ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მარინა კვაჭაძე – გენდერი სკოლებში

რა არის გენდერი, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა ამ თემაზე, რომ იგი სწორად მიაწოდონ მოწაფეებს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge საერთაშორისო სამართლის დოქტორს, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” პროფესორს მარინა კვაჭაძეს ესაუბრა.

– გენდერი გულისხმობს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობას, თანაბარ შესაძლებლობებს, თანაბარ უფლება-მოვალეობებს და თანაბარ შანსებს ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას სკოლის მერხიდანვე მიეწოდოს ინფორმაცია ამ ცნებების შესახებ. გენდერი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბავშვს ასწავლის თანამშრომლობის წესებს და ერთი სქესის პატივისცემას მეორის მიმართ. მიმაჩნია, რომ ამის ელემენტები დაწყებით კლასებშივე უნდა ჩაიდოს, ხოლო მომდევნო ასაკობრივ ჯგუფებში უფრო მეტად გაიშალოს. საჭიროა სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნაც.

სხვათა შორის, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა გენდერული თანასწორობის შესახებ სასწავლო კურსი შეიმუშავა, მაგრამ უმაღლესში მიდის უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, რომლისთვისაც ქალისა და მამაკაცის უფლებებზე საუბარი ცოტა დაგვიანებულია. ამ ასაკში ადამიანს გარკვეული სტერეოტიპები უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდში გააცნობიეროს ბავშვმა ეს პრობლემა, როდესაც მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდება. ამაში მას შეიძლება დაეხმაროს სკოლა, მასწავლებელი. მიზანშეწონილია, მასწავლებლებისთვისაც მომზადდეს სასწავლო კურსი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სწავლების თაობაზე, მათთვისაც გამოიცეს სახელმძღვანელოები. მნიშვნელოვანია, თავად სახელმწიფოც იყოს დაინტერესებული გენდერული თანასწორობის სწავლებით, რადგან საქართველოში მოქმედებს “კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ”, არსებობს მექანიზმები, თუმცა ზოგიერთი მათგანი უეფექტოა, რადგან ვერ მუშაობს. ამიტომ, თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს, რომ ადამიანის ჩამოყალიბების ეტაპზე მის აღზრდაში გენდერული ელემენტებიც ჩართოს, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ოჯახის როლს არ უგულებელვყოფ, მაგრამ ბავშვების უმეტესობა მაინც სკოლაში ყალიბდება, იმ გარემოში, სადაც განათლებას იღებს.
– გენდერულ თანასწორობას რა პრობლემები უპირისპირდება საქართველოში? 
– ტრადიციები, მენტალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებისადმი ჩვენს მიმართებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფთან გვაქვს საქმე. საქართველოში გენდერული თანასწორობა უფრო ქალთა უფლებებისკენ იხრება, ქალის როლი ბოლომდე არ არის გახსნილი საზოგადოებაში. ჩამოყალიბებულია მყარი სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, ოჯახს მოუაროს და ბავშვები აღზარდოს. რა თქმა უნდა, ამას არავინ უარყოფს, გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ფუნქციების არაადეკვატურ განაწილებას, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ქალს არ შეეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრება, თუნდაც პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. სტატისტიკას თუ ავიღებთ, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მუდმივი დეფიციტია. ეს იმის ბრალიც არის, რომ ქალი თავისუფლად ვერ წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობას, ბიზნესში იქნება თუ ცხოვრების სხვა სფეროში. თუმცა ხშირად თავად ქალებისთვისაა მიუღებელი გენდერული თანასწორობა. ბევრს მიაჩნია, რომ მთელი ცხოვრება ჩაკეტილმა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულმა უნდა გაატაროს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ტრადიციებით, სოციალური ჯგუფის წარმოდგენებით, დამკვიდრებული წესებით, ინფორმაციის ნაკლებობით. ამიტომ სკოლას აქ ძალიან დიდი როლი ეკისრება. მნიშვნელოვანია, როგორ და რა ფორმით მიაწვდის მასწავლებელი მოსწავლეს ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ადეკვატური და ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი. მსოფლიოში უამრავი მეთოდოლოგია არსებობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის ასამაღლებლად. შეიძლება ამ მოდელების შერჩევა, საქართველოს სინამდვილეზე მორგება. თუ სკოლები და, მით უმეტეს, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებენ, ძალიან კარგი იქნება მთელი საზოგადოებისთვის.
– გენდერული თანასწორობის რეგულირებით დაინტერესება სახელმწიფოს ერთგვარი ვალდებულებაც არის, ვინაიდან ჩვენ ვისწრაფით დასავლური ღირებულებებისკენ, სადაც ეს პრობლემა გაცილებით უკეთაა მოგვარებული.

– სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდაციით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გენდერული თანასწორობის საკითხები პოლიტიკურ დონეზე დადგა. თავის მხრივ, სახელმწიფომაც  გადადგა მოკრძალებული ნაბიჯები, რაც მისასალმებელია. ქვეყანამ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, შეიქმნა საპარლამენტო საბჭო, შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც განათლების მიმართულებასაც მოიცავს, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფოში უამრავი პრობლემაა, არსებული მექანიზმები ეფექტურად ვერ მუშაობს. ზოგიერთ მიმართულებას უფრო მეტად უნდა ამოქმედება. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურობენ ამ კუთხით, მაგრამ თუ სახელმწიფო პარტნიორად არ გამოვიდა და რეალური ნაბიჯები არ გადადგა ამ თემის პოპულარიზებისთვის, მათი საქმიანობა ვერ გასცდება ინფორმაციის მიწოდებას. სახელმწიფოს ყოველ შტოს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ გააკეთოს, გენდერული მექანიზმების დაფინანსების გაზრდა იქნება ეს თუ ახალი სისტემების შექმნა.

ბევრია სამუშაო ეთნიკურ უმცირესობებთან, სადაც პრობლემა უფრო ღრმაა. მათ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ. საჭიროა საინფორმაციო გადაცემების მომზადება. მედიას დიდი როლის შესრულება შეუძლია გენდერული პრინციპების დანერგვაში, თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო, რომ ინფორმაციის არასწორად მიწოდება არ მოხდეს. არ შეიძლება, გენდერული თანასწორობა გაგებულ იქნეს მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვად – ის იცავს მამაკაცთა უფლებებსაც, უბრალოდ, ქალთა უფლებები უფრო შეზღუდულია და ამიტომ მათზე აქცენტირება მეტად ხდება.

– ხშირად საუბრობენ გენდერულად დაუბალანსებელ პროფესიებზე. პედაგოგიკა სწორედ ის დარგია, სადაც ქალები ჭარბობენ.

– მართალია, მასწავლებელი ქალი მეტია, რაც იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ეს პროფესია უკავშირდება აღზრდას და უფრო ახლოსაა დედობასთან. არსებობს სხვა პროფესიებიც, სადაც ქალები ჭარბობენ. სტატისტიკის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას, მაგრამ საინტერესოა, როგორ ხდება შემდეგ მათი ცოდნის რეალიზება – ქალები რჩებიან შინ, იძულებულნი ხდებიან, შეიცვალონ პროფესია თუ თავიანთი პროფესიით მუშაობენ. საქართველოში სამსახურებიდან დათხოვილთა, უმუშევართა შორის ქალთა წილი დიდია. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში უმთავრესად მამაკაცები მუშაობენ. ბოლო ხანს შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა – პარლამენტში დღეს 16 დეპუტატი ქალი.
როდესაც საუბარია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მონაწილეობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებს ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. აქ საუბარია გენდერულ თანასწორობაზე და არა ქალების რაოდენობის ხელოვნურ ზრდაზე. ქალების პრობლემები ქალებზე უკეთესად არავინ იცის. რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა ქალი, მით მეტი საშუალება ეძლევა მას ამ პრობლემების გახმაურებისა და ისეთი მექანიზმის შეთავაზებისა, რომელიც ადეკვატური იქნება ქალის უფლებათა დაცვის კუხით. მე სრულიად არ ვაკნინებ მამაკაცის როლს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ პრობლემას ქალი უკეთესად ხედავს. აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ არც შრომის კანონმდებლობაა ადეკვატური. ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი საფუძვლიან გადახედვას მოითხოვს.
– რას ურჩევდით მასწავლებელს, საიდან დაიწყოს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის საძირკვლის ჩაყრა?
– ვფიქრობ, პირველი, რაც ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ თვითონ მასწავლებლებმა გაიარონ საფუძვლიანი ტრენინგი; შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობისთვის მოამზადებს. იქ, სადაც მასწავლებელს მყარად აქვს გამჯდარი სტერეოტიპი, მდგომარეობა უფრო რთულია, მაგრამ თუ პედაგოგი ადეკვატურად იქნება მომზადებული, იგი ვეღარ უბიძგებს მოსწავლეს უთანასწორობისკენ. მასწავლებელმა უნდა დაანახვოს და ჩაუნერგოს მოსწავლეს ერთი სქესის მეორისადმი პატივისცემა. ძალიან რთულია, როდესაც ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს პედაგოგი, რომელიც თავად გაიზარდა ასეთ ოჯახში და მისთვის არავის უსწავლებია ამ სტიგმის დაძლევა. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის მოგვარების მექანიზმები თანდათან უნდა დაინერგოს.
გენდერი მგრძნობიარე თემაა – საკმარისია ხელოვნურობა, თავზე მოხვევა, რომ იგი უკუეფექტს, პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ ის უნდა მივაწოდოთ შესაბამისი მეთოდოლოგიით. სხვათა შორის, მაღალი კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებს გადავხედე – კარგად არის შეტანილი გენდერული საკითხები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას მაინც უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გენდერული თანასწორობის თემა დაბალ კლასებშივე ბუნებრივად უნდა შევიდეს, რომ ასევე ბუნებრივად განვითარდეს. გენდერი ის თემაა, სადაც მარტო საზოგადოება ვერაფერს გახდება, ისევე როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი