პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნი

ორი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში აღმოვჩნდი. რვასართულიანი თანამედროვე ბიბლიოთეკის ყოველი სართული შიდა კიბით უკავშირდება ერთმანეთს. თეთრ ფონზე წიგნების ფერადი ყდები თვალს იზიდავს. საბავშვო სივრცე მულტიმედიურია – შეგიძლიათ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, ნაბეჭდი წიგნები დაათვალიეროთ, ხელნაკეთი წიგნების თაროსთან ჩამოდგეთ და თვალი ვერ მოსწყვიტოთ პატარა ადამიანების ნაფიქრს.

ჩემთვის სწორედ ხელნაკეთი წიგნები აღმოჩნდა დაუვიწყარი. ძალიან ბევრი ფოტო გადავუღე ერთად თუ ცალ-ცალკე ფერადი ძაფებით შეკერილ ყდებს, მინიმალისტურ ტექსტებს, ალაგ-ალაგ ხელით დაბეჭდილ ასოებსა და ილუსტრაციებს, რომელთა შესრულების ტექნიკას ვერ მივაკვლიე.

ერთი თვის წინ ჩემმა ათი წლის გოგონამ მოინახულა შტუტგარტის ბიბლიოთეკა. ჩემი თხოვნით, მეგობარმა ხელნაკეთი წიგნების თაროსთან მიიყვანა. შინ დაბრუნებული მიზიარებდა შთაბეჭდილებებს. მაშინ დაგვებადა ხენლაკეთი წიგნის შექმნის იდეა.

 

ყდა

გაზაფხულის ქარიანი დღე მუყაოს ყუთის საძებნელად გარეთ გასვლას გამორიცხავდა. აივანზე შემონახული ზეთის მარაგი გამახსენდა. ყუთი ამოვაცარიელეთ და სახატავი რვეულის ფურცლებზე ოდნავ დიდი ზომის ყდები გამოვჭერით.

ცალკე  ჩამოვწერეთ ყდის მახასიათებლები:

ავტორები, სათაური, ილუსტრაცია, გამომცემლობა, გამოცემის წელი.

ჯერ ამბავი გვქონდა მოსაფიქრებელი, ამიტომ ყდის გაფორმება ბოლო ეტაპად შემოვინახეთ.

 

სათაური

სათაური ამბავს განსაზღვრავს. ცხადია, გასათვალისწინებელია ხელნაკეთი წიგნს რა ასაკის ბავშვისთვის ვქმნით. ჩვენი წიგნის მკითხველები 7-10 წლის ბავშვები არიან. რადგან 7 წლის პირველკლასელი ბიჭი წერა-კითხვას ახლა სწავლობს, სათაურმა და ამბავმა მისი სამყაროს ირგვლივ დაიწყო ტრიალი. გაგვახსენდა მისი საყვარელი სათამაშო – პანდა. გამოვიტანეთ, მაგიდაზე  ქაღალდებსა და ფანქრებს შორის დავსვით და ჩავფიქრდით. პანდას გვერდით ჩაის ჭიქა იდო. ასე დაიბადა სათაურიც: „პანდა ჩაის სვამს“.

 

ამბავი

ხელნაკეთი წიგნისთვის აუცილებელია ამბავი და მისი სიუჟეტური განვითარება. მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში ისეთი რამ უნდა მოხდეს, რაც მას გაამხიარულებს, ან უკეთესს გახდის, ან დააფიქრებს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ამბავი სათაურიდან დაიწყო. თითო თაბახის ფურცელზე ერთი ან ორი წინადადება იწერება. სასურველია, ბავშვების იდეებს მხარი დავუჭიროთ. თუ ძალიან ასცდნენ სიუჟეტის მთავარ ხაზს, შეკითხვებით შეგვიძლია მივახვედროთ და ამბისკენ მოვაბრუნოთ. მთავარია, პროცესს ვუხელმძღვანელოთ, დავიწყოთ, ვაჩვენოთ, ავიყოლიოთ და ნელ-ნელა ჩამოვეცალოთ, პასიურ მონაწილედ ვიქცეთ და მაყურებლის როლი მოვირგოთ.

ჩვენი ხელნაკეთი წიგნის ამბავი ამგვარია:

პანდა ჩაის სვამს

ერთხელ პანდა ტყეში ქოხს წააწყდა.

ქოხში შეიხედა და დაინახა ის, რაც თვალით არასდროს ენახა.

ბუხართან გამხდარი და თმათეთრი ბებია იჯდა და ხელში „რაღაც“ ეჭირა.

ეს „რაღაც“ ჭიქა იყო. მას გარედან პანდა ეხატა.

პანდა ქოხში შეცუნცულდა,  ბებოსთან მისუნსულდა და ჭიქაში დრუნჩი ჩაყო.

ბებო მოულოდნელობისგან შეხტა.

ბებოს პანდა ნანახი არ ჰყავდა.

პანდას ეს სურნელოვანი და ტკბილი სითხე ძალიან მოეწონა.

ეს სითხე ჩაი იყო.

ბებია პანდას ჩაით გაუმასპინძლდა.

ჩაიმ  ბებო და პანდა დაამეგობრა.

 

ხელნაკეთი წიგნის დამზადება რომ წამოვიწყეთ, ჩემი გოგონას მეგობარიც ჩვენთან იყო. ნიაკო დიდი მონდომებით ჩაება ამბის თხზვის პროცესში. ვიწონებდით და ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს, ვაძლევდით რჩევებს, ვცვლიდით  სიტყვებს და ვალამაზებდით წინადადებებს. ამბავი რომ „გავასრულეთ“, მისი ქაღალდზე გადატანის დრო დადგა.

ახლა, როცა პირველკლასელებს წერას ვასწავლი, კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, როგორ უჭირთ უფროსკლასელებს ასოთა სწორად მოხაზვა. თაბახის ფურცელზე წერა მშვენიერი ხერხია ხელწერის დასახვეწად.

ილუსტრაციები

მაშ ასე, სათაური მოვიფიქრეთ, ტექსტი დავწერეთ, ახლა ილუსტრაციების შექმნის დრო დგება. შტუტგარტის ხელნაკეთ წიგნებში მინიმალისტური ნახატებია. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ, მაგრამ ზოგჯერ ბავშვებს არ გამოსდით. პანდა სტენსილარტით დავიტანეთ ფურცლებზე და თეთრი საღებავით ავაჭრელეთ. ოთხი ადამიანის მოფიქრებულ ტექსტს განსხვავებული ილუსტრაციები ამშვენებს. რამდენიმე ადამიანის ხელწერის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ, თუმცა, ვფიქრობ, ზუსტად ეს ქმნის ხელნაკეთი წიგნის განსაკუთრებულობას.

აკინძვა

სული დაგველია, სანამ აკინძვის დრო დადგებოდა. ილუსტრაციებზე ნახატები გაშრა, ყდა გავაფორმეთ, ფურცლები დავნომრეთ და წიგნი ასაკინძად მოვამზადეთ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნს, რომელიც ქართველი ხელნაწერების ისტორიას გვაცნობს, ყდის ჯაჭვური კერვის ნიმუში აქვს თანდართული. ვეცადეთ, მივყოლოდით კერვის აღწერილობას, მაგრამ სულ სხვაგვარი ნაკერი გამოგვივიდა. სქელი მუყაოსა და ათზე მეტი თაბახის ფურცლის გახვრეტა ხელის ბურღით მოვახერხეთ. ნასვრეტებში მწვანე ძაფი გავუყარეთ.

 

გვიან ღამით დავასრულეთ მუშაობა. ჩემი გოგონას მეგობარი ჩვენთან არ იყო. წიგნის თვალიერებისას მისი ნამუშევრები, ხელნაწერი ასოები ნიაკოს ჩვენთან ყოფნას გვახსენებდა. გადავწყვიტეთ, რომ ის ისევ ჩვენთან იყო.

 

ხელნაკეთი წიგნის მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის –  ერთად ფიქრი, ერთად ყოფნა, ერთად ფუსფუსი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, დროის ნაყოფიერად გატარება. ინტელექტუალური პროდუქტის შექმნით კი  ბავშვების ინდივიდუალიზმი ვითარდება, სწავლობენ წიგნის მახასიათებლებს, წერას სწავლობენ და თაროზე ჩნდება ერთად შექმნილი წიგნი.

მოგონილი ამბავი მულტიფუნქციურად შეიძლება ვაქციოთ: შევქმნათ დიორამა, მოვხატოთ ჩანთა ან მაისური, სამზარეულოს ხელსახოცის რგოლით პანდა დავამზადოთ, გავმართოთ ჩრდილების თეატრი, უმცროსკლასელებისთვის რესურსად გამოვიყენოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი