პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ონლაინ გაკვეთილის სტრუქტურა

ონლაინ „ლიანდაგზე“ სწავლა-სწავლების პროცესის გადაწყობის პროცესში ყველაზე დიდი სირთულე სწორი ემოციური განწყობის „დაჭერა“ აღმოჩნდა. ონლაინ გაკვეთილებისთვის მყისიერად ვერ განვეწყვე და რამდენიმე გაკვეთილი მოსწავლეებს დისტანციური ფორმატის პრინციპით შევთავაზე – შევქმენი ვირტუალური საკლასო ოთახი, დავიმატე კლასები, ცოტაოდენი დრო დავხარჯეთ იმის გარკვეევაში, ვის სად უნდა ენახა, აეტვირთა და გადმოეგზავნა დავალებები, როგორ უნდა გადმოეგზავნათ სწორად შესრულებული წერითი დავალებები და როგორ მიიღებდნენ უკუკავშირს ჩემგან.

შედეგად:

1.შევარჩიე გუგლის საკლასო ოთახი – მოსახერხებელი ფუნქციები აქვს. იმატებთ მოსწავლეებს, ქმნით კლასებს, არის ინფორმაციის გაცვლის გვერდი, საშინაო დავალებების ატვირთვის საშუალება, ყველა საჭირო მასალა, ინსტრუქცია, მითითება შეიძლება აიტვირთოს ცალკე „განყოფილებებში“, უფასოა, მარტივია „ნავიგაცია“, მოსახერხებელია ორივე მხარისთვის.

2.დავალებების ატვირთვა ვითხოვე დრაივზე – რედაქტირების უფლების ჩართვით, რადგან ვორდის ფაილებად გადმოგზავნილის გადმოტვირთვა, გასწორება და უკან გადაგზავნა ბევრ დროს მაკარგვინებდა. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ სამუშაო რვეულში დაწერილი დავალებას გადაუღონ სურათი და გადმომიგზავნონ, ასეთ დროს ხმოვან ფაილს ვუგზავნი პასუხად და ასევე, შეუძლიათ ვიდეოჩანაწერი გააკეთონ და გადმომიგზავნონ.

 თეორია და საჭირო ცნობები

დისტანციური გაკვეთილებისთვის მოვამზადე რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებიც ავტვირთე იუტუბის არხზე. ვიდეოჩანაწერებით ვპასუხობ მოსწავლეების დასმულ კითხვებს ან ვაწვდი საჭირო ინფორმაციას. ფორმატი მოსახერხებელი და საინტერესოა – ტექსტს ჯერ პრეზენტაციად ვამზადებ, შემდეგ ვიდეოფაილად ვინახავ და ვტვირთავ.

 

დისტანციური „არხის“ კარგად აწყობის შემდეგ, უკვე „კარგად გახურებულმა“ „მხარეებმა“ გადავწყვიტეთ ონლაინ შეხვედრების ორგანიზება.

შევარჩიეთ პლატფორმა და ცხრილი.

პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, რომ ყველა მოსწავლე ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილს და მათთვისაც ხელმისაწვდომი რომ იყოს ონლაინ გაკვეთილზე დამუშავებული საკითხები, ვაკეთებ შემდეგს:

 

ყოველი ონლაინ შეხვედრის შემდეგ ვამზადებ პრეზენტაციას, ვაწვდი მოსწავლეებს ( ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის მეშვეობით) და ვთხოვ, კითხვებად ჩამოაყალიბონ, რა ვერ გაიგეს ან რაზე ისურვებდნენ დამატებით ინფორმაციის მიღებას. მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გასაცემად ასევე, ვიშველიებ ვიდეოჩანაწერებს.

 

 

ნიმუში:

 

რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილისთვის მომზადებას, გაკვეთილის სტრუქტურას და მიმდინარეობას.

ამ შემთხვევაში რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექი.

  1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საპროგრამო ტექსტების, მისაღწევი შედეგებისა და სხვა ასპექტების გაანალიზების შედეგად ონლაინ და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესით „ცოცხალის“ ჩანაცვლების ილუზია და მოლოდინი თავიდანვე უკუვაგდე. ასეთ ვითარებაში ჩემს ამოცანად დავსახე უკვე ნასწავლი მასალის განმტკიცება და რამდენიმე საგნობრივ კომპეტენციასა და სასწავლო შედეგზე ორიენტირება ( დავგეგმე კლასების მიხედვით).
  2. გარდა ზოგადი მონახაზისა, საკუთრივ ონლაინ გაკვეთილის სტრუქტურაზე ზრუნვა – როგორ უნდა გამოვიყენო ნაყოფიერეად, შედეგიანად, ეფექტიანად და ეფექტურად ონლაინ გაკვეთილისთვის გამოყოფილი დრო?

 

ონლაინ გაკვეთილი – გეგმა, პროცესი, შედეგი

 

ონლაინ შეხვედრის თავისებურებიდან გამომდინარე, პრობლემად ისახება სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყოფილი წუთების სწორად გადანაწილება.

 

რისი გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ დრო სწორად გადავანაწილო?

 

მნიშვნელოვანია:

1.წინასწარ განვსაზღვრო, რა არის ჩართვის მიზანი. მიზნად დავისახო ერთი კონკრეტული ( ან მინიმალური რაოდენობის) ამოცანა.

არსებობს გაკვეთილები, რომლებსაც კალეიდოსკოპს ან ფეიერვერკს შევადარებდი –  უამრავი  საინტერესო აქტივობით დატვირთული,  ფერადი, სახალისო, შემეცნებითი, დინამიკური, ერთი საერთო თემის ირგვლივ შეკრებილი ბევრი სავარჯიშო, რესურსი, თეორია. ეს სტილი ამ შემთხვევაში რთულად განსახორციელებელი მგონია და თუ ისევ სურათხატს მოვიშველიებ, ლუპა-გაკვეთილი უფრო მეტად შესაფერისი უნდა იყოს. ჩავუღრმავდეთ, ვიკვლიოთ, გამოწვლილვით შევისწავლოთ ერთი ცნება, ერთი ტერმინი, ერთი თემა, მაგრამ – საფუძვლიანად, ღრმად.

 

  1. მოსწავლეებს წინასწარ გავაცნო მოსალოდნელი შეხვედრის გეგმა და სტრუქტურა

ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა წინასწარ ვიცი, როდის რას გავაკეთებ უახლოესი რამდენიმე წუთის განმავლობაში, მეტად მობილიზებული და „მიმღები“ გავხდები. სტრუქტურა, ფორმა სტაბილურობის განცდას ბადებს.

ნიმუში:

3.წინასწარ მივაწოდო ცნობა – რას შეისწავლიან/გაიხსენებენ/განიმტკიცებენ, რა ახალ ცნებას შეიტყობენ

შემეცნებითი უნარების გასააქტიურებლად, მოტივაციის შესაქმნელად, სწორი განწყობის „დასაჭერად“ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას შეიტყობს, რა თეორიულ ან შინაარსობრივ ცოდნას გაითავისებს, რა იქნება ის, რასაც გაკვეთილის დრო დაეთმობა.

4.მივაწოდო ინფორმაცია იმაზე, რატომაა მნიშვნელოვანი/საინტერესო/სავალდებულო იმის ცოდნა, რასაც მივაწვდი

ჩვენ გვჭრდება იმის გაცნობიერება, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ან სასარგებლო გარკვეული ძალისხმევის გაღება. თუ მეცოდინება, რას მივიღებ სანაცვლოდ, რატომ უნდა შევიმეცნო, მეტი ყურადღებითაც მოვისმენ/შევასრულებ/გავითავისებ.

 

პროცესის დაგეგმვა ისეა სასურველი, რომ ცოდნის სამი კატეგორიიდან(დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) გამომდინარე კითხვებს მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს დამოუკიდებლად უპასუხოს.

ეს კითხვებია – რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

 

ამისთვის თვითრეფლექსიის ტექნიკა და სავარჯიშოები შეიძლება მივცეთ საშინაო დავალებად.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი