სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ღია საგანმანათლებლო რესურსები

ინტერნეტისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
სწრაფ განვითარებასთან ერთად, დამხმარე მასალების სასწავლო მიზნებით გამოყენება თითქმის
შეუზღუდავად ხდება. შესაბამისად, ინგლისურენოვან ინტერნეტში ამა თუ იმ რესურსის მოძიება
სირთულეს არ წარმოადგენს. საგანმანათლებლო რესურსების ძიებისას მნიშვნელოვანია მათი
ხარისხი, გამოყენების უფლება და სასწავლო მიზანთან თავსებადობა. ამასთანავე, სულ უფრო
პოპულარული ხდება ე.წ. თავისუფალი სასწავლო რესურსები, ანუ ისეთი მასალები, რომლებსაც
ავტორები ღიად გვთავაზობენ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ღია სასწავლო რესურსები,
ერთ-ერთი განმარტებით, არის ”სწავლის, სწავლებისა და კვლევისათვის გამოყენებადი რესურსები,
რომლებიც საჯაროა; ან ამ რესურსებს აქვს ინტელექტუალური საკუთრების ისეთი ლიცენზია,
რომელიც ნებას რთავს ნებისმიერ მომხმარებელს, თავისუფლად გამოიყენოს ისინი. ღია საგანმანათლებლო
რესურსები მოიცავს სასწავლო კურსებს, კურსების მასალებს, მოდულებს, სახელმძღვანელოებს,
ვიდეოებს, ტესტებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, სხვა საშუალებებს, მასალებს და ხერხებს,
რომლებიც მოსწავლის ცოდნას ზრდის”.

ღია პროგრამული უზრუნველყოფა, ძირითადად, მოიცავს
სასწავლო შინაარსის შექმნისა თუ მიწოდების ხერხებს, მისი მართვის სისტემებს, საძიებო
სისტემებს, შინაარსის განვითარების საშუალებებს და ასევე, ქსელურ, თანამშრომლობით სივრცეს.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი რესურსების კონცეფცია
ახლოსაა ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც ქართველი მასწავლებლებისთვის
ნაცნობია ლინუქსის ოპერაციული სისტემის მაგალითზე. განვითარების საწყის ეტაპზე კომერციული
პროგრამები, ხარისხითა და სანდოობით, ღია პროგრამებს უსწრებდა. თუმცა ახლა, ინტერნეტისა
და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მზარდი რაოდენობით იქმნება ისეთი
პროგრამები თუ რესურსები, რომლებიც კომერციულ ანალოგებზე უკეთესია. ამის მაგალითია
ინტერნეტ ბრაუზერები, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული _ მოძილა ფაიერფოქსი
სწორედ ღია კოდის პროგრამის პრინციპზეა აგებული.

ღია
განათლების დეკლარაცია

ღია რესურსების შექმნა, გარკვეულწილად, უკავშირდება
მოხალისეობას, ენთუზიაზმს და იმ ჰუმანისტურ წარმოდგენას, რომ, რაც შეიძლება, მეტი რესურსი
თუ პროგრამა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამასთანავე, ასეთი რესურსების შექმნას
ხელს უწყობს დონორი ან საქველმოქმედო ორგანიზაციებიც. 2007 წელს კეიპ თაუნის ღია განათლების
დეკლარაცია მიიღეს, რომლის თანახმადაც, ღია რესურსები სწავლასა და სწავლებაში რევოლუციას
ახდენს. განათლების მუშაკები ქმნიან და სხვებს უზიარებენ მზარდი რაოდენობის ღია რესურსებს.
ისინი ხელს უწყობენ ისეთი სამყაროს ჩამოყალიბებას, სადაც ყველას შეუძლია მიიღოს კაცობრიობისათვის
ხელმისაწვდომი ცოდნა.

ღია რესურსების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში, სადაც განათლებისათვის განსაზღვრული ფინანსური
რესურსები მწირია. ამასთანავე, ზოგჯერ მოსწავლემ, მასწავლებელმა ან განათლების ადმინისტრატორმა
არც კი იცის, რომ ღია რესურსები ხელმისაწვდომი და გამოყენებადია.

კეიპ თაუნის დეკლარაციის ავტორები მოუწოდებენ
განათლების სპეციალისტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სკოლებს, კოლეჯებს, უნივერსიტეტებს,
პროფესიულ გაერთიანებებს, მთავრობებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ფონდებსა და სხვებს,
გაიზიარონ მათი ხედვა, მიიღონ მონაწილეობა ღია რესურსების განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
განათლების სპეციალისტებისათვის ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ღია რესურსების შექმნას,
გაუმჯობესებას, აქტიურ გამოყენებასა და გაზიარებას. ასეთი რესურსების ხელმისაწვდომობა
გულისხმობს მათი თარგმნის, რედაქტირების საშუალებას და აგრეთვე მათ გავრცელებას აღიარებულ
ტექნიკურ პლატფორმებზე, ფართოდ გავრცელებულ ფორმატში (მაგალითად, mp3 _ მუსიკალური ფაილისათვის, html _ ვებ-გვერდისათვის და სხვ.).

ღია საგანმანათლებლო პოლიტიკის მიღებისას, მთავრობები,
სკოლები, უნივერსიტეტები ღია საგანმანათლებლო რესურსების პრიორიტეტულობას აღიარებენ.
ეს გულისხმობს ღია კურსების აკრედიტაციას და თავისუფალი სასწავლო რესურსების განთავსებას
სასწავლო ობიექტების საცავებსა თუ კოლექციებში.

მასწავლებლისათვის ღია საგანმანათლებლო რესურსების
შექმნის მოტივატორი შეიძლება იყოს როგორც ზემოთ ნახსენები ალტრუისტული მოსაზრებები,
ასევე საკუთარი ნაშრომის სხვებისათვის გაზიარების გზით ცნობადობის მოპოვება და ავტორიტეტის
ამაღლება. გარდა ამისა, რესურსის თავისუფლად გავრცელება მასწავლებელს საშუალებას აძლევს,
ნაყოფიერი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს კოლეგებთან, იღებდეს კომენტარებს და ითვალისწინებდეს
მათ.

განათლების სისტემისათვის ღია რესურსების მხარდაჭერა
მნიშვნელოვანია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით. მათი გამოყენება
ასევე ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის საზღვრების დაძლევას და
სიცოცხლის მანძილზე სწავლების შესაძლებლობების ზრდას.

 

ღია
სასწავლო რესურსების მაგალითები

ღია სასწავლო რესურსების მხარდაჭერის მაგალითს
წარმოადგენს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ღია კურსების პროგრამა, რომელიც 2002 წელს
დაიწყო. მსოფლიოში წამყვანმა ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა კურსების მთლიანი კატალოგი
ინტერნეტში განათავსა. ამჟამად აქ 2000 კურსია, რომლებიც სრულიად ღიაა მომხმარებლისათვის.
თითოეული კურსი მოიცავს ვიდეო ლექციებს, ლექციების ტრანსკრიპციას და დამხმარე შენიშვნებს,
ასევე საგამოცდო ინფორმაციას და პრობლემების გადაწყვეტას. პოპულარულ კურსებს შორის
შეხვდებით კომპიუტერულ მეცნიერებებსა და პროგრამირებას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ფილოსოფიას,
ფსიქოლოგიას და სხვ. (იხილე: ocw.mit.edu).
ვიდეო ლექციები ხშირად პოპულარულ ვებ-საიტ youtube-ზეც არის განთავსებული.

ღია საგანმანათლებლო რესურსებს, როგორც ათასწლეულის
განვითარების მიზნებისა (MDG)
და ”განათლება ყველასათვის” ინიციატივების განხორციელებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს,
მხარს უჭერს გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია
იუნესკო (UNESCO).

თავისუფალი სასწავლო რესურსების ერთ-ერთი მზარდი
და თანმიმდევრული კოლექცია განთავსებულია oercommons.org-ზე. ის 30 000-ზე მეტ თავისუფლად გამოყენებად
რესურსს მოიცავს, საშუალო სკოლისა და საუნივერსიტეტო დონეებზე. მათგან აღსანიშნავია
ღია სახელმძღვანელოები, რომელთა თემატიკა უკავშირდება როგორც სასწავლო დისციპლინებს,
ასევე გამოყენებითი ხასითის ცოდნას (მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ ეფექტიანად პოპულარულიMS Word პროგრამა აკადემიური ნაშრომის წერისას). ვებ-გვერდი
ასევე სთავაზობს მომხმარებელს მეთოდურ რეკომენდაციებს კლასის ორგანიზებასა და მართვაში,
სწავლების აქტიურ მეთოდებში და სხვ. აქვე ვნახავთ სატრენინგო მასალებს, თამაშებს, აუდიო
ჩანაწერებს, კურიკულუმსა და სტანდარტებს, საკითხავ ტექსტებს, გაკვეთილების გეგმებს,
სწავლებისა და სწავლის სტრატეგიებს, შეფასებებს.

უმაღლეს განათლებაში ღია რესურსების ყველაზე
პოპულარულ კოლექციად ითვლება მულტიმედია საგანმანათლებლო რესურსი ონლაინ სწავლისა და
სწავლებისათვის _ MERLOT (www.merlot.org).
აქ თავმოყრილია ღიად მოცემული, კოლეგების მიერ რედაქტირებული სასწავლო მასალები, პერსონალური
კოლექციები, სასწავლო სავარჯიშოები. ასევე შესაძლებელია ქსელური თანამშრომლობა და საკუთარი
სასწავლო მასალის შექმნა და განთავსება.

ღია რესურსების გამოყენება თანამშრომლობითი
ხასიათისაა და მომხმარებელთა თუ ექსპერტთა ქსელების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

 

ღია
სასწავლო რესურსის მახასიათებლები

ღია სასწავლო რესურსების რაოდენობის ზრდასთან
ერთად ექსპერტები და პრაქტიკოსები მათთან დაკავშირებულ პროექტებს სულ უფრო მეტად იკვლევენ
და აანალიზებენ. იკვეთება მათი მახასიათებლებიც. ეკონომიკური განვითარებისა და კოოპერაციის
ორგანიზაციის (OECD) განმარტებით,
ასეთი მახასიათებლებია:

•           ლიცენზია.ღია საგანმანათლებლო რესურსის გამოყენების ლიცენზიაში ზუსტად უნდა იყოს ასახული მისი
ადაპტაციისა და ხელახალი გამოყენების ნებართვის პირობები.

•           ფაილის
ფორმატი. ღია საგანმანათლებლო რესურსი უნდა გამოქვეყნდეს ისეთ ფორმატში, რომლის
გახსნა, გადმოწერა და რედაქტირება ყველას შეუძლია დამატებითი კომერციული პროგრამული
უზრუნველყოფის დაინსტალირების გარეშე.

•           დანაწევრებულობა.იმისათვის, რომ ხელახლა ადვილად გამოვიყენოთ, ღია საგანმანათლებლო ობიექტი მცირე ნაწილებად
უნდა იყოს წარმოდგენილი, ან მცირე ნაწილებად მისი დაყოფა იოლად უნდა შეიძლებოდეს.

•           მოძიებადობა.
ღია საგანმანათლებლო რესურსის პოვნა ადვილი უნდა იყოს.

•           ეფექტიანობა.ღია საგანმანათლებლო რესურსი ეფექტიანი უნდა იყოს სწავლებისა და სწავლისათვის.

სასწავლო რესურსის დამატებითი მახასიათებლებიდან
მასწავლებლისათვის მნიშვნელოვანია მისი გამოყენების არეალი: კლასი, საგანი ან ინტეგრირებული
საგნები და ასევე, მისი გამოყენების ხანგრძლივობა: გაკვეთილის ნაწილი, მთელი გაკვეთილი,
ან თუნდაც მთელი სემესტრი.

ლიცენზიის საკითხი ინტელექტუალურ საკუთრებას
უკავშირდება და მას ყურადღების მიქცევა თუნდაც იმიტომ სჭირდება, რომ საავტორო უფლებების
დაცვა სამყაროს პროგრესის მნიშვნელოვანი საწინდარია.

ლიცენზირება

ღია საგანმანათლებლო რესურსების გავრცელებას
ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ინტელექტუალური საკუთრების ახალი ტიპის ლიცენზიების შექმნამ.
ასეთი ტიპის ლიცენზიები, ძირითადად, Creative Commons (CC)
მოძრაობას უკავშირდება. ისინი ზუსტად განსაზღვრავს ავტორის მიერ საკუთარი გამოქვეყნებული
ნაშრომის გამოყენების პირობებს, რომლებიც განსხვავდება ტრადიციული _ კომერციული პირობებისაგან,
თუმცა ავტორს საავტორო უფლებები უნარჩუნდება. არსებობს რამდენიმე ლიცენზია და მათი
შესაბამისი აბრევიატურები.  

ლიცენზია განსაზღვრავს იმ უფლებებს, რომლებსაც
ნაწარმოების ავტორი ამ ნაწარმოების ხელახალი გამოყენების მსურველ პირს გადასცემს. ამ
შემთხვევაში, პირველ რიგში, მიუთითებენ Creative Commons-ს (ე.წ. შემოქმედებით გაზიარებას), რაც მის
თავისუფალ გავრცელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ თუ ავტორი ითხოვს საკუთარი სახელის
მითითებას მის მიერ შექმნილი სასწავლო ობიექტის გამოყენებისას, ლიცენზიას ემატება პუნქტი
_ ავტორობის მითითებით (აბრევიატურა BY).
თუ ავტორი საკუთარი ნაწარმოების მხოლოდ არაკომერციულ გამოყენებას მოითხოვს, მაშინ ეს
მოთხოვნაც შესაბამისი პუნქტით აღინიშნება _ არაკომერციული გამოყენებისათვის (NC). ობიექტის გადამუშავების შესაძლებლობებს დამატებითი
პირობები განსაზღვრავს. თუ ავტორი მისი ნაწარმოების გადამუშავებას ზღუდავს, მას შეუძლია
მიუთითოს _ გადამუშავების გარეშე (ND).
თუ ავტორი საკუთარი ნაწარმოების ყოველ მომხმარებელს უფლებას აძლევს, გადააკეთოს ის
და ამავე დროს გაზიარების იმავე პირობების შენარჩუნებას ითხოვს, მაშინ ლიცენზიას ემატება
აღნიშვნა _ იმავე პირობებით გაზიარება (SA).
მაგალითად, სასწავლო მასალების რომელიმე კოლექციაში აღმოჩენილ რესურსს შეიძლება ჰქონდეს
მითითებული CC BY-NC-SA და შესაბამისი
ლოგოტიპები. ეს ნიშნავს, რომ რესურსის გამოყენებისას აუცილებელია ავტორის მითითება,
არ შეიძლება მისი გამოყენება კომერციული მოგების მისაღებად და გადაკეთებული რესურსის
შემდგომი გავრცელებაც ამავე ლიცენზიით უნდა მოხდეს.

ზოგჯერ ვხვდებით საჯარო საკუთრებას (Public
Domain), როცა ავტორი ყოველგვარ შეზღუდვას
ხსნის საკუთარი ნაწარმოების გამოყენებაზე.

ლიცენზიების ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო
ობიექტების შერჩევისას, ასევე საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნების დროსაც. მითითებულიCreative Commons სტანდარტი ცნობილი
და გავრცელებულია ინტერნეტში (იხ. https://creativecommons.org).

ღია საგანმანათლებლო რესურსებს გარკვეული შეზღუდვებიც
აქვს. არაინგლისურენოვან ქვეყნებში მათი გამოუყენებლობა ცნობილი პრობლემაა. მის დასაძლევად
რამდენიმე პროექტი ხორციელდება, რომლებიც ხელს უწყობს არსებული მასალების სხვადასხვა
ენაზე თარგმნას და ახალი, მრავალენოვანი რესურსების შექმნას. ამავე დროს, ინგლისური
ენის სწავლა ბევრ ქვეყანაში პრიორიტეტულია, მათ შორის საქართველოშიც. აღსანიშნავია
ისიც, რომ ზოგჯერ რესურსის მოსაძიებლად საგნის ძირითადი ტერმინოლოგიის ცოდნაც საკმარისია. 

მნიშვნელოვანი საკითხია სასწავლო რესურსების
ინდექსირება და კოლექციებში თუ პორტალებზე მათი განთავსება. სასწავლო რესურსების იმ
პორტალებზე, რომლებსაც ოფიციალური სტრუქტურები უჭერს მხარს, სასწავლო მასალები, ძირითადად,
ღია ლიცენზიებით არის წარმოდგენილი და ისეა ინდექსირებული, რომ მათი მოძიება სხვადასხვა
საძიებო სიტყვით იყოს შესაძლებელი.

ქართველი მასწავლებლებისათვის ნაცნობი პორტალიLeMill.net საკუთარი სასწავლო
რესურსების განთავსებისა და საინტერესო მასალების მოძიების საშუალებას გაძლევთ. LeMill-ზე რესურსების განთავსება სწორედ ზემოთ ნახსენებიCreative Commons-ის ერთ-ერთი ლიცენზიის პირობებით ხდება, რაც
მათ გაზიარებას თავისთავად გულისხმობს.  

ღია რესურსების შესაქმნელად საჭირო ტექნიკური
ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამდენად, მოსალოდნელია,
რომ ღია რესურსების ხარისხი დაიხვეწება, გამოყენების სფეროები გაფართოვდება და უფრო
მრავალფეროვანი გახდება. ამ პირობებში, სწორედ მასწავლებელზეა დამოკიდებული, რამდენად
შემოქმედებითად გამოიყენებს სასწავლო მასალების წყაროებს და თვითონაც იქნება ასეთი
მასალების ავტორი, მით უფრო, რომ ამგვარ სასწავლო-შემოქმედებითი საქმიანობას მასწავლებლის
განვითარების პროფესიული სქემაც უჭერს მხარს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი