შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ზვიად ქორიძე – ახალგაზრდებს შემეცნებითი პროგრამები სჭირდებათ

მედია საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, თუმცა ხშირად ახსენებენ მოზარდებზე მის უარყოფით გავლენას. რას ფიქრობენ ამის შესახებ მედიაექსპერტები და რას ურჩევენ პედაგოგებს? ამაზე mastsavlebeli.ge-ს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ესაუბრა.

– ზვიად, ცნობილია, რომ ახალი თაობა ზედმეტად არის დამოკიდებული კომპიუტერსა და ტელევიზორზე. ინფორმაციის ძირითადი წყაროც მისთვის ეს ტექნიკური საშუალებებია. რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე ეს დამოკიდებულება?
– ზედაპირული შეფასებით, დღეს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ტელევიზიასა და ინტერნეტზეა დამოკიდებული და ცდილობს, მათი მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია, თუმცა მე ამ მოსაზრების განზოგადებას არ ვემხრობი. უფროსი ასაკის მოქალაქეები უფრო მეტად ტელევიზიის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას. ინტერნეტს ისინი ძირითადად სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებენ. შესაბამისად, იქმნება ტელემედიით გავრცელებული (არცთუ უტყუარი) ინფორმაციების ალტერნატიული, ვირტუალური მედიასივრცე, რომელსაც ასევე არ აქვს სიზუსტის პრეტენზია. მოზარდ თაობას ასეთი მედიათამაში არ ხიბლავს. ის უმეტესად ხვდება, რომ ტელემედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის სანდო და ცდილობს, გონება ამ ნაკადით არ გადაიტვირთოს. ახალგაზრდებს მეტი შემეცნებითი პროგრამის ყურება სურთ, ტელემედია კი მათ ასეთი პროდუქციით ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მრავალი მათგანი ინტერნეტში ეძებს შემეცნებით მასალებს. ბუნებრივია, არიან ისეთებიც, ინტერნეტს გასართობად, სათამაშოდ რომ იყენებენ, თუმცა თავად პროცესი მაინც ჯანსაღია. ჩვენს ციფრულ საუკუნეში ინტერნეტი არავინ უნდა აღიქვას ფუფუნებად ან დროის არარაციონალურ ხარჯვად; ის ადამიანის ერთგვარ უფლებად იქცა და მან მართებულად უნდა შეისწავლოს ამ უსაზღვრო სამყაროში ნავიგაციის მეთოდები, მიიღოს შესაბამისი ცოდნა.
– საქართველოში მოზარდ ტელემაყურებელს, სამწუხაროდ, არცთუ დიდი არჩევანი აქვს – მისი ასაკისთვის შესაფერისი გადაცემები თითქმის არ არსებობს, მეტადრე – შემეცნებითი, რაც ასე საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის. უნდა რეგულირდებოდეს თუ არა საბავშვო გადაცემები ტელეარხებზე, თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
– სატელევიზიო არხებზე გადაცემებს კი არ უნდა არეგულირებდნენ, არამედ აკეთებდნენ. კარგად მესმის, რომ შემეცნებითი გადაცემების მომზადება ძვირი სიამოვნებაა და კერძო არხები ამ გზას არ მისდევენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს. საზოგადოდ, ტელევიზიას სამი მთავარი ფუნქცია აქვს: მოქალაქეების ინფორმირება, შემეცნება და გართობა. ტელეარხმა რომელიმე მათგანს კი არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არამედ მათ შორის ბალანსი დაიცვას. ტელევიზია მოქალაქის ინტერესების დასაცავად და დასაკმაყოფილებლად უნდა შეიქმნას და არა მის სამართავად.

– ქართული ტელეარხებით ხშირად გადაიცემა ძალადობრივი თუ სხვა ისეთი ქმედებების ამსახველი ფილმები, რომლებიც მოზარდზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთ ფილმებს ხშირად არც ასაკობრივი ცენზის ნიშანი უზის. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა ან ვის ეკისრება ამის გამო პასუხისმგებლობა?
– ძალადობრივი კადრების შემცველი ფილმები მხოლოდ ქართულ ტელეარხებზე არ გადის, ეს პრობლემა მრავალ ქვეყანაში დგას, თუმცა დასავლურ სივრცეში მისი მოგვარების თვითმარეგულირებელი მექანიზმები მოიფიქრეს: ცდილობენ, ასეთი ფილმები გაუშვან გვიან, წყალგამყოფი დროის შემდეგ; დაადონ ასაკობრივი შეზღუდვის აღმნიშვნელი ტიტრი; ფილმის ანონსირების დროს მოუწოდონ მაყურებლებს, ბავშვები ეკრანს მოარიდონ. ასეთი მიდგომა ზრდის მედიის სოციალურ პასუხისმგებლობას. სხვა, უფრო მკაცრი საკანონმდებლო ნორმების შემოღება სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს.
– საქართველოში ძალიან ცოტაა მოზარდი მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალ-გაზეთებიც. ბევრს მიაჩნია, რომ პრესა მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო აღარ არის. როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– ბეჭდური პრესის ტირაჟები საზოგადოდაც და საქართველოშიც მკვეთრად ეცემა. ეს საყოველთაო ტენდენციაა და მისი ზედმეტი დრამატიზება არ ღირს. დღეს მედიასაშუალებები ფართო პროფილის მედიაპლატფორმების შექმნას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებისთვის საინტერესოა მიწოდებული მასალების არა მხოლოდ ფორმა, არამედ შინაარსიც, თუმცა საბავშვო მედიის მესვეურებმა იმაზეც უნდა იფიქრონ, რომ თავიანთი პროდუქცია მოზარდებს მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით მიაწოდონ.
– ხშირად ამბობენ, რომ ქართველი მოზარდები მეტისმეტად პოლიტიზებულები არიან. ეს ალბათ მედიის გავლენის ბრალიცაა. როგორ შეაფასებდით მოზარდების პოლიტიკაში ჩართვას და რას ურჩევდით მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეები პოლიტიკურ მსჯელობაში ითრევენ?
– მოზარდები უნდა იყვნენ პოლიტიზებულნი, რადგან ისინი ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. მათ უნდა მიიღონ სათანადო პოლიტიკური განათლებაც და ეზიარონ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე სახელმწიფო. პოლიტიკა არ არის სალანძღავი სიტყვა. იგი აღნიშნავს პოლისის (ჩვენს შემთხვევაში – სახელმწიფოს) ცხოვრებას და ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება, არის პოლიტიკა. რატომ უნდა გვინდოდეს ისეთი ახალგაზრდების ყოლა, რომლებსაც ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები არ აღელვებთ? პრობლემა ის არის, რომ ჩვენი დროის პედაგოგები ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არიან, ამიტომ მათ არ სურთ, ახალგაზრდები პოლიტიკით დაინტერესდნენ. პოლიტიკით დაინტერესება სრულიადაც არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობას და პარტიული დისციპლინით ცხოვრებას – ეს სწორედ რომ არ მომწონს და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა მოზარდები თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენონ; პრობლემას მე დღეს უფრო პედაგოგთა ღირებულებების სისტემასა და მათ პოლიტიკურ განათლებაში ვხედავ. ამიტომაც უჭირთ მათ მოსწავლეებთან დისკუსია და პოლიტიკურ მსჯელობაში ჩართვა. სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის სახიფათოა სკოლა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური დისკუსიებისგან, დებატებისა და დემოკრატიული ღირებულებებისგან და რელიგიური იდეოლოგიზმებითაა გამდიდრებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთი სკოლა გვაქვს.
– ბოლო ხანს ბევრი ჩივის, რომ მოზარდები მეტისმეტად დაშორდნენ წიგნს, აღარაფერს ვამბობთ პრესისადმი მათ გულგრილობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მოწაფეობიდანვე პრესისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება?
– პრესის კითხვას ვერავის დააძალებ. ადამიანი გაზეთს ან ჟურნალს მაშინ კითხულობს, როდესაც იგი საინტერესოა. მოსწავლე თუ პრესას არ კითხულობს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას კითხვა არ უყვარს – ჩემთვის ეს იმის მანიშნებელი უფროა, რომ პრესა არ არის მიმზიდველი. თემის ასეთი სტიგმატიზება – “მოზარდები დაშორდნენ წიგნს” – გაუმართლებლად მიმაჩნია. ისინი არ დაშორებიან წიგნს. უბრალოდ, უფროსი ასაკის ადამიანები და განსაკუთრებით პედაგოგები არ არიან მზად მკითხველ მოზარდებთან საუბრისა და დისკუსიისთვის. პედაგოგთა კვალიფიკაციის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწორედ იმის გარკვევა უნდა იყოს, რამდენად ხშირად კითხულობს იგი ლიტერატურას, რამდენად ინტენსიურად ეცნობა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს. მხოლოდ ასეთ პედაგოგებს შეუძლიათ, მოსწავლეებს წიგნთან მიახლოებაში დაეხმარონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი