პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საგაკვეთილო მინიპროექტების თავისებურებები

პროექტული სწავლება თანამედროვე სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ის მოსწავლეს კოგნიტიური უნარების განვითარების ფართო შესაძლებლობას აძლევს, ეხმარება სწავლა-სწავლებისთვის საჭირო ძირითადი კომპეტენციების დაუფლებაში, კვლევითი ხასიათის დავალებების შესრულებაში, საგნობრივი ცოდნის გაღრმავებასა და ცოდნის ინტეგრაციაში, ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებას, ტექსტთან მუშაობის სხვადასხვა ხერხისა და მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.

მინიპროექტების რეალიზებისას აუცილებელია განსაზღვრული ალგორითმის შემუშავება, კერძოდ:

  • პრობლემის გამოკვეთა; მიზნების დასახვა; ინფორმაციის მოძიება; სხვადასხვა ხასიათის წყაროებთან მუშაობა; მიღებული ინფორმაციის სისტემატიზება და გაანალიზება; შედეგების გაფორმება; მიღებული შედეგების წარდგენა/დამუშავება; სამუშაოს პრაქტიკული, ღირებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრა; სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა შემდგომი კვლევითი საქმიანობისთვის და სხვ.

მინიპროექტების ფორმას უმთავრესად მიმართავენ სწავლის საბაზო და ზედა საფეხურებზე არასაგაკვეთილო, ე.წ. კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში, თუმცა არანაკლები წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება საგაკვეთილო საქმიანობაშიც. სწავლის როგორც საშუალო, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეებს უკვე აქვთ ინფორმაციის მოძიებისა და გაანალიზების, მისი სათანადოდ გაფორმებისა და აუდიტორიისთვის წარდგენის უნარები, ამიტომ მასწავლებლებს აქტიურად შეგვიძლია მინიპროექტების ჩართვა საგაკვეთილო პროცესშიც. მოსწავლეთა მოტივირებისა და ინტელექტუალური სამუშაოს წარმართვისთვის საჭიროა მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციის, უმთავრესად – პრობლემურის, შექმნა (მისი სხვადასხვა ვარიანტის გათვალისწინებით), მინიპროექტების თავისებურებათა გათვალისწინება და შეფასებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მოშველიება.

რა თავისებურებები აქვს მინიპროექტებს? მინიპროექტები შემოქმედებითი ან პრობლემური ხასიათის დავალებებია, რომელთა შესრულებისას:

  • უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის ასაკობრივი და ფსიქიკური თავისებურებები (ანუ დავალება უნდა შეიცავდეს თამაშის და შემოქმედებით ელემენტებს);
  • მათ არ უნდა დაეთმოს ძირითადი საგაკვეთილო დრო (ანუ უნდა იყოს სწრაფად შესასრულებელი);
  • ხელს უნდა უწყობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა მაქსიმალურ გამოვლენას, მათ შემოქმედებით ზრდას (დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებსა და მოტივაციაზე).

შესაბამისად, მინიპროექტების ხასიათი დამოკიდებულია:

  • მოსწავლეთა მომზადების დონეზე (უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლის ძირითად, ფუნდამეტურ ცოდნას);
  • შესასწავლი მასალის შინაარსზე (გათვალისწინებული უნდა იყოს საგნობრივი მოთხოვნები);
  • სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმაზე (ანუ დასაგეგმავია მოსწავლეთა ორგანიზაციის როგორც ინდვიდუალური, ისე ჯგუფური/წყვილებში მუშაობის ფორმა).

ისტორიის შესწავლა სწავლის როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე ფართო შესაძლებლობას იძლევა ამ მიდგომის რეალიზებისთვის.

პედაგოგიური პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საგაკვეთილო მინიპროექტები, მათი თავისებურებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენება რამდენიმე შემთხვევაში:

  1. განსაზღვრული თემის დასრულების შემდეგ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა სახის სამუშაო. მაგალითად:

ა) ძველი მსოფლიოს ისტორიის თემატიკის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობთ შემოქმედებით სამუშაოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ სხვადასხვა სიმულაციური ხერხი:

  • მოსწავლეები ახდენენ უძველესი საწერი მასალების იმიტაციას (მაგალითად, თიხის ფირფიტების ნაცვლად შეუძლიათ წარმოადგინონ პლასტილინით დაფარული ფურცელი, რომელზეც „ამოკაწრული“ იქნება „ლურსმული“ ტექსტი, ან პაპირუსის ნაცვლად – ფურცელი, რომელსაც საღებავით დაფარავენ და ზედ ხის წკირით გააკეთებენ წარწერას, ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც ფუნჯითა და საღებავით იქნება გამოსახული რაიმე სიმბოლო და სხვ.);
  • წარმოდგენილ საწერ მასალებზე წერენ ისეთი შინაარსის ტექსტს, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდთან (კონრეტულ თემასთან) იქნება დაკავშირებული (ეს შეიძლება იყოს რამე ამბავი ან სამეურნეო ხასიათის ჩანაწერი და სხვ.). აუდიტორიისთვის დავალების წარდგენისას უნდა გამოჩნდეს მოცემული პერიოდის კონტექსტუალური ცოდნა და საკითხის მიმართ მოსწავლეთა საკუთარი, ემოციური დამოკიდებულება;

ბ) დავალების უფრო რთული ფორმაა რომელიმე დაკარგული ხელნაწერის ან ტექსტის ფრაგმენტის „შედგენა“. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, „უცნობი ავტორის“ ჩანაწერი ბერძენ-სპარსელთა ომის შესახებ, ან იულიუს კეისრის მოგონება ჩრდილოეთ ევროპაში ლაშქრობაზე, ალექსანდრე მაკედონელის წერილი არისტოტელეს მიმართ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბების შესახებ და სხვ.

გ) შეიძლება დავალების უფრო მეტად გართულებაც. მაგალითად, მოსწავლეებს ვავალებთ, შეამოწმონ თანაკლასელების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის „სანდოობა“. ამ დროს მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ყურადღებით შეისწავლიან ინფორმაციას, გააანალიზებენ, კრიტიკულად განიხილავენ და შეეცდებიან იპოვონ შეცდომები. მუშაობისას ისინი გამოთქვემენ მოსაზრებებს, მოჰყავთ არგუმენტები, აფასებენ თანაკლასელთა ნამუშევრებს, –  ერთგვარ პატარა „ექსპერტებად“ იქცევიან.

დ) ამ ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია არჩევანის თავისუფლება: მოსწავლეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ დავალების არჩევა, მაგალითად, რთული დავალებების მოფიქრება სხვადასხვა თემაზე (ქრონოლოგიაზე, კულტურის ელემენტებზე და სხვ.) და მათი წარმოდგენა ისტორიული კონტექტის დაცვით (თუნდაც მოცემულ თემაზე საკუთარი ილუსტრაციის შექმნით).

  1. სახელმძღვანელოს განსაზღვრული ნაწილის (თავის) დასრულების შემდეგ. ამ დროს მოსწავლეებს ვთხოვთ არა ცალკეული თემების ცოდნას, არამედ ცოდნისა და უნარების მთელი კომპლექსის გამოვლენას. ასეთი დავალება სრულდება სახელმძღვანელოს კონკრეტული ნაწილის, მაგალითად, „შუა საუკუნეების“, შესწავლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მოსწავლე გაეცნობა კათოლიკური ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობას, ჯვაროსნულ ომებს, ფეოდალიზმის ფორმირებას და ა.შ. ამ ეტაპზე მაშეგვიძლია შევთავაზოთ შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:

ა) მოიგონონ და დაწერონ თავიანთი „რაინდის ისტორია“; მოიფიქრონ მისი ბიოგრაფია, გერბი, დროშა; „ჩასვან“ ის რეალურ ისტორიულ გარემოში; „გაამგზავრონ“ რეალურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში; შეადგინონ მისი მოგზაურობის მარშრუტი; აღწერონ რეალური ბრძოლა… და ეს ყველაფერი – შეძლებისდაგვარად, იმდროინდელი მანუსკრიპტის სტილში. შეიძლება, დაურთონ საკუთარი ილუსტრაცია, პორტრეტი, წერილი, ჩანაწერი, დღიური და ა.შ.

ბ) ცხადია, მოსწავლემ ნაშრომი უნდა გააცნოს თანაკლასელებს და, ასე ვთქვათ, „დაიცვას“;

გ) მინიპროექტის კიდევ უფრო რთული ფორმაა სხვადასხვა ისტორიული წყაროს (დოკუმენტების, ნარატივების) შედარებითი ანალიზი. ამ დროს მოსწავლეები:

  • შეისწავლიან ავტორთა ბიოგრაფიას, ნაშრომის ისტორიულ კონტექსტს ან ფართო ისტორიულ ფონს (ისტორიულ ვითარებას, რომელშიც მიმდინარეობს წყაროში/ნარატივში აღწერილი მოვლენები), აანალიზებენ ამ ვითარებას, მიუთითებენ ნაშრომის შესრულების შესაძლო გარემოებებზე და ა.შ. დავალების შესრულებისას მოჰყავთ შესაბამისი ციტატები, გამოაქვთ დასკვნები, ურთავენ ვიზუალურ მასალას, გრაფიკულ სიმბოლოებს, შეიძლება შეადგინონ კოგნიტიური ცხრილები და ა.შ. ამ მიდგომით მოსწავლეები მოცემული ნაშრომის ერთგვარი „თანაავტორები“ ხდებიან.

დ) ასეთი სამუშაო შედარებით მეტ დროს მოითხოვს, ამიტომ შეიძლება, მასწავლებელმა ის საშინაო დავალებად მისცეს მოსწავლეებს, რათა მათ მეტად გამოავლინონ საკუთარი ინდივიდუალობა.

  1. როდესაც გვსურს, მოსწავლეებს „გავაზომვინოთ“ საკუთარი მიღწევები, ვასწავლოთ საკუთარი შედეგების შეფასება. მაგალითად, სწავლის საბაზო საფეხურზე მინიპროექტი წარმატებით განხორციელებულად ჩაითვლება, თუ მოსწავლემ:
  • გამოავლინა და, რაც მთავარია, დაინახა ისტორიული ცნებებისა და წარმოდგენების ფლობის თუნდაც მინიმალური დონე (მაგალითად, ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტის მიხედვით, მხოლოდ VII კლასში მოსწავლე გაივლის პერიოდს ადამიანის წარმოშობიდან ახ. წ. VI საუკუნემდე. ამრიგად, VII კლასის მოსწავლე მინიპროექტის განხორციელებისას გამოავლენს აღნიშნული პერიოდის მოვლენებისა და შესაბამისი ისტორიული ცნებების ცოდნის თუნდაც მინიმალურ დონეს);
  • გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, მოიყვანა არგუმენტი (ასაკისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად);
  • წარმოაჩინა მოცემული პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება – სხვა ეპოქის ადამიანებისადმი ემპათია, ან ისტორიული პირებისადმი თანაგანცდა, ან დამოკიდებულება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;
  • შეძლო ისტორიული მოვლენების გაგება და გააზრება, გარდასული ეპოქის ადამიანის ქცევის მოტივების განსაზღვრა;
  • თავისი მიზნები და შეხედულებები შეუსაბამა ისტორიულად წამროშობილ სისტემებს;
  • შეძლო თავისი და სხვისი ნაშრომების შეფასება (ეთიკური თუ პრაგმატული კუთხით);
  • შეძლო კონსტრუქციული თანამშრომლობა მასწავლებელთან, თანაკლასელებთან (თავისი და სხვისი როლის განსაზღვრა, საკუთარი წვლილის შეფასება, საერთო შედეგების წარმოჩენა);
  • აიმაღლა ცოდნის ინტეგრაციის ხარისხი (პრობლემური და შემეცნებითი ხასიათის ამოცანების გადაწყვეტა);
  • გამოამჟღავნა სახელმძღვანელოსადა დამატებით მასალაზე მუშაობის უნარი (ანალიზი, არგუმენტირება, გრაფიკული მახასიათებლების, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის შედგენა/წარმოდგენა);
  • შეძლო საკუთარი საქმიანობის კონტროლი, სწორად შესრულებული დავალების შეფასება, გეგმის მიხედვით საქმიანობა;
  • შეძლო ინფორმაციის ჩაწერა, გადაწერა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, თეზისებისა და კონსპექტების შედგენა, პრობლემის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა);
  • შეძლო მასალის ელექტრონული ფორმით მოძიება; თანაკლასელებისა და მასწავლებლის გამოკითხვა, ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება;
  • გამოიყენა ადრე ნასწავლი მასალა, მოიშველია რეპროდუქციული და პროდუქციული კითხვები;
  • გამოამჟღავნა ლოგიკური აზროვნება, ანალოგიების, კლასიფიცირების გამოყენების უნარი;
  • გამოავლინა-განივითარა კვლევითი უნარები;
  • შეძლო შედეგების წარდგენა – ნაშრომის დაცვა (საუბრის, დიალოგის, პრეზენტაციის გამართვა, დისკუსიის წარმოება);
  • გამოამჟღავნა სისტემური ცოდნა;
  • გამოამჟღავნა-განივითარა ისტორიული ცოდნა და საგნობრივი აპარატი, შემეცნებითი ინტერესი;
  • გამოამჟღავნა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიული მონაცემების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ცოდნა, შეძლო ქრონოლოგიის განსაზღვრა, ისტორიის ძირითადი პერიოდების შესახებ ცოდნის ფორმირება, დათარიღება, ისტორიული ხასიათის მასალაზე მუშაობა;
  • შეძლო ისტორიულ რუკაზე მუშაობა, სივრცისა და დროის აღქმა/შეპირისპირება, არსებითი ნიშნების გამოყოფა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარება და სხვ.

მოცემული მეთოდური მიდგომების საშუალებით მინიპროექტი საგაკვეთილო პროცესის აქტიურ ნაწილად იქცევა, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატების განცდას და მოსწავლეთა მოტივაციის პოზიტიურ დინამიკას, ამიტომ მათი გამოყენება მისასლმებელი და სასარგებლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი