ვწერ მასწავლებლისთვის – ირმა კახურაშვილი

ვერავის წარმოგვედგინა, რომ ნაჩვევი ყოველდღიურობის დეკორაციას რამე შეცვლიდა. ახლა, თავისუფლება დამშეულებს, მხოლოდ ორი ყოვლისშემძლეს იმედი დაგვრჩენია – მეცნიერების და, ცოტაც, ღმერთის.

მე ვწერ მასწავლებლისთვის იმიტომ, რომ მჯერა – მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებულ ცდებს შეუძლია მორყეული სამყაროს იმუნური სისტემის რეანიმირება, იმ გლობალური დრამატული საფრთხეების შემცირება, რომელმაც ყველა კონტინენტი თანაბრად დააზარალა.

ნამდვილი გმირები ნამდვილი მასწავლებლები არიან. ახლა ისინი თავგანწირვით და თმენით ცდილობენ აითვისონ ცოდნის გადაცემის ახალი ხელოვნება, გადალახონ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები, გაიკვლიონ გზა, რომელზეც არასოდეს უვლიათ, შეუნარჩუნონ ჩვენს შვილებს სასწავლო რიტმი, აჩვენონ, რომ ცოდნის მიღების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, რომ სწავლა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, არის და იქნება მაშინაც, როდესაც ისინი სკოლის მოსწავლეები აღარ იქნებიან, არც სამყარო იქნება ისეთი, როგორიც ახლა ჩვენი ფანჯრიდან ჩანს.

ის ერთი კარგი მასწავლებელი, ყველას რომ უპირობოდ გვყავდა სკოლაში, იყო ჩვენი იმედი და დარჩა ბედნიერ მოგონებად, უხილავ სტიმულად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შესაძლოა, სწორედ იმ ერთმა მასწავლებელმა გვაზიარა რაღაც ახალს და ძალიან მნიშვნელოვანს, დროულად ჩათესა მარცვალი, რომელმაც მარად მსხმოიარე, უამინდობაში უშიშრად მოშრიალე, დიდტოტებიან ხედ გადაგვაქცია. სწორედ იმ ერთი მასწავლებლის ცნობიერების სიფხიზლემ, სამაგალითო განვითარების სურვილმა, შემოქმედებითობამ და პოზიტიურმა ენერგიამ შეცვალა ჩვენი შინაგანი ლანდშაფტი. ის ერთი მასწავლებელი იყო  პროდუქტიული ცოდნის გენერატორი, რომელმაც პირადად დაგვარწმუნა ამავე მის სარგებლიანობაში.

განათლების, ცოდნის, როგორც კაპიტალის მნიშვნელოვნება, ყოველთვის თვალსაჩინო იყო და ახლა კი, პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენი ცხოვრება სოციალურ ქსელებში მიმოფანტულ სიახლეებს გამოება, ასმაგად ხილული გახდა. საუკეთესო სასკოლო მოდელი – აღმოჩენის გზით სწავლება – დღეს ვირუსთან გამკლავების სტრატეგიაშიც აქტუალურია. ჩვენი მომავალი სიმშვიდე და კომფორტული ცხოვრება ახლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერული ცოდნის სწორ გამოყენებასთან.

და ალბათ, ახლა ყველაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლება მიმართულია არა მხოლოდ კეთილდღეობაზე, არამედ, დავამატებდი – ქაოსის წინააღმდეგ.

ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ სკოლას და მასწავლებელს იყოს უნივერსალური, მაგრამ იმის შანსი, რომ იყოს უკეთესი, გვაქვს.

ამ იმედზე დაყრდნობით ვწერ მასწავლებლისთვის.

 

ირმა კახურაშვილის წერილები

კომენტარები

comments