შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წესებიანი თამაშები – გარდამავალი ეტაპი თამაშიდან სწავლაზე

წესებიანი თამაშის დროს ბავშვები ან თავად იგონებენ წესებს, ან სხვების მიერ შეთავაზებულ წესებს ემორჩილებიან. ზოგიერთ თამაშს ისეთი წესები აქვს, რომელთა დაცვის გარეშე თამაშის პროცესი ვერ წარიმათება. ასეთი თამაშებია, მაგალითად, სამაგიდე თამაშები –  „ორობანა“, ლოტო, დომინო, ან ეზოს მოძრავი თამაშები, როგორებიცაა მაგ,  „დაჭერობანა”, „დამალობანა” და ა.შ.

წესებიანი თამაშის დროს ბავშვები ცდილობენ თამაშის ორგანიზებასა და მისი წესების დაცვას, იქნება ეს რიგითობა, მოლაპარაკება თუ დათმობა. ბავშვები თამაშისას მოითხოვენ წესების  დაცვას და აპროტესტებენ, თუ ვინმე წესს არღვევს. სწორედ ამგვარ თამაშში იწყებენ ბავშვები სამართლიანობის ცნების გააზრებას და განასხვავებენ მისაღებ და მიუღებელ სოციალურ ქცევას, მაშასადამე, წესებიანი თამაში ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას.

ზოგი მეცნიერის აზრით წესებიანი თამაში, სადაც ბავშვებს უხდებათ გარედან მიწოდებული  წესების გათვალისწინება, არის  გარდამავალი ეტაპი თამაშიდან სწავლაზე. ვინაიდან, ამ დროს ბავშვებს უხდებათ წესების გაგება, შემდეგ მისი დამახსოვრება, წესების მიხედვით მოქმედება და იმპულსების მართვა. აღნიშნული უნარები კი მნიშვნელოვანი უნარებია სკოლაში სწავლისთვისაც. განვითარების თვალსაზრისით, „თამაში წესებით, ოფიციალური სკოლისა და საბავშვო თამაშის დასაკავშირებლად იდეალური კანდიდატია“ (ფერნი, 1998 წ., გვ. 7).

წესებიანი თამაშები ქმნის შესაძლებლობას, ბავშვებმა სახალისო და სასიამოვნო გზით გაივარჯიშონ უნარები და მიიღონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თამაშის დროს კამათელზე წერტილების დათვლა, ლოტოს თამაშის პროცესში  დაზუსტება, თუ ვის უფრო მეტი ბარათი აქვს, ბარათების დარიგება წყვილებისთვის ავითარებს მათემატიკურ უნარებს.  მაგრამ, ბავშვისთვის თამაშის შეთავაზებისას, აუცილებლად  უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის განვითარების დონე და დავაკვირდეთ, სახალისოა თუ არა აღნიშნული თამაში მისთვის, ვინაიდან თამაში ბავშვში აუცილებლად დადებით ემოციებს უნდა იწვევდეს.  თანაც, ალბათ ხშირად დავკირვებივართ, რომ ძალიან მცირე ასაკის ბავშვები თამაშის წესების გამო ღიზიანდებიან. თუმცა, მარტივი მოტორული თამაშები, მაგალითად, დახუჭობანა ბევრი ბავშვისთვის საყვარელი თამაშია.

როგორც მოგეხსენებათ, წესებიან თამაშებში თითქმის ყოველთვის არის მოგებული და დამარცხებული, რასაც ზოგიერთი ბავშვი მძაფრად განიცდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია,  უფროსებმა ყურადღება გადაიტანონ თამაშისგან სიამოვნების მიღებაზე და არა ბავშვების ერთმანეთთან შეჯიბრებაზე. შეჯიბრებითობის ელემენტი შეიძლება შემცირდეს, თუკი თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა არ „მოიგებს“. ამ შემთხვევაში თამაშში შეიძლება იყოს „პირველი გამარჯვებული“, „მეორე გამარჯვებული“ და ა.შ. აგრეთვე, შესაძლებელია ბევრი წესებიანი თამაშის მოგონება ან შეცვლა ისე, რომ შეჯიბრებითობის ელემენტი საერთოდ „ამოვარდეს“. მაგალითად, წესებიანი თამაში დასრულდეს  მაშინ, როდესაც ყველა მოთამაშეს გაუთავდება ბარათები ან სხვა მასალა ან თამაში დასრულდეს  გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ერთი და იმავე თამაშის ბევრჯერ გამეორებით კი ბავშვები ბუნებრივად გაიაზრებენ, რომ ადრე თუ გვიან ყველა იმარჯვებს და არავინ არ არის მუდმივად „მოგებული“. მეორე მხრივ,  წესებიანი თამაში შეიძლება აღმოჩნდეს კარგი საშუალება, ბავშვებმა ისწავლონ ემოციების მართვა და წესების დაცვა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე წესებიან თამაშს, რომელთა თამაშიც სახალისო იქნება ოჯახის წევრებთან ერთად, ოჯახურ გარემოში.

  1. აქტივობა „ციფრობანა“

მიზანი: თვლის  პროცესის სწავლა, მოტორიკისა და  კოორდინაციის უნარის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი: 4-5 წელი

კავშირი სტანდარტთან: ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები[1].

  • განვითარების სფერო – ფიზიკური და სენსორული განვითარება; შედეგი: ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს.
  • განვითარების სფერო – სოციალური და ემოციური განვითარება. შედეგი: ბავშვი ამჟღავნებს ემოციურ კომპეტენციებს. კატეგორია – იმპულსებისა და ქცევის მართვა.
  • განვითარების სფერო: შემეცნებითი განვითარება. შედეგი: ბავშვი შემოქმედებითად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას და ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას. კატეგორია: პრობლემის გადაჭრა.
  • თემატური მიმართულება – მეცნიერების ელემენტები. შედეგი: ბავშვი იყენებს მათემატიკურ უნარებს. კატეგორია – რიცხვები.

მასალა: 1 ცალი მოზრდილი ზომის ყუთი/ყუთის თავსახური,  ათ ცალად გამოჭრილი  პატარა მუყაოს ქაღალდი (შესაძლებელია ქაღალდის  ხელსახოცის მუყაოს შიგთავსის  გამოყენება) მარკერი, პატარა ზომის ბურთი, წებო (სასურველია ცხელი წებო).

მიმდინარეობა: სათამაშო უნდა დავამზადოთ ბავშვთან ერთად. ქაღალდის ხელსახოცის შიგთავსს დავჭრით ათ ნაწილად, თითოეულ ნაწილს დავაწერთ შესაბამის ციფრს. რგოლებს ქაღალდის მოზრდილ ყუთში არეულად  (ცხელი წებოთი ან წებოვანი ლენტით)  დავამაგრებთ. ბავშვი ყუთში ბურთს ჩააგდებს და ორივე ხელს ყუთს მოჰკიდებს. ბავშვმა პატარა ბურთი რგოლებში თანმიმდევრულად უნდა გააძვრინოს.  მაგ: ჯერ რგოლში, რომელსაც აწერია ციფრი ერთი, შემდეგ ორი და ა. შ.

იხ. ილუსტრაცია 1.

 

 

  1. აქტივობაფიგურების არეკვლა“

მიზანი: ყურადღების,  ნატიფი  მოტორიკის, შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა.

მიახლოებითი ასაკი: 3-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები

  • განვითარების სფერო – ფიზიკური და სენსორული განვითარება. შედეგი – ბავშვი აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს სხეულის წვრილ კუნთებს. კატეგორია – საგნებით მანიპულირება.
  • განვითარების სფერო – შემეცნებითი განვითარება. შედეგი – ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ, შეუძლია, შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე.

სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • განვითარების სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო-სასწავლო და სააზროვნო უნარები, მიმართულება – ყურადღების კონცენტრირება. შედეგი -ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • მიმართულება – კრიტიკული აზროვნება. შედეგი – ბავშვს შეუძლია საგნებისა და მოვლენების შედარება, მათ შორის, მსგავსებისა და განსხვავების ამოცნობა.
  • განვითარების სფერო – ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო – ფიზიკური განვითარება. მიმართულება – ნატიფი მოტორიკა. შედეგი – ბავშვს შეუძლია,  ადვილად ჩაერთოს მისთვის ნაცნობ აქტივობებში, რომლებიც  თვალისა  და ხელის კოორდინაციას მოითხოვს; ბავშვს მოსწონს ახალი დავალებების შესრულება, რომლებიც ნატიფი მოტორიკის გამოყენებას მოითხოვს: მაგ., ძერწვა, „ფაზლების“  აწყობა, ხატვა და ა. შ.

მასალა: საწრუპები/ნაყინის ჩხირები, მაკრატელი, ფერადი წებოვანი ლენტი.

მიმდინარეობა: თითოეულ საწრუპს დაჭრით 3 ტოლ ნაწილად (თუ ნაყინის ჩხირებით გავაკეთებთ  აქტივობას, მაშინ სასურველია გუაშის საღებავებით სხვადასხვა ფერად მათი შეღებვა). ფერად წებოვან ლენტს ვერტიკალურად გავავლებთ იატაკზე. ერთ მხარეს წამყვანი სხვადასხვა სახის ფიგურებს შექმნის (მაგ: სამკუთხედი, რომბი, სახლი…) წებოვანი ლენტის მეორე მხარეს ბავშვმა იმავე ფერის საწრუპებით იდენტური ფიგურები  უნდა გაიმეოროს. პირველ ჯერზე სასურველია,  ჩვენ ვუჩვენოთ ბავშვს, როგორ კეთდება. მოტივაციისთვის შეიძლება, ხან ბავშვმა შექმნას ფიგურა, ხან  ჩვენ. ჩვენ კი ჩავინიშნოთ, თუ  რამდენ ფიგურას გავიმეორებთ სწორად.

იხ. ილუსტრაცია 2.

 

 

 

  1. აქტივობა „მოდი გავაგოროთ“

მიზანი:  ყურადღების, პრობლემის გადაჭრის, მათემატიკური უნარებისა და  მოტორიკის განვითარება.

მიახლოებითი ასაკი:  5- 7 წელი

კავშირი სტანდარტთან:  სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი;

  • განვითარების სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – მათემატიკური წარმოდგენები. მიმართულება – რიცხვები და ანგარიში.
  • განვითარების სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები.
  • განვითარების სფერო – ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება. ქვესფერო – ფიზიკური განვითარება. მიმართულება – ნატიფი მოტორიკა.

მასალა:  დიდი ფორმატის ქაღალდი (შესაძლებელია ჩვეულებრივი ზომისაც), კამათელი, თამაშში მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისი სხვადასხვა ფერის ფლომასტერი.

მიმდინარეობა: ფორმატზე ერთმანეთის დაშორებით დავსვათ  წერტილები. მოთამაშეები რიგრიგობით აგორებენ კამათელს. გაგორებისას კამათელზე  დავითვალოთ  წერტილების რაოდენობა. ფორმატზე ერთმანეთთან შევაერთოთ იმდენი წერტილი, რამდენიც ამოგვივიდა კამათელზე, თან უნდა ვეცადოთ, თანდათან რაიმე ფიგურა ,,დაგვეხატოს.“ ბოლოს, როდესაც წერტილები ქაღალდზე აღარ იქნება, წყდება თამაში.  თითო ფიგურას შეგვიძლია,  მივანიჭოთ თითო ქულა. მოთამაშეები ითვლიან საკუთარ შეგროვებულ ფიგურებს და აჯამებენ.  მონაწილე, რომელიც მეტ ფიგურას დახატავს,  იქნება გამარჯვებული.

იხ. ილუსტრაცია 3.

 

 

 

  1. ,,მეზღაპრეები“

მიზანი: თანამშრომლობის, აზროვნების, მეტყველების  განვითარება, წარმოსახვის გააქტიურება

    მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

    კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი.

  • სფერო სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო – სასწავლო და სააზროვნო უნარები. მიმართულება – ყურადღების კონცენტრირება. დეგი: ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • შედეგი: შემოქმედებითობა და გამომგონებლობა. ბავშვს მოსწონს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობები; შეუძლია, მოიგონოს ახალი როლები, დიალოგები, ამბები და თამაშები.
  • სფერო: სოციალურ-ემოციური განვითარება. ქვესფერო: ემოციური განვითარება. მიმართულება: თვითმართვა. შედეგი: ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა;
  • მიმართულება: მოქნილობა. შედეგი: ბავშვს შეუძლია, გამოამჟღავნოს მოქნილობა და საკუთარი ქცევა მიუსადაგოს  გარემოსა და ყოველდღიურ საქმიანობებს.
  • სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო. სააზროვნო უნარები. მიმართულება – მიზეზშედეგობრიობა (ლოგიკური აზროვნება).შედეგი: ბავშვს შეუძლია, გამოარჩიოს ერთი შედეგის რამდენიმე შესაძლო მიზეზი და ერთი მიზეზის რამდენიმე შესაძლო შედეგი.
  • სფერო – მეტყველება, კომუნიკაცია და წიგნიერება. ქვესფერო-მეტყველება. მიმართულება: მოსმენა (რეცეფციული მეტყველება); შედეგი: ბავშვს თითქმის ყოველთვის ესმის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია თანატოლებისა და აღმზრდელების მხრიდან, მათ შორის, მითითებები, თხოვნა, ზეპირად მოთხრობილი ან წაკითხული ზღაპრები და ისტორიები.
  • მიმართულება: ლაპარაკი/ზეპირი მეტყველება (ექსპრესიული მეტყველება). შედეგი: ბავშვს შეუძლია აზრის გამართულად ჩამოყალიბება, ამბის სწორი თანმიმდევრობით გადმოცემა, სიუჟეტის მნიშვნელოვანი მომენტების ჩათვლით.

მასალა: ბარათები ცხოველების, ფრინველების, საგნების, ადამიანების გამოსახულებებით (შესაძლოა ლოტოს სხვადასხვა ბარათების გამოყენება).

მიმდინარეობა: აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეიძლება ოჯახურ პირობებში, ყველა ოჯახის წევრის ჩართულობით. მონაწილეები შემოუსხდებიან შეერთებულ მაგიდას. წამყვანი მონაწილეებს ლოტოს   თითო ბარათს ურიგებს.

მიმდინარეობა: აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეიძლება ოჯახურ პირობებში,  ოჯახის ყველა წევრის ჩართულობით. მონაწილეები შემოუსხდებიან შეერთებულ მაგიდას. წამყვანი მონაწილეებს ლოტოს   თითო ბარათს ურიგებს.

ინსტრუქცია: დღეს ჩვენ ნამდვილ მეზღაპრეებად გადავიქცევით. ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ ზღაპარი. ერთ-ერთი თქვენგანი  მაგიდის  შუაში დადებს რომელიმე  ბარათს. აი, მაგალითად: ფისო. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფისო, ამის შემდეგ მის მარჯვნივ მჯდომი აგრძელებს თხრობას, ის დადებს თავის ბარათს, მაგალითად ”კურდღელს”. ფისოს ჰყავდა მეგობარი კურდღელი. ყველა მონაწილე  დადებს ბარათს და გააგრძელებს ზღაპარს. ის მონაწილე, რომელიც ბოლოს დადებს ბარათს, დაასრულებს ზღაპარს. ახლა კი ყურადღებით. კარგად მოუსმინეთ ერთმანეთს, რომ ჩვენი ზღაპარი უფრო საინტერესო გამოვიდეს.

რეკომენდაცია წამყვანს: ,,თუ ზღაპარი ლოგიკურ მიმდინარეობას კარგავს, მაშინ წამყვანი ერთვება თამაშში და აკავშირებს მოცემულ მოვლენებს ერთმანეთთან, ან თითოეული მონაწილის შემდეგ იმეორებს აზრს და შემდეგ ბავშვს მიმართავს: აბა, რა მოხდა შემდეგ?

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს ენისა და მეტყველების განვითარებას. ამიტომ თამაშისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ ბავშვი რომელიმე სიტყვას არასწორად წარმოსთქვამს, არ შევაწყვეტინოთ  მას საუბარი,  დაველოდოთ ფრაზის დასრულებას და შემდეგ, შეჯამებისთვის გავიმეოროთ იგივე ფრაზა სწორი ფორმით. ბავშვის ლექსიკის გასამდიდრებლად შეგვიძლია, გამეორებისას ვახსენოთ და ვუჩვენოთ ბავშვს ის დეტალი, რომელიც მისი ყურადღების მიღმა დარჩა.

