ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი ოვაშვილი: – ჩვენს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ჩვენთვის ისინი უპირობო ავტორიტეტები იყვნენ

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მოწაფეობის წლები იმით გახლდათ დაღდასმული, რომ იგი თანაკლასელებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც “მასწავლებლის შვილი” იყო – მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა, მისი მშობლებიც ასწავლიდნენ. ამან მკაცრ ჩარჩოებში მოაქცია მისი ბავშვობა – მას ყოველთვის სხვაზე მეტი მოეთხოვებოდა და მცირედიც კი არ ეპატიებოდა, სკოლაშიც და სახლშიც ყველაზე მკაცრად მას სჯიდნენ. თუმცა, ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო და გიორგიც თავის არაორდინარულ ბავშვობას უმადლის ისეთ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მოთხოვნა, რაც შემდეგ დიდად გამოადგა როგორც რეჟისორსა და პედაგოგს. გიორგი ოვაშვილს თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე მუშაობასთან ერთად უცხოეთში პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს.

გიორგი ოვაშვილი: 

– მშობლებს არ ვურჩევ, იმ სკოლაში მიიყვანონ შვილი, სადაც თავად ასწავლიან. ჯობს, ბავშვი მხოლოდ პედაგოგის კონტროლის ქვეშ იყოს. ორმაგი კონტროლი იწვევს იმედგაცრუებას, გაღიზიანებას, გაურკვევლობას. მოსწავლე უნდა ემორჩილებოდეს წესებს, მაგრამ იმ წესებს, რომლებიც ყველასათვის საერთოა და მშობლების კონტროლი ამაში არ უნდა ერიოს.

– როგორი მოსწავლე იყავით ამ ყველაფრის ფონზე?

– უპირობოდ წარჩინებული უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემგან სხვა ინტერესებზე უარის თქმას მოითხოვდა. სკოლა წარჩინებით დავამთავრე.

– ხიბლი, რაც თქვენს სკოლას ჰქონდა…

_ ის, რაც იმდროინდელ სკოლას დღევანდელისგან განასხვავებს, არის ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მაშინდელი ურთიერთობა ბევრ დადებით თვისებას აყალიბებდა: ზრდილობას, პატივისცემას, დისტანცირებას თაობებს შორის (კარგი გაგებით), პასუხისმგებლობას, რომელიც ხშირად ქრება, როცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ზღვარი იშლება. დღეს სწორედ ეს ზღვარი აღარ არის… ჩემს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ისინი ჩვენთვის უპირობო ავტორიტეტები იყვნენ. შესაძლოა, არ გვესწავლა, გვეცელქა, მაგრამ გვჯეროდა, რომ მათი ქცევა იყო მართებული, კეთილგანზრახული. დღეს სხვაგვარი დამოკიდებულებაა…

– თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს?

– ბევრი რამ შეიცვალა. ტექნიკურმა პროგრესმა, რომელიც ყოველწუთიერად იპყრობს ჩვენს არეალს, შეცვალა, ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა ადამიანთა ურთიერთობა. მე ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის შეცვლამაც. მშობლებს გაცილებით ნაკლები დრო რჩებათ შვილებისთვის, ვიდრე ჩემს დროს. ნაკლებია ყურადღება. დაიკარგა ნდობა უფროსი თაობის მიმართ. მასობრივ ტენდენციას ვგულსხმობ, თორემ გამონაკლისი ახლაც არის. ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელიც პასუხისმგებლობით ჩვენსას არ ჩამოუვარდება.

– წინა თაობები მომდევნოსგან მომავლისადმი დამოკიდებულებითაც განსხვავდება ხოლმე. თქვენ რას ელოდით მომავლისგან?

– ჩვენი თაობა უფრო რომანტიკული იყო, ოცნებებიც და სურვილებიც რონატიკული ჰქონდა. დღევანდელი თაობა პრაგმატულია. ჩვენ კოსმონავტობა, მფრინავობა, მეხანძრეობა, ფეხბურთელობა გვინდოდა, დღეს მეშვიდე-მერვეკლასელები ამბობენ, რომ სურთ იმუშაონ საბანკო სფეროში, მენეჯმენტში… ჩემმა თაობამ დანგრეული ქვეყანა მიიღო, სადაც ოცნებების ასრულება შეუძლებელი იყო. დღევანდელი ახალგაზრდები, თუ მიზანი დაისახეს, აღწევენ კიდეც, თუმცა დღეს თავის დამკვიდრება გაცილებით ძნელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო, როცა ცხოვრებას უფრო მშვიდი რიტმი ჰქონდა.

– თქვენს სტუდენტებზე რას იტყვით?

– კინორეჟისურა ისეთი სფეროა, სადაც ჯერ კიდევ მეოცნებენი მოდიან. ისინი, ვისთვისაც მიზანი და ოცნება ერთმანეთს ერწყმის. თუმცა მთავარი მიზანდასახულობაა; თუ ოცნებისა და მიზანდასახულობის თანხვედრა მოხდა, წარმატებას მიაღწევენ. აქვე ვიტყოდი, რომ დღევანდელი სტუდენტები ზარმაცები არიან. ჩვენ უფრო ბეჯითები ვიყავით და მგონი, მეტადაც გვწამდა იმისა, რასაც ვაკეთებდით. დღევანდელ სტუდენტთა ნაწილისთვის პროფესიის შესწავლის მოთხოვნილებამ უკანა პლანზე გადაიწია, მათი მამოძრავებელი იმპულსი იმიჯის შექმნა გახდა. რეჟისორობაც უფრო საიმიჯოდ უნდათ.

– განათლების სისტემა ქართული საზოგადოების აქილევსის ქუსლიც არის და განტევების ვაციც – თავს დამტყდარ ყველა უბედურებას მას მივაწერთ. რას იტყვით თქვენს უცხოელ სტუდენტებზე?

– უცხოეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან მაღალია პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სწავლის მიმართ. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. დასავლეთში სტუდენტს კარგად აქვს გააზრებული, სად სწავლობს და რისთვის, რადგან სწავლა უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომელიც უნდა მოიპოვონ, და მეორე – ზუსტად იციან: თუ სათანადო განათლება ვერ მიიღეს, თავს ვერ დაიმკვიდრებენ. ჩვენში სტუდენტთა უმრავლესობას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს, ისევე როგორც ის, რა გზით იხდიან მათი მშობლები სწავლის საფასურს, ამიტომ არც სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ განათლებას. სხვაგვარია დამოუკიდებლობის ხარისხიც: ჩვენმა სტუდენტმა იცის, რომ კარგად ისწავლის თუ ცუდად, მშობლები მასზე მაინც იზრუნებენ, დასავლელს სტუდენტებს კი მშობლები მხოლოდ სწავლის საფასურს უხდიან – ესაა და ეს; სწავლის დასრულების შემდეგ ისინი საკუთარ თავზე პასუხისმგებელნი თვითონ არიან. საქართველოში სტუდენტის იმიჯი საკმარისია, რომ ამბიცია დაიკმაყოფილო, გერქვას რეჟისორი, თუნდაც ფილმი არასოდეს გადაიღო… ეს პრობლემები, ვფიქრობ, ოჯახიდან იღებს სათავეს. ვიდრე ადამიანს დაბადებიდანვე არ ჩააგონებენ, რომ მისი თავი მასვე ეკუთვნის, სწავლისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება არ შეიცვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი