შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ილუზია და ცოდნა  

„ადამიანთა 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორადაც ის ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილებისა და მზა შეხედულებების მიერ“.

ჯო დისპენზა

 

„ცნობიერება ხრიკების ნაკრებია“.

მარვინი

 

რამდენი რამ გვეჩვენება სამყაროში ისეთად, როგორიც ის არასდროს ყოფილა? ეს ეხება საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, ურთიერთობებს… მერე ვამბობთ, რომ „მოგვეჩვენა“.

გიფიქრიათ, რატომ გვეჩვენება რეალობა დამახინჯებულად და ზოგჯერ ასიმეტრიულადაც კი? რაზეა დამოკიდებული ჩვენი „მოჩვენებები“?

უცნაურია, როცა რაღაცას ვუყურებთ და ხან თვალი გვატყუებს, ხან – ყური, ხან – გონება, და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო ყალბად გამოიყურება სამყარო და ადამიანთა ქცევა და ურთიერთობა ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას უმეტესად ვერ აცნობიერებს და ცხოვრობს ასე, სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ტყვეობაში; მუდამ ზედაპირზე დაფარფატებს და ვერასდროს სწვდება სიღრმეს.

ყველაფერი კი შეიძლება სკოლიდან დაიწყოს!

ბავშვის ცნობისმოყვარეობა მაშინ იზრდება, როდესაც ის რაღაც შეუსაბამოს აღმოაჩენს თავის გარშემო და „გამოძიებას“ იწყებს. აი, სწორედ ახლაა დრო, აუხსნა, ასწავლო, ცოდნა მიაწოდო. ამ გზით მიღებული გამოცდილება არასდროს დაავიწყდება. ასე რომ, ღირს, გავაოცოთ მოსწავლეები – კლასში, სტუდენტები – აუდიტორიაში და მერე ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.

ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც თბილისში „ილუზიების მუზეუმს“ ვეწვიე და ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოც შეემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმის გახსნის იდეა „სარკე ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივის შედეგია, რომ „მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს“.

საკმაოდ შთამბეჭდავი იდეაა ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

ილუზიის შესახებ სალექსიკონო სტატიებში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიის პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში არსებულ ილუზიებზე. ილუზიების შესწავლაში ოპელის მოკრძალებული წვლილი გახლდათ ხაზებით შემოსაზღვრული სიბრტყე, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა რამდენიმე სეგმენტად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ განაპირა ხაზებს ვხედავდით (ვარიანტი ბ).

ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი 70-ზე მეტი ინსტალაცია ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას უფრო მეტად შეგაყვარებთ. რა საინტერესო იქნებოდა, ასეთი მოვლენების ასახსნელად მოსწავლეს კომპლექსური ცოდნა მიეღო სკოლაში! შესანიშნავი იდეაა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაც, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, მთლიანობაში გაეაზრებინა მოვლენა.

ილუზიების მუზეუმის ერთ დარბაზში – მიაბიჯებ და ფეხდაფეხ „მოგყვება“ აინშტაინის ჰოლოგრამა; სხვა კედელზე სარკეების ეფექტით უსასრულობას ჩახედავ თვალებში; მერე ის გაგაოცებს, როგორ განსხვავდება სარკეში არეკლილი სურათი რეალობისგან. ხიდზე გადადიხარ და – ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამო გგონია, ხიდი ირწევა და სადაცაა, გადავარდები, სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება.

მაშ, რა მოსდის ჩვენს გონებას? რატომ აღიქვამს მოძრაობას იქ, სადაც მოძრაობა არ არის? საინტერესოა, ხომ?

მსგავსი „ილუზიების“ მეცნიერული გააზრება საჭიროა. სხვაგვარად ეს ცრუ ცოდნა საგნებიდან და მოვლენებიდან სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში გადაინაცვლებს და ბედნიერებაში ხელს შეგვიშლის.

როგორც ფილიპ ზიმბარდო წერს: ცრურწმენა (Prejudice) სამიზნე ობიექტის მიმართ წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებს არსებულ დამოკიდებულებას და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნეს ის, ვინც ამ სამიზნე ჯგუფს ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ზიმბარდო ასეთ ამბავს გვიამბობს:

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდისპირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდისპირებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე და ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ორივე ჯგუფის წევრებს მიმართავდნენ ჯგუფის ფერის შესაბამისი სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდა და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, საკუთარ ჯგუფს ცდისპირები უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც: მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდე გამოვლინდა, სანამ ცდისპირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).

დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიასაც“ თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ფიქსირებულ განწყობათა შექმნა ადვილია, მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა, წესისაებრ, არაცნობიერია, ადამაინი კი მხოლოდ პრობლემებს, ანუ ზედაპირს ხედავს; სიღრმეში კი, აი, ეს ხდება: ფიქსირებული განწყობები იწვევს რეალობის დამახინჯებას; როდესაც რაღაც იცვლება (ან არსებობს შესაძლებლობა, შეიცვალოს), ჩვენი ცნობიერება მოვლენებს კვლავ ისე „ხედავს“, როგორც „მიჩვეულია“.

ახლა თუ ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ცრურწმენებსაც გავიხსენებთ, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის, ამ სტერეოტიპების მიღმა აღიქვან სამყარო, მივხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, ასწავლო ბავშვს, როგორ ტყუვდება თვალი, გონება, ცნობიერება და ის, რაც „ნამდვილი“ გვგონია, სინამდვილეში ილუზორულია, ცრურწმენებს ეფუძნება.

როცა ბავშვისთვის საინტერესო ფოკუსის ახსნას ცდილობენ, ის უარობს, რადგან ადამიანს სურს, სასწაულების სჯეროდეს. ბევრი ზრდასრულ ასაკშიც ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ამჯობინებს. ჰოდა, სანამ ასე მოხდება, მანამდე ჩვენ უნდა გავიკეთოთ „ცოდნის სათვალეები“ და ისე შევხედოთ სამყაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი