პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რუსუდან ფხაკაძე, ლელა მურუსიძე – როგორ დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს

„საქართველოში ოჯახურ ძალადობას მრავალი ასპექტი აქვს. ამ პრობლემის ტაბუირების მხრივ დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 1997 წელს, როდესაც ორგანიზაცია „ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა” ფუნქციობა დაიწყო. მაშინ ამ თემაზე არავინ ლაპარაკობდა. ამჟამად ოჯახური ძალადობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მუშაობს რამდენიმე ორგანიზაცია, უცხოური ფონდები დაინტერესებულნი არიან ამ პრობლემის დაძლევით, გამოყოფილია დაფინანსება. გარდა ამისა, სახელმწიფომ აღიარა პრობლემის არსებობა. წინათ თუ ამბობდნენ, ეს პრივატული საკითხიაო, დღეს უკვე პატრულის პირდაპირ მოვალეობად მიიჩნევა, ჩაერიოს ოჯახურ ძალადობაში და სათანადო ზომებიც მიიღოს. შეიქმნა კანონმდებლობა, ამოქმედდა დამცავი და შემაკავებელი ორდერები. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა უკვე ფოკუსშია მოქცეული, მაგრამ კვლავ მოუგვარებელი რჩება სტატისტიკა – იგი არ ასახავს რეალურ ვითარებას, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა სწორი ანალიზი გაკეთდეს. ერთი სიტყვით, ყინული დაძრულია, მაგრამ რამდენად სწორად წარიმართება საბოლოოდ მისი დაძლევის პოლიტიკა, ეს უკვე სხვა საქმეა”, – ასე ახასიათებს ოჯახური ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას „ქალთა საკონსულტაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, ოჯახში ძალადობის ექსპერტი რუსუდან ფხაკაძე.
რუსუდან ფხაკაძე და ფსიქოლოგი ლელა მურუსიძე mastsavlebeli.ge-ს სტუმრები არიან.
– ოჯახური ძალადობა, გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, უამრავ სხვა პრობლემასთანაც არის დაკავშირებული. რა გავლენას ახდენს ამგვარი ძალადობა ოჯახის წევრებზე, კერძოდ, ბავშვებზე, რომლებიც ხშირად თავად არიან ძალადობის პირდაპირი ან ირიბი მსხვერპლნი?
რუსუდან ფხაკაძე:

– ოჯახური ძალადობა არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ვინც ამ ოჯახში ცხოვრობს. ეს პრობლემა უხილავია და სცდება ერთი ოჯახის ფარგლებს. ამგვარი ძალადობისას განსაკუთრებით ზარალდებიან ბავშვები. თუ ისინი მეტისმეტად პატარები არიან, ვერც კი არქმევენ სახელს იმას, რაც მათ ირგვლივ ხდება (არათუ მოზარდები, ჩვენს ცენტრში ხშირად მოდიან ზრდასრული ადამიანებიც, რომლებსაც უჭირთ, სახელი დაარქვან საკუთარ მდგომარეობას, აღიარონ, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან). განსაკუთრებით რთულია მეცხრე-მეათეკლასელების მდგომარეობა. ისინი მთელი ცხოვრება უყურებენ, როგორ ხდება მათ ოჯახში ძალადობა, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, რადგან ეშინიათ, ამიტომ უმთავრესად ეს ბავშვები არიან ირიბი ძალადობის მსხვერპლნი, თუ პირდაპირისა არა. როდესაც მოძალადე აგრესიას გამოხატავს, არ ფიქრობს იმაზე, რომ გარშემო პატარები არიან. ამ დროს ბავშვებს ძალადობრივი ურთიერთობის მოდელი უმუშავდებათ. მეტიც – ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ხშირად დედა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, შვილს სიმართლეს უმალავს, არწმუნებს, თითქოს ესა თუ ის დაზიანება მექანიკური ტრავმის შედეგად მიიღო, მაგრამ ბავშვი ხვდება, რომ დედა ტყუის და მის ფსიქოლოგიაზე ეს ორმაგი ცხოვრება პათოლოგიურად აისახება. ეს ყველაფერი კი თავს იჩენს სკოლაში, თანატოლებთან ურთიერთობისას.

არსებობს ინდიკატორები, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ასეთი ბავშვები შეიძლება იყვნენ აგრესიულები ან ჰიპერაქტიურები. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ბევრს კითხულობს, განათლებულია, მაგრამ თანატოლებთან ურთიერთობა უჭირს. მსხვერპლ მოზარდს არ შეუძლია, იყოს გახსნილი. მას უვითარდება მუდმივი აგრესია, ეჭვიანობა, მიუღებლობა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობს. ასეთი ბავშვები არიან ძალზე მოწყვლადები. შესაძლოა, მასწავლებელმა უბრალო მითითება მისცეთ, მათ კი ეს აგრესიულ შენიშვნად და თავდასხმის წინა პირობად მიიჩნიონ, ანუ მათი ფსიქიკა სულ სხვანაირად თარგმნის რეალობას. ამრიგად, ეს ბავშვები ძალიან რთულები არიან.

ლელა მურუსიძე:
– ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან უვითარდებათ ენურეზი, მომეტებული ნევროზულობა, შეფერხებები აქვთ განვითარების ნებისმიერ სფეროში – ინტელექტუალურში, სოციალურში, პიროვნულში. თუ სქესობრივ ძალადობასთან გვაქვს საქმე, შეიმჩნევა ბავშვის გაძლიერებული ინტერესი სექსუალური ლიტერატურისადმი. ბევრი რამაა ისეთი, რაც ერთი შეხედვითაც გვამცნობს, რომ ბავშვი მსხვერპლია. თუნდაც ჩაცმულობა, უსუფთაობა. დედას საკუთარი პრობლემის გამო ხშირად აღარ სცალია ბავშვის მოსავლელად. მუდმივი ძალადობა მსხვერპლში იწვევს მშობლის ფუნქციის მოშლას, ის პათოლოგიურ მდგომარეობაშია და ძალა აღარ შესწევს, იზრუნოს შვილის ჰიგიენაზე. მოუწესრიგებელი ბავშვი სკოლაში რომ მიდის, თანაკლასელები დასცინიან. ასეთ მოზარდს აქვს შეგრძნება, რომ სახლშიც მიუღებელია და სკოლაშიც, ამიტომ ისინი რისკის მქონე ბავშვებს მიეკუთვნებიან და, სიტუაციიდან და მდგომარეობიდან გამოდინარე, რას უნდა ველოდეთ მათგან, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია. გარდა იმისა, რომ ძალადობაში გაზრდილი ბავშვები ხშირად თავადაც ხდებიან მოძალადენი, რაც თავდაპირველად ვლინდება ცხოველების წვალებითა და უდანაშაულო თანატოლის უმიზეზო ჩაგვრით, შესაძლოა, ისინი თვითონვე იქცნენ მსხვერპლებად და ასოციალურ, დეზადაპტირებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი ოჯახური ძალადობისგან დაიცვას?
რუსუდან ფხაკაძე

– დღეს მრავალი სტრუქტურა არსებობს, რომელსაც შეუძლია რეკომენდაციის გაცემა იმის თაობაზე, როგორ მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ისინი ამ გზას ნაკლებად მიმართავენ. არადა, თვითონ მშობელსაც სჭირდება იმის სწავლა, როგორ აღიქვას ესა თუ ის მოვლენა. ჩემი აზრით, მთავარია, ბავშვი არ მოვატყუოთ. როდესაც მოზარდი ხედავს ძალადობას, მაგრამ დედა ეუბნება: „არაფერია, შვილო, ჩვენ მამას მაინც ვუყვარვართ”, – ბავშვს უყალიბდება ასეთი აზროვნება: „ესე იგი ვინც გიყვარს, შეიძლება სცემო, იძალადო მასზე”. მშობელმა უნდა აუხსნას შვილს, რომ მას შესაძლოა უყვარს მამა, მაგრამ მისი საქციელი ძალიან ცუდია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის ცუდი და რა – კარგი. თუ ბავშვი ტყუილში იზრდება, ეს იქცევა მისი ცხოვრების წესად. როდესაც სკოლაში რამე ცუდი ხდება და ეკითხებიან, რა მოხდა, იგი იტყუება, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს ცუდია, რადგან სახლში მუდმივად ორმაგ გარემოში უწევს ცხოვრება. ძალადობის მსხვერპლი მშობელი თავადვეა დათრგუნვილი და ის ვერასოდეს მოიქცევა ბავშვთან სწორად, თუ მანაც პროფესიონალთან არ გაიარა კონსულტაცია. ამასთან, ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ასეთი სტრუქტურები სკოლებშიც შეიქმნება და კონფიდენციალურად იმუშავებს ამ კატეგორიის მოსწავლეებთან.
– როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც ხვდება, რომ ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია?
– ეს ძალიან რთული საკითხია. რასაკვირველია, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა პირობებში ცხოვრობს მისი მოსწავლე, რათა არაცნობიერად ან გაცნობიერებულად არ მოიქცეს ისე, რომ პროვოცირება გაუწიოს ისედაც რთულ ბავშვს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ხშირად არ ემორჩილებიან პედაგოგებს და სწავლის პროცესშიც არაადეკვატურად იქცევიან. ზოგჯერ ათვისების კუთხითაც ჩამორჩებიან, რადგან მათ აზროვნებაში სხვა ასოციაციები იბადება და მასწავლებლის მოსმენა უჭირთ. ფრიადოსნები მასწავლებლებს უფრო მეტად უყვართ, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები კი იშვიათად არიან წარმატებული მოსწავლეები. პედაგოგმა უნდა იცოდეს მოსწავლის მდგომარეობა, თუნდაც იმისთვის, რომ მის ბრაზს და გაღიზიანებას ადვილად მოერიოს.

ლელა მურუსიძე:

– ჩემი აზრით, სკოლებში უნდა იყოს სპეციალური სამსახური, – ან მანდატურისა, ან სხვა, – რომელიც ძალადობის საკითხებზე იმუშავებს. მხოლოდ ოჯახური ძალადობის პრობლემა ხომ არ დგას – არსებობს ბულინგი, ძალადობა სკოლებში, აგრესიის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა, ამიტომ ვინმე უნდა დაეხმაროს ბავშვებს კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, კონფლიქტების მოგვარებაში, თუნდაც გაარკვიოს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. შეიძლება შეიქმნას შეხვედრების ჯგუფებიც, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, სადაც იმართება საუბრები პრობლემურ საკითხებზე. თუნდაც  იმაზე, რომ არსებობს ოჯახური ძალადობა და მას მოგვარება სჭირდება და არა მიჩქმალვა. ეს საჭიროა, რათა ბავშვმა მოახერხოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, გააცნობიეროს, მისი ქმედება ძალადობრივია თუ მსხვერპლური. ვიღაცამ ხომ უნდა ასწავლოს, როგორ გამოვიდეს ჩიხური მდგომარეობიდან, რათა დაამყაროს თანაბარზომიერი ურთიერთობები ოჯახსა თუ სკოლაში, თანატოლებსა თუ პედაგოგებთან, რათა ერთი მუდამ დაჩაგრული არ იყოს, მეორე კი – მუდამ „ბოსის” როლში.
რუსუდან ფხაკაძე:

წინათ არსებობდა ფსიქოლოგთა ასოციაცია, რომელიც ერთიანი გეგმით მუშაობდა, თუმცა არც მაშინ მიმდინარეობდა და არც ახლა მიმდინარეობს სპეციფიკური მუშაობა ოჯახური ძალადობის მიმართულებით. არადა, ოჯახური ძალადობა იმით განსხვავდება სხვა სახის ძალადობისგან, რომ არ არის ერთჯერადი – სისტემატურია. მუდმივი ინტენსიური გარემოა სკოლაც, სადაც მსხვერპლი ბავშვები სწავლობენ, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. მართალია, დღეს სკოლებს ჰყავთ ფსიქოლოგები, მაგრამ როგორ მუშაობენ ისინი ან რამდენად ეფექტურია მათი მუშაობა ამ კუთხით, ძნელი სათქმელია. ცალკეული ბავშვის გამოყვანა და მისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა, ჩემი აზრით, დაუშვებელია. უნდა არსებობდეს რეაგირების ერთიანი სისტემა და გზები, უნდა ხდებოდეს სხვადასხვა პრობლემის მქონე ბავშვების ჯგუფებად გაერთიანება, მათთან შეხვედრა, დიალოგი. თავისთავად, საჭიროა მასწავლებელის სუპერვიზიაც, რადგან მათაც უამრავი პრობლემა აქვთ.
– არ არის გამორიცხული, ესა თუ ის მასწავლებელი ბავშვობაში თავად ყოფილიყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ან, შესაძლოა, იგი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდშივე განიცდიდეს ძალადობას. თუ ახდენს ეს გავლენას მის საქმიანობაზე, მოსწავლეებთან ურთიერთობაზე? 
რუსუდან ფხაკაძე:
– ეს ცოტა საჩოთირო თემაა. სხვათა შორის, როდესაც მასწავლებლებს ტრენინგებს ვუტარებდით, დავინტერესდით მათი ოჯახური მდგომარეობითაც. მოგეხსენებათ, პედაგოგების უმრავლესობა ქალია და აღმოჩნდა, რომ ტრენინგის მონაწილეთა დაახლოებით 80 პროცენტი ან გაშორებული იყო მეუღლეს, ან გაუთხოვარი იყო. სრულყოფილი ოჯახი ძალიან ცოტას ჰქონდა. ეს, თავისთავად ცხადია, მათ ქცევასა თუ დამოკიდებულებით სისტემაზეც აისახება. არ არსებობს კომპლექსებისგან თავისუფალი ადამიანი და თუ მათზე არ გვიმუშავია, არ გაგვიცნობიერებია ისინი, ძალიან ძნელია სკოლაში მისვლა და იმ დიდი აუდიტორიის წინაშე დგომა, რომელსაც კლასი ჰქვია; სადაც ათეულობით მოსწავლეა, რომლებიც, არ ვიცით, რას გააკეთებენ ან როგორ შემოგვხედავენ. ამ ყველაფერს უნდა გაუძლოს პედაგოგმა. მით უმეტეს, რომ დღეს ძალიან მოიმატა ბავშვების ჰიპერაქტიურობამ, აგრესიულობამ, ნევროზულმა გადახრებმა და ისტერიულ-ფსიქოზურმა მდგომარეობებმაც კი. ამ დროს მასწავლებელი მიდის სკოლაში საკუთარი გადაუმუშავებელი პრობლემებით… ეს შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს მისთვის.

პედაგოგებს საკუთარი პრობლემების ვენტილაციის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თორემ როგორც არ უნდა აკონტროლონ თავი, ოდესმე მაინც უმტყუნებთ ნერვები, რადგან გამუდმებით განიცდიან პროვოცირებას. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა და იოლად ამჩნევს მასწავლებლის სუსტ წერტილს. ამიტომ, თუ ძალადობის პრობლემის დაძლევა გვინდა, უნდა ვიმუშაოთ როგორც ბავშვებთან, ისე მასწავლებლებთანაც. 
– ანუ ეს ის საკითხია, რომლის მიმართაც სახელმწიფო მიდგომა რადიკალურად უნდა შეიცვალოს…
რუსუდან ფხაკაძე:
– სწორედ ასეა. სხვათა შორის, ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ განათლების მინისტრის მოადგილეს. როდესაც აგრესიული, დაუმორჩილებელი და ხშირად საშიში ბავშვები სპეციალიზებულ სკოლაში გადაჰყავთ, ამით არც ერთი პრობლემა არ გვარდება. მთელი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს და პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვარდეს. ჩემი აზრით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგიური კურსი და ამ პრობლემის ინტეგრირება მოხდეს სხვა საგნებთანაც. აქცენტი უნდა დაისვას დამამათავრებელ კლასებზე, როდესაც ახალგაზრდები ემზადებიან ოჯახის შესაქმნელად. მით უმეტეს, რომ ძალიან გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი. დღეს საქართველოში ინერგება გერლფრენდისა და ბოიფრენდის ინსტიტუტი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქვეყნებში, სადაც ამგვარი წესით ცხოვრობენ, ადამიანებს აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩვენს ახალგაზრდებში კი ის ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომაც არის აუცილებელი როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მომზადება. სხვაგვარად მივიღებთ აგრესიულ, ძალადობრივ საზოგადოებას. ეს ძალიან რთული თემაა და გულსატკენია, რომ მას ძალიან ზერელედ ეკიდებიან.
ლელა მურუსიძე:

– მე მიმაჩნია, რომ საბავშვო ბაღებიდანვე უნდა დაიწყოს მუშაობა პრობლემური ბავშვების გამოსავლენად და დასახმარებლად. ამაში უნდა ჩაერთონ მშობლებიც. ვინმე უნდა იყოს პასუხისმგებელი თუნდაც ინტეგრირებაზე – ვინმე, ვინც არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლ, არამედ მოწყვლად და რისკის მქონე სხვა მოზარდებთანაც ინდივიდუალურად იმუშავებს და საზოგადოებაში ჩართავს თითოეულ მათგანს. აუცილებელია, ყველა ბავშვი, განურჩევლად პრობლემისა, თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობდეს. თუ ბავშვობიდან არ დაიწყო პრობლემურ ჯგუფებზე ზრუნვა, არაფერი გამოვა. ყველა ბავშვმა უნდა გააცნობიეროს თავისი პრობლემა, სხვაგვარად წინ ვერ წავა. ამისთვის არის საჭირო ფსიქოლოგი, მენტორი, რომელიც მას ამ გზაზე გაუძღვება. დასავლეთის მრავალ ქვეყანაში თითოეული ბავშვისთვის კვირაში ან თვეში ერთხელ იკრიბება კონსილიუმი და კონფიდენციალურად განიხილავს მის ქცევას – რატომ აცდენს სკოლას, რატომ არის აგრესიული. ფსიქოლოგთან ერთად მუშაობაში ჩართული არიან ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და ყველა ერთად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმარონ ბავშვს. ძალიან საინტერესო პრაქტიკაა. მართალია, მისი პირდაპირ გადმოღება არ გამოგვადგება, მაგრამ არც ახალი ველოსიპედის გამოგონებაა საჭირო – შეგვიძლია, გამოვიყენოთ ის, რაც ჩვენ გჭირდება. სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ ძალადობის მსხვერპლისგან შეიძლება დადგეს კარგი სპეციალისტი, მაგრამ შინაგანი პრობლემის გამო მან ბოროტების გზით წარმართოს თავისი ცოდნა, ეს კი ძალიან საშიშია.
ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი