი და, ღმერთო, თუ საჭირო გახდა, ბრენდიც ვიყიდეთ. ილოცე ჩვენთვის.

ნეტავ, მოედნისთვის შეგეძლოს თვალის შევლება. ოჰ, საშინელებაა. მზარავს იმის წარმოდგენა, რასაც მომავალი გვიქადის. გრძელი დღეების ნელი წრებრუნვა, წყალწყალა ჰაიბოლის კოქტეილის უსასრულო წრუპვა. ზ. ამბობს, საკმარისი მიზეზი სმისთვის ეგ არ გახლავსო. რა ვქნა, რაღაცით ხომ უნდა დავაკავო ხელები.

ჩაფიქრებული გავყურებ სანაპირო ზოლს, ნისლით შებურულს. ჯანღი ავისმომასწავებლად, თავს დატეხილი სასჯელივით მოემართება აქეთკენ.

 და მაინც,  დაისის უსწორმასწორო ღრუბლებს მიღმა სინათლის ეულ სხივს ვხედავ.

შევყურებ ამ სხივს და მინდა უკეთესი ხვალინდელი დღისა ვირწმუნო.

 

მარად შენი,

ფ.სკოტ ფიცჯერალდი

 

წერილი ძალიან მალე საკმაოდ პოპულარული გახდა. როგორც ხდება ხოლმე, საიტიდან საიტზე „ამხანაგთა სათრეველად“ და „სალაღობოდ“ გავრცელების შემდეგ წყარო დაიკარგა, მინაწერისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია და ბევრგან ისე გამოქვეყნდა, როგორც ფიცჯერალდის რეალური წერილი „ვინმე“ როზმერისდმი. მედიაწიგნიერების ანაბანის უცოდინრობა და წყაროს გადამოწმების უგულებელყოფა „სხვა ოპერიდანაა“ და ამჯერად ამაზე არ შევჩერდები.

¨¨¨

დავუბრუნდეთ პაროდიისა და იუმორის ეთიკურობის საკითხს.

 

რატომ გახდა პაროდია  გამოხატვის, მხატვრული ასახვის, შემოქმედებითი თვითგამოხატვის, სათქმელის გამოთქმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი?

 

დასაშვებია თუ არა სიცილი ყველასა და ყველაფერზე – მათ შორის, „კლასიკოს მწერალზე“, რელიგიურ თემატიკაზე, ავტორიტეტულ ეპიდემიოლოგებსა თუ „ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ“ პროფესიონალებზე?

 

ვფიქრობ, საინტერესო თემაა არგუმენტირებული ესესთვის, რომელსაც აუცილებლად შევთავაზებ მოსწავლეებს, რადგან დასმულ კითხვებზე ერთი და სწორი, უალტერნატივო და ჭეშმარიტი პასუხი არც არსებობს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი