ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბებიაჩემის ლოცვა

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1

მეცხრე კლასში ვიყავი, ბაბუაჩემის კუბოსთან გამოსათხოვარი რომ წავიკითხე. კარგი, მე სევდას და მისი გამოხატვის სურვილს ვყავდი შეპყრობილი, მაგრამ უფროსებისგან რომელიმემ როგორ არ მითხრა, რომ ასეთი – არ ვიცი რა დავარქვა – საქციელი არ უნდა ჩამედინა. ახლა ძალიან მრცხვენია და ვნანობ ამას, იმიტომ კი არა, რომ ბაბუაჩემისთვის რამე მენანება – პირიქით, დღემდე ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის – უბრალოდ, თხუთმეტი წლის ბიჭმა საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი ასეთი, მასისთვის საამებელი აბსურდით არ უნდა გამოხატოს.

 

2

კონფორმიზმითა კონფორმიზმის დამთრგუნველი – მთელი თაობები გაიზარდა და მოიწამლა ამ პათოსით. ჩვენც ასე ვართ და ღმერთმა უწყის, როდის მოვარდება ის სიმართლე, რომ დახეთქოს ეს ჭუჭყით და ტალახით სავსე ტიკები და სხეულები!

 

3

ონლაინ პლატფორმაზე გადასვლა ვერ იგუა ჩემმა მეგობარმა ტუსკიამ. არა, დიდად არ გასჭირვებია, მაგრამ ურთიერთობების ხეთქებაზე დაგეშილი „ზუმსა“ და „თიმსზე“ ბოლომდე ვერ გადაეწყო. იმ დღესაც იმედგაცრუებული მეჩვენა. „ეგრეა, ძმაო, – მობილურის ეკრანთან მოიტანა სახე, – დღეში ერთხელ მაინც, უნდა გააკეთო ის, რაც ყველაზე ღრმა და ფარულ სურვილებს ამოჰყვება, თუ არადა…“

– რა?

– შეგჭამენ. ამის ხათრი. იმის ხათრი. თავი შეგზიზღდება. ვიღაცას უნდა გაუწიო ანგარიში. რაღაცას. ალბათ შენც გაგიწევენ ანგარიშს და ამის გამო შენც ვიღაცას შეზიზღდები. ამოიხაპები. გაწყალდები. სულერთი გახდება ყველაფერი. სულერთი. იცი, რა ცუდი სიტყვაა?

– ვიცი.

 

4
სინანული გვიან არასდროს არისო, რომ ამბობენ, ეგეთ ტიპებს ურჩევნიათ ფეხებით დაკიდო, ვიდრე ორი მონანიე სიტყვა ათქმევინო.

 

5

მაია სარიშვილმა ამ რამდენიმე თვის წინ ძალიან თავაზიანად, ადამიანური თანაგრძნობით, უზუსტესად თქვა იმ მშობლების სათქმელი, ვისაც მრავალშვილიანობის გამო რაღაც ფორმით საყვედური და გაკიცხვა უგემნია ახლობელ-ნათესავებისა და საზოგადოებისგან – „ვის იმედზე აჩენდა? ჩვენ იმედზე აჩენდა?”

მისმა ფეისბუკსტატუსმა ყველაფრისმცოდნე და გამოცდილ ჭკუისდამრიგებელთა შეფასებები უხვად მოიყოლია.

ჯერ ერთი, უხერხულია (მეტი რომ არ ვთქვა) სხვისი შვილების რაოდენობა ითვალოს და ეს განსჯის საგნად აქციოს ვინმემ; მეორე – თუ ამის გამო მრავალშვილიან ოჯახს დახმარება დასჭირდება, ხო ხარ ღვთისნიერი, ეგერ შანსი გეძლევა და დაეხმარე რითაც შეგიძლია; მესამე – რაც ვიღაცას ტვირთი შეიძლება ეგონოს, ბედნიერებაცაა, შვებაც და სიმდიდრეც. და კიდევ: ჩვენი მდგომარეობა ხომ ცვალებადია ამ წუთისოფელში – დღეს რომ გვგონია, „ჩვენს თავს ვეყუდნით“ და დათვლილ-დალაგებული გვაქვს ყველაფერი, ხვალ ან ზეგ შეიძლება იმ „სხვების“ შეწევნის იმედად მოგვიწიოს ყოფნამ.

…ხშირად მახსენდება ის ეპიზოდი ინიარიტუს „ბიუტიფულიდან“, მძიმე სენით დაავადებული ხავიერ ბარდემის პერსონაჟი რომ ეუბნება მეგობარ ქალს/მკურნალს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, – წასვლა არ მინდა, ბავშვების დატოვების მეშინიაო, რაზეც ქალი პასუხობს: „გგონია, ბავშვებს შენ უვლი? მიამიტი ნუ ხარ! ბავშვებს მიწა ზრდის…“

 

6

ზუგდიდში დღესაც იხსენებენ მახარბეკს, ოსური წარმოშობის კაცს, რომელიც მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო, კომუნალური მომსახურების ნამდვილი ოსტატი და გურუ იყო. თვითონ კი 90-იანების დასაწყისში, ოჯახში შემოცვენილ ყაჩაღებს ემსხვერპლა, მაგრამ პროფესიონალის სახელი და რამდენიმე დაუვიწყარი ფრაზა დატოვა. მათ შორის ის ერთი, გაგანია სოციალიზმის დროს რომ თქვა:

– ლუჩშე იმეტ სობსტვენნუიუ ტაჭკუ, ჩემ ცელი ვაგონ ობშეე ძელო!

 

 

7

„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“ – ბებიაჩემმა ვარო თოლორაიამ, რომელმაც თავისი ცხოვრების სამოცი წელი საბჭოთა კავშირში გაატარა, ერთ დღესაც, 90-იანების მიწურულს მითხრა, – ეს ლოცვა დიდი შვებისა და სიხარულის მომგვრელია ჩემთვისო. არ მწყინდება, ძილის წინ, გაღვიძების შემდეგ, საქონლის საძებრად რომ დავეხეტები ტყე-ღრეში, სულ ვიმეორებ, შენც დაიმახსოვრე და დღეში ერთხელ მაინც, მარტო რომ დარჩები, შენთვის დამარცვლე გონებაშიო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი