პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო პროცესის შეფასება მოსწავლის მიერ

სასწავლო პროცესის შეფასება სწავლების მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

განათლების სისტემაში მონიტორინგის და შეფასების სხვადასხვა მიდგომა და მეთოდი გამოიყენება. სასწავლო პროცესის მონიტორინგს, ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ახორციელებს. შეფასება, ასევე, შეიძლება აწარმოოს ამა თუ იმ საკითხით დაინტერესებულმა მკვლევარმა, მკვლევართა ჯგუფმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ, ან შეფასების/მონიტორინგის სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამამ. მონიტორინგი პროცესის ცალმხრივად ან გლობალურად შეფასებას ახდენს. მას სწავლების ყოველდღიური დინამიკის აღწერა, სრულყოფილი სურათის დახატვა არ შეუძლია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში საფუძველი ჩაეყარა შეფასების 360-გრადუსიან სისტემას, რომელიც ყველა დასავლურ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. ეს სისტემა ყოველმხრივი ან მრავალმხრივი შეფასების სისტემის სახელითაცაა ცნობილი და გულისხმობს პროცესში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობას მონიტორინგსა თუ შეფასებაში და მიღებული მონაცემების კომპლექსურ ანალიზს.
ზოგადად, მონიტორინგისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებში, მრავალმხრივი შეფასების მეთოდის პოპულარიზაციის ტენდენციის ფონზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსწავლელის, როგორც სასწავლო პროცესის ძირითადი სუბიექტის მიერ სწავლების შედეგების შეფასებას. დასავლეთის ყველა მოწინავე სკოლა, დღეს, რეგულარულად იყენებს მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის შეფასების მექანიზმს. 360-გრადუსიანი შეფასების მეთოდის მსგავსად, მასაც მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია გააჩნია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეფასების მეთოდი პირველად 1996-1997 აკადემიურ წელს გამოიყენეს. ამავე პერიოდში დაიწყეს სხვა მოწინავე სკოლებმაც მოსწავლეთა შეფასებების გამოყენება. დღეს უკვე მოსწავლის/სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეფასება დასავლური საგანმანათლებლო სისტემების განუყოფელი ნაწილია.

სასწავლო პროცესის შეფასებას მოსწავლის მიერ, შეფასების სხვა მეთოდებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს მიდგომა მოსწავლეზეა ორიენტირებული და სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა საჭიროებების ერთმანეთთან შესაბამისობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროცესის შეფასება, ზოგადად, ზრდის მათ ჩართულობას აკადემიურ ცხოვრებაში. დღეისთვის, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭოები და მოსწავლეთა თვითმმართველობები, რომლებიც მოსწავლეებს სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის და გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. თუმცა ასეთი სახის ჩართულობა მხოლოდ წარმომადგენლობითი სახისაა და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტიურობას არ განაპირობებს, არც სწავლების დეტალურად შეფასების საშუალებას იძლევა.

მოსწავლეების მიერ სასწავლო პროცესის შეფასებას ბევრი სხვა სარგებელიც მოაქვს. მოსწავლეებს შეფასებაზე მუშაობისას უვითარდებათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა აზრის გამოხატვისა და მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების უნარი; ისინი გაცილებით ანალიტიკურები ხდებიან და ეზრდებათ თვითშეფასების განცდა. ამასთანავე, შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პროფესიონალურ ურთიერთობებს და კომუნიკაციას აუმჯობესებს; მასწავლებელს კი საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს მოსწავლეები, შეიტყოს მათი მოსაზრებების, საჭიროებების და ინტერესის სფეროების შესახებ.
შეფასების საგნის განსაზღვრა

შეფასების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად, მასწავლებლის ან სკოლის მიერ. შეფასების საგნად კი შემდეგი კატეგორიები მოიაზრება:
მასწავლებლის სწავლების სტილის შეფასება;
სასწავლო მეთოდების შეფასება;
სასწავლო მიზნებისა და სასწავლო პროცესის შესაბამისობის შეფასება;
სასწავლო მასალებისა და რესურსების შეფასება და სასწავლო გარემოს შეფასება.

თითოეული ეს კატეგორია, თავის მხრივ, მრავალ ქვე-კატეგორიად შეიძლება დაიყოს. მაგალითად, სწავლების შეფასების ფარგლებში, მოსწავლეს შეიძლება ვთხოვოთ, შეაფასოს, თუ რამდენად ეფექტურად ხსნის მასწავლებელი ახალ მასალას, გადმოსცემს ინსტრუქციებს, იმეორებს განვლილ მასალას, ყურადღებას აქცევს ყველა მოსწავლეს, იყენებს შესაბამის აქტივობებს, ადეკვატურად და დროულად პასუხობს მოსწავლეების შეკითხვებს, ახერხებს მოსწავლეების ყურადღების მიპყრობას, იყენებს ვიზუალურ დამხმარე მასალას, აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ლოგიკურად და თანმიმდევრულად ავითარებს გაკვეთილს და ა.შ.
სასწავლო გარემოს შეფასებისას მოსწავლეები დააკვირდებიან, თუ რამდენად ახერხებს მასწავლებელი ყველა მოსწავლის ჩართვას გაკვეთილში, როგორ მართავს დროს, მოძრაობს კლასის გარშემო, აკონტროლებს დისციპლინას, საინტერესოდ აწყობს საკლასო ოთახს და ა.შ.
შეფასების ფორმების განსაზღვრა
მოსწავლის მიერ შეფასების განხორციელება შესაძლოა როგორც ანონიმურად, ისე ღიად. შეფასების სიხშირე კი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა თუ სასწავლო პროგრამისთვის სხვადასხვა პერიოდულობით შეიძლება განისაზღვროს. თქვენი პრიორიტეტებისა და სწავლების პროცესში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეთ, ყოველდღიურადაც კი შეაფასონ სასწავლო პროგრამა, პროცესი ან გარემო. შეფასების სიხშირის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეფასების შედეგების სრულყოფილ ანალიზს საკმაოდ ბევრი დრო და რესურსი სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შემუშავებასა და შესრულებაზე.

რაც შეეხება შეფასების ტიპებს, ყველაზე გავრცელებულია შეფასების შემდეგი ხერხები:
ზეპირი გამოკითხვა გულისხმობს გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე მარტივი შეკითხვის ზეპირად დასმას: რა მოგეწონათ? რა ისწავლეთ? გაკვეთილის რა ასპექტები საჭიროებს გაუმჯობესებას? ზეპირ გამოკითხვას მინიმალური დრო სჭირდება და მისი წარმოება ყოველდღიურადაც შესაძლებელია. შეფასების ამ ფორმით მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად შეესაბამებოდა გაკვეთილი მოსწავლეების საჭიროებებს, რამდენად დაკმაყოფილდა გაკვეთილის მიზნები და რა ხარვეზებს ჰქონდა ადგილი გაკვეთილის მსვლელობისას.
შეფასების უფრო კომპლექსური ფორმაა წერილობითი გამოკითხვა. ის შესაძლოა იყოს მარტივი, დეტალური, ანალიტიკური ან ფსიქოლოგიური სახის.

მარტივი წერილობითი გამოკითხვა ზეპირი გამოკითხვის მსგავსია, თუმცა მასში ისეთი ტიპის დამატებითი შეკითხვებიც შედის, როგორიცაა: რისი გაგება გაგიჭირდათ სასწავლო კურსში? რა ასპექტებში გჭირდებათ დამატებითი დახმარება?

დეტალური წერილობითი გამოკითხვა შეიცავს შეკითხვებს მოსწავლეების საჭიროებების, სწავლის სტილის, შესაძლებლობების, მოლოდინების, რეკომენდაციების და რჩევების შესახებ. ასეთი შეკითხვების მაგალითებია: რა საკითხები იყო სასწავლო კურსში თქვენთვის ყველაზე საჭირო და პრაქტიკული? რა საკითხების შესწავლა იქნებოდა სასურველი ამ სასწავლო კურსის ფარგლებში? გქონდათ თუ არა სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა? ადეკვატური იყო თუ არა სასწავლო კურსის მოთხოვნები და შესასრულებელი სამუშაოს სტანდარტი? იღებდით თუ არა რეგულარულად ინფორმაციას თქვენი პროგრესის შესახებ? როგორ დაგეხმარათ აღნიშნული სასწავლო კურსი აკადემიური მიზნების მიღწევაში?

ანალიტიკური წერილობითი გამოკითხვა შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელი სახით ან დეტალური გამოკითხვის ფარგლებში. ამ დროს დაისმის ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: რა საკითხები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო კურსში და რატომ? რომელი სასწავლო მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური და რატომ? რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური და რატომ? რისი გაკეთება შეგიძლია მოცემული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რაც მანამდე არ შეგეძლო? რა უარყოფითი მხარეები შენიშნეთ სასწავლო კურსში და თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მათი დაძლევა? რამ განაპირობა თქვენ მიერ მოცემული კურსის დადებითად/უარყოფითად შეფასება? დამოუკიდებელი ანალიტიკური წერილობითი გამოკითხვა, შეკითხვების შინაარსის გამო, ძირითადად, უფროსკლასელებთან ან სტუდენტებთან გამოიყენება, უმცროსკლასელებთან კი ანალიტიკური შეკითხვები ინტეგრირებულია დეტალურ გამოკითხვაში.

ფსიქოლოგიური გამოკითხვა სასწავლო კურსის ან სწავლების მეთოდების არა შინაარსობრივ მხარეს, არამედ, მოსწავლეების რეაქციებს და სასწავლო პროცესის მიმართ ემოციურ დამოკიდებულებას აფასებს. ამ ტიპის გამოკითხვის ფარგლებში ისეთი შეკითხვები დაისმის, როგორიცაა: რა მოგეწონათ სასწავლო კურსში? რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდით თავს კლასში? რა არ მოგეწონათ სასწავლო კურსში?

წერილობითი გამოკითხვის არცერთი ფორმა, მარტივი გამოკითხვის ჩათვლით, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად არ ტარდება. შედეგების გაანალიზებას გარკვეული დრო სჭირდება. წერილობითი გამოკითხვის სიხშირე, ჩვეულებრივ, სემესტრული ან წლიურია. ეს გამოკითხვები მომდევნო სემესტრის ან აკადემიური წლისთვის სასწავლო კურსში, პროცესსა თუ გარემოში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
შეფასების სხვა ფორმებს შორის, ასევე, გავრცელებულია ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების და SWOT ანალიზის მეთოდი. ინტერვიუს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ სხვა სახის შეფასების შედეგად წინააღმდეგობრივი მოსაზრებები დაფიქსირდა, ან თუ კლასში აღმოჩნდა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც სპეციფიკური პრობლემები გამოკვეთეს შეფასების ფორმებში. ფოკუს ჯგუფების მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია წინააღმდეგობრივი მოსაზრებების განსახილველად. მოსწავლეებს ჯგუფური განხილვის პირობებში საშუალება ეძლევათ, უფრო ღრმად გააანალიზონ საკუთარი მოსაზრებები, მოუსმინონ სხვა მოსწავლეების მოსაზრებებს და გუნდურად შეჯერდნენ იმ საკითხებზე, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია. ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები დებატებისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

SWOT ანალიზის ჩატარება ეფექტურია არა იმდენად სასწავლო კურსის შესაფასებლად, არამედ სასწავლო გარემოს და სასწავლო პროცესის გაანალიზებისთვის. SWOT ანალიზი ნიშნავს ძლიერი (S) და სუსტი (W) მხარეების გამოვლენას, ისევე როგორც შესაძლებლობების (O) და საფრთხეების (T) განსაზღვრას.
მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროცესში შეფასების ნებისმიერი ფორმის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კითხვებს სწორად არ დავსვამთ, შესაძლოა სრულიად არარელევანტური და გამოუსადეგარი ინფორმაცია მივიღოთ. მაგალითად, თუ გვაინტერესებს, რამდენად დააკმაყოფილა სასწავლო კურსმა სასწავლო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნები, მოსწავლეებს არ უნდა დავუსვათ შემდეგი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, დააკმაყოფილა თუ არა სასწავლო კურსმა დასახული მიზნები? ასეთი დახურული შეკითხვის პასუხად საჭირო ინფორმაციის მიღებას ვერ შევძლებთ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ღია ფორმის შეკითხვის დასმა, მაგალითად: აღწერეთ, რა ცოდნა მიიღეთ მოცემული სასწავლო კურსის ფარგლებში, ან დაასახელეთ ის საკითხები, რომელთა შესწავლის მოლოდინიც გქონდათ და რომლებსაც ვერ გაეცანით მოცემული კურსის ფარგლებში.

როგორ გამოვიყენოთ მოსწავლეთა შეფასების შედეგები
მოსწავლეთა შეფასების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეფასების შედეგების სწორად გაშიფვრა. პირველ ეტაპზე, უნდა გამოვლინდეს დადებითი და უარყოფით შეფასებები. ამავე დროს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უარყოფითი შეფასება არის გაუმჯობესების შესაძლებლობა და არა პირადი კრიტიკა. როგორც სწავლების შეფასების მკვლევარი უილიამ ქაშინი აღნიშნავს: “მოსწავლეთაგან კრიტიკული შეფასება მასწავლებლის პროფესიული წინსვლის დასაწყისია და არა დასასრული”. გარდა ამისა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ხშირად შეფასებებში მოსწავლეთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია აღნიშნული მოსაზრებების უფრო დეტალურად განხილვა, გამოცდილ კოლეგებთან კონსულტაციების გავლა, ან შეფასების შედეგების ორგანიზება, ისე, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარების არსებობის მიზეზები დადგინდეს.

გამოცდილი მკვლევარები და ექსპერტები გვირჩევენ, რომ რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ დავსახოთ პრიორიტეტები, ვიყოთ რეალისტები და შევარჩიოთ მხოლოდ ორი-სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ. მოსწავლეთა შეფასების შედეგების საფუძველზე, სასწავლო კურსში, პროცესსა თუ გარემოში ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მოსწავლეებს, თუ როგორ გამოვიყენეთ და გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები, რათა მათ მომავალშიც ჰქოდეთ ინტერესი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და სერიოზულად მოეკიდნონ შეფასების პროცესს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი