ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მარინა უშვერიძე – სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი იმატებს

ორგანიზაცია „PH International – საქართველომ” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახლახან დაასრულა ოთხწელიწადნახევრიანი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა. პროგრამამ დასახულ მიზნებს მიაღწია: მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ და განევითარებინათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები. დადებითი შედეგები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ახალი პროგრამის – „მომავლის თაობის” დაფინანსების წინაპირობად იქცა. ეს პროგრამა ახალი სასწავლო წლიდან 480 სკოლაში ამოქმედდება და მოემსახურება იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა ჰქვია. ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” სტუმარია „PH International – საქართველოს” დასრულებული და ახალი პროგრამების დირექტორი მარინა უშვერიძე.
ქალბატონო მარინა, რა მიგაჩნიათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით?

უპირველეს ყოვლისა, მივესალმები მკითხველს. მახარებს ის ფაქტი, რომ იმატებს სამოქალაქო განათლებისადმი საზოგადოების ინტერესი. თუ 2010 წელს ეს საგანი მრავალ სკოლაში მეორეხარისხოვნად მიიჩნეოდა, დღეს ჩვენს პარტნიორ სკოლებში, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამამ იმუშავა, სამოქალაქო განათლება მოსწავლეთა საყვარელ საგნად იქცა. პედაგოგებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ საგნის სწავლებით. მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად ნათელი გახდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა დემოკრატიული ღირებულებებით აღზრდას და ხელშეწყობას, სასკოლო ასაკიდანვე მიიღონ მონაწილეობა თავიანთი სკოლისა თუ თემისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაში.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს 740 სკოლას უსასყიდლოდ გადაეცა 130 000 მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი – სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები; არაქართული სექტორის სკოლებმა წიგნები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მიიღეს; სახელმძღვანელოები პროექტული სწავლების მეთოდით არის შედგენილი და მათი წყალობით მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეწყოთ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: გამოევლინათ საკუთარი სკოლისა თუ თემისთვის აქტუალური პრობლემა, მოეხდინათ შესაბამისი სტრუქტურების იდენტიფიცირება, შეემუშავებინათ პროექტი გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად და ეტაპობრივად განეხორციელებინათ იგი შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით. ეს მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა სწორედ პროექტების განხორციელების პროცესში იგრძნეს, რამდენის შეცვლა შეიძლება სურვილისა და სწორად დაგეგმილი საქმიანობის შედეგად. მაგალითად, კახეთში, სოფელ გავაზში, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების დახმარებით საბავშვო ბაღში შეიყვანეს ბუნებრივი აირი – კლუბმა დახმარებისთვის კომპანია „სოკარის’ ხელმძღვანელობას მიმართა; რუსთავში მოსწავლეებმა საგზაო საპატრულო პოლიციასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს, რის შედეგადაც ქალაქში წრიული დაიხაზა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა; გურიაში აღდგა განადგურების პირას მისული ბიბლიოთეკა.

ასეთი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პედაგოგთა დიდი შრომის გარეშე. მასწავლებლები, რომლებმაც სასკოლო სამოქალაქო კლუბების მეურვეობა შეითავსეს, მოხალისეობრივ საწყისებზე ბევრ სასარგებლო პროექტს ახორციელებენ, ცხადია, მოსწავლეებთან ერთად.

დღეს საქართველოს სკოლებში სამოქალაქო განათლებას უმთავრესად ისტორიის, გეოგრაფიისა თუ სხვა საგნების მასწავლებლები ასწავლიან, სწავლა-სწავლების ხარისხი კი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგის მომზადებაზე, ამიტომ აკრედიტებული ტრენინგკურსით „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება” ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან – კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრთან ერთად გადავამზადეთ სამოქალაქო განათლების 813 პედაგოგი. ეს ტრენინგები შედეგიანი აღმოჩნდა: სპეციალისტების მიერ განხორციელებული მონიტორინგი მოწმობს, რომ გადამზადებული პედაგოგების 75% გაკვეთილზე სრულად იყენებს ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, 25% კი მნიშვნელოვანწილად. სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ სკოლის დირექტორებსაც. იმ სკოლებში, სადაც ადმინისტრაცია ხელს უწყობს პედაგოგებს და სასკოლო სამოქალაქო კლუბს, საგრძნობლად გაიზარდა საგნით დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა და ამაღლდა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების ხარისხი.

მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროება, ქვეყანაში შექმნილიყო პროფესიული გაერთიანება, რომელიც იზრუნებდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე და მათ ხმას მიაწვდენდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი, რომელიც დღეისათვის 500-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილები და გაიმართა მრგვალი მაგიდა. თუ თავდაპირველად პედაგოგები თავს იკავებდნენ ღია გაკვეთილის ჩატარებისგან, დღეს უამრავი მსურველია, გაუზიაროს კოლეგებს საკუთარი გმოცდილება, მოისმინოს მათი რჩევები, მრგვალი მაგიდის ფორმატში გულახდილად იმსჯელოს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ პედაგოგიურ პრაქტიკაში იჩენს თავს. პედაგოგებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა თბილისში ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული მასტერკლასები. სამჯერ გაიმართა სამოქალაქო განათლების ეროვნული კონფერენცია-გამოფენა, რომელთაგან თითოეულში სამასამდე პედაგოგი მონაწილეობდა. კონფერენცია-გამოფენები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასეთი წარმომადგენლობითი შეკრების პირველი პრეცედენტი გახლდათ. პედაგოგებს საქართველოს ყველა რეგიონიდან საშუალება მიეცათ, გამოეფინათ საკუთარი ნამუშევრების ამსახველი ფოტომასალა, გასცნობოდნენ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, შეხვედროდნენ სამოქალაქო განათლების ექსპერტებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფებში გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება და მონაწილეობა მიეღოთ სამოქალაქო განათლების საგნის განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად რეკომენდაციების შემუშავებაში.

მოგეხსენებათ, პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა პედაგოგთა გარკვეული ნაწილისთვის ისევ პრობლემად რჩება, ამიტომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის შეიქმნა სასწავლო ვიდეორესურსები, რომლებიც მათ სამოქალაქო განათლების ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე დაურიგდათ. ეს მასალები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.civics.ge. ითარგმნა პროფესიული ლიტერატურა, რომელსაც ამავე ვებგვერდის ონლაინბიბლიოთეკაში იხილავთ. სამოქალაქო განათლების პროფესიული ლიტერატურა ასევე გადავეცით თბილისსა და ქუთაისში მდებარე მასწავლებლის სახლებს, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ახალციხის, რუსთავის, გორის, დუშეთის, ჭიათურის, თელავისა და ბათუმის განათლების რესურსცენტრებს.

დღეს ინტერნეტი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ყველაზე სწრაფი საშუალებაა.  სწორედ ამიტომ შეიქმნა ფეისბუქზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმის ჯგუფი, სადაც გაიმართა მრავალი ონლაინდისკუსია პედაგოგებისთვის აქტუალურ საკითხებზე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. თავდაპირველად პედაგოგები ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ფეისბუქჯგუფში პედაგოგების აქტიურობა თვალნათლივ გაიზარდა.

დამოუკიდებელი შეფასების შედეგები (კვლევა საქართველოს შეფასების ასოციაციამ ჩაატარა) ცხადყოფს, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პირდაპირ აისახება შედეგებზე: დღეს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში 2010 წელთან შედარებით 27.5%-ით მეტი მოსწავლე იყენებს, საკუთარი ინიციატივით აპოლიტიკური სამოქალაქო აქტივობა 32%-ით მეტ მოსწავლეს დაუგეგმავს და განუხორციელებია, სხვადასხვა მხარის მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ინიციატივებში უკვე 42.4%-ით მეტი მოსწავლე მონაწილეობს, 23.9%-ით გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო განათლება სკოლაში ეფექტიანად ისწავლება, სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლებას აუცილებლად 32.4%-ით მეტი მოსწავლე მიიჩნევს. ეს ზრდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორ სკოლებში აღირიცხა.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ასი ათასამდე ბენეფიციარს შეეხო. ეს შედეგები აუცილებლად აისახება ამ მოსწავლეთა მომავალზე. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს დაიკავებენ ისინი ზრდასრულ ასაკში თუ რიგით მოქალაქეებად დარჩებიან, მათთვის სულერთი არ იქნება, რა ხდება მათ ირგვლივ. ისინი ეცდებიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. რესურსი, რომელიც პროგრამამ სკოლებში, პედაგოგებში, მოსწავლეებში ჩადო, შეუძლებელია დაიკარგოს. უკვე მიღწეულმა შედეგებმაც აჩვენა, რომ პატარა მოქალაქეებს გაცილებით მეტი შესძლებიათ, ვიდრე თავად ეგონათ. ეს ყველაფერი კი კარგი პედაგოგის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
მოზარდი თაობის სამოქალაქო განათლების პროცესში ეფექტური და სწრაფი შედეგების მისაღებად როგორ უნდა განაწილდეს როლები სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის?
დემოკრატიულ ქვეყანას მისი თითოეული მოქალაქე ქმნის, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, გაგრძელდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. დონორები სამოქალაქო განათლებაში საკმაოდ დიდ თანხებს დებენ და სახელმწიფომ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი შედეგის მომცემი დახმარება; მიდგომა, მოდელი, რომელმაც იმუშავა და კონკრეტული შედეგი გამოიღო, სახელმწიფო უწყებებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სამომავლოდ. უამისოდ შედეგები მდგრადი ვერ იქნება და საქართველოში სამოქალაქო განათლების თანმიმდევრულ განვითარებას ვერ მივაღწევთ.

ამ სფეროში მოქმედმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელშეწყობით შეიმუშავეს „სამოქალაქო განათლების სწავლების განვითარების დოკუმენტი”, რომელიც განხილვისთვის მივაწოდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციები პედაგოგებთან მსჯელობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და საქართველოში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ქალბატონო მარინა, რას ეტყვით მკითხველს ახალი პროგრამა „მომავლის თაობის” შესახებ? ეხმიანება თუ არა ის ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს? რა მიმართულებით იმუშავებს და როგორ შეირჩევიან პარტნიორი სკოლები?
ჩვენი ორგანიზაცია „PH International – საქართველო” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა „მომავლის თაობის” მეშვეობით აგრძელებს საქართველოში სასკოლო სამოქალაქო განათლების განვითარებისთვის მუშაობას. პროგრამა, რა თქმა უნდა, პასუხობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, სადაც პრიორიტეტად არის გამოკვეთილი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მოსწავლეებში ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების გაღვივება, ხოლო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილი გამჭოლი კომპეტენციები სამოქალაქო და სოციალურ კომპეტენციებსაც მოიცავს. ეს კომპეტენციები გულისხმობს უნარებსა და ღირებულებებს (მაგ., სხვისი უფლებების პატივისცემას, დემოკრატიული პრინციპების აღიარებას, კრიტიკულ აზროვნებას), რომელთა განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სამოქალაქო განათლების ხარისხიან სწავლა-სწავლებაზე.

ახალი პროგრამა „მომავლის თაობა” საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს და მათ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გადამზადების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მცირე საგრანტო პროექტების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისა და მხარდაჭერის კუთხით. ვგეგმავთ თანამშრომლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ეროვნული სასწავლო გეგმის სამოქალაქო განათლების საგნობრივი პროგრამის გადახედვის პროცესში. პროგრამა „მომავლის თაობა” დიდ ძალისხმევას მოახმარს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმისშემდგომ განვითარებას, რათა უფრო მეტ პედაგოგს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

პარტნიორი სკოლების იდენტიფიცირება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება. შერჩევასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.
დაბოლოს, თქვენ, სამი შვილის დედას, როგორი სკოლა გსურთ შვილებისთვის და როგორი უნდა იყოს, თქვენი თვალთახედვით, თანამედროვე მასწავლებელი?

ჩემთვის, როგორც მშობლისა და როგორც განათლების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, ერთი რამ არის მთავარი: ხელი შეეწყოს მოსწავლის შემოქმედებითობის, თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ყველა მოსწავლეს მიეცეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა, არ ჰქონდეს ადგილი სუბიექტივიზმს, ვებრძოლოთ სტერეოტიპულ აზროვნებას. ბავშვები თავიდან საოცრად ტოლერანტულები არიან, თუმცა წლების განმავლობაში ისინი გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ ექცევიან და ამის შედეგად ხშირად სტერეოტიპული აზროვნება უყალიბდებათ. პედაგოგმა ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.
პედაგოგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციად მიმაჩნია, საკუთარი შესაძლებლობების ზედმიწევნით რეალიზებაში დაეხმაროს მოსწავლეს. საამისოდ კი მან უნდა შეძლოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა, მშობელთან თანამშრომლობა, მასთან ერთად ზრუნვა ბავშვის ძლიერი მხარეების მაქსიმალურ განვითარებაზე, სუსტის დაძლევაზე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. მე მრავალ პედაგოგთან მიწევს ურთიერთობა და ვყოფილვარ იმის მოწმე, რამდენის მიღწევა შეუძლია ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში მასწავლებელს. მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული დაფასებაზე, მშობლის მადლიერებაზე. ყველა ადამიანს სჭირდება ქება, მის მიერ გაწეული შრომის დანახვა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ხედავს თუ არა მშობელი პედაგოგის ძალისხმევას, თანამშრომლობს თუ არა სკოლასთნ. როდესაც სკოლა და ოჯახი შეთანხმებულად მოქმედებენ, შედეგი გარანტირებულია.

ესაუბრა ნინო კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი