ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნატო დავითაშვილი – ფენტეზის ჟანრში დაწერილი ერთგულება, მეგობრობა, გმირობა, თავგანწირვა

არსებობს მოარული აზრი, რომ ქართველი მკითხველი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის სიყვარულით არასოდეს გამოირჩეოდა. თუმცა 21-ე საუკუნეში ეს ჟანრები ნელ-ნელა შემოვიდა ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით პოპულარული კი ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” გამოცემის შემდეგ გახდა. ამას მოჰყვა “ჰობიტის”, “ბეჭდების მბრძანებლის”, “ოქროს კომპასის”, “შიმშილის თამაშების”, “ამბერის ქრონიკებისა” და რამდენიმე ცნობილი უცხოური ფენტეზის გამოცემა.

დაახლოებით ათი წლის წინ კი გამოჩნდა ქართველი მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელმაც ფენტეზის ჟანრში, ქართულ მითოლოგიასა და ტრადიციებზე დაყრდნობით დაწერა რამდენიმე წიგნი: “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”, “ამბავი ლილე იროელისა”, “ნისლებში და ნისლებს მიღმა”, “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი”.

Mastsavlebeli.ge-ს სტუმარია მწერალი ნატო დავითაშვილი, რომელიც თავისი მწერლური მოღვაწეობის დასაწყისს ასე იხსენებს: 
– წერის დაწყება ათი წლის წინ გადავწყვიტე. ალბათ არც დავიწყებდი, ქართულ ლიტერატურაში რომ არ მომესაკლისებინა ფენტეზის ჟანრი, თანაც არა ორიგინალური, არამედ ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული სამყაროები. მოკლედ, დავწერე ის, რისი წაკითხვაც მსურდა და რაც მინდოდა ჩემი შვილის საყვარელი წიგნი ყოფილიყო. პირველი წიგნი „ამბავი ლილე იროელისაა”. თუმცა ბავშვობაში, მახსოვს, ერთი-ორი ლექსიც მაქვს დაწერილი, ხოლო ოცი წლის წინ, თბილისის ომის დროს, როცა ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი, სახლში მთელი ორი კვირით ჩავკეტილიყავი, საბავშვო ზღაპარი „პატარა დინოზავრი დინდინელა” დავწერე. წელს, სხვათა შორის, ამ წიგნის მეორე გამოცემა დაბეჭდა გამომცემლობა „საუნჯემ”. მიმაჩნდა, რომ წერისთვის მეტისმეტად დაკავებული ვიყავი, ამიტომ არც მიცდია. არადა, ბედის ირონიით, სწორედ მაშინ დავიწყე წერა, როცა ამ მოუცლელობას ოჯახი, ბავშვიც დაემატა და წიგნზე მუშაობას მხოლოდ გვიან ღამით თუ ვახერხებდი. ამიტომაც პირველი წიგნის წერა მეტისმეტად გამიგრძელდა – მთელი სამი წელი, თუმცა პირველი ორი უფრო მასალების მოგროვებას და მათ შესწავლას მოვანდომე. 
. როგორი იყო და არის თქვენი შვილის რეაქცია თქვენს ნაწარმოებზე და, საზოგადოდ, თქვენს მონათხრობზე? 

– ჩემი შვილი ჩემი მკითხველია. ეს დიდი ბედნიერებაა მშობელი-მწერლისთვის. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა „ამბავი ლილე იროელისას” წაკითხვის შემდეგ – მაშინ მხოლოდ ცხრა წლის იყო – ანთებული თვალებით მადლობა გადამიხადა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ „ლილეს” წაკითხვის შემდეგ ქართული მითოლოგიით დაინტერესდა. ამას მის თანატოლებსაც ვამჩნევ. ხშირად მეკითხებიან, ჩემი რომელი გმირია გამოგონილი და რომელი – ქართული მითოსიდან ნასესხები, რომ მის შესახებ ამბები სხვა წიგნებშიც ამოიკითხონ. დავკვირვებივარ – სკოლაში, სადაც ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორს ვასწავლი, ის მოსწავლეები, რომელთაც ჩემი წიგნები წაკითხული აქვთ, უფრო დიდი ინტერესითა და გულმოდგინებით სწავლობენ გაკვეთილებს და დავალებად მიცემულ მასალას არ სჯერდებიან, ზედმეტსაც კი კითხულობენ. 
. ქართული მითოლოგიის სწავლება სკოლაში – ეს სიახლეა. რას გვეტყვით ამის შესახებ?

– ვასწავლი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. აქ „ქართული მითოლოგია და ფოლკლორი” მეექვსე კლასის პროგრამაშია შეტანილი. გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართული მითოლოგიის კლუბს, სადაც პირველ-მეექვსეკლასელები დადიან. სამწუხაროდ, სახელმძღვანელო არ გვაქვს; საბედნიეროდ, გვაქვს ზურაბ კიკნაძის „ქართული მითოლოგია მოსწავლეთათვის”. გარდა ამისა, ვეძებ მასალებს სხვადასხვა მეცნიერთა კვლევებში, რომელთაც ადაპტირებულად ვაწვდი ბავშვებს. ასევე ვიყენებ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსა და ანდრეზებს. კლუბებში სამუშაოდ, ტრადიციულობის გათვალისწინებით, თავად ვიგონებ ზღაპრებს მითოლოგიური პერსონაჟების მონაწილეობით. ხშირად მთელი ჯგუფი ერთად ვიგონებთ. ძალიან საინტერესო პროცესია. რა დასამალია, ქართული ზღაპრების წიგნს პირდაპირ ვერ გადაშლი და ბავშვს პირდაპირ ვერ წაუკითხავ, მით უმეტეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

. დავუბრუნდეთ ფენტეზის, რომელსაც საქართველოში არცთუ ბევრი წერს… რთულია ამ ჟანრში მუშაობა? 

– სირთულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის. როცა თავად ხარ განსხვავებული წარმოსახვითი რეალობის მშენებელი, უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. რამდენიმე ნიშნითა და მოცემულობით მთელი სამყაროს იდუმალება უნდა ამოხსნა, თან ისე, ლოგიკური ჯაჭვი არ გაგიწყდეს და ნაწერი ზღაპრად არ აქციო.
. თქვენი ნაწარმოებების ასპარეზი და გმირები ძირითადად ქართულ მითოლოგიაში იბადებიან, თუმცა თქვენი ფანტაზიის წყალობით უფრო დიდ მასშტაბს იძენენ. რამდენად ნოყიერი ნიადაგია ქართული მითოლოგია ფენტეზის ჟანრს განვითარებისთვის? 

– „ამბავი ლილე იროელისა” რომ დავასრულე, მეგონა, ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით ვეღარაფერს დავწერდი. რაღა უნდა დამეწერა?! მაგრამ ასე არ მიხდა, „ლილეს” „ნისლებში და ნისლებს მიღმა” მოჰყვა. სამი წიგნი კიდევ დასაწერი მაქვს. სამივე სიუჟეტი მაქვს უკვე მზად, დაჯდომა და დაწერა უნდა. კიდევ რამდენიმე სავარაუდო სიუჟეტზეც ვფიქრობ. დრო უნდა ყველაფერს და მუშაობა და მუშაობა. ქართული მითოლოგია ფენტეზის ჟანრის განვითარებისთვის მართლაც ნოყიერი ნიადაგია, თუმცა მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლები. ორიგინალურ სამყაროებზე მუშაობაც არანაკლებ საინტერესოდ მიმაჩნია.
. დღეს ახალგაზრდა ქართველი მკითხველის საყვარელი წიგნებია „ჰარი პოტერი”, „ბეჭდების მბრძანებელი”, „ოქროს კომპასი”, „შიმშილის თამაშები”… როგორ ხვდებიან ისინი ქართულ ფენტეზის? თუ იჩენენ ინტერესს ქართული მითოლოგიის თქვენეული გააზრებისადმი? 

– არც კი მეგონა, ქართულ ფენტეზის ქართველი მკითხველი ასე კარგად თუ შეხვდებოდა. თანაც, გაითვალისწინეთ, ფენტეზის მკითხველი გურმანია, უმნიშვნელო გადაცდომასაც არ გაპატიებს. თითო-ოროლა სკეპტიკოსი დღესაც მხვდება, ვისაც მიაჩნია, ქართული ფენტეზი რა წასაკითხიაო, მაგრამ ისინიც მანამდე არიან ამ აზრზე, სანამ ჩემს რომელიმე წიგნს ხელში აიღებენ და წაიკითხავენ.
. თქვენი აზრით, რატომ უნდა იკითხოს მოზარდმა ფენტეზის, ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები? 

– რომ ვთქვა, წარმოსახვის უნარს ავითარებს-მეთქი, ეს ნიშნავს, არაფერი ვთქვა. ფანტასტიკა და ფენტეზი, უპირველეს ყოვლისა, ჩარჩოებს ამსხვრებს, გაიძულებს, ერთ ადგილს არ მიეჯაჭვო, კარი შეაღო, მის მიღმა გასვლის სურვილით აინთო და ზღურბლს უშიშრად გადააბიჯო, შესაძლებლობების მრავალფეროვნება იწამო და მიხვდე თავისუფლების უალტერნატივობას. ტერი პრატჩეტმა თქვა: „ფენტეზი ცნობისმოყვარე გონებას ასტიმულირებს, ხოლო მდიდარი ფანტაზია ისევე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, როგორც კარგი მიწა – მცენარის ზრდისთვისო”.
. თქვენს ჟანრში მომუშავე ბევრი მწერალი ოცნებობს, თავისი ნაწარმოები ფილმად იხილოს. თქვენც ხომ არ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას და თქვენი გმირების ეკრანზე გაცოცხლებას? 

– ამისთვის ჯერ უცხოელმა მკითხველმა უნდა გაიცნოს ჩემი გმირები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ეკრანიზაციის პერსპექტივას ვერ ვხედავ. საზღვარგარეთ იროელთა ქრონიკის გამოცემაზე კი ჩემს გამომცემლებთან ერთად ვმუშაობ. წელს ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა ფრანკფურტში, წიგნის ბაზრობაზე, გერმანულ მხარესთან. ყველაფერს თავისი დრო აქვს, გარკვეული ეტაპებია გასავლელი, რომ დაგინახონ. 
. თქვენი ნაწარმოებების მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით, მაინც სიკეთის გამარჯვებაა. თქვენ რას გვეტყოდით, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?

– მართალია, არარეალურ სამყაროზე ვწერ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი გააზრებული უნდა მქონდეს – გეოგრაფიით დაწყებული, რასების სოციალური ფუნქციებით დამთავრებული. ყველა გამოგონილი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ღირებულებები კი ჩვენის გამოძახილია. ყველგან შეხვდებით ერთგულებას, მეგობრობას, გმირობას, თავგანწირვას, პასუხისმგებლობასა თუ ურთიერთგატანას. აი, ამ ღირებულებებსა და მათ დაცვაზე ვწერ და იმ არჩევანზე, რომლის წინაშეც გამუდმებით დგას ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი