პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კარგი მშობლის რაობა

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ჩემს წინ მიმავალი დედა-შვილის უცნაური დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი. „შენ მწარედ ინანებ დედასთან ასეთი ტონით ლაპარაკის გამო!“ – აღშფოთებას ვერ მალავდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი. „კი მაგრამ, რა ვთქვი ასეთი, რამ გაგაბრაზა, მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე“, – საოცარი სიმშვიდით ცდილობდა „თავის დაცვას“ 13-14 წლის გოგონა. დედა-შვილის ასეთი საუბარი ჩემთვის უჩვეულო იყო იმდენად, რამდენადაც მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, მოზარდებს უჭირთ საკუთარი ემოციების კონტროლი მათ ემოციურ განვითარებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებების გამო. საინტერესოა, მაინც როგორ, რა საშუალებით აპირებდა შვილის საქციელით უკმაყოფილო ქალბატონი მის დასჯას, ალბათ იმით, რომ აღარ უყიდიდა მისთვის საოცნებო და სასურველ რაიმე ნივთს, არ გაუშვებდა მეგობრის დაბადების დღეზე ან ექსკურსიაზე თანაკლასელებთან ერთად. და, ალბათ კიდევ უამრავი სხვა აკრძალვა შეიძლება დაუწესოს დედამ შვილს, რომლის საქციელითაც უკმაყოფილოა.

რა თქმა უნდა, მშობლობა რთულია, ნამდვილად არ არის ადვილი და კიდევ უფრო რთულია იყო კარგი მშობელი, მით უმეტეს დღეს, როდესაც მშობლების მთელი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ როგორმე შეძლონ ბავშვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – გამოკვებონ, უზრუნველყონ ტანსაცმლით, ნორმალური განათლებითა და აუცილებელი სასწავლო ნივთებით. ასეთ პირობებში დიდი უსამართლობა იქნება განვიკითხოთ მშობელი და ვუსაყვედუროთ მას შვილთან არასწორი მიდგომების გამო მით უმეტეს, რომ შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული, ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეცდომა თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემის წინაშე მაშინ ვდგებით, როდესაც ბავშვის ქცევაში ჩვენთვის მიუღებელი ცვლილებების დაფიქსირებისას ვიხსნით პასუხისმგებლობას და ცვლილებების მიზეზებს მხოლოდ ჩვენს გარეთ ვეძებთ  –  „საზოგადოება და ცხოვრებაა დამნაშავე, ჩემი შვილი ასეთი რომ არის“; „სკოლა თავის სიმაღლეზე არ დგას“;  „კომპიუტერმა და ტელევიზიამ გააფუჭა დღევანდელი ბავშვები“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოვისმინოთ საკუთარ შვილებზე განაწყენებული მშობლებისგან. რასაკვირველია საზოგადოებას, სკოლას, ტელევიზიას გარკვეული და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვს მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ, ოჯახისა და მშობლის როლი განუზომელი და შეუდარებელია, როცა საქმე ბავშვის აღზრდას ეხება.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მშობლის სურვილია, რომ ის კარგი მშობლის სტატუსს ატარებდეს. ამდენად, ვფიქრობ საინტერესო იქნება იმ ქცევითი მახასიათებლების გაცნობა, რომლებიც ასეთ მშობელს სხვა მშობლებისგან გამოარჩევს და ნებისმიერი ბავშვის სანატრელ და საოცნებო მშობლად აქცევს:

  • კარგი მშობელი ბავშვს იღებს ისეთს, როგორიც არის, ყველა თავისი ღირსებით და ნაკლოვანებით, უყვარს უპირობოდ. ბავშვები, რომლებიც მშობლებისგან სიყვარულს გარკვეული პირობით იღებენ („თუ მაღალ ქულებს მიიღებ, თუ კარგად ისწავლი, თუ კარგად მოიქცევი, იმ შემთხვევაში მეყვარები“), იზრდებიან ისეთ ადამიანებად, რომლებიც საკუთარ თავს სათანადოთ ვერ აფასებენ და მუდმივად თვითკრიტიკით არიან დაკავებული. და, პირიქით, ის ბავშვები, რომლებსაც უპირობოდ იღებენ მშობლები და მათ მიმართ სიყვარულს უპირობოდ ამჟღავნებენ, უფრო ჰარმონიულ და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად იზრდებიან;
  • კარგ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ მიუხედავად უზომო სიყვარულისა, ბავშვი არ არის მისი საკუთრება, არ უყურებს მას როგორც ნივთს. კარგად ესმის, რომ ის სხვა პიროვნებაა, აქვს ოცნებები, ინტერესები, რასაც მშობლის მხრიდან გაგება, გაზიარება, პატივისცემა და მხარდაჭერა სჭირდება;
  • კარგ მშობელს არ უჭირს საკუთარი შეცდომების აღიარება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვისთვის ბოდიშის მოხდაც, რადგან იცის, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, არც შეცდომის აღიარებაა სისუსტის ნიშანი და ასეთი ქცევა მას სრულიადაც არ უკარგავს ავტორიტეტს შვილის თვალში, პირიქით ეხმარება მის სწორად აღზრდაში. ასეთ დროს ბავშვი თავადაც სწავლობს თვითკრიტიკას. მშობლის გულწრფელობა და უშუალობა პატარას შთააგონებს, იყოს „ნამდვილი“, გულწრფელი, მოკლებული სიყალბეს, გამოიჩინოს თანაგრძნობა, იყოს შემწყნარებელი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების მიმართ;
  • კარგ მშობელს არ უყვარს ნოტაციების კითხვა და ხანგრძლივი ახსნა-განმარტებითი საუბრები შვილთან. საჭიროების შემთხვევაში ის შემოიფარგლება ლაკონური, მოკლე, ნათელი, ცხადი, ადვილად გასაგები რეკომენდაციების მიწოდებით იმისათვის, რომ პატარას ყურადღება არ გაეფანტოს, შეძლოს მისი მოსმენა, გადაცემული ინფორმაციის აღქმა და ცხოვრებაში გამოყენება;
  • კარგი მშობელი არ ცდილობს თავად შეურჩიოს შვილს მეგობრები, რადგანაც იცის, რომ ის ვერ მიუთითებს და ვერ უბრძანებს ბავშვს, ვისთან იმეგობროს. ამასთან ერთად, ის არ აკრიტიკებს შვილის მეგობრებს, რადგანაც არ უნდა ბავშვმა იფიქროს, რომ ისინი მას არ მოსწონს და არ უყვარს. ასეთი მშობელი ყოველთვის ღია, გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილია იმათ მიმართ, ვისთანაც მისი შვილი მეგობრობს;
  • კარგი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისაბაძი მაგალითი იყოს შვილისთვის, რადგანაც კარგად იცის, რომ გამართლებული არ იქნება მოვითხოვოთ ბავშვისგან ისეთი ქცევა, რომელიც თავად მშობლისთვის არ არის დამახასიათებელი. თუ მშობელს ბავშვში კარგი თვისებების აღზრდა სურს, თავად უნდა უჩვენოს მაგალითი – თუ მშობელი პატივს სცემს მის გარშემო მყოფ ადამიანებს, ბავშვიც ისწავლის მათ პატივისცემას მშობლის ქცევაზე დაკვირვებით;
  • კარგი მშობელი, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ყველანაირად ცდილობს, გამონახოს თუნდაც მცირე დრო შვილთან ურთიერთობისათვის, მის მოსასმენად, რადგანაც კარგად იცის ბავშვმა რომ მოუსმინოს, ის თავად უნდა უსმენდეს მას. ამასთან, ძიძების და სმარტფონების ამარა მიტოვებული ბავშვისთვის მშობელი მეგობარი ვერ იქნება. მშობლის ყურადღებას ალტერნატივა არა აქვს. თუ მას არ შეუძლია გახდეს შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ბავშვი მოძებნის სხვას, ვინც მოუსმენს, გაუგებს, უთანაგრძნობს;
  • კარგი მშობელი ყოველთვის ცდილობს იყოს თანმიმდევრული თავის მოქმედებაში. ის თავისი გუნება-განწყობიდან გამომდინარე არ არღვევს ბავშვთან შეთანხმებულ და დაგენილ წესებს, რადგანაც იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს წესები არც ისე მნიშვნელოვანია და თავადაც არასერიოზულად მიუდგება მათ. ამასთან ერთად, ასეთი მშობელი გარკვეული წესების უსიტყვოდ შესრულებას კი არ მოითხოვს ბავშვისგან, არამედ უხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ წესის დაცვა. ეს ბევრად ამცირებს მისი დარღვევის ალბათობას;
  • კარგი მშობელი „ფრთებს არ უკვეცავს“ შვილს, ყოველთვის ანიჭებს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას გარკვეულ ფარგლებში. ამასთან,  დამოუკიდებლად მოქმედების უნარს ის მას პატარობიდანვე უვითარებს, რადგანაც კარგად იცის, რომ ზედმეტი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა მშობელზე ხელს უშლის მის ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ის საშუალებას აძლევს ბავშვს თავად გაართვას თავი დავალებებს და მაშინაც კი, თუ რაიმე არ გამოუვა, ის ისწავლის თავის შეცდომებზე და წარუმატებლობაზე, დღევანდელი გაკვეთილი მას მომავალში საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად გამოადგება;
  • კარგი მშობელი არასოდეს ადარებს ბავშვს არც საკუთარ და-ძმებს და არც მეგობრების, მეზობლების ბავშვებს. მით უმეტეს არ მოითხოვს, რომ მიბაძოს მათ, რადგან იცის, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური, განუმეორებელია და იმსახურებს, რომ სწორედ ამ უნიკალურობის გამო აღიარებდნენ და პატივს სცემდნენ. ასეთი მშობელი არ იშურებს საქებარ სიტყვებს შვილისთვის სხვების თანდასწრებით ყოველი წარმატებული მოქმედების გამო, საყვედურებს და შენიშვნებს კი აუცილებლად ცალკე, ერთი-ერთზე საუბრისას ეუბნება. ამგვარი დამოკიდებულებით ის ადვილად ახერხებს ბავშვის პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას;
  • კარგი მშობელი საოცარი მოთმინების უნარით გამოირჩევა; მას კარგად ესმის, რომ მოთმინებას ალტერნატივა არა აქვს. ის რჩება მშვიდი ნებისმიერ დამღლელ სიტუაციაში, რადგანაც იცის, რომ მშვიდი ატმოსფერო სახლში ეხმარება ბავშვს ჩამოყალიბდეს ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებად.

რასაკვირველია, კარგი მშობლის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები ამომწურავი არ არის და ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც  კიდევ  ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კარგი მშობლობა საკმაოდ რთულია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მშობლობის სურვილი და მცდელობა მოიპოვოს კარგი მშობლის სტატუსი, ნებისმიერ მშობელს აუცილებლად მოუტანს წარმატებას. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს ყველაზე მეტად მშობელთან ემოციური კონტაქტი სჭირდება. ვერანაირი ძვირადღირებული ნივთი ვერ შეუცვლის მას იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც მშობლისგან ელის. როგორც ერთმა მეექვსეკლასელმა გოგონამ, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდნენ და თითქოს სანატრელიც კი აღარაფერი შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ არა მშობლების მუდმივი დაკავებულობა და მოუცლელობა შვილთან ურთიერთობისათვის, ჩვენთან საუბარში თავისი გულისტკივილი ასეთი ფრაზით გამოხატა – „მე რომ დედა ვიყო ჩემ შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი