ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინტერვიუ საკუთარ თავთან

(კარანტინი, 2020 წელი)

 

– გამარჯობა! მითხრეს, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას შეძლებთ.

– შევეცდები, თუკი ბევრს არ მოითხოვთ ჩემგან!

– ყველა კარგი კითხვა ბევრს მოითხოვს, არ იცოდით?

– ალბათ, ვიცოდი და დავივიწყე!

– თქვენ მასწავლებელი ხართ, გვაინტერესებს, როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც  ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და სკოლებმა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს?

– უფრო მარტივი რამ უნდა გეკითხათ!

– ყოველთვის რთულ გზას ვირჩევ!

– მაშინ ყველაფერს გეტყვით, ოღონდ გაფრთხილებთ, შესაძლოა, სიმართლე არ მოგეწონოთ და ინტერვიუს გამოქვეყნებისას ამოჭრათ კიდეც.

– ახალი არაფერია, სიმართლე არავის მოსწონს, მაგრამ მაინც გვსურს მისი გაგება. ამიტომ გისმენთ!

– თავიდან მეგონა, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა, ისევ ისე ჩავატარებდი გაკვეთილებს, ავხსნიდი ახალ მასალას და მოვითხოვდი ძველს, ვისაუბრებდი და ვასაუბრებდი, ვიფიქრებდი და ვაფიქრებდი… ხომ გესმით?

– არც ისე კარგად! რთულია, გაუგო მასწავლებლებს!

– ასე გგონიათ?

– ნამდვილად! თავში ქაოსი აქვთ, ბევრი ინფორმაციისგან მეხსიერება უარესდებათ და ბევრი საუბრისგან ხმის ტემბრი ეცვლებათ.

– ფიქრობთ, უსიამოვნო ხმა მაქვს? ხმაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული, როცა ვყვები, ლექსს ვკითხულობ…

– არ ვამბობს, რომ უსიამოვნო, მაგრამ, ალბათ, იმისგან განსხვავებული, ვიდრე მასწავლებლობამდე გქონდათ (თუკი იყო ასეთი დრო). კარგი, დაივიწყეთ და გავაგრძელოთ… ამბობდით, რომ გეგონათ, ძველებურად გააგრძელებდით სწავლებას.

– დიახ, მაგრამ მხოლოდ თავიდან. მერე კი ჩემი პროფესიული გამოცდილება, ყველაფერი, რაცა აქამდე მიკეთებია ისეთი შორეული და მიუწვდომელი მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, რაც ვიცოდი, ყველაფერი დამევიწყებინა და ნულიდან დამეწყო.

– გამოგივიდათ?

– როგორც პიტერ ბიქსელის პერსონაჟი ამბობს, ყველაფრის დავიწყება რთული რამაა, რადგან ის მაინც გემახსოვრება, რომ ოდესღაც რაღაც იცოდი.

– გონივრული შენიშვნაა!

– ამიტომ ვიფიქრე, ძველი ცოდნისთვის ახალი დამემატებინა და ასე გავმკლავებოდი იზოლაციას, კარანტინსა თუ პანდემიას. უკაცრავად, ტერმინები ერთმანეთში მერევა.

– არაუშავს, სამივე ერთსა და იმავეს გულისხმობს.

– ვხვდებოდი, რომ არ მეყოფოდა ის ცოდნა, რაც აქამდე მქონდა. ვერც ჩატარებული გაკვეთილების მოგონება, ვერც წიგნებში ამოკითხული საოცარი ამბები და ვერც რვეულებში ჩახაზული სქემები დამეხმარებოდა. ახალი და ამოუცნობი გამოწვევის წინაშე ვიდექი. ახლა გესმით ჩემი?

– ვცდილობ, გავიგო!

– აი, წარმოიდგინეთ ოთხ კედელს შუა გამოკეტილი მოსწავლეები, თავმობეზრებულები, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებულები, კომპიუტერის თამაშისგან ამოღამებული თვალებით რომ უყურებენ ეკრანს და ფიქრობენ, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება დაატყდათ თავს – მასწავლებლები მათ პირად სივრცეში შეიჭრნენ! სახლის კარები შეუღეს, მათ ოთახებში მიმოიხედეს, კარადები გამოხსნეს და უჯრები ამოქექეს. წარმოიდგინეთ, რომ აღარსად დარჩა თავშესაფარი – არც საკუთარ ოთახში, არც კომპიუტერში და ფიქრებშიც კი! დისტანციურმა გაკვეთილებმა უხეშად მოაფათურეს ხელები მათ ნივთებში, ღამენათევები საწოლიდან ადრე წამოყარეს, მათი  მოდუნებული გონება ომში გამოიწვიეს. წარმოიდგინეთ?

– რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი ზუსტად ასე ხდება? ბევრ ბავშვს უყვარს სკოლა.

– მართალია, მაგრამ ბავშვებს უყვართ სკოლა სკოლაში და არა სახლში. უყვართ გზა, რომელსაც სახლიდან სკოლამდე გადიან, მეგობრები, რომლებიც ცხოვრებას უხალისებენ, რამდენიმე, სხვებთან შედარებით უფრო ასატანი, საგანი და ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც კეთილგანწყობას აფრქვევს. აი, რა უყვართ ბავშვებს! თქვენ ჟურნალისტი ხართ, მოისურვებდით, რომ ყველა რესპოდენტი თქვენს სახლში მოსულიყო და ისე მოეცა ინტერვიუ?

– ეს შეუძლებელია!

– ბავშვებსაც ასე ეგონათ, მაგრამ შეცდნენ.

– რატომ უნდა დაგიჯეროთ?

– იმიტომ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ, ყოველდღე ვესაუბრები მათ, ათასგვარ ამბავს ვთხზავ, რომ როგორმე მათი ყურადღება მივიპყრო და ამ საყოველთაო ძილისგან გამოვაფხიზლო, ახალ-ახალ ოინებს ვიგონებ, რომ რამდენიმე წინადადება დავაწერინო, მილიონ კითხვას ვსვამ, რომ ერთი პასუხი მივიღო და დავარწმუნო, რომ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან თუ მათ არ დაიჯერეს, ჩემი ფერადი წარმოდგენები წყლის ნაყვა იქნება და მეც აღარ დავუჯერებ საკუთარ თავს.

– ჰმ! თქვენ გაკვეთილებს „წარმოდგენებს“ უწოდებთ?

– ასე ვუწოდე? არ შემიმჩნევია, მაგრამ დიახ, ხანდახან ასეცაა. ხანდახან ყველას გვიწევს მსახიობად გადაქცევა.

– მე არასდროს მიცდია.

– ძალიან ცუდი. ალბათ, არასდროს გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც ამის საშუალებას მოგცემდათ?

– ალბათ…

– ამ ბოლო დროს ერთი რამ დამჩემდა – დავდივარ ოთახიდან ოთახში (ეს ბუნებრივიცაა, რაკი სხვაგან ვერსად წავალ) და ვიხსენებ სხვადასხვა ტიპის სკოლებსა და სასწავლებლებს, რომლებზეც წამიკითხავს. არ ვისურვებდი ჯეინ ეარის დამთრგუნველ სკოლაში, ობოლ ბავშვთა სასწავლებელში, მოხვედრას, არც დევიდ კოპერფილდის სალემის სასწავლებელში სწავლას, მაგრამ სიამოვნებით გავყვებოდი სკოლაში ტომსა და ანიკას, ვესტუმრებოდი სასწავლებელში ჯუდი ებოტს, რომ მასთან ერთად გამეზიარებინა ახლის შეცნობის სიხარული,  ან ვნახავდი იმ ერთადერთ, საოცარ სკოლას, სადაც გრეგუარმა თავი კარგად იგრძნო და საიდანაც, ალბათ, არ გამორიცხავენ. ჰოდა, დავდივარ ოთახებში და ვფიქრობ, ნეტავ, როგორ გაიხსენებენ ჩვენს, „კარანტინის სკოლას“, რას დაწერენ მასზე?

– გმადლობთ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.

– სულ ეს იყო?

– დიახ!

– მაგრამ მე კიდევ…  გამოდის, უნდა დაგემშვიდობოთ?

– დიახ, ასეა!

– ხომ გესმით, როცა სახლში ხარ და ადამიანებს თითქმის არ ხვდები…

– მესმის, რა თქმა უნდა.

– კიდევ მეწვიეთ!

– კიდევ გეწვევით!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი