ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისტანციური სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები

ვფიქრობ საკამათო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს სამყაროში არაფერი და არავინაა იდეალური, უნაკლო, სრულყოფილი. ნებისმიერ ადამიანში, ნებისმიერ მოვლენაში დადებითის გვერდით მეტ-ნაკლებად ყოველთვის გვხვდება უარყოფითიც. ძლიერი მხარეების გვერდით ვაფიქსირებთ სუსტ მხარეებსაც, რომელთა დაძლევით ჩვენი დაკვირვების ობიექტი უფრო მეტ მიმზიდველობას და მომხიბვლელობას შეიძენდა. გამონაკლისს ამ მხრივ არ წარმოადგენს არც დისტანციური სწავლება, რომლის ამა თუ იმ ფორმით გამოყენება ჩვენს განათლების სისტემაში დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ამასთან, როცა დისტანციურ სწავლებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სტუდენტთა და მოზარდთა დისტანციური სწავლება. აღნიშნული ფორმით სწავლება სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. უფრო მეტიც, თავად სკოლაშიც კი, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმების გამოყენების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იცვლება. ასე, მაგ. ონლაინ გაკვეთილი სკოლის დაწყებით საფეხურზე და სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მეტი სირთულეების მოლოდინი უნდა გვქონდეს პირველ-მეორე კლასელებთან ონლაინგაკვეთილების ჩატარების დროს, გამომდინარე ამ ასაკის ბავშვების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან. სწავლების დაწყებით საფეხურზე ბავშვის აზროვნებას თვალსაჩინო საყრდენი სჭირდება. გარდა ამისა, ადამიანს ამ ასაკის ბავშვი მაშინ აღიქვამს მასთან მყოფად, როცა ხედავს და  ელაპარაკება.  ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ უჭირს პატარას ტელეფონით საუბარი ყველაზე ახლობელ ადამიანთანაც კი, როცა ის მას ვერ ხედავს და ვერ ეხება. თუმცა, იმავე ონლაინგაკვეთილებს სასკოლო სწავლების მეორე და მესამე საფეხურზე ბევრი მოსწავლე დიდი მოწონებით შეხვდა.

მაინც რა არის დისტანციურ სწავლებაში ისეთი, რაც თავისუფლად შეიძლება სწავლების ამ ფორმის ძლიერ მხარეებად ჩაითვალოს და რაც მოზარდებშიც მოწონებას იმსახურებს:

  • დროის ეკონომია. ბევრი მოსწავლე დისტანციური სწავლებით კმაყოფილია უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ არ უწევს სკოლაში წასვლა-წამოსვლაზე დროის ხარჯვა, გაკვეთილის ხანგრძლივობა შემცირებულია. ყოველივე აღნიშნულის წყალობით მას გამოუთავისუფლდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ მისთვის საინტერესო საქმიანობით დაკავდეს. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით პედაგოგებზე, რომელთა შრომა დისტანციური სწავლების პროცესში ფაქტობრივად გაორმაგებულია. იმისათვის, რომ დღეს პედაგოგმა დისტანციურად სწავლება შეძლოს, ის უნდა დაეუფლოს შესაბამის, აქამდე მისთვის უცხო პროგრამას და თანაც ისეთ დონეზე, რომ გაკვეთილის ჩატარების პროცესში პრობლემა არ შეექმნას. მას ასევე ესაჭიროება გაკვეთილის მომზადება და ახალი სასწავლო რესურსების მოძიება, რადგანაც მის ხელთ უკვე არსებული რესურსი შეიძლება დღეს არასაკმარისი ან სწავლების ახალი ფორმისთვის სრულიად გაუგებარი აღმოჩნდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პედაგოგი კარგად დაეუფლება დისტანციური სწავლების პროგრამას და პრაქტიკაში მის თავისუფლად გამოყენებას შეძლებს, ასევე დააგროვებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო საკმარის რესურსს, თავისუფლად შეიძლება მოზარდების მსგავსად პედაგოგმაც დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ სწორედ დროის ეკონომიის შესაძლებლობა გამოყოს.
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენება. მოზარდებისთვის ეს საკმაოდ მომხიბვლელი და მიმზიდველი აღმოჩნდა. ვფიქრობ, ის არც პედაგოგისთვის იქნებოდა ნაკლებ მიმზიდველი, რომ არა ერთი გარემოება – მას საოცრად სწრაფი ტემპებით უწევს ახალი ტექნოლოგიების, პროგრამების გაცნობა-დაუფლება და მეორე დღესვე პრაქტიკაში გამოყენება, რაც ბუნებრივია მარცხისა და წარუმატებლობის შიშის გამო ნერვული სტრესისა და შფოთიანობის გამომწვევი ხდება.
  • ცხოვრების ექსტრემალურ სიტუაციებში სწავლა-სწავლების უწყვეტობისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი პლუსი და ძლიერი მხარე, ვფიქრობ, სწორედ ის არის, რომ ცხოვრების გართულებულ სიტუაციებში ის ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს. უნდა ითქვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას, როგორც მოზარდებს, ასევე მშობლებსა და პედაგოგებს ცალსახად დადებითი დამოკიდებულება აქვთ და მიესალმებიან თუნდაც ამ ფორმით სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელებას.
  • დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. არ შეიძლება არ ითქვას, რომ დისტანციური სწავლება დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევების გამომუშავების კარგ შესაძლებლობას აძლევს მოზარდს. თუმცა, ამისთვის აუცილებელი წინაპირობა იქნება სწავლა-სწავლების პროცესის სწორად, რაციონალურად და ეფექტიანად დაგეგმვა.
  • მრავალფეროვნება სწავლა-სწავლებაში. როგორც მოზარდები აღნიშნავენ რეალურ სასკოლო გარემოში სწავლა-სწავლება უკვე კარგად ნაცნობი და ხანდახან მოსაბეზრებელიც კია. დისტანციური სწავლება კი მათთვის ახალი, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე უფრო საინტერესო და სახალისოც კი აღმოჩნდა.
  • დისტანციური სწავლება და კონკრეტულად ონლაინგაკვეთილები ცალკეული კატეგორიის (მორცხვი, დაკომპლექსებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი, შფოთიანი, დაბალი თვითშეფასების, ასევე თანატოლთა ჯგუფში დაბალი სოციალური სტატუსის მქონე) ბავშვებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის კარგი საშუალება აღმოჩნდა. თუ რეალურ საკლასო ოთახში ეს ბავშვები ძალიან პასიურობდნენ, ისხდნენ თავიანთთვის ჩუმად, წყნარად და გაურბოდნენ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ონლაინგაკვეთილებზე, მართალია, ზედმეტი აქტიურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ, აქვთ შესრულებული დავალების წარდგენის სურვილი, მასწავლებლის შეკითხვებსაც სიამოვნებით პასუხობენ და მისგან დადებით კომენტარებსა და შეფასებებსაც იმსახურებენ. თუმცა, თანაკლასელების წინაშე გამოჩენას გაურბიან და ვიდეოკამერა მუდმივად გათიშული აქვთ. ვფიქრობ, სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ისინი ამ დაბრკოლების გადალახვასაც მოახერხებენ. კარგად მესმის, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის რამდენიმე ბავშვზე დაკვირვება მონაცემების განზოგადებისა და რაიმე კანონზომიერების  დადგენის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ალბათ მაინც დასაფიქრებელია და საკორექციო მუშაობის ერთ-ერთ საშუალებად მისი გამოყენება ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი.

დისტანციურ სწავლებაზე საუბრისას, მის ძლიერ მხარეებსა და დადებით მომენტებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, რაც შეიძლება ერთგვარ  დამაბრკოლებად მოგვევლინოს აღნიშნული ფორმით სწავლა-სწავლების პროცესში:

  • უპირველეს ყოვლისა, დისტანციური სწავლების დროს არსებობს ერთგვარი ასაკობრივი შეზღუდვები და მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ერთნაირი ეფექტურობით ვერ მოხერხდება;
  • დისტანციური სწავლებისას, დროში შეზღუდულობისა და ხანმოკლე ონლაინგაკვეთილების ჩატარების გამო, შეუძლებელი ხდება იმ სასწავლო პროგრამის სრულყოფილად გავლა, რომლითაც პედაგოგები რეალურ საკლასო გარემოში ხელმძღვანელობდნენ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დისტანციური სწავლების შემთხვევაში  საჭირო გახდება სასწავლო პროგრამების სერიოზული მოდიფიცირება;
  • კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობის გაძლიერება დისტანციური სწავლების დროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს. თუ აქამდე მშობლები კომპიუტერთან გატარებულ საათებსა და წუთებს უთვლიდნენ მოზარდს, ხშირად უთიშავდნენ  და უმალავდნენ კიდეც კომპიუტერულ ტექნიკას, რომ როგორმე დაეცვათ შვილი ტექნიკის უარყოფითი გავლენისაგან, ახლა თავად მოითხოვენ ბავშვისაგან, რომ ჩართოს კომპიუტერი, დაესწროს ონლაინგაკვეთილს, მოამზადოს დავალებები. კომპიუტერული ტექნიკის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატური მოხმარება დროთა განმავლობაში აუცილებლად ჰპოვებს უარყოფით ასახვას ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
  • დისტანციური სწავლების ერთ-ერთ სისუსტედ შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ სწავლების ეს ფორმა ბავშვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვისაც კი შეიძლება სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინოს, განსაკუთრებით დღეს როდესაც სოციალური კონტაქტების წრე და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობა საკმაოდ შეზღუდული გვაქვს  დიდსაც და პატარასაც.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, დისტანციურ სწავლებას, რომელიც დღეს ასე აქტიურად გამოიყენება, აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, მასში შეიძლება, როგორც ბევრი დადებითის, ასევე უარყოფითის პოვნაც. აქ საინტერესო იქნებოდა ერთი მეშვიდეკლასელი გოგონას სიტყვების მოშველიება, რომელმაც ერთხელ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავისთავად კარგი ან ცუდი, დადებითი ან უარყოფითი არავინ და არაფერია. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ვიღაცის ან რაღაცის მიმართ დადებითი ან უარყოფითი და ის ჩვენ მიერ კარგად ან ცუდად აღიქმება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა დისტანციური სწავლების ეფექტიანობის გაზრდა, შევეცადოთ სწავლების ამ ფორმის ძლიერ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება და მისი საშუალებით სუსტი მხარეების დაძლევაზეც ვიზრუნოთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი