პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მაია სარიშვილი – გაკვეთილი ბავშვის თვალებით

“ვერაფრით ვიხსენებ, როდის ვიყავი ბავშვი. რაც თავი მახსოვს, სულ დიდი მეგონა თავი. თამაშისა და მხიარულების დროსაც რაღაც დარდზე ვიყავი აცმული და ეს დარდი – ახლა ვხვდები – დიდებზე ფიქრის გამო მქონდა. სულ მათ ვაკვირდებოდი და ვიკვლევდი. კინოსავით ვუყურებდი მათ ცხოვრებას – მასწავლებლებისას, ნათესავებისას, მეზობლებისას. მაოგნებდა მათი სამყარო. ახლა რომ ვფიქრობ, მთელი ჩემი ბავშვობა ადამიანებზე დაკვირვების ერთი გრძელი და მძიმე ხანა იყო… მერე კი, როცა თვითონ გავხდი დიდი, ბავშვებზე დაკვირვების ხანა დამეწყო და ჩემი ცხოვრება დღესაც კინოს ყურებას ჰგავს, ოღონდ ეს კინო ახლა ბავშვებზეა…

სკოლა არ მიყვარდა. იქ მე საშინლად უცხო ვიყავი. თერთმეტი წელი ისე ვეწამე, არავისთვის მითქვამს, მიშველეთ-მეთქი. ყველას მშვიდი, თავმდაბალი და უწყინარი ვეგონე და გიჟი რომ ვიყავი, საიდუმლოდ მქონდა. ერთადერთი დღე იყო, როცა სკოლის სიყვარული ვიგრძენი: დაახლოებით ცხრა წლისა ვიქნებოდი, ერთ კვირა დღეს რომ სრულიად შემთხვევით მოვხვდი ცარიელ სკოლაში და გავოგნდი, ისე მშვენიერი იყო ეს უბავშვებო და უმასწავლებლებო დერეფნები და კლასები… სიჩუმე და აუწერელი იდუმალება… ერთი კედელი ხუთოსნების შავ-თეთრ ფოტოებს ჰქონდა დათმობილი და ამ ხუთოსნების მზერაც ისეთი თბილი და ადამიანური მომეჩვენა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. დერეფნის ბოლოდან ორ დიდ ქოთანში ჩარგული მაღალი პალმები ძლივძლივობით მივაჩოჩე იმ ფოტოებთან და ასე გამოვხატე აღფრთოვანება და სიყვარული…” – ასე იხსენებს ბავშვობას პოეტი მაია სარიშვილი, რომელიც დღეს ოთხი შვილის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ უყვარდა, წლების განმავლობაში ასწავლიდა იქ.
მაია სარიშვილი ავტორია პოეტური კრებულებისა “ცხადის გადაფარვა” და “მიკროსკოპი”. “მიკროსკოპისთვის” “წლის საუკეთესო პოეტური კრებულის” ნომინაციით 2008 წელს ლიტერატურული პრემია “საბა” მიიღო. “საქართველოს რადიოში” დადგმულია (რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი) მისი რადიოპიესები: “სამი ვედრო თოვლი”, “ძალიან ცუდი კაცი”, “ჭიამაიების ოჯახი”, “კატა ისევ წვიმაში”.

– მაია, შეგიძლიათ, სკოლაში დაბრუნდეთ და მოსწავლე მაია სარიშვილი გაიხსენოთ?

– მოსწავლე მაია სარიშვილი იყო ძალიან დაძაბული და უთვალავი მდუღარე ამბით ამოვსებული ადამიანი, რომელმაც წარმატებით მოირგო მშვიდი, უკონფლიქტო, თბილი ბავშვის ნიღაბი. ეს უფრო სასოწარკვეთილის ერთადერთი გასაქცევი იყო – უხმოდ მეტარებინა ათასჯერ იმაზე მეტი სიმძიმე, ვიდრე ზიდვა შემეძლო. როგორღაც მაინც შევძელი. დიდად არავის ხვდებოდა თვალში ჩემი უცნაურობანი. მერჩივნა, მაქსიმალურად დავმსგავსებოდი სხვებს, არაფრით გამოვრჩეულიყავი. ასე უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს… თუმცა ყოველი დილა, როცა სკოლაში უნდა წავსულიყავი, სტრესი იყო. გარედან თითქოს ჩვეულებრივად გამოვიყურებოდი, მაგრამ ყინულის ქანდაკება მედგა ტანში, რომელიც ძალიან მძიმე სატარებელი გახლდათ. რა არ მიყვარდა იქ? – დიდი ფანჯრები რომ ჰქონდა კლასებს და ამის გამო ძალიან განათებული რომ იყო ყოველი კუნჭული; ბევრი ბავშვი რომ ირეოდა დერეფანში; კლასელებს რომ ისეთ რაღაცებზე შეეძლოთ სიცილი და გართობა, რაც მე საერთოდ არ მამხიარულებდა; მასწავლებლებს რომ ყვირილი ედგათ მთელ სხეულში და მთელი დღე რომ ჩურჩულით ელაპარაკათ, ყვირილი მეგონა მაინც; სიის ამოკითხვაც მძულდა – არ მსიამოვნებდა, ჩემი სახელი და გვარი რომ ისმოდა ხმამაღლა; ათასი რამ კიდევ…

– გყოლიათ მასწავლებელი, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– მათემატიკის მასწავლებელი – სირანა. უამრავი მიზეზის გამო ბავშვები სულ დასცინოდნენ. არც მე მიყვარდა ეს ქალი დიდად, მაგრამ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ბავშვობისას, სულ პატარა, ახალფეხადგმული, ჩვილი თითებით და სუფთა, ნათელი თვალებით და ისე აღარ მაღიზიანებდა… ახლაც მაქვს ეს ჩემდა უნებური ჩვევა – როცა ვინმე გულს მატკენს, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნებოდა ბავშვობისას და პატიებას ეს მიადვილებს… დაცინვის გარეშე არც ერთი მასწავლებელი არ რჩებოდა, მაგრამ, მახსოვს, სირანას მაინც ყველაზე უფრო ვიმეტებდით… ერთ დილასაც, როცა პირველი გვქონდა მათემატიკა, სირანამ დააგვიანა. ბავშვებმა მისი მიბაძვა დაიწყეს და ყველა ახარხარდა. ამ დროს საკლასო ოთახში დირექტორი შემოვიდა და გვითხრა, სირანა ამ დილით მკვდარი უნახავთო თავისივე საწოლში… შემზარავი იყო ეს წამები, როცა დაცინვა და ხარხარი ასე ერთი ხელის მოსმით მოკვეთა ტრაგედიამ – თითქოს ვიღაცამ უშველებელი ნაჯახი მოიქნია და ყველას წაგვაწყვიტა სიცილი ტუჩებთან საშიშად ახლოს, სადღაც ერთ მილიმეტრზე…

– თუ გყოლიათ მოსწავლე, რომელიც საკუთრ ბავშვობას გახსენებთ? იცვლება თუ არა ამ დროს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება?

– ყველა მოსწავლეში საკუთარ თავს ვეძებდი თითქოს, მეშინოდა, “მაია” არ გამომპარვოდა სადმე; მეც ხომ სულ შენიღბული ვიყავი, ამიტომ ვცდილობდი, ვინმე ასევე ნიჭიერად შენიღბული არ გამომპარვოდა. ბევრი აღმოვაჩინე, სხვათა შორის… ბავშვები ხშირად არ არიან ისინი, რადაც მიზეზთა გამო თავს გვაჩვენებენ. ეს მტკივნეული ამბავია და ძალიან სათუთად მოსავლელი…

– თქვენ წერთ, რომ სკოლა არ გიყვარდათ, რატომ? როგორია თქვენი საოცნებო სკოლა?
– საოცნებო სკოლა? მოკლედ ვიტყვი: არც შავ-თეთრი, არც ჭრელი. პასტელის ფერებს რომ განწყობა მოაქვთ, ისეთი. უბრალო, ოდნავ სევდიანიც – საკლასო ოთახებში ბევრი ქოთნის ყვავილით და გამჭვირვალე მასწავლებლებით… არა, ახლა რომ დავფიქრდი, ჩემი საოცნებო სკოლა ალბათ ძალიან ნიჭიერად გადაღებულ შავ-თეთრ კინოს უფრო ჰგავს, სადაც ფერები ისე ბუნებრივად იგულისხმება და იგრძნობა, რომ აღარ სჭირდება ზედმეტად გაფერადება რაღაც ჭყეტელა, მატყუარა ფერებით…

– თეორიულად როგორ წამოგიდგენიათ სრულყოფილი მასწავლებელი და თქვენ როგორი პედაგოგი იყავით?

– ვფიქრობ, მხოლოდ საინტერესო და არაორდინარულ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ კარგი მასწავლებლები. მათ, ვინც, როგორც ბეტონის ფირფიტებით, მხოლოდ პედაგოგიკის სახელმძღვანელოს ფურცლებით არ არიან შემორაგულები და ბავშვების სიყვარულთან, ფანტაზიასა თუ სხვა სიკეთეებთან ერთად აქვთ სითამამეც, ჩაატარონ გაკვეთილი ისე, როგორც იმ დღეს კარნახობენ ბავშვების თვალები. მე ვერ აღმოვჩნდი კარგი პედაგოგი, რადგან რეჟიმი და ვალდებულებები მანგრევს. იქნებ ერთ დილასაც არ მინდა ბავშვების დანახვა და მათთან ლაპარაკი?! იყო შემთხვევები, შუა გზაში ავტობუსიდან ჩამოვსულვარ და გაკვეთილი გამიცდენია. ცხადია, ასე არაფერი გამოვა… ჰოდა, აღარცა ვარ მასწავლებელი.

– რას ნიშნავს მშობელი, რომელიც იმავდროულად არის მასწავლებელი და პოეტი?

– დიდად სანაქებო ვერც მშობელი ვარ. ჩემი ოთხივე შვილი სკოლის მოსწავლეა და აბსოლუტურად ვერ ვეხმარები მათ. როცა რამეს ვერ ხვდებიან, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ავუხსნა და თავიდან მოვიშორო, და ეს – საუკეთესო შემთხვევაში. ვერ ვდარდობ იმაზე, როგორი ქულები აქვთ ტესტებში და რამდენი გაცდენა დაუგროვდათ. მგონი, პირიქითაა – ბავშვები ნერვიულობენ, მე კი ვამშვიდებ, ვეუბნები: ნუ გეშინიათ, ისწავლეთ მშვიდად, ხანაც ნუ ისწავლით და როცა შეძლებთ, მაშინ ამოქაჩეთ-მეთქი ეს ჩამორჩენა. რაც მთავარია, კითხვა უყვართ და ამას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებენ. ხომ ვიცი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის იმედზე ვარ ალბათ, რომ უშველიან თავს როგორმე…

– რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

– მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც და მშობლებსაც სწორედ ამას ვუსურვებდი: იმოქმედეთ მშვიდად. შემზარავი სანახავია, როგორ ეკარგება მოსწავლეს ფერი იმის გამო, რომ დაბალი ქულა მიიღო და სახლში “მოკლავენ”. მე არ მინდა, ბავშვებს რამისა ეშინოდეთ – სულერთია, მოჩვენებებისა თუ მასწავლებლების. რიდი? რიდი თავისთავად მოვა, როცა სიყვარულსა და პატივისცემას იგრძნობენ… არანაირი სწავლა და განათლება არ ღირს ბავშვის ნერვების ფასად. ლაღი და მშვიდი ბავშვები ყველაფერს შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი