ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჯენეტი ქვარცხავა – მასწავლებლად ყოფნის სიყვარული

„მიყვარს ვიყო მასწავლებელი” – ინტერვიუს განმავლობაში ამას რამდენჯერმე მეტყვის, ხაზგასმით გამიმეორებს, თითქოს ყველანაირად შეეცდება დამაჯეროს, რომ მასწავლებლად ყოფნის სიყვარული ნამდვილად არსებობს. ვიჯერებ, რადგან  წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ცხოვრების სამ ათეულ წელიწადს ამ პროფესიით არ ჩაანაცვლებდა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდს სკოლის კედლებში არ გაატარებდა და 25 წლის წინ გაკვეთილზე ავტომატით ხელში ჩაძინებული მოსწავლე არ ემახსოვრებოდა. 

სპეციალობით ქიმიკოს-ტექნოლოგი ჯენეტი ქვარცხავა ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და ზუგდიდის მოსწავლეთა სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?” ხელმძღვანელი და კითხვების ავტორია. 27 წელია მე-5 სკოლაში ასწავლის, დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს, მაგრამ საკმაოდ მომხიბლავი შემოთავაზებების მიუხედავად, დაწინაურებაზე არასდროს უფიქრია. ამბობს, რომ „მასწავლებლობაზე უკეთესი პროფესია არ არსებობს, ბავშვებთან ურთიერთობა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა დიდი ბედნიერებაა. თანაც მუდამ მოზარდი ხარ, მათსავით აზროვნებ, მსგავსი გემოვნება გიყალიბდება, იცი, რა არის მოდაში, რომელი მომღერალი ან მსახიობია აქტუალური, რომელი ფირმის ყურსასმენები სჯობს და ასე შემდეგ. ზუსტად ვიცი, რომ მუდამ სკოლის მასწავლებელი ვიქნები, ცხოვრება მშვენიერია, როდესაც ბავშვების წრეში ტრიალებ”. 


– 1988 წლიდან ერთსა და იმავე სკოლაში ასწავლით, თუმცა პროფესიით პედაგოგი არ ბრძანდებით. როგორ დაიწყეთ მასწავლებლობა? 

– ვიდრე ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში მოვხვდებოდი, აფხაზეთში, კერძოდ დრანდას რუსულ სკოლაში ვასწავლიდი ქიმიას და გახანგრძლივებულის მასწავლებელიც ვიყავი. იქ ორიოდე თვე ვიმუშავე, შემდეგ კი ზუგდიდის იმ დროს ქართულ-რუსული მე-5 სკოლის რუსულ სექტორზე მოვხვდი. ეს იყო უძლიერესი სექტორი და ასეთივე კლასი შემხვდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი კლასი – არა იმიტომ, რომ პირველი იყო, არამედ იმიტომაც, რომ საოცარი მოსწავლეები მყავდა: მონდომებულები, ინტერესიანები, მუდამ ახლის ძიებაში. უსმენდნენ სატელევიზიო ლექციებს, ატარებდნენ ცდებს, თავად ამზადებდნენ ხელსაწყოებს, ბიბლიოთეკაში ათენებდნენ. თავად 22 წლის ვიყავი, მასწავლებლობის გამოცდილება არ მქონდა, ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მათთან ერთად ვსწავლობდი და ვიზრდებოდი. ჩემთვის ეს დიდი პრაქტიკა იყო. ვფიქრობ, თუ კლასი სანიმუშოა, მასწავლებელიც ძლიერია, დონის ამაღლების მოტივაცია უჩნდება და საკუთარ თავზე მეტს მუშაობს. სუსტ კლასთან კი მასწავლებელიც მოშვებულია. სამწუხაროდ, იმის მერე არ მყოლია კლასი, რომელიც ჩემგან მაქსიმუმს მოითხოვდა. 
– ტექნიკური საგნების მსგავსად რთულია ქიმია უბრალოდ გიყვარდეს. როგორ შეიძლება მოსწავლე ამ საგნით დააინტერესო?

– ზემოთ ჩემი პირველი კლასი გავიხსენე, თანამედროვე ბავშვებს კი განათლების მიმართ მსგავსი ინტერესი არ აქვთ. გამუდმებით ვეუბნები, რომ  მომავალი საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნებისაა, მომყავს ფილმების მაგალითები, ვაკითხებ წიგნებს, ვაცნობ ყველაზე დაფასებულ და დიდი ანაზღაურების მქონე მეცნიერებს, მაგრამ არაფერი ჭრის. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მეცნიერება აღარაა პრესტიჟული, ჩვენი ტელევიზია და პრესა მეცნიერებზე არ საუბრობენ, შესაბამისად, ბავშვებისთვისაც არამომხიბლავი სფეროა. ცდების ჩატარება ყველას აინტერესებს, თუ რამეს ვაფეთქებ, კლასში სრული ანშლაგი მაქვს, მაგრამ ქიმია ფოკუსი და ფოიერვერკი არაა – ქიმია უნდა გაიგო, გააანალიზო და გამოიყენო.  ეროვნული გამოცდების სტატისტიკა რომ ნახოთ, ქიმიასა და ფიზიკას საშინელი შედეგები აქვს. ამ საგნების მიმართ მიდგომა ძირეულადაა შესაცვლელი –  სახელმძღვანელოებიდან დაწყებული მასწავლებლების გადამზადებით დამთავრებული. 

– ამის მიუხედავად, ალბათ მაინც გყავთ გამორჩეული მოსწავლეები.

– ცხადია, ამის გარეშე წარმოუდგენელია! ყველა კლასში არიან გამორჩეული და განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეები. პირველ რიგში, გავიხსენებ, ნიკო თორდიას სოფლად მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახიდან. კლუბში „რა? სად? როდის?” დადიოდა და იქ გავიცანი. მხედველობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, შემდეგ სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა, ოპერაცია გაუკეთეს და მხედველობა სრულიად აღუდგა. იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მიიღო და დღეს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ახლა მყავს მე-9 კლასელი ნიკო გვალია, რომელიც ჩემს სამასწავლებლო კარიერაში ალბათ ყველაზე ნათელი წერტილია. ასეთი მოსწავლე არასდროს მყოლია – განსაკუთრებული მონაცემები აქვს, ჩემთვის იდეალური მოსწავლეა. მყავს მესამე ნიკოც – ნიკო გუგუშვილი, რომელიც აუცილებლად მეცნიერი გამოვა, ქიმია მისი სამყაროა, ამ საგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. 

– როგორია მასწავლებლობის თქვენეული რეცეპტი? მიეცით რჩევა ახალბედა მასწავლებლებს. 

– მთავარი ბავშვების სიყვარულია. ამის გარეშე არაფერი გამოვა. თუ ბავშვები არ გიყვარს, კლასში არ უნდა შეხვიდე, მასწავლებლობა არ უნდა დაიბრალო. ასევე უმნიშვნელოვანესია დაწყებითი კლასების მასწავლებლის როლი, რადგან ბავშვს სწორედ ამ პერიოდიდან უნდა შეაყვარო სწავლა, ესა თუ ის საგანი. ზოგჯერ დაწყებითის მასწავლებელი ფიქრობს, რომ ლექსებისა და წერა-კითხვის სწავლება სრულიად საკმარისია, რაც მცდარი აზრია. მათემატიკა მარტო მარტივი არითმეტიკა არ არის, ესაა ლოგიკურად აზროვნების მთელი ჯაჭვი, ამ სამყაროს გასაღები კი სწორედ დაწყებითების მასწავლებლებს აქვთ. გაკვეთილები მუდმივი დიალოგის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, მოსწავლეები კითხვებს უნდა სვამდნენ, ინტერესი არ უნდა უნელდებოდეთ, მასწავლებლის ვალია, კლასში მუდამ ჰქონდეს ინტერაქტივი. სამწუხაროდ, ჩვენთან სწავლის პროცესზე მეტად ნიშანი აინტერესებთ, მოსწავლეებიც და მშობლებიც საბოლოო შეფასებაზე არიან ორიენტირებული, მასწავლებელი კი ამ პროცესში იძულებით ერთვება. 

ახალბედა მასწავლებლებს ვურჩევ, იქონიონ დიდი მოთმინების უნარი და მუდმივად ძიების პროცესში იყვნენ, ეცადონ, თავადაც გაიზარდონ, შეადგინონ ოპტიმალური სამუშაო გეგმა, გაიზიარონ უცხოელთა გამოცდილება – დღეს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, მათთვის საზღვრები აღარ არსებობს. ბოლოს კი ახსოვდეთ, რომ ყველაზე რთული ჭკვიანი ბავშვების მართვაა, მათთან სულ სხვა მიდგომა და გამომგონებლობა დასჭირდებათ…  
– უკვე 27 წელია საჯარო სკოლაში ასწავლით, მაგრამ ალბათ მაინც შეგიძლიათ კერძო სკოლასთან პარალელი გაავლოთ. რამდენად აქვს დღეს საჯარო სკოლას მოსწავლისთვის კარგი განათლების მიცემის რესურსი და პირობები? 

– ზუგდიდის კერძო სკოლების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მათი მოსწავლეები და მშობლები მოტყუებული არიან. წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან იმისთვის, რომ კარგი განათლება მიიღონ, ამიტომ მათ რეპეტიტორები არ უნდა სჭირდებოდეთ. ეს ნიშნავს, რომ კერძო სკოლებს არ უვარგათ სისტემა, მთლიანი სტრუქტურა. მათ აქვთ კარგი ტექნიკური  აღჭურვილობა, მაგრამ მთავარი ისაა, ამ ტექნიკას როგორ იყენებენ. საჯარო სკოლებში კი მინიმალური შესაძლებლობებია, მხოლოდ ელემენტარული ცდების ჩატარება შეგვიძლია, ისიც იშვიათად. ხშირად პარალელურ კლასებს ვაერთიანებ და ცდებს ისე ვატარებ, რომ ნაკლები რესურსი დავხარჯო. ზოგჯერ  ბავშვებს ხელსაწყოებსაც ვამზადებინებ. მაგალითად ელექტროგამტარობის შესამოწმებელ ხელსაწყოს და ასე გავდივარ ფონს. სხვათა შორის, ამ მხრივ ჩემი მეუღლეც მეხმარებოდა ხოლმე, თვალსაჩინოებებს ის მიმზადებდა – მოლეკულების კრისტალურ მესერს და სხვას. ბევრი მოსწავლე სწორედ მის მიერ დამზადებულ თვალსაჩინო მასალაზე გაიზარდა. ეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას აუცილებელია, მარტო წიგნებით ქიმიას ვერ შეაყვარებ, ზოგჯერ რაღაც უნდა აუფეთქო, მიკროსკოპში ჩაახედო, თვალნათლივ დაანახო, რომ ჩვეულებრივი წყალი უფრო ელექტროგამტარია, ვიდრე წვიმის და ა.შ.  
– ალბათ გაქვთ ინფორმაცია როგორი ვითარებაა ზუგდიდის რაიონის სოფლების სკოლებში. ზოგადად რამდენად პასუხობს საერთო საგანმანათლებლო პროგრამას რეგიონების სკოლები? არის თუ არა ამ მხრივ პრობლემები? 

– სოფლების კი არა, თბილისის სკოლების მასწავლებლებსაც სჭირდებათ სისტემატური გადამზადება და პროფესიული ხარისხის ამაღლება. თუ სწავლების პროცესს აკადემიურ დონეზე არ ავიყვანთ, რამდენიმე წელიწადში ცუდ შედეგს მივიღებთ. ამჟამად განათლების მსოფლიო ხარისხს ძალიან ჩამოვრჩებით, ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია ლექციები, ტრენინგები, ზოგადი სამეცნიერო დონის ამაღლება. თანამედროვე ცოდნა ჩვენც უნდა მივიღოთ, მასწავლებლებმაც უნდა ვისწავლოთ, რათა მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის გამოყოფილი ერთი საათი მაქსიმალურად შედეგიანად გამოვიყენოთ. 
– განათლების დაბალი ხარისხი, პირველ რიგში, ალბათ, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს ვნებს… 
– ცხადია ვნებს. კარგი მოსწავლეები არ უნდა დაიჩაგრონ იმის გამო, რომ ან მასწავლებლის დონეა დაბალი ან ცუდი მოსწრების მქონე თანაკლასელების გამო სასწავლო პროგრამა შემსუბუქებულია. ამიტომ ნიჭიერ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა მიწევს. ყველანაირად ვეხმარები, ხელს ვუწყობ და საგანს ვაყვარებ. ვცდილობ, მივცე ისეთი განათლება, როგორსაც იმსახურებენ. 
– ზუგდიდი დე ფაქტო საზღვრისპირა ქალაქია, რომელმაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში რამდენიმე ომსა და გაჭირვებას გაუძლო. ყველაზე რთული პერიოდი ალბათ 90-იან წლებში გქონდათ. როგორ მიმდინარეობდა სასკოლო ცხოვრება ამ დროს?  

– ზუგდიდმა მართლაც უამრავი საშინელება გამოიარა, თბილისს ამდენი ნამდვილად არ უნახავს. ამ წლების განმავლობაში ზუგდიდის სკოლებში სწავლა მხოლოდ ერთხელ, ისიც ერთი თვით შეწყდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აფხაზეთიდან დევნილთა პირველი ნაკადი დაიძრა. როგორც კი ყველა ოჯახი დააბინავეს და სიტუაციაც მეტ-ნაკლებად დაწყნარდა, სწავლა მაშინვე აღდგა. თავად სწავლების პროცესი კი ცალკე ისტორია იყო: გაყინული კლასები, მშიერი მასწავლებლები და ბავშვები, კლასში ავტომატიანი მოსწავლეებიც მყოლია, ე.წ. პოლკის შვილები, რომლებიც ღამე ბატალიონებში მორიგეობდნენ, დღისით კი გაკვეთილებზე მოდიოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სკოლის მიმართულებით მთვრალმა ჯარისკაცებმა სროლა ატეხეს. მასწავლებლები ბავშვებს ვეფარებოდით… საშინელება იყო… 

 …მაგრამ არასდროს დამავიწყდება, იმ პერიოდის მოსწავლეების ანთებული თვალები, სკოლაში სულ სხვანაირები ხდებოდნენ, უფრო მეტი მონდომებით გისმენდნენ და თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდნენ. შეიძლება იმიტომაც, რომ სკოლა მათთვის სასტიკი რეალობისგან მოწყვეტის საშუალება იყო, გაკვეთილისას სულ სხვა სამყაროში ინაცვლებდნენ…
– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კომუნიკაციის ხარისხი მასწავლებელსა და მშობლებს შორის?
– ფინეთის სკოლებში მასწავლებლებმა საერთოდ არ იციან, ვის შვილებს ასწავლიან, რაც თანასწორობის საუკეთესო გარანტი მგონია. ამ წესს მეც ვიცავ, მაქსიმალურად ვცდილობ მშობლებთან დისტანცირებას და მოსწავლესთან ურთიერთობას ვამჯობინებ. თუმცა აქ საკითხი სხვანაირად დგას – მშობლებს საკუთარ შვილებთან აქვთ კომუნიკაციის პრობლემა. ისინი არ ინტერესდებიან შვილების ყოველდღიურობით, არ ელაპარაკებიან მათ, არ იციან, რა ხდება სკოლაში, რა პრობლემები აქვთ, როგორ სწავლობენ. ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. მშობელთა კრებაზე მიკითხავს, თუ რას აკეთებენ შვილებთან ერთად და გაუოცებიათ – რა უნდა გავაკეთოთო. არადა, უამრავი ერთობლივი საქმე არსებობს, რის დროსაც მშობლებსა და შვილებს გარკვეული დროის ერთად გატარება და ერთმანეთზე მეტის გაგება შეუძლიათ. 
– ამის შესახებ ბავშვები თავად ლაპარაკობენ?  

– უთქმელადაც ეტყობათ. ეს მათ ყოველ საქციელსა და სიტყვაში იგრძნობა. სულ აქვთ სურვილი მელაპარაკონ იმაზე, რაზეც წესით მშობელს უნდა ელაპარაკებოდნენ, მაგალითად ინტიმურ, ყოფით, მათი ასაკისთვის დამახასიათებელ საკითხებზე. ჩემთან უფრო იოლად იხსნებიან და ყველაფერს მიყვებიან. მეც ვუსმენ და რჩევებს ვაძლევ – ეს მათ ძალიან სჭირდებათ. 
– თავად როგორი დედა ხართ? შვილების მასწავლებელი ყოფილხართ? 
– ჩვეულებრივი დედა ვარ, სწორედ ისეთი, როგორიც ყველა დედა უნდა იყოს.  სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გოგონა მყავს და სამივესთან სხვადასხვა მიდგომა მჭირდებოდა. ჩემს სკოლაში არასდროს უსწავლიათ, რადგან ამ საკითხის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება მაქვს. მშობელთა კრებაზეც კი არ დავდიოდი, რათა მათ მასწავლებლებს კოლეგიალობის ხათრით უსაფუძვლო ლმობიერება არ გამოეჩინათ. 
– უკვე წლებია, ზუგდიდის მოსწავლეთა სასახლის ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?” ხელმძღვანელი და კითხვების ავტორი ხართ…

– კლუბი 2002 წლიდან ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში კლუბის წევრი უამრავი ბავშვი იყო. ისინი არა მხოლოდ ზუგდიდიდან, არამედ სამეგრელოს სხვა ქალაქებისა და სოფლების სკოლებიდანაც დადიოდნენ. კლუბი მოსწავლეთა სასახლის დირექტორ ნინელი ჭითანავას ინიციატივით დაარსდა. მან მასწავლებელთა დათვალიერებაზე გამიცნო, საუკეთესო მასწავლებლებს შორის ჩატარებულ კონკურსს დაესწრო, მოვეწონე და ფაქტობრივად მაშინვე შემომთავაზა „რა? სად? როდის?” კლუბის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა სასახლის ყველა კლუბი თუ სექცია ნინელი ჭითანავასა და დოდო კეიდიას დამსახურებით არსებობს, რომლებიც საინტერესო და ნიჭიერ მასწავლებლებს ფაქტობრივად ქუჩაში ეძებენ. ცხადია, ყველა ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას მომავალი თაობისთვის,  ჩვენთვის კი ეს სასიამოვნო პროცესი, გართობა, ბავშვებთან ურთიერთობის დამატებითი საშუალებაა. კლუბში თავიდანვე ბევრი მოსწავლე შეიკრიბა. წარმოიდგინეთ, ერთ ოთახში შეკრებილი 70 ბავშვი და თან ყველა ჭკვიანი! ეს საოცრებაა, უდიდესი სიხარულია. 

კლუბი მთელი დატვირთვით მუშაობს. რეგულარული ჩემპიონატებიც ტარდება. ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ბავშვები გალის რაიონიდანაც კი ჩამოგვიყვანია. მახსოვს, ერთხელ ადგილობრივი ტელევიზია სიუჟეტს ამზადებდა, გალელი ბავშვები კი სახეზე იფარებდნენ ხელებს, ეშინოდათ, ვინმეს არ ამოეცნოთ და ოჯახებს პრობლემები არ შექმნოდა. ამჟამად კლუბში 38 გუნდი გვყავს, მათთვის კითხვებსაც მე ვამზადებ და ვცდილობ, ძირითადად, სასწავლო პროგრამა მოვიცვა, რათა თამაშმა გართობის გარდა საგანმანათლებლო დატვირთვაც შეიძინოს. 
ესაუბრა ია ვეკუა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი