ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისტანციური სწავლების კალეიდოსკოპი

პანდემიის გამო, სასწავლო პროცესმა მთელ სამყაროში და მათ შორის საქართველოშიც,  ფორმა და ადგილი შეიცვალა.  საცხოვრებელი სახლები უცებ სასწავლო სივრცეებად იქცა,  რადგან პირისპირ სწავლება დისტანციურმა, „შორით“ სწავლებამ ჩაანაცვლა.

სახელმწიფომ გასცა რეკომენდაციები, რომ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადასულიყვნენ. ქართველმა მასწავლებლებმა შეუძლებელი შეძლეს და  მოახერხეს ასეთი სწავლებისთვის ალღო აეღოთ. მათ მოკლე დროში აითვისეს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმა, სწრაფად მოახერხეს მოსწავლეთა უმრავლესობის  მობილიზება და ჩართვა სასწავლო პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად გამოგვდის. რასაც ჩვენ ვახერხებთ, დისტანციური სწავლების მცდელობაა, თუმცა ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, ეს იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე განათლების სისტემა ჩვენგან ელოდა. ვცდილობთ, ვასწავლოთ მოსწავლეებს,  პარალელურ რეჟიმში ვსწავლობთ ჩვენც. თან  ისე და იმგვარად, რომ მოსწავლის და მისი ოჯახის წევრების მოლოდინები გავამართლოთ. დამერწმუნეთ, ეს  არც ისე მარტივია.

მშობლებთან კომუნიკაცია

მოსწავლეებთან კარგი კომუნიკაციის პირდაპირი გზა მშობელია. ამიტომ, შორით სწავლებაზე გადასვლისთვის აუცილებელია მშობელთა დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა. გამოსავალი მარტივია – მშობელთა ონლაინ შეხვედრა. აუცილებელია, მშობლებთან შეხვედრა კარგად იყოს გაწერილი და ორგანიზებული. მიზნები და საკითხები მკაფიოდ ჩამოყალიბებული და სავარაუდო კითხვებზეც გვქონდეს მზა პასუხები. მშობელმა უნდა დაინახოს ჩვენი მონდომება, რათა თავადაც იგრძნოს პასუხისმგებლობა. რადგან  შემოთავაზებული ონლაინ სასწავლო პლატფორმები ყველა მსმენელთან ხილული კონტაქტის საშუალებას არ იძლევა, მასალის საპრეზენტაციო ფორმატში აწყობა კარგი გამოსავალია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები. მასალაში შეიძლება, მიმოვიხილოთ  დისტანციური სწავლების მეთოდები, სტრატეგიები თუ თითოეული ჩვენგანის მოვალეობები.   ონლაინ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულწილად, ყველა აცნობიერებს   ვალდებულებებს.

სასურველია, მშობლებთან ონლაინ შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს.  ეს საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მშობელთა ჩართულობა და დაინტერესება. სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც,  საუბრები უშუალოდ შვილის მონდომებასა თუ ჩართულობის პრობლემებზე.  მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს შეუსრულებელი  დავალება თუ ონლაინ გაკვეთილის გაცდენა. აუცილებელია, გავარკვიოთ თითოეულის მიზეზი.

 

ელექტრონული კითხვარები

სასწავლო პროცესზე დადებითად აისახება მშობელთა მიერ ანონიმური ელექტრონული კითხვარების (https://forms.office.com/) შევსება. ამ ტიპის კითხვარით შეგვიძლია გავიგოთ, რა სურს მშობელს, არის თუ არა სწავლებით კმაყოფილი, ხომ არ ფიქრობს, რომ დავალებები მისი შვილისთვის რთულია.  ეს კი პედაგოგს  საშუალებას მისცემს, ცვლილება შეიტანოს და უკეთესი გახადოს სასწავლო პროცესი.

საგაკვეთილო დრო

მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრისას  საგაკვეთილო დროის მართვა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. მასწავლებელმა გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმოს, რომ 20-30 წუთში ტექნიკის გამართვაც მოასწროს, რესურსის ატვირთვა, ჩვენებაც, დავალებათა განხილვა, ახალი მასალის ახსნა, მოსწავლეთა ინტერაქცია, განმავითარებელი შეფასება და შეჯამებაც, თან ისე, რომ პოზიტივი და მოსწავლეთა მოტივაცია არ დაიკარგოს. დამიჯერეთ, რთულზე რთულია!  მით უმეტეს მაშინ, როცა ახალბედა „ონლაინ მასწავლებელი“ ხარ.

გაკვეთილის დაწყების წინ სასურველია, მოსწავლეებს ხშირად შევახსენოთ საკლასო წესები, რათა  თავიდან ავიცილოთ ხმაური.

 

რესურსი

დღეს მასწავლებელს ბევრად მეტი დრო ეხარჯება, ვიდრე საგანგებო სიტუაციამდე. პედაგოგს უწევს ზრუნვა ახალი მასალის მოძიებაზე, ფიქრი მის ადაპტაციაზე, ეძებს ინტერნეტ სივრცეში, კითხულობს, უსმენს  ვებინარებს, ეცნობა სხვის გამოცდილებას, ცდილობს, გაკვეთილი იყოს მოსწავლეებისთვის  გასაგები, თვალსაჩინო და მარტივად აღქმადი, მორგებული მოსწავლის საჭიროებებს. მიწოდებული რესურსით ბავშვებმა შინ,  მარტივად და დამოუკიდებლად  უნდა შეძლონ  დავალების შესრულება. დიახ, მასწავლებლის მიერ  მოძიებული, შექმნილი და  სწორად მიწოდებული რესურსი განაპირობებს დისტანციური სწავლების კარგ შედეგს.

უამრავი სასწავლო პლატფორმა, ვებ-გვერდები  თუ რესურსი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რესურსები ქართულ ენაზე მწირია. მათი თარგმნა ყველაზე კარგი გამოსავალია. შეიძლება, შესაბამის ენას არ ვფლობთ, მაგრამ https://translate.google.com/ იძლევა სიტყვების, თუ მოკლე წინადადებების თარგმნის საშუალებას, რაც ინსტრუქციის შექმნისთვის საკმარისია. ასეთი რესურსი შეიძლება მოამზადოთ მაგალითად, https://www.pinterest.com/-დან, სადაც თვალსაჩინო რესურსებისა და სავარჯიშოების დიდი არჩევანია. უმარტივესია : თქვენთვის სასურველი სიტყვა თარგმნეთ ინგლისურ ენაზე, ჩაწერეთ ის საძიებო ველში, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფოტო, გადმოიტანეთ word-დოკუმენტში და შექმენით ქართულ ენაზე ინსტრუქციები – გნებავთ თარგმნილი, გნებავთ თქვენით მოფიქრებული.

 

მეთოდები და სტრატეგიები

სწავლების პროცესში რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა  მხოლოდ ერთი მეთოდით შეუძლებელია. პედაგოგი სხვადასხვა მეთოდს იყენებს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და  ამით კარგ შედეგამდეც მიდიან.  ასეთი მიდგომა შორით სწავლების დროსაც  გასათვალისწინებელია.

 

მარკირების მეთოდი

 

სირთულეს შეიძლება წავაწყდეთ ქართული ენის  სწავლებისას, როდესაც საჭიროა  გარკვეული მოცულობის ტექსტების დამუშავება, ჩაღრმავება, სემანტიკური გაშიფვრა და გააზრება.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლების ისეთ ეტაპზე არიან, როცა მასწავლებელი მათ კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამიტომ, ყველაზე მეტად ისინი საჭიროებენ ტექსტზე მუშაობის დეტალურად ახსნა-განმარტების მაგალითებს.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის ქართული ენის სტანდარტში კითხვის მიმართულებით წერია:

„ მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება“ .

 

ამის მაგალითი კი, რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა მისცეს, რაც  ოცწუთიან გაკვეთილზე საკმაოდ რთულია.  ამიტომ, დროის დაზოგვის მიზნით, გაკვეთილზე მარკირების მეთოდის გამოყენება როგორც მასწავლებლისთვის, ისე  მოსწავლეებისთვის ხელსაყრელია.

 

ელექტრონული ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ფერის ჩასხმით სასურველ სიტყვებს თუ წინადადებებს  მარკირება გავუკეთოთ. შექმენით ტექსტ-მარკერის ფერების პალიტრა და ყოველ ფერს გარკვეული ფუნქცია მიანიჭეთ.

არჩევანი თქვენზეა.  გთავაზობთ ფერადი მარკირების ერთ-ერთ ვარიანტს:

 

ფერების დახმარებით შეიძლება  ასახსნელი ტექსტის მარკირება. ეკრანის გაზიარებით წააკითხეთ ბავშვებს ტექსტი ან თავად წაუკითხეთ. ინსტრუქციის მიწოდების შემდეგ, კითხვის პროცესში მოსწავლემ უკვე იცის თითოეული ფერის დანიშნულება და ცდილობს, გაითვალისწინოს მინიშნებები.

ტექსტ-მარკერის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ონლაინ გაკვეთილის ისედაც მცირე დროის დაზოგვას, ტექსტის ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობასაც და მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებასაც.

 

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში შესწავლილი მასალის შემოწმებისთვის საგაკვეთილო დროს დაზოგავთ, თუ შექმნით მინი-ტესტს, რომელმაც შეიძლება მოიცვას საგაკვეთილო დროის ბოლო 3-4 წუთი, მასში  წარმოდგენილი იქნება გავლილი თემის მთავარი პოსტულატები და მოგცემთ საშუალებას, მოკლე დროში შეამოწმოთ ვრცელი მასალის ათვისების დონე (https://forms.office.com/).

 

დემონსტრირების მეთოდი

ასევე კარგი საშუალებაა საინფორმაციო ტექსტების საპრეზენტაციო მასალაში ისე აწყობა, რომ თვალსაჩინო მასალა ვერბალურ ახსნას და მის განმტკიცებას ემსახურებოდეს. ასევე აუცილებელია,  ახლდეს თანდართული სავარჯიშოები  და კითხვები, რაც დაშენებული იქნება უკვე ათვისებულ მასალაზე. ეს კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დინამიკურ რეჟიმში მსვლელობას,   მოსწავლეთა ინტერაქციას, ჩართულობასა და დისკუსიას:

 

საგაკვეთილო პროცესის შემდეგ კი შეგიძლიათ, საპრეზენტაციო მასალას რომელიმე გამოჩენილი კომპოზიტორის მშვიდი მუსიკაც დაადოთ, ვიდეოდ აქციოთ და ისე გაუგზავნოთ მოსწავლეებს. ასეთი მასალა ძალიან მოსწონთ  აუდიალ მოსწავლეებს.

 

ელექტრონული (კონკრეტულად მედია რესურსებით) სწავლება

 

მოსწავლეები კარგად სწავლობენ ანიმაციების და ვიდეო-ფილმების დახმარებით, თუმცა საგაკვეთილო პროცესისთვის უნდა შევარჩიოთ ან შევქმნათ მოკლე, 3-5 წუთიანი ვიდეორგოლი. ასეთი სასწავლო ვიდეორგოლი ადვილად აღქმადია ბავშვებისთვის და ყურადღებაც ნაკლებად ეფანტებათ. ვრცელი ვიდეო რესურსების ყურება  შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად შესთავაზოთ, ამით ოჯახის წევრთა ჩართულობასაც შეუწყობთ ხელს. მაგრამ აუცილებელია, გაითვალისწინოთ თემატიკა და წინასწარ გაუზიაროთ საორიენტაციო კითხვები მთავარ საკითხზე ფოკუსირებისთვის.

გარდა ამისა, ნებისმიერი მედია რესურსის შეთავაზებისას, სასურველია, პედაგოგმა რესურსი განიხილოს კითხვების დახმარებით, ამით ის მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი

დისტანციური სწავლებისას ასევე შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა და სწორად წარმართვა, თუმცა უშუალოდ ონლაინ გაკვეთილზე ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, ისევ და ისევ, დროის სიმცირის გამო. ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა თავად გაწეროს ჯგუფური მუშაობის წესები, ჩამოწეროს თემები, დააკომპლექტოს ჯგუფები. ამის შემდეგ კი შექმნას ე. წ. ჩათ-ჯგუფები და მიუთითოს თემები ოფლაინ შესასრულებლად. მუშაობის პროცესს  კი გაუწიოს მეთვალყურეობა და მცირე ფასილიტაცია წარდგენამდე, ანუ შემდგომ ონლაინ გაკვეთილამდე. დავალებას ბავშვები შესანიშნავად, ინტერესითა და ხალისით გაართმევენ თავს, დიდი მონდომებითაც წარადგენენ კლასის წინაშე. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი მოტივაციის ასამაღლებლად შეიძლება გადასცეთ მადლობის სიგელი თანამშრომლობისთვის და გუნდურობისთვის. იგივე პრინციპით შეიძლება დაიგეგმოს პროექტებით სწავლებაც.

 

ასინქრონული დავალებები

 

ოფლაინ დავალებები, ე. წ. საშინაო დავალებები დიდ ყურადღებას მოითხოვს  მოსწავლეების  და  მასწავლებლების მხრიდან. მოსწავლეებს ფაქტობრივად, მინიმალური მითითებებისა და რჩევების საფუძველზე უწევთ მათი შესრულება. მასწავლებელს კი სათითაოდ უწევს ყველა გამოგზავნილი დავალების წაკითხვა, გაშიფვრა, კონსტრუქციული უკუკავშირის მოფიქრება, დაწერა და გადაგზავნა. საქმე მარტივადაა, თუ დავალება იდეალურადაა შესრულებული. მაგრამ, თუ ნაშრომში გარკვეული რაოდენობის შეცდომებს ვაწყდებით, აუცილებელია განმავითარებელი შეფასების ზედმიწევნით გაწერა და გადაგზავნა. ამ ყველაფრის კომპიუტერის კლავიატურაზე აკრეფა და მიწოდება  ნამდვილად რთულია, როცა ამის გაკეთება  დღეში 70-80-ჯერ გიხდება. თუმცა, საქმეს აიოლებს და დავალების მეტად მიმოხილვის საშუალებას იძლევა პირად მიმოწერებში უკუკავშირის  ხმოვან შეტყობინებად გადაგზავნა.

 

მოტივაცია/წახალისება

 

სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელს  მოსწავლეთა მოტივაციისთვის შეუძლია, გამოიყენოს  სიგელები და სამკერდე ნიშნები. მსგავსი  აქტივობები  ბევრ ქვეყანაშია  პოპულარული, როგორც განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. თემატური სამკერდე ნიშნის დამზადება უმარტივესი პროცედურაა https://badge.design/ პროგრამაში, სადაც პედაგოგი სასურველი დიზაინითა და თემით შეძლებს ჯილდოს დამზადებას.

 

 

მოსწავლეთა წახალისებისთვის და მშობელთა დაინტერესებისთვის, ასევე აუცილებელია საერთო თემის ირგვლივ ნამუშევართა შეკრება და ნებართვის საფუძველზე, მათი გასაჯაროება ვიდეოკოლაჟის შექმნით, კლიპის დამზადებით  თუ ვირტუალური გამოფენის საშუალებით (https://www.artsteps.com/). აღიარება და ნამუშევრის დაფასება ყველა ასაკის  ადამიანისთვის წამახალისებელია.

 

ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსწავლეები, რომლებიც სასწავლო პროცესებს მიღმა დარჩნენ, რომელთაც არ აქვთ საკმარისი რესურსი თუ ხელშეწყობა შორით სწავლებაში აქტიურად ჩასართავად. ასეთი ბავშვებისთვის ერთადერთი გამოსავალია, თვალ-ყური ადევნონ „ტელესკოლის“ გაკვეთილებს,  აქტიურად შეასრულონ ტელე-პედაგოგების დავალებები. ამ პროცესში მათი ჩართულობა აქტიურად უნდა აკონტროლონ მშობლებმა და მასწავლებლებმა ინტენსიური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.

 

დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა. გადავაფასეთ მდგომარეობა და შესაძლებლობები როგორც ჩვენ, პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მშობლებმა, განათლების სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა. ამის შესახებ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრიც იწერება და დაიწერება, საკითხის კვლევა და განხილვა გრძელდება,  მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია – საგანმანათლებლო სივრცე საქართველოში ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი