პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კორნაპის სერის მისტიკა

ერთ ღრუბლიან დღეს პოეტი კაცი ავიდა სერზე, რომელიც მის სოფელს გადმოჰყურებდა. უცებ იელვა სერის თავზე, მუქ ღრუბლებში, ჯვარი გამოისახა…

 

ეს პასაჟი ძალიან ჰგავს ადრექრისტიანულ პერიოდში ურჩი წარმართების დასარწმუნებლად გარდმოვლენილ ღვთიურ სასწაულს, მაგრამ ამ ამბის თვითმხილველი წარმართი ან ათეისტი არ ყოფილა, სულით ხორცამდე მორწმუნე ქრისტიანი იყო. პოეტმა კაცმა ჩათვალა, რომ ეს მინიშნება იყო, ამიერიდან, ფსევდონიმად „კორნაპელი” აიღო, სერზე ჯვარი აღმართა და, ანდერძის თანახმად, იმ სერზევე ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.

სანამ გიორგი კორნაპელი გახდებოდა, გიორგი კაპანაძე იყო. დაიბადა 1932 წლის 23 იანვარს, ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში და იქვე გარდაიცვალა სიმსივნით 67 წლის ასაკში (და არა 65 წლის, როგორც ვიკიპედიაშია მითითებული). მართალია, არაპრივილეგირებული პოეტის ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ წიგნების გამოცემა არასოდეს გასჭირვებია (კომუნისტების დროს კი ეს რთული საქმე იყო), საბჭოთა პერიოდში არაერთი წიგნი გამოსცა. პრესაშიც ბეჭდავდნენ და ანთოლოგიებშიც შეჰქონდათ. იმ წითელყდიან, უშველებელ „ქართული საბჭოთა პოეზიის ანთოლოგიაშიც” არის წარმოდგენილი რამდენიმე ლექსით. ამ წიგნს ბავშვობიდან ვკითხულობდი, მაგრამ მის ლექსებს არასოდეს მიუქცევიათ ჩემი ყურადღება და ეს ლოგიკურიცაა. ის არ არის ანთოლოგიების პოეტი, ანუ, ის არ არის პოეტი, რომელიც შეიძლება რამდენიმე ლექსით შეაფასო, დააფასო და შეიყვარო. მისი შემოქმედება ერთი მთლიანი, მონოლითური, უსწორმასწორო ზედაპირიანი ლოდია, რომლის ყველა დეტალი თუ არ გაქვს შესწავლილი, ცალკეული ფრაგმენტი ვერაფერს გეტყვის, უბრალოდ აიღებ და მოისვრი.

 

გიორგი კორნაპელი იმ პოეტთა რიცხვს განეკუთვნება, ვისი შემოქმედებაც უაღრესად თანმიმდევრული და სისტემურია. ეს არის ერთიანი პოეტიკა, პოეტური სისტემა, სადაც სიმბოლოები, მეტაფორები, სახეები, გამაოგნებელი ვიზიონები ლექსიდან ლექსში გადადის. რთულია ამ უაღრესად ჰერმეტულ ხლართებში გზის გაკვლევა, აქ რაციონალური მიდგომა აღარ ჭრის, ინსტინქტებს უნდა მიენდო. შეუძლებელია ეს მეტაფიზიკური, კოსმიური ხილვები ერთმანეთთან დააკავშირო და ჩვეულებრივი ლოგიკით ახსნა. ზომიერი არქაიზმებით გაჯერებულ ამ უცნაურ ენობრივ კონსტრუქციებს, უჩვეულო ტაეპობრივ არქიტექტონიკას, ანტინომიური თქმების კორიანტელს გაგება არ სჭირდება. ჯერ ერთი: მათი გაგება არაფერს მოგვცემს (მეტიც: გაგებამ შეიძლება ესთეტიკური ზემოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც საფრთხის ქვეშ დააყენოს), და, რაც მთავარია: მათი გაგება შეუძლებელია, ისინი, უბრალოდ, უნდა იგრძნო. ამ ტიპის პოეზია ლუდივითაა (მაპატიეთ ეს უხეში შედარება, ლუდი ძალიან მიყვარს): პირველი დალევისას არ მოგწონს და მეორედ აღარასოდეს სვამ, ან მეორედ სვამ მცირედი ძალდატანებით და უკვე მისი სამუდამო მოტრფიალე ხდები. ამ ტიპის პოეზია არაა ბრჭყვიალა, ზედაპირი უხეში და მატყუარაა: უმალ ავტორის დაბალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს, ვიდრე დიდ პოეტობაზე. მაგრამ თუ ამ ზედაპირის მიღმა ჩაიხედე, იქ დარჩები სამუდამოდ, ვეღარასოდეს ამოხვალ, რაც არ უნდა გემოვნება შეგეცვალოს. რაღაც ეტაპზე, სრულიად სხვა ტიპის პოეზია რომც გახდეს შენთვის რელევანტური და პრიორიტეტული, წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ მაინც შეგახსენებს თავს და თავისთან მიგაბრუნებს.

 

ქართული პოეზიის ამ ხაზს შეიძლება მოკლედ ვუწოდოთ „კოსმიურ-მისტიკურ-მეტაფიზიკური” ხაზი, ვრცლად კი – „კოსმიურ-მისტიკურ-მეტაფიზიკური, გაჯერებული წარმართულ-არქეტიპული, ღრმად ქრისტიანული და მითოლოგიური მოტივებით”. ამ ხაზს განეკუთვნებიან: ნიკო სამადაშვილი, გიორგი კორნაპელი, ესმა ონიანი, აპოლონ ადონია, თამაზ ბაძაღუა (ნაწილობრივ), მიშა გოგუაძე (ნაწილობრივ) და, თუ ამპარტავნებაში არ ჩამეთვლება, ამავე ხაზს განეკუთვნება ჩემი პირველი პოეტური კრებული და მეორე კრებულის რამდენიმე ლექსი.
ჩამოთვლილ ავტორებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რადგან მათ რთული ამოცანა დაისახეს: ქვეცნობიერიდან ამომხტარი მეტაფიზიკური ხილვების პოეზიად, სიტყვებად გადმოთარგმნა. საერთო აქვთ, მაგრამ უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და უნიკალურ, განუმეორებელ პოეტურ სამყაროებს ქმნიან (ვინმეს მხრიდან შარის მოდება რომ გამოვრიცხოთ, დავაკონკრეტებ: ჩემს თავს არ ვგულისხმობ). ჩამოთვილთაგან გიორგი კორნაპელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტია. მისი ლექსების ციტირებას აზრი არა აქვს, ისინი უნდა წაიკითხო და იგრძნო. კორნაპელი მეინსტრიმული, საყოველთაო პოეტი არასოდეს ყოფილა და ვერც ვერასოდეს იქნება, ამ ხაზის პოეტების შემოქმედება ცოტასთვისაა, ყველა გემოს ვერ ჩაატანს. თუმცა, კორნაპელს ქება-დიდება სიცოცხლეშიც არ მოჰკლებია, რამდენიმე პროფესიონალი და პატივსაცემი ლიტერატორი მას სიცოცხლეშივე უწოდებდა დიდ პოეტს და გენიოსს.

 

ამ ბლოგს კორნაპელის შემოქმედების დეტალური გაანალიზების პრეტენზია არ აქვს, ამისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაირა გელაშვილის, მარსიანის (გია ბენიძის) და სხვების წერილები, მე უბრალოდ, როგორც მისი ორთოდოქსი თაყვანისმცემელი და მოსწავლე (თუმცა, პირადად არ ვიცნობდი), სპონტანურ განცდებს გიზიარებთ.
ყოველთვის საინტერესოა დიდი პოეტის ადამიანური მხარე. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, პოეტის, მწერლის ადამიანური თვისებები ჩვენ მიერ წარმოსახულ იდეალს როდი ემთხვევა. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე, რადგან არ მიყვარს იმედგაცრუებები. სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, რომ გიორგი კორნაპელი არც ამ მხრივ ჩამოუვარდებოდა თავის შემოქმედებას: იყო უშუალო, ხუმარა, მიწას მიჯაჭვული, მშრომელი მარტოკაცი, რომელიც მეზობლებს ძალიან უყვარდათ. ხშირად ვიხსენებ ხოლმე, როგორ მოთოვა სვირში, ისე მოთოვა, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდა. კორნაპელმა აიღო ნიჩაბი და საკმაოდ გრძელი გზა თოვლისგან გაწმინდა, რომ მეზობლებს ზესტაფონის ბაზარში წასვლა, რაღაცების გაყიდვა და სახლში ლუკმა-პურის მოტანა შეძლებოდათ. ან როგორ არიგებს ბავშვებს, რომ შაშვები არ დახოცონ, რადგან შეიძლება მშიერი ბარტყები ელოდებათ და ისინი შიმშილით დაიხოცებიან. არადა, ჰემინგუეიზე აქვს ბრწყინვალე ლექსი, სადაც ნადირობისადმი ჰემინგუეის სიყვარული ერთგვარად რომანტიზებულია. თვითონ ვერ იტანდა ნადირობას. ინტერნეტში ზესტაფონის ტელევიზიის მიერ მასზე გაკეთებული ერთადერთი სიუჟეტი და რამდენიმე სურათი იძებნება და, რაღაცით, ჰემინგუეის თუ არა, ჰემინგუეის მოხუც მეზღვაურს უეჭველად ჰგავს.
ამჟამად მისი სახლი მიტოვებული და დაკეტილია. ვერაფრით ამიხსნია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურის ინერტულობა. ძნელი არ უნდა იყოს მიტოვებული სახლის მოწესრიგება და სახლ-მუზეუმის გახსნა. რა დიდი გამჭრიახობა უნდა იმის მიხვედრას, რომ კორნაპელის სახლ-მუზეუმს ოდესმე აუცილებლად გახსნიან და ჯობია ეს პატივი ხელიდან არ გაუშვა.

 

და კიდევ ერთი: უკვე დროა, რომ გამომცემლობებმა ამ დიდი პოეტი-მისტიკოსის ნაწარმოებების სრულად გამოცემაზე იფიქრონ. დამიჯერეთ, ამასაც ოდესმე აუცილებლად გააკეთებს ვინმე და არც ამ პატივის ხელიდან გაშვება ღირს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი