ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ აღვნიშნოთ დედამიწის დღე დისტანციური სწავლების პირობებში

უკვე 50 წელია დედამიწის დღე ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა და იგი  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით (193-ზე მეტ ქვეყანაში) იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. წლების წინ მსოფლიოს საქართველომაც აუბა მხარი. ამ დღესთან დაკავშირებით იგეგმება სხვადასხვა ტიპის პროექტები თუ აქტივობები, რომლის მთავარ მიზანსაც დედამიწისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას“ – ვკითხულობთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

ამრიგად, ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღ დამოკიდებულებას და მნიშვნელოვანია, მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში.

ბევრ მასწავლებელს ამ დღის აღნიშვნა შეიძლება ცოტა სხვაგვარად ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ დღეს არსებული გარემოებიდან გამომდინარე გეგმების შეცვლა და მოდიფიცირება მოუხდა დისტანციური სწავლების შესაბამისად.

მეც ასე მომიწია. მთელი კვირაა მე და ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხზე. ეკოლოგიური წიგნიერების თემა ბევრად ფართო ცნებაა და სხვადასხვა საკითხს მოიაზრებს. ამიტომ გადავწყვიტე არეალი დამევიწროებინა და სამუშაო თემად „ხე და მისი მნიშვნელობა დედამიწელებისთვის“ შევარჩიე. გთავაზობთ რამდენიმე გაერთიანებულ აქტივობას.

გაკვეთილი შეიძლება საპრეზენტაციო მასალაში მარტივად აწყობილი პოსტერების განხილვით დავიწყოთ.

 

თქვენთვის სასურველ პოსტერებს მრავლად იპოვით ინტერნეტსივრცეში, თუმცა მასალა მწირია ქართულ ენაზე. ამიტომ გირჩევთ, მოძებნოთ ინგლისურენოვანი პოსტერები. ამით მოსწავლეებს უცხოურ ენაში  გაწაფვაში დაეხმარებით . შეგიძლიათ მოაწყოთ დისკუსია და ბავშვებს სთხოვოთ, შექმნან მსგავსი ტიპის ქართულენოვანი ან ბილინგვური პოსტერები, რომელსაც ნებართვის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში განათავსებთ. წაახალისეთ, რომ ამით ისინი ქართულ ენაზე არსებულ მედიარესურსებს გაამდიდრებენ, თქვენ კი მათი მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებას შეუწყობთ ხელს.

პოსტერების განხილვის შემდეგ, შეგიძლიათ აჩვენოთ მოკლე მედიარესურსი „ექვილიბრიუმი“ (2:39 წთ), სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ადამიანის ზემოქმედება ტყეზე გამოქვაბულის ყოფიდან დღემდე.

ფილმში ჩანს, როგორაა შესაძლებელი, და თან აუცილებელი, ამ დისბალანსის დროს, წონასწორობის შენარჩუნება. სთხოვეთ ბავშვებს, ისაუბრონ ამ ვიდეორგოლში ასახულ მთავარ პრობლემაზე და წერილობით ახსნან, რა არის მედია რესურსის მთავარი გზავნილი. ეს ხელს შეუწყობს მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას, რადგან  მედიაწიგნიერება მოითხოვს მიღებული ან ჩვენ მიერ შექმნილი გზავნილების კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. ასევე შეგიძლიათ მედიაგზავნილის საანალიზო კითხვების მიწოდებაც, რაც მათ გაუადვილებს საკითხზე მუშაობას.


ასევე შეგიძლიათ მისცეთ დავალებად, ოჯახის წევრებთან ერთად უყურონ და განიხილონ  მცირე ანიმაციური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. ამით ოჯახის წევრების ჩართულობასაც შეუწყობთ ხელს.

 

ფილმი შექმნილია ჟან ჯოინის მოთხრობის მიხედვით. ქართულადაა გახმოვანებული. მისი ყურება არ მოითხოვს დიდ დროს (30:05 წთ). და ყველაზე მთავარი, ფილმის განხილვა შეიძლება მრავალი საგნისა თუ გამჭოლი კომპეტენციის კონტექსტში.

ამისთვის შეგიძლიათ დახმარე ცხრილიც კი გამოიყენოთ.

საგანი შესაძლო დავალებათა ნუსხა
ქართული ენა და ლიტერატურა Ø  ამოიწერეთ თქვენთვის უცხო სიტყვები თუ საგანთა სახელები. ლექსიკონის დახმარებით მოძებნეთ და განმარტეთ ისინი;

Ø  ამოწერეთ ყველა მხატვრული შედარება თუ მწერლის ასოციაცია  (შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ასოციაციაც);

Ø  გარაფიკული ორგანაიზერის გამოყენებით დაახასიათეთ მთავარი პერსონაჟი (დანართი N1)

Ø  აღწერეთ მთავარი პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო;

Ø  გააკეთეთ შედარებითი ანალიზი წინანდელი გარემოს ახალ გარემოსთან;

Ø  ფილმში მოძებნეთ ბიბლიური გამოთქმები და ახსენით, რა კონტექსტით აქვს იგი მწერალს გამოყენებული;

Ø  ამოწერე შენთვის საინტერესო სიტყვები, წინადადებები, თუ აზრები. ახსენი, რატომ მოგეჩვენა საინტერესოდ;

Ø  გაავლე პარალელი საკუთარ გამოცდილებასთან ან სხვა ნაწარმოებთან (შეიძლება ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინციც“ გამოდგეს ) (დანართი N2)

მათემატიკა Ø  დაადგინე, რომელ წელს ეწვია მწერალი მთავარ პერსონაჟს;

Ø  დაადგინე რამდენი წლის იყო პერსონაჟი, როცა იგი ამ უკაცრიელ ადგილას დასახლდა;

Ø  რამდენი წლის იქნებოდა იგი პირველი ან მეორე მსოფლიო ომის დროს;

Ø  ფილმში მოცემულობის მიხედვით დაადგინე ტყის ფართობი , ნამდვილად შეესაბამება თუ არა მწერლის დაანგარიშებას (3 ჰა);

Ø  მოძებნე მონაკვეთი ფილმში, სადაც მწერალი ხსნის დარგული ხეებიდან სავარაუდოდ რამდენი ამოვიდოდა, რამდენს გაანადგურებდა მღრღნელები და ქარი. რამდენი გადარჩებოდა (გადაიყვანე პროცენტებში);

გეოგრაფია Ø  ამოიწერე ფილმში ნახსენები გეოგრაფიული ობიექტები;

Ø  მოძებნე რუკაზე თქვენ მიერ ამოწერილი ობიექტები;

Ø  თავად შექმენი ფილმისთვის რუკა, რომელზეც მიუთითებ შენ მიერ მოძებნილ გეოგრაფიულ ობიექტებსაც;

Ø  დაადგინე ამ მიდამოებში კლიმატური ცვლილებების განმაპირობებელი ნიშნები და მოვლენები. ახსენი, რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

ისტორია Ø  დაასახელე ისტორიული მოვლენები, რომლებიც ფილმშია ნახსენები;

Ø  გაიხსენე, რა იცი ამ ფაქტების შესახებ;

Ø  განმარტე, რას ნიშნავს „დემობილიზაცია“;

Ø  შექმენი ქრონოლოგიის ხაზი, რომელზეც თანმიმდევრობით დაიტან ფილმში მოცემულ ფაქტებს (დანართი N3).

ფიზიკა Ø  ივარაუდე, რაში დასჭირდებოდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ხის საწვავზე მომუშავე მანქანების გენერატორები და დაადგინე ამ მოწყობილობის მექანიზმი თუ მუშაობის პრინციპი (რა რაოდენობის ხე დასჭირდებოდა გარკვეული ენერგიის წარმოქმნას და სხვა);
ბუნებისმეტყველება Ø  როგორი თესლი უნდა შეირჩეს მცენარის განვითარებისთვის;

Ø  რატომ ჩაყარა წყალში დასათესად გამზადებული მუხის რკოები პერსონაჟმა? რა ჰქვია ამ პროცესს და რატომ იყო იგი საჭირო?

Ø  როგორი ნიადაგი სჭირდება სხვადასხვა მცენარეებს და რატომ?

Ø  ახსენი, რამ გამოიწვია მთებზე ნისლის გაჩენა? წყაროების გაჩენა? ქარის დამშვიდება? ბიოგამრავალფეროვნება?

Ø  აღწერე ბუნების სასიცოცხლო ციკლი ფილმის მიხედვით; (დანართი N4);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება Ø  დააკვირდი ფილმს და დაადგინე ხელოვნების  რომელ დარგს მიეკუთვნება იგი?

Ø  სახვითი ხელოვნების რომელ ჟანრ(ებ)ს იყენებს მხატვარი ანიმაციის შესაქმნელად?

Ø  შენი აზრით, რატომ გადაწყვიტა მხატვარ-ანიმატორმა ჟანრების ასეთი ჩანაცვლება?

Ø  დაეკითხე უფროსებს, როგორ გამოიყურებოდა მათი საცხოვრებელი გარემო ადრე და როგორ გამოიყურება ახლა (ან ინტერნეტის დახმარებით მოძებნე ამის მაგალითები). დაადგინე სხვაობა მათ შორის და გამოიტანე შესაბამისი დასკვნები;

Ø  შეარჩიე დარგი ან ჟანრი და შენთვის სასურველი მასალის გამოყენებით შექმენი ნამუშევარი თემით „ვერგონის მიდამოები ძველად და ახლა“

ეკოლოგიური წიგნიერება Ø  შექმენი პოსტერი, ბუკლეტი ან კედლის გაზეთი, სადაც გარკვეული ტიპის მოწოდება ან გეგმები იქნება დასახელებული, თუ როგორ დავრგოთ, გავზარდოთ და მოვუაროთ ხეებს;

(დაწყებითი კლასებისთვის შესანიშნავი მასალა აქვს „კარგ სკოლას“ სათაურით „როგორ დავრგოთ ხე“ (დანართი 5));

Ø  იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ კერძო ეზო, შეგიძლიათ ამის მაგალითი გვაჩვენოთ, გნებავთ სურათების დახმარებით, გნებავთ ვიდეოს დახმარებით;

ციფრული წიგნიერება Ø  ჩაწერეთ ვიდეო ინსტრუქცია თქვენთვის სასურველი ხის დარგვის და მოვლის პროცედურის შესახებ;

Ø  გამოაქვეყნეთ სკოლის გვერდზე ან საკუთარ ბლოგზე, ან ინტერნეტ სივრცეში, რომელიც  დაცულ გარემოს წარმოადგენს;

Ø  შეგიძლიათ მოიძიოთ მსგავსი ტიპის ვიდეო ინსტრუქციები სანდო ინტერნეტწყაროდან, გამოიყენოთ როგორც დახმარე რესურსი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ წყაროს მითითება (პლაგიატი დაუშვებელია);

 

… და ბოლოს, შეგროვებული მასალით (ბუკლეტები, აფიშები, აბრები, თუ კედლის გაზეთის ფოტოები), მოსწავლეთა ნებართვის საფუძველზე, მცირე სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მოაწყოთ ვირტუალური გალერეა/გამოფენა www.artsteps.com პროგრამაში. გარწმუნებთ, საოცარ შეგრძნებებსა და ინტერესს აღძრავს დამთვალიერებელში.

 

 

დანართი N1 – პერსონაჟის რუკა

დანართი N2 – პარალელები (კავშირების დამყარება)

დანართი N3- დროის ღერძი

 

 

დანართი N4 – ციკლის რუკა

 

 

 

დანართი N5 – „როგორ დავრგოთ ხე“

 

გამოყენებული რესურსი:

  • ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024;
  • მედიაწიგნიერება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2018
  • საგანმანათლებლო პორტალი : https://kargiskola.ge/
  • ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა – https://youtu.be/eU6j-4QwGVY
  • ექვილიბრიუმი – https://youtu.be/GEtg8PwyOfo

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი