ბავშვობის შთაბეჭდილებები – სასწავლო რესურსი

„ეს იყო ორმოცი წლის წინ. მას შემდეგ აღარ მინახავს ის ნაპირი და ჩამპაკის ხეებში ჩაფლული აგარაკი. იგივე ხეები, იგივე სახლი, ალბათ ისევ დგას, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვის ცოცხალი და მხურვალე ცნობისმოყვარეობა ხატავდა, აღარ არის იქ. საიდან მოვიპოვო შთაგონების ის მძლავრი ძალა?“

„დღენი ჩემი სიჭაბუკისა“, რაბინდრანათ თაგორი

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები მძაფრი და დაუვიწყარია. სამყაროს ბავშვისეული აღქმაც განსხვავებულია. ცხოვრებისეული დამოკიდებულება, პირადი დაკვირვება თუ ფსიქოლოგთა დასკვნები ერთსა და იმავე მოსაზრებისკენ გვიბიძგებენ, კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მწერალთა ბავშვობის დღეებზე დაკვირვება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ასე დავაგროვე პატარ-პატარა ამბები, რომლებიც მოთხრობების, ლექსების, პოემების, რომანების, პირადი წერილების მიღმა მწერლებისა და პოეტების ცხოვრებაში გვახედებს და მათ შესახებ ჩვენეულ დამოკიდებულებას ქმნის: მირზა გელოვანი თქვენობით ელაპარაკებოდა დედ-მამას; ვაჟას გულჩვილი, კეთილი, სტუმართმოყვარე დედა ჰყავდა,  გამორჩეული სახელით – გულქანი; ტერენტი გრანელს  დედა ხუთი წლისას გარდაცვლია, წიგნების სიყვარული კი ზუგდიდის მაზრაში ცნობილმა მწიგნობარმა, იაკობ შანავამ გაუღვივა; ნიკოლოზ ბარათაშვილს დედა იმ დროს დადგენილ წესებს არღვევდა და ჩვილს თავად აჭმევდა ძუძუს;  სულხან-საბა მამიდაშვილებმა – ვახტანგ V-ის ვაჟებმა არჩილმა, ლევანმა და გიორგიმ აღზარდეს.

ხშირად ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღეებზე, გზებზე, ადამიანებზე, სახლებზე, ხეებზე. დაკვირვებული ვარ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო მოსასმენი ჩემი მოგონებებია. შეუძლიათ, ერთი და იგივე მრავალჯერ მომაყოლონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში, ინდოელი მწერლისა და პოეტის, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“  წავიკითხე, რომელიც სკოლის, სწავლების, მასწავლებლების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ასახავს. მწერალი პირველივე გვერდებიდან გვიმხელს, რომ ფურცელზე გადატანილი ნებისმიერი მოგონება ლიტერატურაა. ბატონი თაგორი თანამოაზრე აღმოჩნდა. ერთგან წერს: „ცნობილია, ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია“ –  ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს საყურადღებო გზავნილია.  თაგორი ერთნაირი მოწიწებითა და აღფრთოვანებით იხსენებს უბრალო ადამიანს, შრიკანტა-ბაბუს თუ დოქტორ რაჯინდრალალ მითრას. „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ ცხოვრების ჩვეულებრიობის მიღმა არსებულის პოეზიად გადაქცევის მცდელობაა. მიჰყვები მწერალს მოგონებების ლაბირინთში და შრიკანტა-ბაბუ სამუდამოდ გამახსოვრდება: „ეს მოხუცი ერთდროულად მეგობრობდა მამაჩემთანაც, ჩემს უფროს ძმებთანაც და ჩვენთანაც, ბიჭებთან. ძნელად მოიძებნებოდა მეორე კაცი ლექსების ეგოდენ ტრფიალი. ვით პატარა კენჭს აიტაცებს ჩანჩქერის ნაკადი, წყლის სწრაფი ბრუნვით ააცეკვებს, აათამაშებს, ასევე მისთვის საკმარისი იყო სულ მცირე საბაბი, რომ უზენაეს აღტაცებას მისცემოდა“.

დოქტორ რაჯენდრალალ მითრას ასე გვაცნობს: „ის არა მარტო ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მას ჰქონდა იშვიათი, მომხიბლავი ხასიათი, რომელიც მის სახეშიც გამოკრთოდა. საზოგადოებრივ მუშაობაში დაუზარელი და ენერგიული მუშაკი, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლებოდა და ისეთ პაწია ბალღსაც, როგორიც მე ვიყავი, გატაცებით ესაუბრებოდა სერიოზულ თემაზე“.

რაბინდრანათ თაგორმა ბავშვობის მოგონებების გამოსახმობად შთაგონება კიდევ უფრო გამიმძაფრა.  თუ ჩვენ პატარა ადამიანების სულებთან გვაქვს შეხება, მათი აღზრდა და გამოწრთობა გვავალია, სწორედ ასეთი ბავშვობის ამბები უნდა ვუამბოთ მთელი გულითა და მონდომებით. ამგვარად ცხოვრების შემჩნევა, დაკვირვება, შეყვარება, დამახსოვრება და დაფასება ვასწავლოთ.

როგორ დავუკავშიროთ საგაკვეთილო პროცესს?

მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვძებნოთ ქართველი მწერლების ბავშვობის მოგონებები. მაგალითად, სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“…

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით წავიკითხოთ ტექსტები.

გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე თავად ვუამბოთ ჩვენი ბავშვობის მოგონებები. თხრობა  ლიტერატურას რომ დაემსგავსოს, მოსაყოლ თემებს სათაურები მოვუფიქროთ. სანამ მე ჩემი მოგონებების გაცოცხლებას შევუდგები, ბოლომდე მივყვები გაკვეთილის ხაზს.

შეგვიძლია ბავშვებს ვთხოვოთ, ინტერვიუ ჩაწერონ ბებია-ბაბუებთან, მშობლებთან და მოპოვებული ინფორმაცია  საკლასო ოთახში ერთმანეთს გააცნონ.

გზები

მე მამას „ლურჯაში“ გავიზარდე. ასე დაარქვა საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანას „აძინადცატს“. 90-იანი წლების შიმშილს ჩემი მშობლები მასწავლებლობისთვის ვაჭრობის შეთავსებით ებრძოდნენ. წავიდოდნენ კახეთში. წაიღებდნენ ჭაღებს, ათას წვრილმანს. გადავიდოდნენ ბაქოში. ჭაღებს ცვლიდნენ ბენზინში. წნორში დაბრუნებისას ბენზინი ხორბლად იქცეოდა. კახეთიდან ზეთი და ფქვილი მთა-მთიულეთში მიჰქონდათ. იქიდან თბილისში ხაჭოთი, ყველით, ხორცით, ხილით ვბრუნდებოდით. ეს ყოველივე კი ხან იყიდებოდა, ხან – ვერ. ამ უცნაური ვაჭრობით ჩვენს ოჯახს ფული ვერა, მაგრამ უხვად ჰქონდა საჭმელ-სასმელი.

დამღლელი მგზავრობებისას წვრილმანების ფუთებსა და ფქვილის ტომრებს შუა ვიყავი მიკუჭული და მანქანიდან ვაკვირდებოდი გაბლანდულ შარაგზებს. ასე დამამახსოვრდა კახეთის ცხელი, გველებიანი გზატკეცილები, ყაზბეგის ვარდისფერი კლდეები და ვიწრობები, ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მანქანათა სვლა, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისთან თვალების დახუჭვის რიტუალი.

ყინვაში, წვიმასა თუ თაკარა მზეში დავდიოდით და ხან მიყრუებული სოფლის ბოლო ჭიშკართან გვიღამდებოდა, ხან ორთაჭალაში, ხან კი მცხეთის  ავტობანზე.

ტიბაანიდან მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად მე და ჩემმა მეგობრებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. შემოდგომის თბილი დღე სიარულს გვიადვილებდა. ალაგ-ალაგ მაყვლის ბუჩქებითა და მოყვითალო მიწით დაფარული გზა იმ დღის ისეთივე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დამრჩა, როგორც  ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დაკეტილი კარი.

ზაფხულია. მე და ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვართ. თაკარა მზეში შარაგზაზე ფეხზე ვიხდით და ფეხშიშველები მოვტანტალებთ. ფეხისგულებს ცხელი ასფალტი გვიწვავს და გვსიამოვნებს. ამ მოგონებას ოცდაათი წელია გულით დავატარებ.

ჩვენ ვართ გზები, რომლებზეც გვივლია.

 

მამას მეგობარი „ლეინტენანტი“

მამას სახლში ხშირად მოჰყავდა მეგობრები. მათ შორის იყო ერთი მაღალი, ხმელი კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლეინტენანტს“ ეძახდა. ქვეყანაში საშინელი სიღატაკე იყო. ამ კაცს კი ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა „სნიკერსი“ . უზომოდ მიხაროდა მისი დანახვა. მამას მეგობართან შეხვედრის ბუნდოვანი სურათებიდან „ლეინტენანტის“ ღიმილი  და „სნიკერსი“ მახსენდება. მამაჩემის მადლიერი ვარ ამ ნაუცბადევად მოყვანილი სტუმრებისთვის, ჩემი გული სიყვარულით რომ აავსეს.

 

 ხეები

დაფიქრებულხართ თქვენი ბავშვობის ხეებზე? მე ხშირად ვფიქრობ. ალაზნის ველთან ახლოს, სოფელ ტიბაანს ხევი ეკრა. ხევზე კაკლის ხე იდგა, რომელზეც მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილი ხშირად დავძვრებოდით. ბაღში ბროწეულისა და ლეღვის ხეები იდგა. მათი ტკბილი და მსუყე ნაყოფით ზაფხულისა თუ შემოდგომის მზიან დღეებში პირს ვიტკბარუნებდით და ხელები ტკბილი წვენით გვეწებებოდა.

მუხიანში, სახლის წინ ბაღი გვქონდა, სადაც მამამ თეთრი ბალი დარგო. მალე ბლის ტოტები კორპუსის მეხუთე სართულამდე აიწოწა. ივნისის დასაწყისში ნაყოფის დაკრეფის დრო დგებოდა. უბნის ბიჭები ხშირად მოდიოდნენ მოსაპარად და თუ თვალს შევასწრებდით, ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ. მამაჩემი უშიშრად მოექცეოდა ხოლმე ხის კენწეროში და საგულდაგულოდ კრეფდა ბალს. უწვრილეს ტოტებზე ისე იდგა, თვალებზე ხელს ვიფარებდი შიშისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლის დაკრეფის რიტუალიც ქარს გაჰყვა.

ფასანაურის ეზოში ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ხეები გვქონდა. სახლის უკან კი უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა. შემოდგომობით სახლი ივსებოდა დაბერტყილი კაკლის, მსხლისა და ვაშლის სურნელით.

ტყის ძირში გარეული მსხლის, პანტის ხე იდგა. ბავშვურ წარმოსახვას იმის წარმოდგენა მიშფოთებდა, რომ პანტის საჭმელად დროდადრო დათვი სტუმრობდა.

ბავშვობის ხეებზე ჩემს შვილებს ხშირად ვუყვები. ძვირფასი მეგობრებივით მომყვება მოგონებები მათთან გატარებულ დღეებზე.

 

 ეკლესიები

კახეთში, სოფელ ტიბაანში, ორი ეკლესიაა: მთავარანგელოზისა და წმინდა სტეფანე ხირსელის. მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. ხევისა და ფოთლოვანი ტყის გავლით ყოველდღე დავდიოდით და საგულდაგულოდ ვალაგებდით. იქიდან ვაკვირდებოდით ხირსის მონასტერსა და სოფელს.

დაუვიწყარი იყო სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარში გატარებული აღდგომის ღამეები. გარდამოხსნის ეზოში გამოტანისას მრევლი ანთებული სანთლით ხელში ვუვლიდით გარს ტაძარს. მთვარიან ღამეში ალაზნის ველი და იქვე, ეზოში ჩარიგებული საფლავები იდუმალებით ავსებდა ჩვენს სულებს.

 

ტიბაანში ისევ დგას პაპაჩემის აშენებული ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფლის ორღობეები, ჭიშკრები, ძაღლები, ვირები, ინდაურები, რუები, სახლები, ბებოები, პაპები, ნათესავები – ბავშვობაში დარჩნენ, მაგრამ ჩემგან არსად წასულან. სიზმრადაც ხშირად ვარ იქ. წერისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ იმ დღეების სინათლეს. მგონია, რომ ხან „პედრო პარამოს“ ვკითხულობ, ხან ხიმენესის პლატერო მიდგას თვალწინ, ხან კი „სულების სახლი“ მახსენდება. ერთი რამ ცხადია, რომ არა ჩემი ბავშვობა, სამშობლოს, ენისა და რწმენის განცდა, არ იქნებოდა ისეთი ღრმა და ფაქიზი, როგორიც ახლა არის ჩემში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი მგონია, ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი ადამიანების, გზების, ხეების, სოფლების, ეკლესიების, დაუვიწყარი დღეების შესახებ, რათა მათ სულშიც გაიზარდოს სიკეთე და სიყვარული, რომელზეც ცხოვრებას ააგებენ.

 

კომენტარები

comments