პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰეროიდები – ქალები ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან

შესავალი 

„მან კი მომიგო მყისვე, მარად უცდომელი ანდაზით: ქალო, გახსოვდეს, რომ ქალს სამკაულად შვენის სიჩუმე“ ––  ეს სიტყვები დიდი ბერძენი ტრაგიკოსის – სოფოკლეს ერთ-ერთი გამორჩეული ტრაგედიიდანაა[1], თუმცა ამ სიტყვებს ერთი ავტორი არ ჰყავს. მათი ავტორი მთელი კაცობრიობაა, რომლმაც საკუთარი ისტორიის – უბრალო ისტორიის კი არა, ამბების მომცველი ისტორიის დამახსოვრება და ათვლა მაშინ დაიწყო, როცა ქალის უმთავრეს ატრიბუტად, სამკაულად და ვალდებულებადაც დუმილი დასახელდა.

კიდევ უფრო დრამატულად  რომ ვთქვათ, ჩვენი ისტორია მდუმარე ქალების ისტორიაა, მდუმარე ქალები კი – ჩვენი სამყაროს ისტორიული მოცემულობა.

მეორე დიდ დრამატურგთან – არისტოფანესთან კი ასეთ ფრაზას წააწყდებით: „მე ამ გულიდან ვერ ამოვიგდებ ქალის სიძულვილს“. თუმცა არც ამ ფრაზას ჰყავს ერთი ავტორი, მერე რა, რომ მას ამ კონკრეტულ კომედიაში[2] მოხუც კაცთა ქოროს წინამძღოლი წარმოთქვამს. სინამდვილეში, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ნათქვამის ავტორობაზე მთელი კაცობრიობა მოაწერდა ხელს. თანაც მოაწერდა სიამოვნებით.

კაცობრიობა აქ, ამ ტექსტში ნიშნავს მხოლოდ კაცობრიობას, ისევე როგორც ჩვენი სამყაროს ტექსტურაში, რომელიც აგერ ამდენი ასწლეულია იქსოვება და ამ ნაქსოვში, თუკი კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შენიშნავთ ჩაცვენილ თვლებს, რომელთაც არ აქვთ სახელები, იმიტომ რომ მათ ავტორებს ოდესღაც ყელზე სამკაულად ჩამოჰკიდეს ვალდებულება დუმილისა.

და მას შემდეგ არაერთგზის მოგვისმენია ამაყი და ქედმაღლური შემართების სასაცილო კითხვა:

  • კი, მაგრამ რატომ დუმან ქალები?

ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი ამ სტატიის პირველივე აბზაცშია წარმოდგენილი.

თუმცა ამ კითხვას აქვს მეორე და ალბათ უფრო უსულგულო პასუხიც, რომლის შემოქმედნიც ჩვენ საკუთარი ნებითა თუ უნებურად არაერთგზის გავმხდარვართ. ეს პასუხი ისმის სკოლებში, არა, მანამდეც – ისმის საბავშვო ბაღებში და კიდევ უფრო მანამდე – ისმის ოჯახებში, და მერე ისმის ყველგან – უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებში, მაღაზიებში, კაფეებსა და ბარებში, ტრანსპორტსა და აივნებზეც კი. და ეს პასუხი არის ისევ დუმილი. დიახ, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა ყველგან ისმის განგრძობითი დუმილი იმ ქალების შესახებ, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში წერდნენ ჩვენი სამყაროს ისტორიას, ოღონდ წერდნენ – ანონიმურად და ეს ხდებოდა ხან ნებით, ხან უნებლიეთ, ხანაც კიდევ – ძალდატანებით, მაგრამ ყოველთვის უსამართლოდ. აქ ალბათ გონივრული იქნებოდა ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ მეხსენებინა და აი, ვახსენე კიდეც და მხოლოდ ამით შემოვიფარგლე. რატომ? იმიტომ…

მაშასადამე:

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც ომებია?

სად არიან ქალები მაშინ, როდესაც მშვიდობაა?

სად არიან ქალები მაშინ, როცა მსოფლიო თავის საუკეთესო ქმნილებებს – ლიტერატურასა და ხელოვნებას აქანდაკებს?

სად არიან ქალები მაშინ, როცა დედამიწა ბრუნავს და მის ბრუნვას კაცობრიობა პირველად აკვირდება?

ან როცა პლანეტები დედამიწელებთან მეგობრობას იწყებენ და მათ მიერ ნაჩუქარ სახელებს ირქმევენ?

სად არიან ქალები, როცა მსოფლიო პირველ მნიშვნელოვან ჩაფიქრებას – ფილოსოფიას მიეცემა?

სად არიან ქალები, როცა სამყარო ახალ წელთაღრიცხვას იწყებს?

და საერთოდ:

  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?
  • სად არიან ქალები?

ამ შეკითხვამ ქართული პოეზიის გამორჩეული ნიმუში თუ მოგაგონათ, მშვენიერია, ესე იგი -პოეზია გიყვართ, თუმცა ეს კითხვა სულ სხვა პოეზიიდანაა – ძალიან ტრაგიკული პოეზიიდან, რომელშიც ტრადიციულად პასუხად ისმის ხოლმე, იმ ჩვენი საყვარელი ლექსის სტრიქონის ოდნავ სახეცვლილი ვერსია:

  • ქალები არ არიან!

ეს პასუხი კი ყველაზე მცდარი პასუხია ამ ჩვენი სამყაროს ისტორიის მიერ გაცემულ უმცდარეს პასუხთა შორის.

იმიტომ რომ:

  • ქალები აქ არიან! აქ და ყველგან! ახლა და ყოველთვის!

 

მაგრამ „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა“ ქალის „მთავარი სამკაულის“ – დუმილის უარმყოფელი ქალისათვის ასე უპირობოდ დაეჯერებინოს სამყაროს? „მოდით რა, სიტყვაზე მენდეთ!“ – ეს ნამდვილად უადგილო ნათქვამი იქნებოდა ჩემი მხრიდან ახლაც კი, როცა თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ – ქალის დაწერილს.

უსამართლობაა, მაგრამ ვინაიდან ეს ჩვენი მშვენიერი სამყარო უსამართლობის მძლავრ ნაკადთა შესართავი უფროა, ვიდრე მწყობრი კოსმოსი, გადავწყვიტე – მივუტევო მას ეს რიგითი უსამართლობაც და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

არ შეგეშინდეთ, მე ახალი სამყაროს შემქმნელი ვერ ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია – იმ ნაქსოვში, რომელზედაც ზემოთ გიამბეთ, რამდენიმე ჩავარდნილი თვალი მაინც ამოვიყვანო. როგორ? როგორ და – გახსენებით თუ შეხსენებით თუ ალბათ უფრო მეტად – ხსენებით იმ სახელებისა, რომელთაც მივიწყება თუ ანონიმის ნიღაბი დაჰყვათ ბედისწერად.

მაშინ როდესაც კლასიკური ფილოლოგიის სწავლა დავიწყე და უეცრად იმ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდი, რომელსაც ანტიკურობა ჰქვია და რომელსაც კიდევ უფრო ჯადოსნური ადამიანები მასწავლიდნენ, ამ ადამიანთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. ფილოლოგია… ქალები… – მოგეხსენებათ.

თავდაპირველად ვერაფერი უცნაური ვერ შევნიშნე იმ ამბავში, რომ ეს ჩემი უძვირფასესი მასწავლებლები ჩვენი დარგის ცნობილ მეცნიერებსა თუ მკვლევარებზე, პროფესორებსა თუ ლექტორებზე, მწერლებსა თუ მთარგმნელებზე რომ საუბრობდნენ, მათ მიერ ხსენებულ ამ მართლაც დიდებულ შემოქმედთა სახელებს შორის ქალის სახელები თითქმის არ მოიძებნებოდა. უცნაურად არც ის მოცემულობა აღმიქვამს მაშინ, რომ ანტიკური ლიტერატურის გასაოცარ ნიმუშთა შესწავლისას, მხოლოდ ერთი ქალი ავტორი შევისწავლეთ საფუძვლიანად. ეს საპფო იყო, მეათე მუზა – და შევისწავლეთ ალბათ მაინც უფრო იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ანტიკურობაში უწოდეს მას „მამაკაცური საპფო“.

მიუხედავად ამისა, პროფესიის დაუფლების პირველ ეტაპზე მაინც, ნამდვილად არ გამჩენია კითხვა, რომელიც ზემოთ უკვე არაერთგზის გავიმეორე, მაგრამ აქ ცოტა უფრო მეტ კონკრეტიკას შევძენ ამ კითხვას:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს ქალები? სად არიან სხვა პოეტი ქალები, გარდა „მამაკაცური საპფოსი“? სად არიან ანტიკურობის მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ექიმი, მუსიკოსი, მხატვარი, ათლეტი ქალები და ასე შემდეგ?

აკი ვთქვი, ეს კითხვა თავიდან არც კი გამჩენია-მეთქი, მაგრამ რომც გამჩენოდა, ალბათ საკუთარ თავს პასუხად მივაგებებდი ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ანტიკურობაში და მაშასადამე, ევროპული ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე დიდებულ მონაკვეთში ქალები არ არიან!

და ეს იქნებოდა ყველაზე მცდარი პასუხი ჩემ მიერ საკუთარ თავთან გაცემულ მცდარ პასუხთა შორის. მაგრამ ამ მცდარი პასუხისთვის პასუხს ახლა მე ნუ მომკითხავთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ პასუხსაც, რომელიც ასე ჟღერს:

ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან დგას ძველი ბერძნული ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა, სპორტი და სამყაროს აღქმის სხვა მრავალი მიმართულება, რომელთა წარმომადგენლების ჩამოთვლისას აუცილებლად გაგვახსენდება – ჰომეროსის, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს, სოკრატეს, პლატონის, არისტოტელეს, არქიმედეს, ევკლიდეს, პითაგორას, ანდრონიკოსის, ჰიპოკრატეს, პრაქსაგორას, ფიდიასის, პრაქსიტელეს, აპელესის,  პერიკლეს, თემისტოკლეს, ლეონიდასის, სოლონის, ალექსანდრე მაკედონელის, დემოსთენეს, თეაგენე თასოსელისა და სხვათა სახელები.

შენიშნეთ ხომ? – ეს სახელები მამაკაცთა სახელებია.

იმიტომ რომ ანტიკურობაზე საუბრისას, მითოლოგიურ და ლიტერატურულ ქალ პერსონაჟთა სახელებს იშვიათად თუ გასცდება ევროპული ცივილიზაციის პოპ-მეხსიერება. მედეა, კლიტემნესტრა, იფიგენია, ანტიგონე, ელენე, ლისისტრატე, ჰერა, ათენა, აფროდიტე, დემეტრე და ა.შ. – კი ბატონო, ანტიკურობიდან დამახსოვრებული ქალები არიან, მაგრამ ისინი ფიქციური პერსონაჟები არიან და არა რეალური.

მაშასადამე და კიდევ ერთხელ:

  • სად არიან ანტიკური სამყაროს რეალური ქალები?

კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტთა მცირე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით, ამ კითხვის დასმისას ვინმე რიგითი ევროპელი ანტიკურობიდან მხოლოდ ერთეული ქალების გახსენებას თუ შეძლებს – უმეტესწილად, ზემოთ დასახელებული პოეტი საპფოსი, უკეთეს შემთხვევაში – საპფოსა და ასპასიას, კიდევ უკეთეს შემთხვევაში კი – საპფოს, ასპასიასა და ჰიპათიას გახსენებას. ანტიკურობა კი გაცილებით მეტ სახელს სცნობდა და აღიარებდა იმ ქალებისა, რომლებმაც ძველი საბერძნეთისთვის დამახასიათებელი მძაფრი გენდერული უთანასწორობის პირობებში როგორღაც შეძლეს და ზემოთ ხსენებულ და არ ხსენებულ კაცებთან ერთად, ევროპული ცივილიზაციის შემქმნელებად მოგვევლინენ.

ძვ. წ. I საუკუნეში, ერთი დიდი რომაელი პოეტი წერს ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო საყვარელ წიგნს რომაული ლიტერატურიდან, რომელსაც „ჰეროიდებს“ უწოდებს. ჰეროიდებში ანუ გმირ ქალებში ოვიდიუსი უმთავრესად ფიქციურ ქალებს გულისხმობს – ქალებს რომელთა სახელებიც ლიტერატურამ, ხელოვნებამ ან სულაც მითოლოგიამ სამუდამოდ დაამახსოვრა სამყაროს. ამ ქალთაგან მხოლოდ ერთია რეალურად არსებული ისტორიული პირი. ესეც – საპფოა. „მამაკაცური საპფო“.

„ჰეროიდები“ ეპისტოლარული პოეზიის საოცარი ნიმუშია, მასში შემავალი წერილები კი სავსე განსაკუთრებული შფოთვით, ვნებით, სიყვარულით, სიძულვილით, თავგანწირვით, სისასტიკით – მოკლედ, ყველაფრით, რამაც შეიძლება ქალი „საინტერესო“ გახადოს „მამაკაცური“ მწერლობისათვის. ამ წიგნის სრულიად არაჩვეულებრივი თარგმანიც გვაქვს ქართულ ენაზე, ჩემი მასწავლებლის – ქალბატონი იამზე გაგუას მიერ შესრულებული. ამბობენ, რომ ოვიდიუსს უყვარდა ქალები და სწყალობდა კიდეც მათ, ეგ კი არა იმასაც ამბობენ, სწორედ ქალების სიყვარულს აყოლილ პოეზიას შეეწირა მისი მოქალაქეობა და გადასახლებაში გატარებული ბოლო წლები სიცოცხლისა. დიახ, ოვიდიუსს უყვარდა ქალები, „ჰეროიდებიც“ ამის დადასტურებაა ალბათ, მაგრამ ეს სხვა სიყვარულია და ჩვენ ამ სიყვარულზე არ ვისაუბრებთ.

სამაგიეროდ, ვისაუბრებთ რეალურ ჰეროიდებზე – არა ლიტერატურულ, არამედ ნამდვილ, მარადიულად ცოცხალ ქალებზე, გმირ ქალებზე, რომლებმაც მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, მიუხედავად ისტორიული უსამართლობის მონაპოვარი პატრიარქალური პრივილეგიებისა, მაინც მოახერხეს და ევროპული ცივილიზაციის შესაქმის მთავარ მოქმედ პირებად იქცნენ. მათი მივიწყების არაერთი მცდელობის კვალდაკვალ კი ამ ჰეროიდების სახელები ისტორიამ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შემოგვინახა. ამიტომაც გადავწყვიტე, დროდადრო ანტიკურობის გამორჩეულ ქალებზე გიამბოთ ხოლმე, ერთობ ბანალური მიზნით –  გაგახსენოთ სახელები და საქმეები ანტიკურობის ჰეროიდებისა, რათა ისტორიული უსამართლობის გამოძახილ სასაცილო, მაგრამ მავნებლურ კითხვაზე – სად არიან ქალები? – დამაჯერებლად და მტკიცედ უპასუხოთ:

  • ევროპული ცივილიზაციის სათავეებთან!


 

[1] სოფოკლე, აიასი, სტრ. 292-293

[2] არისტოფანე, ლისისტრატე, სტრ. 1018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი