ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

„ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის“იაპონია და განათლება

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყოფნის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მქონდა, სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ უზომოდ შემყვარებოდა ეს ქვეყანა. დაუვიწყარია შეხვედრები იაპონელ ბავშვებთან, განათლების ექსპერტებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და შეხვედრა „იაპონური ფონდის” თანამშრომლებთან, რომელთა წყალობითაც შევძელი, გავცნობოდი იაპონიას და მის საგანმანათლებლო სისტემას. ერთიცაა, რაც უფრო მეტს და ახლოს ვეცნობოდი იაპონიას, მით უფრო მეტი მინდოდა მცოდნოდა მის შესახებ.

 

 

ყველგან, სკოლებში, ოჯახებში, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე, ვეძებდი პასუხს კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ამ ხალხმა ასე მცირე დროში შეექმნა ის სასწაული, რომელიც ვნახე და რომელსაც თანამედროვე იაპონია ჰქვია და რა ადგილი უჭირავს ამ წარმატებაში განათლებას?

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში, ყველაზე პრიორიტეტული და აქტუალური განათლების ახალი სისტემის შექმნა, ჩამოყალიბება და ძირეული რეფორმა იყო. მორალურად თუ ფიზიკურად დამარცხებულ და დაზიანებულ ქვეყანას მომავლის საიმედო ბაზისებზე დაშენება სჭირდებოდა. ყველაზე მყარ და საიმედო ბაზისად, ახალი სახელმწიფო მშენებლობისთვის, განათლების სისტემა იქნა მიჩნეული, რომლის რეფორმირებაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში უდიდესი დახმარება იაპონელ ხალხს ამერიკის სახელმწიფომ აღმოუჩინა. განათლების პოლიტიკა ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას, სიტყვის, შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლებას დაეფუძნა. ომის შემდეგ განათლების სისტემაში გაჩნდა ასეთი დევიზი: „ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის”. ამ სულისკვეთებას ადამიანი თანამედროვე იაპონიაში ყველგან იგრძნობს .

 

რას წარმოადგენს იაპონური სკოლა დღეს?

სასწავლო პროგრამებსა და განათლების ორიენტირებს სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს. რომლის მონიტორინგსა და განახლებაზე ყოველ 10 წელიწადში ზრუნავს განათლების სამინისტრო. რეფორმის ფარგლებში ხდება ყველა საკითხისა და პრობლემის დამუშავება, რაც, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, რის შემდეგაც ცვლილებებს საკანომდებლო ხელისუფლება ამტკიცებს. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია იაპონიის განათლების სისტემის მიზნები, აღზარდოს:

• სიცოცხლის მოყვარული;

• ფიზიკურად ჯანმრთელი და განვითარებული;

• აკადემიურად წარმატებული;

• სულიერად განვითარებული და მორალური;

• საზოგადოებრივად მოაზროვნე და თვითკრიტიკული პიროვნება.

 

პრეფექტურებს (რეგიონულ მმართველობებს), ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, შეუძლიათ, განსაზღვრონ საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკაც. პრეფეფექტურის გეოგრაფიული, ეკოლოგიური ან ტრადიციული სპეციფიკიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ პრეფექტურის განათლების დეპარტამენტებს მინიჭებული აქვთ მასწავლებლობის სერტიფიკატის გაცემის, ადამიანური რესურსების მოძიებისა და დასაქმების უფლება.

 

მასწავლებელს იაპონიაში დიდი ავტორიტეტი აქვს, ალბათ ამას ისიც განაპირობებს, რომ ძალიან რთულია, ადამიანმა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. უნივერსიტეტში 4 წლის სწავლის შემდეგ, სადაც ახალგაზრდები კონკრეტულ მეცნიერებასთან ერთად, პედაგოგიურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და სკოლის სასწავლო პროგრამის ზოგად კურსს ეუფლებიან, მასწავლებლობის უფლების მოპოვებისა და დასაქმებისთვის, აბარებენ სამ ურთულეს გამოცდას პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, კონკრეტულ საგანსა და ზოგად განათლებაში.

 

განათლების მიხედვით ხდება პედაგოგთა განაწილება სკოლებშიც. იაპონური სკოლა დაყოფილია საფეხურების მიხედვით. დაწყებითი სკოლა (1-6 კლასი); საბაზო სკოლა (7-9 კლასი); საშუალო სკოლა (10-12 კლასი). ყველაზე დიდი მოთხოვნები და რთული კონკურსი საშუალო სკოლის მასწავლებლების მიმართ ხორციელდება. დაწყებითი და საბაზო სკოლებისგან განსხვავებით, საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, მოსწავლეებიც 5 გამოცდას აბარებენ, რაშიც გასაუბრებაც შედის. საშუალო სკოლაში სწავლა ფასიანია. გადასახადის ოდენობა კი განისაზრვრება სკოლის პროფილის მიხედვით, რასაც მოსწავლეები ზოგადი განათლების პარალელურად ეუფლებიან. მაგალითად, თანამედროვე ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარულია ტექნიკის, სოფლის მეურნეობისა და კომერციის პროფილის სკოლები. საშუალო სკოლაში მათემატიკური და ტექნიკური საგნები განსაკუთრებული სირთულით ისწავლება. საბაზო სკოლაში კი მეტი დათვირთვა აქვს იაპონურ ენასა და ლიტერატურას, ასევე, საფუძვლიანად ისწავლება იაპონიისა და მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია, პოლიტეკონომია და ესთეტიკური მეცნიერებები. ხოლო დაწყებით სკოლაში მთელი აქცენტი გადატანილია იეროგლიფების შესწავლასა და კალიგრაფიაზე, საყოფაცხოვრებო კულტურის ჩამოყალიბებასა და ფიზიკურ განვითარებაზე.

 

სამივე საფეხურზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ესთეტიკურ აღზრდასა და ფიზკულტურას. მოსწავლეები საფუძვლიანად ეუფლებიან ხატვას, მუსიკას, ძერწვასა და ტრადიციული ხელოვნების დარგებს. საშუალოდ, ყველა სკოლაში 15 სახეობის სპორტული წრეა, მოსწავლე, საკუთარი არჩევანის მიხედვით, ვალდებულია, გაწევრიანებული იყოს რომელიმე სპორტულ წრეში. წრის ხელმძღვანელები ჩვეულებრივი მასწავლებლები არიან, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ითავსებენ ამ, ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო საქმიანობას. ერთ კონკრეტულ სპორტის სახეობას მასწავლებლები უნივერსიტეტში სწავლისას ეუფლებიან. ესთეტიკური და სპორტული განათლების კუთხით, იმდენად სერიოზული მოთხოვნებია, რომ ერთ სკოლაში, თავად ვიხილე მე-9 კლასის ყველა მოსწავლე როგორ უკრავდა მუსიკის გაკვეთილზე პერსონალურ, ელექტროპიანინოზე. ხოლო იაპონური ენის მასწავლებელი ქალბატონი, გაკვეთილების შემდეგ, როგორ ამზადებდა სკოლის მოსწავლე ბიჭების ნაკრებს კალათბურთში, სკოლების ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

 

გარდა იმისა, რომ ყველა სკოლას აქვს საკუთარი ტრადიციები, ასევე, ბევრ მათგანს აქვს საკუთარი მეურნეობა, სახელოსნო და მაღაზია. სკოლის კუთვნილ მაღაზიაში მოსწავლეები ყიდიან თავიანთ ნაკეთობებს და ნაწარმს, საიდანაც მოგებას თავადაც იღებენ და მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარენ. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში სამახსოვრო საჩუქრები მეც ვიყიდე და ჩემი გადახდილი თანხის 50% შიდსით დაავადებული აფრიკელი ბავშვების ფონდში გადაირიცხა.

 

აღსანიშნავია, რომ იაპონელი მოსწავლეები ძალიან ბევრს მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში, რის ორგანიზებასაც მშობლებთან ერთად სკოლა ანხორციელებს. ყველა ქალაქის აეროპორტებსა თუ რკინიგზის სადგურებში შეხვდებით სასკოლო ფორმაში გამოწყობილ მოსწავლეებს, მასწავლებლებთან ერთად. სკოლაში ყოველი შაბათი ასეთი ღონისძიებებით არის დატვირთული და გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. იაპონელი ბავშვები ზაფხულში სამი თვის ნაცვლად, 40 დღეს ისვენებენ. ისინი 240 დღეს ატარებენ სკოლაში, სადაც, გარდა იმისა, რომ სწავლით არიან დაკავებულები, მასწავლებელთა დახმარებითა და მეთვალყურეობით, თავად ასუფთავებენ და ალაგებენ საკლასო ოთახებს, დერეფნებს, ეზოსა და საპირფარეშოებსაც კი. ამიტომაც არის, რომ გარშემო ყველაფერზე და ყველგან იგრძნობა მზრუნველი ხელი.

 

დროის სიმცირის მიუხედავად, ბავშვები სკოლაშივე ემზადებიან სახელმწიფო გამოცდებისთვის, რომლებიც სხვადასხვა საგანსა და ხელობაში ყოველწლიურად ტარდება. გამოცდები ნებაყოფლობითია და მოსწავლეები ცდილობენ, ბევრი ამგვარი გამოცდა ჩააბარონ, რათა სერტიფიკატები მოიპოვონ. ამგვარი სერტიფიკატები მომავალში მათ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად და დასაქმებაში ეხმარებათ. მაგალითად, არსებობს გამოცდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკაში, ბუღალტერიაში, კალიგრაფიაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში და ა.შ.

 

ამგვარი დატვირთვით, იაპონელი მშობლები და მასწავლებლები, მოსწავლეებს შრომისმოყვარეობასა და სიზარმაცის დაძლევის უნარს უვითარებენ. მათ სწამთ, რომ ბავშვის წარმატება დამოკიდებულია სწავლაზე და მის მონდომებაზე, ხოლო სკოლამ და მასწავლებელმა ამ მონდომებას სწორი მიმართულება უნდა მისცეს. ამიტომაც არის, რომ იაპონიაში არ არის მუსიკალური, მათემატიკური ან ე.წ. „ნიჭიერ ბავშვთა” სკოლები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებიც ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ. ქალაქ ფუჯის სკოლაში მიღებისას, ჩვენს საპატივსაცემოდ, 500 მოსწავლე სიმღერას ჟესტების ენის პარალელურად ასრულებდა, რადგან სკოლაში ყრუ-მუნჯი ბავშვებიც სწავლობდნენ.

 

თუმცა არსებობს სპეციალური სკოლებიც, სადაც მძიმედ დაავადებული ბავშვები სწავლობენ. ასეთ ბავშვებს სახელმწიფო ყველა დონეზე აფინანსებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მეურვეობს. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ ყოფით უნარებს, მაგალითად: ჩაცმას, გახდას, დაბანას, ჭამას და ა.შ. თუმცა იაპონურიც, მათემატიკაც და ფიზკულტურაც აუცილებელი საგნებია. ამ შემთხვევაში სკოლის მთავარი ამოცანაა, მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება და შრომის უნარის განვითარება. იაპონური სპეციალური სკოლების დიდი მიღწევაა, რომ საშუალო სკოლის ასაკში მოსწავლეთა უმრავლესობას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ასეთი ბავშვები წელიწადში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, გადიან სწავლებასა და პრაქტიკას ქარხნებში, ფაბრიკებში, სახელოსნოებში, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ საქმდებიან კიდეც. ერთ-ერთი სპეციალური სკოლისან ჩემი ქართველი მოსწავლეებისთვის, იაპონელმა ბავშვებმა საკუთარი ხელით გაკეთებული „ორიგამები” გამომატანეს. „ორიგამი”- ეს არის ქაღალდის გაკეთების ხელოვნება.; ყველაზე პოპულარული ფიგურა კი ხელით გაკეთებული იაპონური წეროებია, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.

 

საინტერესოა, რომ იაპონელები სკოლამდელი აღზრდის თვალსაზრისითაც გამოირჩევიან, რადგან იაპონელი ბავშვების 80% საბავშვო ბაღში დადის, რაც მსოფლიო პრაქტიკაში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, ინგლისში 40%-ია, ხოლო ამერიკაში ეს მაჩვენებელი 30%-მდე დავიდა. სამაგიეროდ, ამ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება დაკვეთა ძიძების ინსტიტუტზე.

იაპონური საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით კი, როგორც სკოლაში, ასევე საბავშვო ბაღებში ბავშვებს ასწავლიან და უვითარებენ ჯგუფური მუშაობისა და საზოგადოებაში ცხოვრების უნარებს. მაგალითად, სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე, ყველა კლასში, მოსწავლეებს თვეში ორჯერ უტარდებათ გაკვეთილი ადამიანის უფლებების შესახებ, ხოლო კვირაში 2 გაკვეთილი „საკლასო საათი” აქვთ, რომლის დროსაც მოსწავლეები დისკუსიებსა და პრეზენტაციებს მართავენ. ამასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობენ „საზოგადოებათმცოდნეობასა” და „მორალს”.

 

დამერწმუნებით, შემთხვევითი არ არის, რომ იაპონურ სკოლას მრავალი ქვეყნის მეცნიერი იკვლევს. უამრავი ფაქტი მოწმობს, თუ რა დიდ როლს ასრულებს განათლება იაპონიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებაში. ამ ქვეყანაში, მაღალი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მაღალი ხარისხის განათლება ხორციელდება და თვალნათელია, რომ „იაპნური სასწაულის” საიდუმლო განათლებაშია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი