გეოგრაფიული თამაშების გამოყენება  დისტანციური სწავლებისას

დისტანციური სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, სწავლება არ გახდეს მოსაწყენი. ამიტომ მასწავლებლები მუდმივად უნდა ეცადონ, მაქსიმალურად გამოიყენონ  ინტერნეტისა და სწავლების პლატფორმების შესაძლებლობები და, რაც შეიძლება, გაამრავალფეროვნონ თავიანთი მუშაობა.  გეოგრაფიის მასწავლებლებს  სხვადასხვა  საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი  ვებგვერდების გამოყენების ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც  გეოგრაფიის სწავლებას უფრო მეტად  სახალისოსა და საინტერესოს გახდის, ხოლო მოსწავლეებს, ცოდნის მიცემასთან ერთად, მოტივაციას და ინტერსს აღუძრავს.  ზემოთქმულიდან  გამომდინარე, ასევე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  ჩატარებული  საგნობრივი ვებინარების გამოხმაურების შედეგებზე დაყრდნობით, გადავწყვიტე, რომ  კარგი იქნებოდა, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის შემექნა და გამეზიარებინა გეოგრაფიული თამაშების  „ათეული“, რომელთაგან ამჯერად  პირველ   ხუთ თამაშს  გაგაცნობთ.

  1. ვებგვერდი http://world-geography-games.com/  გვთავაზობს  ინტერაქტიურ გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ თამაშებს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოებაში და ხელს უწყობს მათი სივრცეში ორიენტაციის  უნარების განვითარებას. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ვიქტორინები, რომლებიც  მოიცავს  კითხვებს ქვეყნების, მათი დედაქალაქებისა და ქალაქების, დროშების, რეგიონების, წყალსატევების, მთების  და სხვა გეოგრაფიული თემებისა თუ ობიექტების შესახებ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე კონტინენტების მიხედვით.

  1. საგანმანათლებლო ვებსაიტზე http://www.sheppardsoftware.com/geography.htm  წარმოდგენილია  ასობით უფასო ონლაინ  სასწავლო თამაშები ბავშვებისთვის. თუმცა, მოსწავლეების გარდა, ყველას, ვინც დაინტერესებულია ონლაინ სწავლით, შეუძლია, გამოიყენოს ეს  საიტი. ვებგვერდზე  გეოგრაფიის გარდა, ასევე მოცემულია  თამაშები  სხვადასხვა საგნებში, მაგ:  მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ინგლისური ენაში, ხელოვნებაში და სხვ.  თამაშები  და აქტივობები დაყოფილია დონეების მიხედვით და გათვალისწინებულია თითქმის ნებისმიერი ასაკის შემსწავლელთათვის.

ვებგვერდი ძალიან პოპულარულია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში  მას 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა.

  1. ვებგვერდ https://maps.esri.com/rc/puzzle/index.html -ზე შეგიძლიათ,  იხილოთ გეოგრაფიული თამაში   «Geojigsaw», რომელიც ფაზლების სახით წარმოდგენილი  გეოგრაფიული რუკების  კოლექციაა.  აქ  ნებისმიერ საბაზისო რუკას ზუმის ღილაკის გამოყენებით შეგვიძლია,  მასშტაბი შევუცვალოთ, შემდეგ  ფაზლებად „ დავჭრათ“  და მოსწავლეებმა ააწყონ.
  2. ვებგვერდზე https://www.triviaplaza.com/geography-world-quizzes/   წარმოდგენილია  როგორც ვიზუალური, ასევე  სტანდარტული ტესტები მსოფლიო გეოგრაფიის  საკითხებიდან, კერძოდ კი, მსოფლიოს ქვეყნების და  მათი დედაქალაქების,  დიდი ქალაქების,  ქვეყნების კონფიგურაციების, ასევე კუნძულებისა და ნახევარკუნძულების, ლითოსფეროს ფილების,  ჰიდროგრაფიული  ობიექტების  შესახებ. ვებგვერდზე  ასევე  შეგიძლიათ,  იხილოთ ტესტები მთელ მსოფლიოში ცნობილი  ხიდების, მუზეუმებისა და თვით შადრევნების   შესახებაც კი.

  1. ვებგვერდზე https://www.ducksters.com/geography/ გეოგრაფიის გარდა,  ასევე შეგიძლიათ,  იხილოთ აქტივობები ისტორიაში, ბიოლოგიაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში  და სხვ.  ვებგვერდის  დახმარებით  შეგვიძლია, მეტი შევიტყოთ კონტინენტებისა და    მსოფლიოს ქვეყნების შესახებ, მივიღოთ ამომწურავი  ინფორმაცია ნებისმიერი ქვეყანის შესახებ,  მათ შორის,  მსოფლიო რუკაზე ამ  ქვეყნის მდებარეობაზე, დროშაზე, მოსახლეობასა  და  სხვ .  თქვენ ირჩევთ  კონტინენტს,  ქვეყანას, აწკაპებთ ამ ქვეყნაზე და იღებთ ინფორმაციას.

დაბოლოს, თქვენ  შეგიძლიათ, ითამაშოთ და თავადაც შექმნათ გეოგრაფიული ქვიზები  ვებგვერდის  https://www.purposegames.com/  -ის  დახმარებით. ამ  გვერდის მიმოხილვას და ინსტრუქციას დაწვრილებით იხილავთ ჩვენ მიერ ჩაწერილ ვებინარზე, რომელიც ამ თემას მიეძღვნა.

ვებინარი

კომენტარები

comments