ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელთა განათლება გერმანიაში

გერმანიაში მასწავლებელი სახელმწიფო მოხელეა. ეს ფაქტი უკვე მეტყველებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მასწავლებელი და, საზოგადოდ, მასწავლებლის პროფესია. მასწავლებელს სახელმწიფო მოხელის სტატუსი მთელი სიცოცხლის მანძილზე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მასწავლებელს მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავს.
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი “Zeit” 2010 წელს წერდა: “მეთოდიკა, დიდაქტიკა თუ სასკოლო რეფორმა ვერაფერს გახდება, თუ თავად მასწავლებელი არ იქნება ძლიერი პიროვნება” (Burmeisetr Simon, “ZeiT”, 2010). მასწავლებელთა განათლების პროგრამებს მრავალრიცხოვან მხარდამჭერთან ერთად არაერთი კრიტიკოსიც ჰყავს, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს სამ ძირითად პრინციპს:
. მასწავლებელმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს საგანი;
. მასწავლებელს უნდა შეეძლოს წარმატებული სასწავლო პროცესის წარმართვა;
. მასწავლებელი უნდა იყოს ძლიერი პიროვნება.
მესამე პრინციპი, რომელიც მასწავლებლის პიროვნებას ეხება, სიახლეა მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში და საგნის ცოდნასა და სწავლების მეთოდების ფლობასთან არის გათანაბრებული. უნივერსიტეტის დონეზე მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში მასწავლებელთა პიროვნული განვითარებისთვის მიმართულებათა მთელი წყებაა გათვალისწინებული: რიტორიკა, სტრესის დაძლევის მეთოდები, დროის მენეჯმენტი და ა.შ.
მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობისა, გერმანიაში მასწავლებელთა ნაკლებობაა. მაგალითად, 2009 წელს მთელი გერმანიის მასშტაბით (16 დამოუკიდებელი მიწა, 85 მილიონი მოსახლეობა) დაახლოებით 100 000 გაკვეთილი გაცდა მასწავლებელთა უკმარისობის გამო.
გერმანიის განათლების სისტემის ერთ-ერთი თავისებურება და თანამედროვე გამოწვევაა ქვეყანაში მიგრანტთა სიმრავლე. დღევანდელ ბერლინში, მაგალითად, არის გერმანული სკოლები, სადაც გერმანული წარმოშობის არც ერთი მოსწავლე არ სწავლობს. ასევე არის ე.წ. შერეული ტიპის სკოლები. მასწავლებელთა სიმცირისა და მიგრანტთა ამგვარი დინამიკის გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გამოიყენოს მიგრანტ მასწავლებელთა რესურსი და ჩართოს ისინი სასწავლო პროცესში, რისთვისაც შეიქმნა მასწავლებელთა კავშირი, რომელიც არაგერმანული წარმოშობის მასწავლებლებს აერთიანებს. მიგრანტ მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართული არიან როგორც განათლების, ასევე ინტეგრაციისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები.
“მე წარმატებული მასწავლებელი ვარ, შენც შეგიძლია გახდე ასეთი!” _ ამ დევიზით დაარსდა 2007 წელს მიგრანტ მასწავლებელთა კავშირი და იგი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია გერმანიის განათლების სისტემაში.
“მასწავლებლები, რომლებიც ეროვნული უმცირესობებს მიეკუთვნებიან, საუკეთესო რესურსია ჩვენი სკოლებისთვის. ისინი განასახიერებენ ჩვენი საზოგადოების მრავალმხრივ კულტურას. ეს მასწავლებლები თავიანთი პროფესიული და კულტურული გამოცდილებით მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენენ სკოლასა და ეროვნულ უმცირესობათა ოჯახებს შორის. მიგრანტი მასწავლებლები საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ წარმატებებს აღწევენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები გერმანიაში”, – ამბობს სილვია ლორმანი, ნორდრაინ-ვესტფალიის მხარის სკოლისა და პროფესიული განვითარების მინისტრი.
გერმანიის ეკონომიკაზე მიგრანტ მასწავლებელთა ასეთი დასაქმება დადებითად აისახა. რაც მეტი წარმატებული ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ჰყავს გერმანიას, მით უფრო იკლებს მათი სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები; პირიქით, ისინი სახელმწიფოს უხდიან გადასახადებს და თავადაც კეთილდღეობაში ცხოვრობენ.
გერმანია 16 დამოუკიდებელ მიწად არის დაყოფილი და თითეულ მათგანს საკუთარი განათლების სამინიტრო და მასწავლებელთა მომზადების ინდივიდუალური პროგრამა აქვს, თუმცა ყველა მათგანი შედის ერთიან სისტემაში, სადაც სხვადასხვა მიწის განათლების სისტემები გამოცდილებასა და მიღწევებს ერთმანეთს უზიარებენ. დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა ნორდრაინ-ვესტფალიის განათლების სისტემა, რომლის ცენტრი დიუსელდორფში მდებარეობს. ნორდრაინ-ვესტფალიაში 6500 სკოლა ფუნქციობს და 190 000 მასწავლებელია დასაქმებული.
“ჩვენთვის მხოლოდ ის როდია მნიშნელოვანი, რომ მასწავლებელთა მომზადების საუკეთესო მოდელი შევქმნათ; ჩვენი თავსატეხია ისიც, როგორ გავხადოთ მასწავლბელის პროფესია მომავალი თაობისათვის მიმზიდველი. თუ ასე არ მოხდა, მასწავლებელთა არსებული დეფიციტი უკეთესობისკენ არ შეიცვლება და სერიოზულ პრობლემებს შევეჯახებით”, – ამბობს სამინისტროს მასწავლებელთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ედვინ სტილერი. საუნივერსიტეტო განათლება არის ფუნდამენტი, საფუძველი საიმისოდ, რომ მასწავლებელმა წარმატებით განახორციელოს თავისი საქმიანობა, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ფუნდამენტია; თუ მასზე მყარი კედლები არ აიგო, სახლი ვერ აშენდება. მასწავლებლის პროფესია პრაქტიკული პროფესიაა; შესაბამისად, მასწავლებელთა განათლების მთავარი ქვაკუთხედი სასკოლო პრაქტიკაა.
მასწავლებელთა მომზადების ახალი სისტემა, რომელიც ნორდრაინ-ვესტფალიის განათლების სისტემამ შეიმუშავა, უმთავრესად პრაქტიკაზეა ორინტირებული და რამდენიმე საფეხურისგან შედგება.
. სანამ აბიტურიენტი გადაწყვეტს, მასწავლებლის პროფესიას დაეუფლოს, იგი ვალდებულია სკოლაში გაიაროს ორკვირიანი შესავალი პრაქტიკა პროფესიაში. ამ პრაქტიკის დროს აბიტურიენტი აკვირდება სასწავლო პროცესს როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლისა და დირექციის პერსპექტივიდან, იღბს პირველ ინფრომაციას იმაზე, როგორ იგეგემება სასწავლო პროცესი. ორკვირიანი შესავალი პრაქტიკა სკოლის მიერ არ ფასდება; მას ერთადერთი მიზანი აქვს – დააწმუნოს აბიტურიენტი, რომ მისი გადაწყვეტილება, გახდეს მასწავლებლი, ჭეშმარიტია.
მასწავლებლის პროფესიის დაუფლებას ბევრი სტუდენტი ცდილობს, მაგრამ ამ გზას მხოლოდ ნაწილი მიჰყვება ბოლომდე. დანარჩენები ან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე გადადიან სხვა ფაკულტეტზე, ანდა საქმიანობის დაწყებიდან სამი წლის განმავლობაში ანებებენ თავს მასწავლებლობას და სხვა მიმართულებას ეუფლებიან. სტუდენტთა ეს დინამიკა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება, საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი კი მაინც არ ჰყავს, ამიტომ იგი ხელს უწყობს სტუდენტს, თავიდანვე გააცნობიეროს, რას ნიშნავს მასწავლებლობა, რა სირთულეები ახლავს და რა სარგებლობა მოაქვს ამ პროფესიას. ასეთი პოლიტიკის მიზანია, სახელმწიფომ არა მარტო მოამზადოს მასწავლებელი, არამედ შეინარჩუნოს კიდეც.
. პრაქტიკის მოდმევნო ეტაპს მომავალი მასწავლებელი ბაკალავრიატში სწავლის დროს გადის. ეს პრაქტიკა ოთხ კვირას გრძელდება და მისი მიზანია, სტუდენტმა პირველი ორიენტაცია მიიღოს მასწავლებლის პროფესიის შესახებ. ამ პრაქტიკას აფასებენ მენტორ-მასწავლებელი და უნივერსიტეტის პროფესორი და გავლენას ახდენს სტუდენტის საბოლოო შეფასებაზე. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტს საშუალება აქვს, ჩაატაროს მცირე მასშტაბის პრაქტიკული გამოკვლევა სკოლაში მენტორის ხელმძღვანელობით. პრაქტიკის შედეგები სტუდნტის პორტფოლიოში აისახება.
იმისთვის, რომ სტუდენტმა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს, აუცილებელია მაგისტრის ხარისხი. მაგისტრატურაში სწავლის პირველივე სემესტრიდან მომავალი მასწავლებელი თითქმის ნახევარ დროს სკოლაში ატარებს. სამაგისტრო ნაშრომისთვის მას სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება. ამ დროისთვის სკოლას იგი თავის მომავალ სამუშაო ადგილად მოიაზრებს.
პრაქტიკის ყველა დონისთვის არსებობს მისაღწევი სტანდარტები და სტანდარტების შესრულების ინდიკატორები. მაგალითად, მაგისტრატურადამთავრებული სტუდენტის მისაღწევი სტანდარტი და ინდიკატორები ასეთია:
. სტანდარტი: სტუდენტს შეუძლია მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებისა და საჭიროებების დადგენა (მაგალითად, ასაკობრივი ჯგუფი, სოციალური მდგომარეობა) და მათ შესაბამისად მოქმედება.
. ინდიკატორები: სტუდენტი ატარებს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა გამოკითხვას მათი საჭიროებების დადგენის მიზნით.
სტუდენტი აკვირდება ცალკეული მოსწავლეების ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში სასწავლო პროცესის დროს და აკეთებს ჩანაწერებს მათზე.
სტუდენტი ეხმარება მოსწავლეებს დავალებათა შესრულების დროს თავჩენილი სირთულეების გადალახვაში.
მას შემდეგ, რაც სტუდენტი უნივერსიტეტში თეორიული ნაწილის შესწავლას დაასრულებს, მისთვის იწყება განათლების ახალი და დამამთავრებელი საფეხური. ეს არის მაძიებლობის პერიოდი. ნორდრაინ-ვესტფალიაში მომავალი მასწავლებელი 18 თვის განმავლობაში მუშაობს სკოლაში მაძიებლად და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა უფლება, დამოუკიდებელი მასწავლებელი გახდეს. განათლების რეფორმატორების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თვრამეტთვიანი მაძიებლობის პერიოდი ართულებს მასწავლებელთა მომზადების პროგრამას და ამის გამო შესაძლოა მრავალმა აბიტურიენტმა თქვას უარი მასწავლებლის პროფესიის დაუფლებაზე, მაგრამ ამ იდეის დამცველთა არგუმენტი არანაკლებ ძლიერია: იმისთვის, რომ მასწავლებელმა დამოუკიდებლად და, რაც მთავარია, მაღალკვალიფიციურად იმუშაოს ბავშვთან, აუცილებელია საფუძვლიანი მომზადება და ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია მაძიებლობა, როცა მომავალი მასწავლებელი საბოლოოდ დახელოვნდება პროფესიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი