პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, პანდემიის გავრცელების ფონზე, იზოლაცია და საზოგადოებასთან კონტაქტის გაწყვეტა დაავადების სწრაფი გავრცელების ერთადერთი შესაძლებლობაა. შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციის საფუძველზე სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. განიხილება ყველა შესაძლო ალტერნატივა, რაც ამ სირთულის დაძლევაში დაგვეხმარება. საჯარო და კერძო სკოლები მოსწავლეებს დისტანციური სწავლების სერვისს სთავაზობენ.

დისტანციური სწავლება (როგორც სინქრონული, ასევე ასინიქრონული), ძირითადად, ინდივიდუალურ დავალებებს მოიცავს.  იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეები სახლებში იმყოფებიან, დიდია მათი ასოციალიზაციის რისკი. ამასთან, შეიძლება ჩამოყალიბდეს ადიქციური ქცევა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანას.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური მუშაობა სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სწორად დაგეგმილი სამუშაო ახდენს გავლენას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • პიროვნული განვითარება;
  • თანამშრომლობითი თვისებების ჩამოყალიბება-განვითარება;
  • შემეცნებითი უნარების გაუმჯობესება;
  • კომუნიკაციური უნარების განვითარება.
  • კოგნიტური უნარების გამომუშავება.

დავსვათ შეკითხვა – რამდენად შესაძლებელია დისტანციური სწავლებისას ჯგუფური სამუშაობის დაგეგმვა და განხორციელება? რა რესურსები და პლატფორმები არსებობს დისტანციურ რეჟიმში ჯგუფური სამუშაოს განსახორციელებლად?

მომზადების სტადია

ნებისმიერ პროცესის წარმართვას  სჭირდება მომზადება. ამ ეტაპზე, შეიმუშავეთ ჯგუფური სამუშაოს კონცეფცია, ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, თავი მოუყარეთ იმ რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშო პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ამავე სტადიაზე მოამზადოთ პადლეტის ელექტრონული დაფები, რომელთაც მოსწავლეები გამოიყენებენ ონლაინგაკვეთილის დროს.

ვიდეო ინსტრუქცია პადლეტის შესახებ

 

ახალი მასალის მიწოდება

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი რესურსი და პლატფორმა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სინქრონული სწავლების დროს.  მაიკროსოფტ თიმსში ახალი საკითხის გაცნობისა და მიწოდების შემდეგ, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ განმტკიცების მიზნით ისინი ჩაერთვებიან ჯგუფურ სამუშაოში. ვყოფ ვირტუალურ კლასში აქტიურ მომხმარებლებს რამდენიმე ჯგუფად. სასაუბროში (Chat) ვქმნი სივრცეს, სადაც ვამატებ მათ და ვთხოვ, რომ ერთმანეთში წამოიწყონ ხმოვანი საუბარი/ზარი. მოსწავლეები ჯგუფებში გაწევრიანების შესახებ მისდით შეტყობინება.

რატომ არის მაიკროსოფტ თიმსის სასაუბრო ეფექტური?

სანამ შეკითხვაზე პასუხს გავცემდე, დავუბრუნდები კორონამდე პერიოდს. იმისთვის, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში აწარმოოს ჯგუფური სამუშაო, მას უნდა ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების სრული საშუალება. ჯგუფური მუშაობის დროს:

  • ჯგუფის წევრები სვამენ შეკითხვებს;
  • მასწავლებელი მოძრაობს საკლასო ოთახში, უსმენს ჯგუფების მსჯელობას;
  • მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციებს;
  • მასწავლებელი ვიზუალურად აკვირდება სამუშაო პროცესს, საკითხიდან აცდენის შემთხვევაში, ხელმეორედ სვამს შეკითხვას და ა.შ.

თიმსში ჩაშენებული სასაუბრო იძლევა საშუალებას გავაგზავნოთ დავალება, მოსწავლეებმა წერილობით დასვან შეკითხვები… ამავდროულად, მე როგორც პროცესის ფასილიტატორს, შემიძლია ნებისმიერ დროს შევუერთდე  საუბარს და ჩავერთო დისკუსიაში, მივცე ინსტრუქციები, მოვუსმინო მსჯელობას და ა.შ.

მასწავლებელი ნებისმიერ დროს უერთდება ჯგუფს.
სასაუბროში ჯგუფის შექმნა

 

სივრცე თანამშრომლობითი სწავლებისთვის:

მოსწავლეებს სჭირდებათ სივრცე, სადაც იმუშავებენ ჯგუფურად, უპასუხებენ შეკითხვებს, გამოიყენებენ ფოტო და ვიდეო რესურსებს და სტატიებს.

პადლეტის პლატფორმა არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ, რადგან მარტივია, არ საჭიროებს რეგისტრაციას და მოსწავლეებს აძლევს პრეზენტაციების აწყობის საშუალებას. როცა ჯგუფებს გავუგზავნით ბმულს სასაუბროში, ისინი ავტომატურად, ერთი დაჭერით, გადმოდიან ჯგუფისთვის განკუთვნილ ელექტრონულ დაფაზე.

პადლეტის ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ მე, როგორც ჯგუფური სამუშოს ფასილიტატორს, მაძლევს პროცესზე დაკვირვების საშუალებას. თვალნათლივ ვხედავ რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ.

საყურადღებო საკითხები

ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა და წარმართვა არ არის იოლი. ჩვეულებრივ საკლასო ოთახშიც არსებობს საშიშროება იმისა, რომ რომელიმე მოსწავლემ არ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, სხვების ხარჯზე ეცადოს ფონს გასვლა და ა.შ.

დისტანციური სწავლების პროცესშიც თავს იჩენს პრობლემები. მათგან თავის ასარიდებლად თქვენ უნდა შეთანხმდეთ მუშაობის პრინციპებზე, წესებზე. ურთიერთნდობაზე დამყარებული გარემო ყველაზე კარგი გამოსავალია.

მოსალოდნელი შედეგი                                                                       

მსგავსი აქტივობით ჩვენ მივიღებთ საკლასო/ჯგუფურ მუშაობასთან დაახლოებული აქტივობის იმიტაციას. აქტივობის განმავლობაში მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთნ, ინაწილებენ საკითხებს, უზიარებენ აზრებს და მოსაზრებებს. სწორედ მსგავსი აქტივობები აგვარიდებს თავს მათი ასოციალიზაციისაგან.

 

სასარგებლო რესურსები:

ინსტრუქციები პადლეტის შესახებ ქართულად იხილეთ აქ

პადლეტზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.padlet.com

მასწავლებლის სახლის ვებინარი: თემა: ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას.

https://www.facebook.com/tpdc.gov.ge/videos/600940103831835/

 

გამოყენებული წყაროები:

https://mastsavlebeli.ge/?p=1721  – ჯგუფური მუშაობის როლი სასწავლო ქმედებების ფორმირებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი