ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მადლიერების მეხსიერება

„მაგრამ იცოდეთ: მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,

თუ ასპარეზად საქართველო გეპატარავათ…“

რეზო თაბუკაშვილი

 

 

ეს ორი სიტყვა, რაც წერილის სათაურშია, ცალ-ცალკე ხომ ჯადოსნურად ჟღერს, მაგრამ ერთად _ კიდევ რაღაც სხვა საიდუმლოს მატარებელია, ისეთი სიღრმის აზრია, რომელიც თავისთავში ყველაფერს იუნჯებს _ რელიგიასაც, პოეზიასაც, ფილოსოფიასაც, ყოფის სირთულეს და სილაღეს ერთად.

ეს ორი სიტყვა, როგორც სათაური, ჩემი ნაფიქრი არაა. ეს რეზო თაბუკაშვილის ერთი განუხორციელებელი იდეის სახელწოდებაა, დიდი საქმის სათაურია, რომლის დასრულებაც მას არ დასცალდა. თუმცა, მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამ ორსიტყვიანი აზრის მსახურებაა, მრწამსი და წესია, ამიტომაც წავუმძღვარე ჩემს წერილს სათაურად, რადგან ამ წერილს რეზო თაბუკაშვილს ვუძღვნი, ადამიანს, ვინც თავად იქცა ჩვენს ეროვნულ ფიქრში და მენტალობაში მადლიერების მეხსიერებად.

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რეზო თაბუკაშვილის რომელიმე დოკუმენტური ფილმი, არასდროს დაავიწყდება ის შთაბეჭდილება, რაც საერთოდ მის შემოქმედებასთან ზიარებას ახლავს.

მომნუსხველი მხატვრული ენა, ავტორის წაკითხული ტექსტი _ კეთილშობილი ინტონაცია, აზრის სიღრმე და უბრალოება, სინაღდე და სიმართლე _ ეს მისი მხატვრული სამყაროა, მისი შემოქმედებითი ხელწერა, რომელიც არასდროს არავისში  აგერევა, ეს რეზო თაბუკაშვილის ფერია _ მკაფიო, ნათელი და ღრმა, გასული საუკუნის ჭრელ პალიტრაზე მარადისობის თვალპატიოსნად აბრიალებული.

რამდენიმე წლის წინ ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ვრცელი კრებული „რეზო თაბუკაშვილი“ (შემდგენელი მედეა თაბუკაშვილი), სადაც მისი კინო-სცენარები, ლექსები, დღიურები და მოთხრობები, გამოსვლები და ჩანაწერებია თავმოყრილი. ამ კარანტინული მარტოობის დღეებში კიდევ ერთხელ გადმოვიღე თაროდან და ჩავიძირე ამ წიგნში. ეს პროცესი განწმენდასაც გავდა, იმ ჯადოსნურ წყლებში შესვლას და მისი თოშით გამოფხიზლებას, რომელთა მისამართიც მხოლოდ რეზო თაბუკაშვილისნაირმა ადამიანებმა იციან.

მასწავლებელი რომ ვიყო, ამ კრებულს სახელმძღვანელო-სამაგიდო წიგნად ვაქცევდი და ბევრ გაკვეთილზე დავიმგზავრებდი.

რადგან ამ წიგნში ყველაფერია, რაზეც განათლება დგას (უნდა იდგეს), ყველა ის საიდუმლოა გაცხადებული, რისი წყალობითაც ადამიანი ჯერ პიროვნებად და მერე პროფესიონალად ყალიბდება.

რეზო თაბუკაშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმ ადამიანთა წარმოჩენას და მათი ხსოვნის პოპულარიზაციას, ვის შესახებაც ზოგჯერ არაფერი, ზოგჯერ კი ძალიან ცოტა რამ იცოდა საქართველომ _ ეს გახლავთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები თუ საქართველოსთვის მოღვაწე უცხოელები, ადამიანები საოცარი თავგადასავლებით, ღირსების და ერთგულების ისტორიებით, ადამიანები _ ყველა დროის მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს და მოყვასის მსახურება. პირველად სწორედ რეზო თაბუკაშვილის ფილმებიდან შეიტყო ქართველმა მაყურებელმა სახელები _ ვიტორიო სელა, პეტრე ხარისჭირაშვილი, შეიტყო მიხეილ თამარაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის მიხეილ ხერგიანის და უამრავ სხვათა ღვაწლის ნამდვილი ისტორია. სწორედ რეზო თაბუკაშვილის წყალობით დაუბრუნდა სამშობლოს დიდი მოღვაწის _ მიხეილ თამარაშვილის ცხედარი; ქართველმა საზოგადოებამ ეკრანზე იხილა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიწაზე გმირულად დაღუპულ ქართველთა საფლავები, მოისმინა მათი ისტორია, გაიგო აქამდე უცნობ გმირთა შესახებ…

უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, თითქმის სრულიად მარტომ, მხოლოდ მეგობარი ოპერატორების და რამდენიმე კეთილისმყოფელი ნაცნობის დახმარებით, მოიარა ის ქვეყნები, სადაც ქართული კვალი ეგულებოდა, შეისწავლა საფრანგეთის და იტალიის არქივები. სწორედ მან აღმოაჩინა ვენეციის არქივში ერეკლე მეფის ორი წერილი, რომლებიც გეორგიევსკის ტრაქტატამდეა დაწერილი, საქართველოდან გაგზავნილი ვენეციელი დოჟების სახელზე და უდაო მონაპოვარია ისტორიკოსთათვის, რადგან მათი წყალობით დასტურდება, რომ ვიდრე რუსეთისკენ გაიხედავდა, მოხუცი მეფე აქტიურად და ინტენსიურად სთხოვდა დახმარებას ევროპასაც…

„ისტორიული სვლა, უფრო სწორად, ისტორიული წინსვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა იცი ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ. ეს თუ არ იცი, მაშინ ეს სვლა კი არა, ბოდიალია მხოლოდ დროსა და სივრცეში“ _ წერდა მოგზაურობის დღიურში. ეს მისი ნამოღვაწარის მთავარი აზრია, მისი სიცოცხლის სათქმელი და შინაარსია.

თან, დროის კონტექსტიც გავითვალისწინოთ, რა პერიოდში უწევდა ამ ფილმებზე მუშაობა რეზო თაბუკაშვილს _ გაგანია საბჭოეთში, როცა ყოველი ფეხის გადგმა საზღვრებს გარეთ რაღაც ფატალურს, სახიფათოს და საშიშს გულისხმობდა. ზუსტად ამ ეპოქაში შეძლო მან პოლიტიკური კონიუნქტურისგან სრულიად თავისუფალი, ნათელი და მართალი კინოს შექმნა, თანაც _ დოკუმენტური კინოსი. ეს მისთვის მხატვრული იარაღი იყო ყოველგვარი სუროგატულის წინააღმდეგ, თავად საბჭოთა სისტემის, როგორც ეპოქალური დაღის კონტრ-აქცია, მისი პირადი თავისუფლების პერფორმანსი. თავად უწოდებდა საკუთარ ნამუშევრებს „არალეგალურ ფილმებს“, რომლებიც ზუსტად იმ ენერგიით და აზრით მუხტავენ დღესაც მაყურებელს, როგორც მაშინ, კომუნიზმის და ათეიზმის ზეობაში, სიყალბის და ფარისევლობის, მცონარობის და ლეთარგიის მომაკვდინებელ ტბორში.

ზუსტად ამ ეპოქაში გაცოცხლდა 35 მმ-იან ფირზე გადაღებული ისტორია ქვეყნისა, რომელსაც თავისი წარსულის, თვითმყოფადობის, ეროვნული უნარისა დ ნიჭების გათვალისწინებით, სრული უფლება აქვს იყოს თავისუფალი, იყოს ერთი ავთენტური ფერი პლანეტის უთვალავ ფერთა შორის. მას ამ აზრს, ამ თავდაჯერებას, ან გარე მტერი უკლავდა მუდმივი თავდასხმებით და დამონებით, ან შინა მტერი _ ღალატით, ნიჰილიზმით; ეს ყველაფერი კი იწვევდა უამრავ კომპლექსს, ერთგვარ ეთნოცენტრულ სტრესს და დაძაბულობას, რაც ხან არაჯანსაღ ვნებებში, ხანაც გარე სამყაროსგან გაუცხოებასა და ჩაკეტილობაში გამოიხატებოდა.

ასე გამოიარა ამ ქვეყანამ საბჭოთა ხანა და ასე მოადგა ეროვნული მოძრაობის დროებას, სადაც რეზო თაბუკაშვილის ნაფიქრი და ნამოღვაწარი ისეთ გამოცდილებად უნდა ქცეულიყო, როგორითაც, ზოგადად, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება შენდება. ზომიერების ფილოსოფიური და პრაქტიკული განცდა, პატრიოტიზმის გააზრება, პროვინციალიზმის, როგორც მენტალური მანკიერების, სიჩლუნგის გამოვლინება _ ამ თემებზე საუბრობდა ხმამაღლა და დაუღალავად, ამ მიმართულებებით აღვივებდა საზოგადოებრივ აზრს, ცდილობდა, ფიქრის და მსჯელობის მდგომარეობაში მოეყვანა ხუნდებაგლეჯილი მდინარესავით გუგუნ-გრიალით დაძრული ეროვნული ენერგია, ის პირველყოფილი ძალა, რომელიც, ცხადია, ქვეყნის და ერის სიცოცხლის სანიშნეა, თუმცა უფორმო და ქაოტური _ შესაძლოა თვითგამანადგურებლადაც ექცეს.

„პატრიოტობა პროფესია არ არის _ პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ“ _ ეს რეზო თაბუკაშვილის სამოქმედო მრწამსია. წესით, ნებისმიერი ადამიანის/ქვეყნის მრწამსიც ეს უნდა იყოს, ამის განცდა და გააზრება. ნებისმიერ დროსა და ფორმაციაში საგულისხმო სენტენციაა. მით უფრო დღეს, როცა მიუხედავად 30 წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობისა, ჯერ კიდევ ხელის ცეცებით დავდივართ სახელმწიფოებრივი ყოფის ლაბირინთებში და აგური აგურისთვის ვერ შეგვისაბამებია, ამ სახელმწიფოს რომელიმე კედელი მაინც რომ მტკიცედ, უზადოდ ამოვაშენოთ.

რეზო თაბუკაშვილმა ბევრი კითხვა დასვა და პასუხებიც შემოგვთავაზა. ისტორია, რომელიც მან გააცოცხლა, პირველ რიგში იმ გამოცდილების დემონსტრირებაა, ჩიხსა და კრიზისს რომ დაგაძლევინებს და გზას გაპოვნინებს. გარე სამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირი, საკუთარ და სხვათა ისტორიული გზების შეჯერება და გაანალიზება, საკუთარი ღირსების სრულუფლებიანად წარმოჩენა და სხვისი ღირსების დაფასება, ანუ მუდმივი მადლიერების განცდა წარსულის, აწმყოს და მომავლის მიმართ და ამ მადლიერების დამახსოვრება.

წერილის დასაწყისში ის იდეა ვახსენე, რომლის განხორციელებაც რეზო თაბუკაშვილმა ვერ მოასწრო, თუმცა საშვილთაშვილო საქმეა და მჯერა, მისი შთამომავლები დაასრულებენ დაწყებულ საქმეს. ეს გახლავთ მადლიერების მეხსიერების მუზეუმი. „მას არავითარი ანალოგი არ ეყოლება მსოფლიოში და ექნება ძალიან მრავალმხრივი მნიშვნელობა. ეს უნდა იყოს მუზეუმი, სადაც წარმოჩნდება ყოველი სახელი, ყოველი პიროვნება, შორეული საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე. მან უნდა დაგვანახოს ყველა ის სიკეთე, რაც კი ვინმე უცხოელს გაუკეთებია საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის… მომავალ მუზეუმში სტუმარი ნახავს, როგორი ხალხია ქართველები, რომლებიც არავის არაფერს უკარგავენ და რომელთაც ყველაფერი ახსოვთ“ _ თავად განმარტა ერთ ინტერვიუში.

ყველაზე ცოცხალი მაშინ ხარ, როცა რაღაც ნამდვილს, ნაღდს, ჯანსაღს ეხები. ჩვენი სიცოცხლის დვრიტა რეზო თაბუკაშვილისნაირი ადამიანების ნაკვალევ გზებზე ძევს, მათ ნაფიქრში და ნამოქმედარში. როგორ უნდა იყო უიმედოდ, როცა წინ ამხელა გამოცდილება გაქვს, ასეთი საჭირო და მშვენიერი აზრით დაუნჯებული წიგნი გადაგიშლია და სულმოუთქმელად შეგიძლია დაეწაფო.

და, იცოცხლო. მადლიერმა და სავსემ ხსოვნით და მარადისობით.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი