მოსწავლეები დისტანციური სწავლების  გამოწვევების პირისპირ. რას ფიქრობენ ისინი.

ახლახან, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევ ანგარიშში, სადაც 98 ქვეყნის მაგალითი განიხილებოდა, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბევრმა სკოლამ დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლას კარგად გაართვა  თავი და მოახერხა ონლაინ კომუნიკაციის არხების ათვისება და სასწავლო პროცესის მასზე მორგება.

სასკოლო განათლების შესაძლებლობების გასაზრდელად სასწავლო პროგრამამ  ტელეტრანსლაციის სივრცეშიც გადაინაცვლა. თავის მხრივ, მას­წავ­ლებ­ლე­ბს  და მოსწავლეებს მოუწიათ,  დაჩქარებულად აეთვისებინათ მათთვის აქამდე ნაკლებად პოპულარული ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტები, ვირტუალური საკლასო ოთახების მართვის ინსტრუქციები. თუმცა, დიდ გამოწვევად დარჩა ინტერნეტზე წვდომა, განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე, შესაბამისი ინსტრუმენტების ქონა.

ჯერჯერობით რთულია ონლაინ სასწავლო პროცესის ხარისხის ზოგადი შეფასება, მაგრამ ონლაინ სწავლის  გამოწვევებთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებს უკვე შეექმნათ. რას ამბობენ ისინი:

ნიკოლოზი , VIII კლასი (თბილისი):

არდადეგები რომ გაგვიგრძელდა, ცოტა გამიხარდა, თუმცა მერე, ონლაინ სწავლაზე რომ გადავედით, ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო. მაგრამ გაოცებული დავრჩი, თუ როგორ სწრაფად მოახერხა სკოლამ ამის ორგანიზება.

ხმაური რომ არ ყოფილიყო, პირველივე დღეს კლასი ორ ჯგუფად გაიყო. პირველ გაკვეთილად მათემატიკა ჩაგვიტარდა და  თავს ნაკლებად კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ მასწავლებელი იმდენად მომზადებული იყო, რომ ეს განცდა მალევე გამიქრა.

კარგი რამ, რაც ასეთ სწავლებაში მაშინვე გამოჩნდა, ის იყო, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს მეტ ყურადღებას გვაქცევდნენ. თვითონაც გაკვეთილებისთვის უფრო კარგად ემზადებოდნენ.

პირველი წესი, სასწავლო დღის დაწყებამდე ჩართული კამერის და მიკროფონის შემოწმებაა. შემდეგ გაკვეთილიც იწყება. მაგალითად, გუშინდელი დღე დილის ათ საათზე დამეწყო. არავის დაუგვიანია. ბავშვები ერთმანეთს ორი წუთი თუ ველით. უკვე შევეჩვიეთ და დაგვიანების პრობლემა არ გვაქვს.

ჩემს კლასში ერთი გაკვეთილი ნახევარსაათიანია, თუმცა, ზოგი მასწავლებელი, ჩვენთვის მნიშვნელოვან საგნებში, ამ დროს ხუთ-ათ წუთს ამატებს. დღეში ოთხი გაკვეთილი მიტარდება. გაკვეთილებს შორის დიდი დროა, ხან ნახევარსაათიანი შუალედით, ხან – საათიანი. შუალედებში მომდევნო საგნის გამეორებას ვასწრებ, ცოტას ვისვენებ კიდეც, რაც ძალიან მომწონს, უფრო კომფორტულია, ვიდრე სკოლის შესვენება.

ასევე, მომწონს, რომ დილით გადარბენა არ მიწევს. ჩემი სკოლა სახლთან არც ისე ახლოსაა. დიდი დრო მჭირდება მოსაწესრიგებლად, ჭამაზე, გზაში. ახლა აღარ ვჩქარობ. სახლში როგორც მაცვია, გაკვეთილზე ისე შევდივარ. თუმცა, ამან შესაძლოა, ცოტა გამაზარმაცოს კიდეც. თავდაპირველად, ერთი-ორჯერ, გაკვეთილზე ნახევრად მძინარე ჩავერთე.

ონლაინ სწავლებაში დისკომფორტს ის მიქმნის, რომ სახლში ყოველთვის არ არის სიმშვიდე. სახლის ხმაური მასწავლებლებსაც ესმით, მაგრამ უმეტესობა ითვალისწინებს შენს მდგომარეობას. მე ორი უფროსი და მყავს, სტუდენტები არიან და მათაც აქვთ ჩართვები. ჩემს სახლში კი ყველა ოჯახის წევრის განცალკევება შეუძლებელია.

სამაგიეროდ, დისტანციური სწავლების დროს შესრულებული დავალების ჩვენებაზე იმდენად აღარ ვნერვიულობ, არც ტექსტის მოყოლისას ვარ ისეთი დაძაბული, როგორც სკოლაში.

ონლაინ სწავლებას სწრაფად შევეჩვიე. დიდად არც მასწავლებელთან პირადი ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდი. გაკვეთილები ოთხ-ხუთ საათზე მიმთავრდება. გაკვეთილების მერე, ეკრანთან დიდხანს ჯდომის გამო, ზოგჯერ თავი ან თვალები შეიძლება მეტკინოს.

ხანდახან მასწავლებელს ინტერნეტი „უჭედავს“ და ამ დროს გეშინია, რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს. მერიდება ხოლმე, მასწავლებელს გამეორება ვთხოვო. სკოლაში, კლასში, კითხვების დასმა უფრო მიადვილდებოდა.

ჩემი აზრით, ონლაინ სწავლების ხარისხი უფრო მასწავლებელზეა დამოკიდებული. მომთხოვნი მასწავლებელი ვინც გვყავდა, მაგალითად, ქართულში, ისეთივე დარჩა, უფრო გამკაცრდა კიდეც, ჩვენც უფრო მობილიზებულები გავხდით. აქამდე არც ერთი საგანი არ ჩაგვშლია.

ჩემს სკოლაში მასწავლებლები მშობლებს წერილებით ეკონტაქტებიან.  ანგარიშს აბარებენ,  როგორ ვსწავლობთ, როგორ მიდის ჩვენი საქმე. რასაც გავძლევენ მასწავლებლები დავალებად, მშობლებსაც ეგზავნებათ ჩვენი დავალებები. ამიტომ, მათაც ვერაფერს გამოაპარებ.

მაგრამ, მე თუ მკითხავთ, პირისპირ სწავლა მირჩევნია. კლასელებთან ერთად სწავლა უფრო მეხალისება. ახლა თითქოს ერთმანეთს დავშორდით. მხოლოდ გაკვეთილებზე ვხვდებით.

თუმცა, ამ რეალობაში, სწავლის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა.

 

კესო , IV კლასი (ჭიათურა)

ყველაზე ცუდი დისტანციურ სწავლაში ის არის, რომ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ძალიან-ძალიან მიყვარს, ვერ ვხედავ.  სოფელში ხშირად გაუმართავია ინტერნეტი და ერთმანეთს ვერც კი ვესაუბრებით.

მაგრამ მომწონს ის, რომ დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა არ მჭირდება. ჭამასაც ვასწრებ და მასწავლებელს ტელეფონითაც მშვიდად ველაპარაკები. მომწონს, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ჩემს და-ძმასთან გართობას ვასწრებ.

მაგალითად, დღეს დილით თავისუფალი ვიყავი, რადგან ინგლისური სამ საათზე მქონდა. მანამდე შემეძლო მესწავლა. ისე, ტელეფონით გაკვეთილის ჩაბარება ძნელია – შეიძლება ინტერნეტი უცებ გაწყდეს და ყველა ერთბაშად გამოვეთიშოთ გაკვეთილს, როგორც გუშინ მოხდა. თან, ტელეფონით ვერავის სახეს ვერ ვხედავ და ეგეც ცუდია.

ზოგ ბავშვს ინტერნეტი არც აქვს და მასწავლებელი ისე ურეკავს, ტელეფონით უხსნის გაკვეთილს. ბავშვები ვერ გვერთვებიან. კლასში სულ ექვსნი ვართ, ონლაინ გაკვეთილი კი 3-4 ბავშვს გვიტარდება. მე, მაგალითად, კომპიუტერიც მაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებ. კამერას როგორც კი ჩავრთავ, ინტერნეტი „ჭედავს“.

ხშირად მასწავლებლებს ძალიან ხმამაღლა უწევთ ლაპარაკი, რადგან ხმა კარგად არ გვესმის.  დედაჩემიც მასწავლებელია და ამბობს, რომ ახლა ბევრად მეტი ენერგია მეხარჯებაო…

ჩვენ ცხრილი არ გვაქვს შედგენილი. მასწავლებელი გვირეკავს, წინასწარ გვითანხმდება, გვწერს, გვეკითხება, რომელ საათზე გვცალია და მერე გვიტარებს გაკვეთილს. მარტო ინგლისურის დღე გვაქვს დადგენილი – პარასკევი, სამი საათი.

ყველაზე მეტად  მათემატიკა მიყვარს, მაგრამ რომ გავიზრდები, მოცეკვავე მინდა გამოვიდე. ზუსტად დღეს დაგვირიგეს მათემატიკის მეოთხე ნაწილი. მასწავლებელი გვერდს მოგვწერს, დავალებას მოგვინიშნავს და თუ ასახსნელია რამე, ახსნის. შესრულებულ დავალებას ფოტოს გადავუღებ და გავუგზავნი. არ არის რთული.

მენანება სპორტის გაკვეთილები, ვვარჯიშობდით ხოლმე ერთად, კალათბურთს, წრეში ბურთს ვთამაშობდით. ახლა მოსაწყენია. მარტომ უნდა აკეთო ყველაფერი. მარტო კეთება უხალისოა. ახლა სპორტის მასწავლებელი სხვადასხვა ვიდეოებს გვიგზავნის და სახლში ვვარჯიშობ… მუსიკის გაკვეთილიც მოსაწყენია. სკოლაში ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და ეს ძალიან მახარებდა.

სკოლაში სულ 60 მოსწავლე ვართ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე სკოლაში წავალ.

სკოლა ჩემს სახლთან ახლოს არის, ჭიშკრიდანვე მოჩანს. გზაზე დიდი ტყემლის ხეა და ამ დროს ნაყოფი სულ დაცლილი ჰქონდა. ახლა კი,  ვინც ამ ხის სიახლოვეს ვცხოვრობთ, მარტო ისინი ვკრეფთ და გული მწყდება…

 

საბა, X კლასი (თბილისი)

ონლაინ სწავლით რომ ბედნიერი ვარ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს წელი არ დაგვეკარგა და სასწავლო პროცესი გაგრძელდა, რაც ძალიან მახარებს.

ახლა უკვე ნაკლები ხარვეზებით ვსწავლობთ. პირადად მე, გადაწყობა არ გამჭირვებია. ადრე საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი ონლაინ ჩართვებს მეგობრებთან, დეიდაჩემთან ურთიერთობის დროს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. უბრალოდ, ამ ყველაფერს სწავლაც დაემატა, ანუ ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. შესაჩვევადაც რთული არ ყოფილა.

თუმცა, გულდაწყვეტილი დავრჩები, ეს ყველაფერი მომავალ წელსაც თუ გაგრძელდა. ისედაც უკვე ცოტა გულდაწყვეტილი ვარ – სკოლა მენატრება. მეორე მხრივ, სხვა გზა თუ არ გვექნა, მეც, როგორც ყველას, შეგუება მომიწევს. ვეცდები, მაქსიმალურად მოვერგო ონლაინ ცხოვრებას და მისი სიკეთეები გამოვიყენო.

თავიდან დაბნეულები ვიყავით, მათ შორის მასწავლებლებიც, მაგრამ ალღო ავუღეთ. ის მასწავლებელი, რომელიც ადრე კრეატიული მიდგომებით გამოირჩეოდა, ჩემი დაკვირვებით, ახლა, ონლაინ სივრცეში ოდნავ მოიკოჭლებს. ის, ვინც ნაკლებად შემოქმედებითი იყო, მეტად მოინდომა, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო გაეხადა.

ზოგჯერ მასწავლებლებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ინტერნეტ სივრცეში ნაკლებად ერკვეოდა.  ამ მასწავლებლებისთვის ძნელია კრეატიულ მიდგომებზე ფიქრი, ჯერ ტექნოლოგიები უნდა აითვისონ.

ადრე სკოლაში დავდიოდი, სკოლის შემდეგ – სპორტზე, სახლში გვიან ვბრუნდებოდი და ღრმად მეძინებოდა. ახლა, როდესაც ეკრანთან, ერთ ადგილზე ვზივარ და ფიზიკურ აქტივობებში აღარ ვარ ჩართული, საკმარისად ვერ ვიღლები და ძილის პრობლემები მაქვს. გვიან ვიძინებ, ადგომა ადრე მიწევს, ჩვეული რეჟიმიდან ამოვვარდი.

რაც შეეხება სწავლას, ამასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა მაქვს. უფრო პირდაპირი კონტაქტის დეფიციტს განვიცდი, ადამიანებთან ურთიერთობის დანაკლისს.

მასწავლებელთან დალაპარაკებამდე ახლა მეტი საფეხურის გავლა გიწევს –  თუ რამე ვერ გაიგე, ჯერ უნდა მისწერო მასწავლებელს, სცალია თუ არა და მერე ჰკითხო. სკოლაში, უბრალოდ, მიხვიდოდი მასწავლებელთან და ჰკითხავდი.

სულ სხვაა, როცა მასწავლებელი  რეალობაში  ხსნის გაკვეთილს. ეკრანით კავშირის დროს, კამერა თუ გამორთე, მასწავლებელი შეიძლება ვერ მიხვდეს, გაიგე თუ ვერ გაიგე ახსნილი.  ეკრანზე ბევრი ნიუანსი არ ჩანს – ემოციები, მიმიკა, რომელსაც ცოცხალ გაკვეთილზე კარგი მასწავლებელი უცბად „იჭერს“.

კლასში რომ ხარ და მასწავლებელს პირდაპირ უყურებ, ბევრად სასიამოვნოა სწავლა. ასე კი, ვირტუალურად, მიჩვევის მიუხედავად, მაინც სტრესულია.

სანდრო, X კლასი (თბილისი)

დისტანციური სწავლება დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ, ამ პირობებში მისი მეტი საჭიროება გაჩნდა. მე ორივე სწავლებას ვაღიარებ – პირდაპირ  და ონლაინსაც, ორივეს შეუძლია იარსებოს, ორივე განათლებას ემსახურება, მაგრამ უფრო პირისპირ სწავლისკენ და ცოცხალი უკუკავშირისკენ ვიხრები.

რაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, ჩვენი სკოლა სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენია. ყველაფერი მარტივად არის მოწყობილი – ზუმში შევდივართ და გაკვეთილი იწყება. არც მოსამზადებლად გვჭირდება ბევრი დრო.

კარგია, რომ დღეში მაქსიმუმ  სამი გაკვეთილი გვაქვს. თითოეულისთვის დაახლოებით ერთ საათამდეა გამოყოფილი. ერთი გაკვეთილიდან მეორემდე იმდენი დროა, რომ მოცემულ დავალებებს ვასრულებთ.

შესაძლოა, ისეთი რაღაცები ვერ გავაკეთოთ, რასაც სკოლაში ვაკეთებდით, მაგრამ მასწავლებლები ახლა უფრო მრავალფეროვან დავალებებს გვაძლევენ.  ჩვენი აქტივობებიდან გამოდინარე, ისინიც მოტივირებულები არიან.

სკოლა, მასწავლებლები რაღაც სისტემაში მოექცნენ. იციან, როდის უნდა მოგვცენ დავალება, როდის უნდა ჩაიბარონ. სასწავლო გრაფიკი შედგენილია და მიჰყვებიან. ახალი იდეებიც მოსდით, თუ როგორ არ უნდა გახდეს გაკვეთილი მოსაწყენი.

თუმცა, ისეთ საგანში, როგორიც ბიოლოგიაა – ის ძალიან მომწონს – ცვლილებებიც ვიგრძენი. სკოლაში სწავლის დროს, ბიოლოგიაში ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას ვიყენებდით, გვქონდა სამეცნიერო პრაქტიკის დღეები, ვატარებდით ცდებს. ახლა ეს საგანი უფრო ინფორმაციული გახდა. მართალია, საინტერესო დავალებებს გვაძლევენ, მაგრამ საგნებს შორის ყველაზე დიდი ცვლილებები მაინც ბიოლოგიას შევამჩნიე.

ონლაინ სწავლებას თავისი მინუსები აქვს:

პირველი –  გრაფიკის პრობლემა, რომელიც ჩემი ცხოვრების  წესის მიხედვით მქონდა აწყობილი. სახლში ხუთ საათზე ვბრუნდებოდი, შემდეგ ვმეცადინეობდი. ახლა ეს გრაფიკი გვერდზე გადავდე და ახლის შექმნა მიწევს, ჯერ კარგად ვერ ჩამოვყალიბდი, „ექსპერიმენტირების“ პროცესში ვარ.

მეორე –  სახლში ვერ შევქმენი სასკოლო სივრცე და ეს პრობლემაა.  ჩემთვის სახლი არ არის კომფორტული გარემო გაკვეთილებზე დასასწრებად. სახლი ვერ ქმნის სამუშაო, სასკოლო განწყობას.

ჩემი აზრით, ონლაინ სწავლას ბევრი დადებითი ასპექტი აქვს. შეიძლება დროთა განმავლობაში მეტად დაიხვეწოს, კიდევ უფრო მეტი პლუსი ჰქონდეს, მაგრამ სკოლას მაინც ვერ შეედრება. სკოლაში  კომუნიკაციას, ხალხთან ურთიერთობას ვსწავლობთ. მით უმეტეს, ჩვენს სკოლაში ისეთი აქტივობები გვაქვს, რომელიც გვეხმარება არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, რაც ონლაინ სწავლის დროს თითქმის შეუძლებელია.

თორნიკე , 13 წლის ( ხარაგაული)

მინდა მალე დავუბრუნდე ჩემს სკოლას. მარტის მერე გამიჭირდა ასეთ პირობებში მეცადინეობა. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც კარგად ვერ ვისწავლე, რაღაც ისე ვერ ვიმეცადინე, როგორც სხვებმა. ვერ ვახერხებ სრულყოფილად ონლაინ სწავლებაში ჩართვას – სახლში არ გვაქვს ინტერნეტი, არც ლეპტოპი მაქვს და არც ისეთი ტელეფონი, რომ ჩავერთო. ჩემს დას აქვს ბუკი, მაგრამ ახლახან ისიც გაფუჭდა. კლასში 16 ვართ და მგონი, მარტო მე აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში…

ძირითადად, ტელესკოლას ვადევნებ თვალს და ეგ არის ჩემთვის სწავლაც და იმედიც. ძალიან მომწონს ტელეგაკვეთილები და მათ ცხრილს მივყვები. წინასწარ ვემზადები ხოლმე ამ გაკვეთილებისთვის. ზოგი მასწავლებელი მართლაც საინტერესოდ ხსნის. ვცდილობ,  გაკვეთილი არ გამოვტოვო, რადგან ის წინას გაგრძელება შეიძლება იყოს. გუშინ გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ისტორიას „ვუყურე“ და ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა. დავალებებსაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და თუ რამე ვერ გავიგე, ოჯახის წევრებს ვეკითხები.

ინტერნეტთან დაკავშირებული ჩემი პრობლემა კლასის დამრიგებელმა იცის, სხვა მასწავლებლებმაც და თავიდანვე ყველა ცდილობდა დამხმარებოდა. დამრიგებელი მირეკავდა ხოლმე, ვინიშნავდი  გაკვეთილებს. მაგრამ დავალებებს რომ ვასრულებდი, ვერ მიმოწმებდნენ. ასეთ სიტუაციაში მასწავლებელი იძულებულია მენდოს, თუ როგორ და რას გავაკეთებ, როგორ ვიმეცადინებ.

რა თქმა უნდა, განვიცდი. მაინც უსიამოვნო განცდაა, როდესაც სხვა ბავშვები სწავლობენ, შენ კიდევ ვერ…

სკოლაში რაც არ დავდივარ, მეტი თავისუფალი დრო მაქვს – ძირითადად წიგნებს ვკითხულობ. ჩემი კლასელები მენატრებიან. იშვიათად, ჰაერზეც გავდივარ.

დროდადრო მასწავლებლები ტელეფონით მიკავშირდებიან, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება სკოლის გაკვეთილებს და მასწავლებლებთან  პირისპირ ურთიერთობას. მაგალითად, მათემატიკას ეგრე იოლად ვერ ისწავლი. ათასი რამეა, რასაც მასწავლებლის ახსნა სჭირდება. მასწავლებლის გარეშე ძნელია. დედა ამბობს, რომ ზაფხული წინაა და თუ ჩამოვრჩები რომელიმე საგანში, აუცილებლად მომეხმარება.

ვიმედოვნებ, რომ მალე სახლში ინტერნეტი მექნება, რაც ბევრ პრობლემას მომიგვარებს. თუმცა ინტერნეტის გარდა, ასეთი სწავლებისთვის ეკრანიანი მოწყობილობა დამჭირდება…

 

საბა, IV კლასი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ადრე თაგვეთში იყო სკოლა, მაგრამ ახლა აღარაა და ამიტომ ცხრამუხაში დავდივარ, მაგრამ ვირუსის გამო ისიც დაიხურა და სახლში სწავლა მიწევს, ყველაფერი შეიცვალა, სხვანაირად დავიწყე ცხოვრება და არ მომწონს.

ჩემს ოჯახში ტელეფონი მხოლოდ მამას აქვს, პატარა ნოკია. არც ინტერნეტი გვაქვს სახლში. კომპიუტერიც არ გვაქვს. ჩემს სოფელში თუ ვინმეს ინტერნეტი აქვს, ტელეფონით აქვთ ნაყიდი… ჩემს სოფელში ამას ბევრი ვერც ახერხებს.  აქ ბევრი ადამიანი ისედაც არ ცხოვრობს.

თავიდან სასკოლო დავალებები კლასის დამრიგებლის ქმარს მოჰქონდა ხოლმე ჩემამდე. ახლა რომ დავწერ, თვითონ მიმაქვს, მერე ის ახალს მატანს, მერე ისევ მიმაქვს და ასე…

ცხრამუხამდე ჩემი სახლიდან ერთი საათის გზაა, კაი შორია. დავალებებსაც ახლა ცოტა-ცოტას გვაძლევენ და ეგ თან მიხარია, თან – არა, ნახევარ საათში უკვე ყველა დავალება გაკეთებული მაქვს.

მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მაღალ ნიშნებს მიწერდნენ. ახლა კი სულაც არ მომწონს ამდენი თავისუფალი დრო. სახლშიც ბევრი საქმეა, მაგრამ მე სწავლა მინდა, ჩემს კლასელებთან ერთად ყოფნა. მომენატრა ხელოვნებისა და ბუნების გაკვეთილები, ისინი ჩემი საყვარელი გაკვეთილებია.

სახლში მეცადინეობა, ძირითადად, მარტო მიწევს. მალე კი ვსწავლობ, მაგრამ კვირაში ერთხელ მასწავლებელთან ურთიერთობა ცოტაა.

ჩემი უფროსი ძმა 12 წლისაა. მას მასწავლებლები უფრო  ხშირად ურეკავენ, ეუბნებიან, ესა და ეს წაიკითხეო და დავალებასაც აძლევენ. არ ვიცი, ის  როგორ სწავლობს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემს საკლასო ოთახში მალე დავბრუნდე.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

კომენტარები

comments