  1. ,,აბა გამოიცანი’’

მიზანი:   აზროვნების განვითარება

მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • ქვესფერო – მოტივაცია. მიმართულება – ცნობისმოყვარეობა და ინტერესი; შედეგი – ბავშვს შეუძლია, ახალი ინფორმაციის მიღების მიზნით დასვას კითხვები  და მზად არის ახალი გამოცდილების მისაღებად.
  • მიმართულება – კვლევა. შედეგი – ბავშვს შეუძლია, მიიღოს  ინფორმაცია  შეკითხვების დასმის, უშუალო დაკვირვების, ცდისა და შეცდომის გზით.
  • ფერო – სოციალურ-ემოციური განვითარება. ქვესფერო – ემოციური განვითარება. მიმართულება – თვითმართვა. შედეგი – ბავშვს შეუძლია საკუთარი ემოციების და იმპულსების მართვა;

მიმდინარეობა: წამყვანი ჩაიფიქრებს რომელიმე ცხოველს (ფრინველს, საგანს და ა.შ.).  მონაწილეებმა უნდა დასვან კითხვები, რათა გამოიცნონ, თუ რა არის ჩაფიქრებული. ოღონდ, არ შეიძლება პირდაპირი ვარაუდების გამოთქმა. მაგ., ძაღლია? კატაა?

ჯერ უნდა გაარკვიოთ, სულიერია თუ უსულო? ცხოველია, მცენარე თუ ადამიანი. ცხოველის შემთხვევაში – შინაურია თუ გარეული, ჭამს თუ არა მაგ, ბალახს?  აქვს თუ არა რქები, სად ცხოვრობს  და ა. შ.  პირობითად მხოლოდ7 კითხვის დასმის შემდეგ  შეიძლება ვარაუდების გამოთქმა. (დასაშვებია 3 ვარაუდის დასახელება).  თუ მონაწილეებმა  ვერ გამოიცნეს, ასეთ შემთხვევაში იმარჯვებს წამყვანი, თუ გამოიცნეს _ მონაწილეები.

როდესაც მონაწილეები კარგად ისწავლიან თამაშს და სწორი კითხვების დასმას, შესაძლოა თამაშის გართულებაც. მაგ.,

კითხვები დავსვათ ისე, რომ წამყვანმა უპასუხოს მხოლოდ: “კი”, “არა”, “არ ვიცი”.

  1. 6. ,,გაიმეორე ჩემი ორნამენტი“

მიზანი: მეხსიერების, ყურადღების განვითარება.

მიახლოებითი ასაკი: 5-7 წელი

კავშირი სტანდარტთან: სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტი

  • სფერო – სწავლისადმი მიდგომა. ქვესფერო: ყურადღების კონცენტრირება. შედეგი: ბავშვს შეუძლია, შეაჩეროს და გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება კონკრეტულ ამოცანაზე, მათ შორის, გარკვეული დაბრკოლებების წარმოქმნის შემთხვევაშიც.
  • სფერო – შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა. ქვესფერო – ზოგადი ცოდნა. მიმართულება სივრცე. შედეგი – ბავშვს შეუძლია, ზეპირად მიწოდებული ან მარტივი თვალსაჩინოების  გამოყენებით  მიაგნოს გარკვეულ ადგილს.

მასალა: 2 ფურცელი, რომელზეც 9 უჯრიანი ცხრილია გამოსახული, 2 წყვილი პატარა ბარათი სხვადასხვა გამოსახულებით.

იხ. ილუსტრაცია 4

მიმდინარეობა: თამაშში მონაწილეობს წყვილი. მაგიდაზე იდება 2 ფურცელი და ორივე მონაწილეს  ეძლევა ერთნაირი ბარათები. პირველ ჯერზე, პირველი მონაწილე ათავსებს მოცემულ უჯრებში მაგ., 3 ან  4  ბარათს. მისი მეწყვილე კი უყურებს 2 წუთის განმავლობაში და ცდილობს, დაიმახსოვროს. ამის შემდეგ პირველი მონაწილე დალაგებულ ბარათებს ფურცელს აფარებს და სთხოვს მეორე მოთამაშეს  ბარათების  განლაგების გამეორებას თავის ფურცელზე. შეიძლება ჩავინიშნოთ,  თითოეულ თამაშში რამდენი  ბარათი დადო სწორად თითოეულმა მონაწილემ.

აღნიშნული თამაშების ვიდეო ინსტრუქციები შეგიძლიათ, იხილოთ მასწავლებლის სახლის ფეისბუქ გვერდზე. იხ. ბმული shorturl.at/delDJ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 5 წლის ასაკის ბავშვის სწავლა – სწავლების თავისებურებანი (2011) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი.
  2. სასკოლო მზაობის პროგრამა. თამაში სწავლისა და განვითარებისათვის. აღმზრდელის სახელმძღვანელო (2015) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი.

ჯონსონი ჯ. ი, ქრისტი ჯ. ფ. თამაში, განვითარება და ადრეული განათლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი