ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცვლილება როგორც სკოლის განვითარების აუცილებელი პირობა

ცვლილება სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარ ემოციას იწვევს: ერთნი გამუდმებით სიახლეების ძიებაში არიან, მეორენი ცვლილებებს შიშითა და უნდობლობით ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: ცვლილება აუცილებელია განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სკოლის განვითარებისთვისაც. ამიტომ ცვლილების დაგეგმვისა და პრაქტიკაში განხორციელების გზების ცოდნა სკოლის ხელმძღვანელისთვის საჭირო და გამოსადეგია.

 

სკოლაში ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო, მაგრამ, იმავდროულად, ძნელად განსახორციელებელი რამაა. ვიდრე სკოლის ხელმძღვანელი სკოლაში ცვლილებას განახორციელებს, მან რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვებია:

. რა უნდა შეიცვალოს სკოლაში?

. რა მეთოდით/მიდგომით უნდა განხორციელდეს ცვლილება?

. როგორია ცვლილების სავარაუდო შედეგი?

დავიწყოთ პირველი შეკითხვით: რა უნდა შეიცვალოს სკოლაში? პასუხი მარტივია: ყველაფერი, რაც გაუმჯობესებას მოითხოვს. იმისათვის, რომ სკოლის ხელმძღვანელმა იცოდეს, სახელდობრ რა მოითხოვს ცვლილებას, მან კარგად უნდა შეისწავლოს სკოლაში არსებული სიტუაცია. დაიწყეთ, მაგალითად, სასწავლო და სამუშაო გარემოს მოწყობით. გააანალიზეთ, რა მდგომარეობაა სკოლაში ამ კუთხით, რათა დაადგინოთ, როგორ უნდა შეიცვალოს ის უკეთესობისკენ. მოიძიეთ პროფესიული ლიტერატურა იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემო, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაცია და შრომისუნარიანობა აამაღლოს. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, სასურველია, გამოკითხოთ მოსწავლეები და მასწავლებლები, რათა შეიტყოთ, როგორი გარემო სურთ მათ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების აზრი გამოგადგებათ, როდესაც სასწავლო და სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად დაიწყებთ მუშაობას.

თვალი გადაავლეთ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სკოლის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს. მოისმინეთ ორგანიზატორების, მოსწავლეებისა და მშობლების აზრი ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამგვარად მომავალში ბევრ რამეს უკეთ გააკეთებთ.

როგორია სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა და მათი ჩართულობა სკოლის მიერ განხორციელებულ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში? თქვენ უკვე იცით, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს – მათი რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას და თქვენი სკოლის კონკურენტუნარიანობას. თქვენ გსურთ, სიტუაცია ამ კუთხითაც შეცვალოთ უკეთესობისკენ: მომავალში მეტი და საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ და განახორციელოთ. თქვენი სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.

ერთი სიტყვით, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლით უამრავ მიზეზს აღმოაჩენთ, რომლებიც სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თემად გამოდგება.

მეთოდები ცვლილებების განსახორციელებლად განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით არის ასარჩევი. ვინაიდან სკოლაში ცვლილებების მთავარი გამტარებელი მასწავლებელია, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მასწავლებლებთან ინფორმაციის გაზიარება და მათი უფრო ინტენსიური ჩართვა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებში. მასწავლებელი შეიძლება გახდეს ერთსა და იმავე დროს ცვლილებების სამიზნეცა და მოწინააღმდეგეც. სკოლის ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, აქციოს მასწავლებელი სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების მოკავშირედ, მოქნილი მიდგომებით დაანახოს მას სასკოლო ცვლილების საჭიროება და, რაც მთავარია, საკუთარი (მასწავლებლის) როლი ამ ცვლილებაში. ნებისმიერი სასკოლო ცვლილება, რომელიც მასწავლებელს აიძულებს, უარი თქვას მანამდე დაგროვილ ცოდნაზე, იქამდე მიგვიყვანს, რომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებას მასწავლებელი მტკივნეულად აღიქვამს და საბოლოო ჯამში უარს იტყვის მის გატარებაზე. საზოგადოდ, ყოველგვარ ცვლილებას ადამიანები იგონებენ და ადამიანებმა უნდა განახორციელონ, ამიტომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელებისას ადამიანური მხარის უგულებელყოფა თანამედროვე განათლების სისტემაში სკოლის ხელმძღვანელის ალღოს უქონლობის შედეგი შეიძლება იყოს.

სკოლის ხელმძღვანელმა სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: აუცილებელია, დაიგეგმოს პირველი და მეორე რიგის ცვლილებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცვლილების განხორციელება ორ შრედ დაგეგმოს. პირველი შრე გულისხმობს განსახორციელებელი ღონისძიებების იდეურ და სამართლებრივ დონეზე გადამოწმებას – ის, რაც დაგეგმილი გვაქვს სკოლის განვითარებისთვის, რამდენად შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას და გამართლებულია იდეურად; მეორე შრე კი უკვე ჩამოყალიბებული კონცეფციის, სამართლებრივი ბაზისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. ორივე შრე საკმაოდ შრომატევადია და ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს. ამასთან, თუ პირველი შრე წარმატებულად და გონივრულად არ დაიგეგმა, მეორე ვერასოდეს იმუშავებს. მაგრამ ვერც პირველ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება წარმატებით, თუ არ გავითვალისწინეთ ადამიანური ფაქტორი, ანუ მათი პოზიცია, ვის მხრებზეც მხარზეც გადაივლის ცვლილებებისა და მათი შედეგების მთელი სიმძიმე.

სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ცვლილების ყველაზე დიდი ხელშემწყობიც შეიძლება გახდეს და ხელის შემშლელიც. ეს არის სკოლის კულტურა. ნებისმიერ ორგანიზაციაში, მათ შორის – სკოლებშიც, არსებობს ადამიანთა შორის გარკვეული ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, ღირებულებები, შეხედულებები და ცოდნა. სკოლის შიგნით ჩამოყალიბებული კულტურა ბუნებით კონსერვატიულია და ცვლილებებს ეწინააღმდეგება. სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ხელმძღვანელმა შეიძლება დაგეგმოს, აუცილებლად გამოიწვევს ამ კულტურის ცვლილებას, კულტურის ცვლილება კი ადამიანების უნდობლობას იწვევს, რადგან ცვლილება მათთვის ჩვეულ გარემოს საფრთხეს უქმნის. იმისთვის, რომ ორგანიზაციაში მოღვაწე ადამიანები ცვლილებათა მოწინააღმდეგეები არ გახდნენ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაგეგმილ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების მათთვის გასაგებ ენაზე განმარტებას. თუ სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებმა მასწავლებლებისთვის ჩვეული გარემოს საფრთხე შეუქმნა და ამას დაერთო მასწავლებლების ბუნდოვანი წარმოდგენა ცვლილების მიზანზე, მაშინ ისინი ისეთ წინააღმდეგობას გაგიწევენ, რომ საბოლოო ჯამში სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების წარმატებით განხორციელება შეუძლებელი გახდება.

სკოლის განვითარებაში მონაწილე ნებისმიერმა მხარემ, თავად სკოლის ხელმძღვანელიდან დაწყებული, ცვლილების ნებისმიერი გამტარებლით დასრულებული, შესაძლოა უნებლიეთ ხელი შეუშალოს სკოლის განვითარებას:

სკოლის ხელმძღვანელი: თუ სკოლის ხელმძღვანელმა სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვამდე არ ჩაატარა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები – სკოლაში არსებული სიტუაციის კვლევა, საერთაშორისო და სხვა წარმატებული სკოლების გამოცდილების ანალიზი, სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა შესაბამისი იურიდიული შესაძლებლობებისა და განსახორციელებელი ცვლილებების იდეური შესაბამისობა განათლების პოლიტიკასთან, გამოვა, რომ სკოლის ხელმძღვანელი თავად იქცევა წარუმატებელი რეფორმის მიზეზად.

მასწავლებელი: მასწავლებლების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია. ისინი თავიანთი პრაქტიკის განმავლობაში აგროვებენ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მათი მთავარი იარაღია პროფესიულ ცხოვრებაში. თუ მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი ინფორმაცია ცვლილებათა აუცილებლობის შესახებ და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ისინი ხელს შეუშლიან სკოლის ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი ცვლილების წარმატებით განხორციელებას.

თუ დაგეგმილი გაქვთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი უნდა გაორმაგდეს, ეს საკითხი უნდა განიხილოთ მასწავლებლებთან ერთად, რათა სერტიფიკატის მისაღებად მათი მზაობა და სურვილი თანხვდეს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებას. თუ გსურთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი და სკოლის კონკურენტუნარიანობა გაზარდოთ, მოისმინეთ მასწავლებელთა მოსაზრებებიც ამ საკითხზე და გაითვალისწინეთ მათი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად.

სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისას არასოდეს დარჩეთ მარტო პრობლემის პირისპირ. მასწავლებლების ჩართულობის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გარეშე არაფერი გამოვა. ჩართეთ ისინი ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოისმინეთ და გააანალიზეთ მათი მოსაზრებები, კოლეგების კარგი და ცუდი გამოცდილება და დაინახავთ, რომ ცვლილება, რომელიც სკოლის განვითარებისთვის დაგეგმეთ, სხვებისთვის მისაბაძი და წარმატებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი