ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვები, მოწყენილობა და ონლაინ გაკვეთილები

მას შემდეგ, რაც ეს ვერაგი ვირუსი გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან თითქმის ყველას კართან ჩამოდგება, იმაზე ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი შემხვდება და ჰოსპიტალიზაცია დამჭირდება; როგორ იქნებიან ბავშვები ჩემ გარეშე იმ არც თუ ისე ცოტა დღეების განმავლობაში. ან რა იქნება მაშინ, რომელიმეს თუ დაემართება და საავადმყოფოში მარტოს მოუწევს ყოფნა. ვირუსის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მარტოობის. ჩემი და ბავშვების მარტოობის, ერთმანეთის გარეშე ყოფნის. თითქმის ორი თვეა იზოლირებული ვართ, მაგრამ ეს არაფერია, ერთად ვართ. მარტო ყველაფერი რთულდება. როცა ბავშვი ხარ, ან როცა ბავშვები გყავს.

 

სკოლიდან წერილი მივიღეთ, ჩვენი ფსიქოლოგი მზადაა, დახმარება თუ დაგჭირდათ, მიმართეთო. მსოფლიო მედია წერს იმაზე, რომ როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამოყოფს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვობა ამაზე არანაკლებ განსაცდელებს დაემთხვა – ომებსა და სიღარიბეს, შიშით, გაურკვეველი მომავლის შიშით ცხოვრება ადვილი არ არის. სანამ მე ვირუსზე ვფიქრობ, სხვა იმაზე ფიქრობს, რა აჭამოს იმ დღეს შვილებს ან იმაზე, როდემდე შეიძლება ვერაფერი აჭამოს.

 

ყოველ დილას 4 ეკრანი ციმციმებს და ტარდება გაკვეთილები, შეხვედრები, თათბირები. ყველა ცდილობს, ცხოვრება ისე გააგრძელოს, როგორც მანამდე. ჩემი 5 წლის შვილს ბაღის „გაკვეთილებიც” კი უტარდება zoom-ში. ვარჯიშობენ, ხატავენ, მღერიან, დიდხანს გაჩერება უჭირთ და მასწავლებლებმა გვითხრეს, არა უშავს, თუ თავიდან ბოლომდე ვერ გაჩერდებიან, ნაწილობრივად დასწრებაც საქმეა, ერთმანეთთან კავშირი რომ შევინარჩუნოთ, ფორმაში რომ ვიყოთო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად შედის, ვხვდები, რომ სტრესია ეს ბავშვებთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა და არ ვაძალებ.

 

უფროსი მეორე კლასშია და დღეში 4 გაკვეთილი აქვს. ზოგჯერ დილას ადრე გაღვიძება ეზარება. პარასკევს 4-ის ნაცვლად 2 გაკვეთილი აქვს და ეგ მოსწონს. პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ ორივეს ეტყობა, რომ ეკრანებთან მყოფებს სკოლის ეზოში თამაში, მეგობრებთან ლაპარაკი და თავისუფალი დრო ენატრებათ. მხოლოდ გამრავლების ტაბულა და ტექსტების ანალიზი ხომ არ არის სწავლა, მით უმეტეს, როცა პატარა ხარ და თამაშით და გარემოზე დაკვირვებით უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე დავალებების შესრულებით. ისე ენატრებათ ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო, ზოგჯერ მაგიტომ არ დგებიან საწოლიდან დილაობით და მაგიტომ ამბობენ უარს „გაკვეთილზე შესვლაზე”, რომ უფრო არ დასევდიანდნენ მონატრებისგან.

 

მეც ჩვეულებრივ ვმუშაობ – სახლიდან, მაგრამ სრული დატვირთით და დღის განმავლობაში თითქმის არ მრჩება დრო მათთან სათამაშოდ. თავიდან ეგონათ, ეს ყველაფერი არდადეგებივით იქნებოდა, ბევრი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის. მალევე გაირკვა, რომ დრო მხოლოდ საკუთარი საქმეებისთვის გვაქვს, რომელთა შესრულებაც სახლიდან, რომელიც სკოლაცაა, ბაღიც, ბიბლიოთეკაც, სათამაშო მოედანიც, პარკიც, კაფეც და სამსახურიც, ბევრად რთულია. ამ დღეებში ბევრს ვწერ იმაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ცალკეული ადამიანის ცხოვრება – ვის შეეზღუდა გადაადგილება, ვინ მოწყდა ოჯახს, ვინ ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებში ჩართვა, იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა და გაჯეტისთვის ფული არ ჰქონდა და იმაზეც, ვინ ვერ იბანს ხელს, იმის გამო, რომ სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი. ასეთი ბევრია და პანდემია პირველ რიგში დაუცველებს ერჩის, მათ აზიანებს. ისიც ცხადია, რომ ცენტრალიზებული და მასობრივი მიდგომა თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნით, გაუფრთხილდე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ცალკეული ადამიანისთვის შეიძლება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხედ გადაიქცეს, როცა ეს მათი საჭიროებების უგულებელყოფას გულისხმობს. ვწერ ამ ამბებს და ეს მეხმარება, რომ არ ვიფიქრო ჩემს შიშებზე – როგორ მიჭირს ვენდო ექიმებს, პოლიციელებს, გადაწყვეტილების მიმღებებს; როგორ არ მინდა, რომ საკვების დეფიციტი გაჩნდეს და შიმშილობამ უფრო მასობრივი სახე მიიღოს; რა ახლოსაა რეალობა, რომ მალე ისეთი გაჭირვება დადგება, აღარ გვექნება ფული წიგნებისა და სათამაშოებისთვის და ბავშვები მიხვდებიან, რაზე ვლაპარაკობთ მაშინ, როცა ჩვენს ბავშვობაზე ვლაპარაკობთ. რა მოხდება მაშინ, თუ ბებია-ბაბუებს შეხვდებათ ეს ვერაგი ვირუსი – გადაიტანენ კი?

 

ვმუშაობ, ვუყურებ ჩემი, ბავშვებისა და მასწავლებლების შეცვლილი ცხოვრების წესს და ვფიქრობ, იქნებ სწორედ ესაა დრო იმისთვის, რაც არა პროგრამების ჩვეულებრივ გაგრძელებაში, სრული დატვირთვით მუშაობისა და მოციმციმე ეკრანებთან ჯდომისთვის უნდა გამოვიყენოთ. ესაა დრო, როცა ზუსტადაც ჩვენს შიშებსა და მონატრებებზე, იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ ამოცანებზე უნდა ვიფიქროთ. ყველა ის ამბავი უნდა გავიხსენოთ ალბათ, რაც თავს გადაგვხვდა და არ გვინდა განმეორდეს და დავსახოთ გადარჩენის გზები – ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საყოველთაო. ალბათ ახლაა საუკეთესო დრო აღიარებისთვის, რომ – დიდებს გვეშინია, ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, რა იქნება ხვალ და ადამიანს კიდევ უამრავი რამ აქვს სასწავლი, თუნდაც ის, როგორ გადაურჩეს ვირუსის პაწაწუნა ნაწილაკებს ცოცხლად. ალბათ ეს დრო იმისთვისაცაა, რომ გადავაფასოთ ჩვენი ცოდნა და უნარები, განათლების და სხვა სისტემები – ალბათ ახლა საუკეთესო ნიადაგია  იმაზე მსჯელობისთვის, რას ვერ ფარავდა სასწავლო პროგრამები, ვის ვერ ხედავდა განათლების სისტემა, რამდენად არ აძლევდა საჭიროების მიხედვით ლავირებების საშუალებას  მასწავლებლებს და იმაზეც, რა ცოდნასაც ვაძლევთ სკოლაში ან უნივერსიტეტში ადამიანს, რამდენად საჭირო და გამოსადეგია ის.

 

ონლაინგაკვეთილებსა და სწავლებაზე საუბრისას ძირითადად განხილვის საგანი ტექნოლოგიური ელემენტებია ხოლმე – რა პროგრამას გამოვიყენებთ და როგორ ვმართავთ მოსწავლეებს დიდ და პატარა ჯგუფებში. ამ ვითარებაში ტექნოლოგიური საკითხები მგონია ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ისაა, რომ სწავლება, როგორიც არ უნდა იყოს, საჭირო ცოდნის გადაცემას უნდა ისახავდეს მიზნად და თუკი ამ დაშვებაზე შევთანხმდებით, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ახლა, შიშების, იზოლაციისა და მარტოობის პერიოდში ყველაზე უპრიანია ბავშვებს ამაზე ველაპარაკოთ, იმაზე, რომ რაღაც დროს შეიძლება მარტო დარჩნენ, შეიძლება განსხვავებულ, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შეიძლება ამის გამო ტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნონ, მაგრამ ეს არ უშველით – მხნეობა უნდა მოიკრიბონ და გადარჩნენ. თუ ამას გადარჩებიან, აუცილებლად იქნება ვინმე მათთან ახლოს, ვისაც ეს დაემართება და მათ გვერდით დგომა, მათი მხარდაჭერა უნდა იცოდნენ. შეიძლება ზუსტად ახლაა ის დრო, რაც სულ გვჭირდებოდა, პაუზისთვის, ამოსუნთქვისთვის და იმაზე დაფიქრებისთვის, სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ, რას ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს და რა სჭირდებათ სინამდვილეში. ამ დროს უფრო მარტივად აიხსნება გაკვეთილები ავტორიტარიზმის, დემოკრატიის, მეცნიერების მნიშვნელობის, ეკონომიკური დილემების, სახელმწიფო მოწყობის შესახებ, გაკვეთილები უფლებებისთვის ბრძოლის, იზოლაციის, გარიყვისა და დისკრიმინაციის, სამართლიანობისთვის ომებში დაკარგული ადამიანების. ალბათ ახლაა კარგი დრო იმაზე სალაპარაკოდ, როგორი განსხვავებული ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა კულტურაში და რა საბედისწეროა ტოტალიტარიზმი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

შიგადაშიგ ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ პეპიც მარტო ცხოვრობდა, მეტიც, ცხენს და მაიმუნსაც უვლიდა, ბლინებსაც აცხობდა და თავსაც ირთობდა. ყაჩაღის ასული რონია მთლად გამოქვაბულში წავიდა მარტო საცხოვრებლად მთელი ზაფხულით, როცა დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც თქვენ ხართ. შესანიშნავი ხუთეულის ბავშვები მარტო როცა არიან, შესანიშნავ თავგადასავლებში ეხვევიან. ვუამბობ ამ და სხვა ამბებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე იფიქრებენ, თუ მარტო დარჩენა მოუწევთ.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ადამიანები ზოგჯერ მთელ სიცოცხლეს ასე ატარებენ სახლის კედლებში გამომწყვდეულები, იმიტომ, რომ მათი სახლი ან ქუჩა სახლთან ახლოს ეტლით გადაადგილებისთვის არ არის ადაპტირებული, ან ვიღაცას მისი დანახვა არ სიამოვნებს და ურჩევს, სახლში იყოს, გარეთ არ გამოვიდეს, თორემ საბედისწერო იქნება ეს გამოსვლა – ახლა კარგი დროა ემპათიისთვის. როცა თავად ხარ საფრთხის ქვეშ, მგონია, უკეთ გესმის სხვების, ვინც ასე ხანგრძლივად ცხოვრობს.

 

ისეთი დროა, ონლაინგაკვეთილების გარდა, ცხოვრების გაკვეთილებსაც ვიღებთ და ალბათ ამ გაკვეთილების ონლაინგაკვეთილებზე განხილვა საინტერესო იქნება, სანამ მოწყენილობა მორჩება.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი