ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უზნაძის თეორია და პედაგოგიკა

უზნაძის თეორია და პედაგოგიკა

უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია 1910-1916 წლებში ჩამოყალიბდა. ეს იყო ერთიან მეთოდოლოგიურ საფუძველზე აგებული შეხედულებათა სისტემა, რომელიც მოიცავდა ყველა ძირითადი პედაგოგიური ცნების ზუსტ განმარტებას. ასეთი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური საფუძველი დაედო ერთიანი და აქტი­ური პიროვნების როგორც აღზრდის ობიექტის იდეას. იდეას, რომელ­იც შემდეგ განწყობის თეორიაში გადაიზარდა.

პედაგოგიური შეხედულებების საფუძველი პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობა გახლდათ.

როგორია დ. უზნაძის პედაგოგიური კონცეფციის არსი?

ჯერ კიდევ ადრეულ ნაშრომში “ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი”, შეიძლება ითქვას, გადაჭრილი იყო პედაგოგიკის ძირითადი პრობლემები.

1. დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, რა მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შესწავლას ადამიანის განვითარების სხვადასხვა საფეხურის თავისებურებათა შესასწავლად?

დიმიტრი უზნაძე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი და “განწყობის თეორიის” ავტორია. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლევას. მისი თეორიის მიხედვით, ადამიანის განვითარების სხვადასხვა საფეხურის თავისებურებათა შესასწავლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შესწავლას იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ქცევის ფორმა ანიჭებს ყოველ ასაკობრივ საფეხურს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ელფერს.

 2. როგორ განმარტავს ქცევას უზნაძე?

ქცევა აქტივობაა და ნიშნავს სუბიექტის გარემოსთან, გარე სინამდვილესთან ურთიერთობას. ქცევა განისაზღვრება მოთხოვნილებით და იმ საგნით, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. მაგრამ საგანი უშუალოდ როდი განსაზღვრავს ამა თუ იმ ქცევის აქტს. უზნაძე ქცევის პროცესს ასე აღწერს: ცოცხალი ორგანიზმი გარკვეული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიმართავს გარე საგნობრივ სინამდვილეს, გარემო უშუალოდ მოქმედებს მასზე და იმ საგნის შესატყვისი მოქმედებისკენ განაწყობს, რომელმაც ეს მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს.

3. ქცევის რამდენ კატეგორიას გამოყოფს უზნაძე და როგორ აღწერს მათ?

უზნაძე ქცევის ორ ძირითად კატეგორიას გამოყოფს: ექსტეროგენურსა და ინტროგენურს.

ექსტეროგენურია ქცევა, როდესაც ის იმპულსს იღებს გარედან (საგნისგან) და წარიმართება გარედან განსაზღვრული განწყობით. მაგრამ როდესაც ორგანიზმს არ აქვს რაიმე საგნობრივი, პრაქტიკული მოთხოვნილება, ის პასიურ, უმოქმედო მდგომარეობაში კი არ არის, არამედ მას თავად აქტივობის, მოქმედების მოთხოვნილებაც აქვს. მოთხოვნილებას, რომელიც ცოცხალ ორგანიზმს უჩნდება მაშინ, როდესაც მისი ძალები უმოქმედოდ რჩება და ის აღარ არის იძულებული, გარკვეული პრაქტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამოქმედდეს, უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს. ამ შემთხვევაში ქცევა (აქტივობა) გარედან კი არ არის განსაზღვრული, არამედ შინაგანი იმპულსიდან გამომდინარეობს და იმ განწყობით წარიმართება, რომელიც გარკვეული სახით სუბიექტის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ეს ქცევა თავისუფალია გარე იძულებისგან, ის ორგანიზმის შიგნიდან წარმოიშობა, ამიტომ მას უზნაძე ინტროგენურ ქცევას უწოდებს.

4. დასახელეთ ექსტეროგენული და ინტროგენული ქცევის ფორმები 

უზნაძის კლასიფიკაციის მიხედვით

 ექსტეროგენური ქცევის ფორმებია

  • მოხმარება
  • მომსახურება
  • შრომა
  • საქმე

ინტროგენური ქცევის ფორმებია

  • ესთეტიკური ტკბობა
  • ხელოვნება, შემოქმედება
  • თამაში
  • სპორტი

5. ქცევასთან მიმართებით როგორ განმარტავს თამაშს უზნაძე?

თამაშსუზნაძე მიიჩნევს ბავშვის ქცევის სპეციფიკურ ფორმად. ადრეული ბავშვობის ასაკში ქცევის სხვა ფორმები, გარდა თამაშისა, განსაკუთრებით _ ექსტეროგენური, ან საერთოდ არ შეინიშნება, ან ძალიან იშვიათად გვხვდება. თუმცა თამაში დამახასიათებელია არა მხოლოდ ადრეული ბავშვობის ან სკოლამდელი ასაკისთვის, არამედ სასკოლო (8-10 წლის) და მოზრდილი ასაკისთვისაც.

6. რა უდევს თამაშს საფუძვლად?

თამაშს როგორც ქცევას საფუძვლად უდევს ფუნქციის სიამოვნება, ანუ თამაშის ძირითადი მოტივი ბავშვისთვის თვით აქტივობისგან სიამოვნების მიღებაა.

7. ქცევის როგორი ფორმაა სწავლა?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლა, როგორც ქცევის ფორმა. უზნაძე მიიჩნევს, რომ ქცევის ფორმები ადამიანის ცხოვრებაში ისე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რომ ხშირად რთულია, ესა თუ ის კონკრეტული ქცევა რომელიმე აღნიშნულ ფორმას მიაკუთვნო. სწორედ ასეთი ქცევის ფორმაა სწავლა. თუ ჩავთვლით, რომ სწავლა შრომის, კერძოდ კი გონებრივი შრომის ერთ-ერთი სახეობაა, მაშინ ის ქცევის ექსტეროგენური ფორმა უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. იმისთვის, რომ ვნახოთ, არის თუ არა მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც სწავლასა და შრომას შორის, ერთმანეთს უნდა შევადაროთ ამ ორი ქცევის პროდუქტი. როდესაც შრომასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის ვგულისხმობთ გარკვეულ პროდუქტს, რომლის შესაქმნელადაც შრომითი ენერგია დავხარჯეთ. შრომის ცნება, გარდა ამ პროდუქტის შექმნისა, არავითარ სხვა ეფექტს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება სწავლას, აქ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, ბავშვს ვასწავლით წერას. მან უკვე ისწავლა ასოების წერა, შემდეგ ორი სიტყვის დაწერა შეძლო. ამ პროცესში ის სწავლობს არა მხოლოდ იმ კონკრეტული ასოების ან სიტყვების წერას, არამედ იძენს თავისი კუნთების განსაზღვრული მიმართულებით აქტიურად ამოქმედების უნარს, რაც ეხმარება სხვა ასოების, სხვა სიტყვების ადვილად დაწერაში. ამიტომაა, რომ აღარ არის აუცილებელი ბავშვს სათითაოდ ყველა სიტყვის დაწერა ვასწავლოთ. წერა-კითხვის მცოდნეს თავისუფლად შეუძლია ისეთი სიტყვის დაწერაც, რომელიც არათუ არასოდეს დაუწერია, არამედ არც არასდროს გაუგონია.

8. რატომ ითვლება სწავლა ქცევის სრულიად თავისებური ფორმად, რომელიც არ შეიძლება გავაიგივოთ თამაშთან, შრომასთან თუ ქცევის რომელიმე სხვა ფორმასთან?

სწავლის ცნება ძალიან ფართოა. არ არსებობს ექსტეროგენური ქცევის არც ერთი ფორმა, რომლის სწავლის საგნად გადაქცევაც არ შეიძლება. უზნაძე ამას სწავლის გენერალურ ხასიათს უწოდებს და იმით ხსნის, რომ სწავლის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ჩვევების, უნარებისა და ცოდნის შეძენა, რასაც ამ დროს ბავშვი იღებს, არამედ მოზარდის ძალების განვითარება განსაზღვრული მიმართულებით. სწორედ ამ თვისებით ჰგავს სწავლა თამაშს, ანუ მოზარდის ძალთა განვითარება ისეთივე სპეციფიკურია სწავლისთვის, როგორც თამაშისთვის. თამაშიც, თავის მხრივ, ქცევის ისეთივე გენერალური ფორმაა, როგორიც სწავლა. აქედან თითქოს უნდა გამომდინარეობდეს დასკვნა, რომ თამაში და სწავლა ქცევის ერთსა და იმავე ფორმას წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის. თამაშის დროს ქცევის იმპულსი ფუნქციონალური ტენდენციაა, ანუ ამ ასაკის ბავშვის ქცევას წარმართავს ფუნქციური სიამოვნება. ამიტომ, როდესაც ბავშვი შედის სკოლაში და იწყებს სწავლას, მისი ინტელექტუალური ფუნქციების ასამოქმედებლად უფრო ეფექტური იქნება თამაშის გამოყენება, ანუ სწავლის წარმართვა თამაშით.

როდესაც სწავლის შესახებ ვსაუბრობთ, ძნელია იმის თქმა, რომ ქცევის იმპულსი აქაც ფუნქციონალური ტენდენციაა. სწავლა ყოველთვის გულისხმობს იმას, რაც ისწავლება, ანუ მოსწავლეს ვაწვდით საგანს გარედან, გარედან ავამოქმედებთ მის ძალებს, ე. ი. სწავლა როგორც ქცევა გარეგან იმპულსზე იგება.

როდესაც ბავშვს გარკვეულ ასაკში მეტყველების ფუნქცია მოუმწიფდება, უჩნდება შინაგანი იმპულსი _ მეტყველების ფუნქციის ამოქმედების ტენდენცია, მაგრამ თუ მას გარედან არ მივაწოდეთ გარკვეული ენობრივი მასალა, მისი ფუნქციონალური ტენდენციის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

9. უზნაძის მიხედვით, რაში მდგომარეობს “აღზრდის ტრაგედია”?

ბავშვი არ არის პატარა მოზრდილი. აღმზრდელი ვერ მიაღწევს მიზანს, თუ არ ჩასწვდა ბავშვის ბუნებას. სწორედ ამიტომ პედაგოგიკა ბავშვის ფსიქოლოგიური არსის შემეც­ნებას ეფუძნება.

აღზრდის მიზანთა სოციალური ბუნების აღიარებას მიჰყავს დ. უზნაძე აღმზრდელობითი პროცესის უმთავრესი წინააღმდეგობის აღმოჩენამდე, რომელსაც მან “აღზრდის ძირითადი ტრაგედია” დაარ­ქვა.

უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შო­რის ჩნდება იმიტომ, რომ აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზ­ნების მატარებელი, თუმც კი მიაჩნია, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურა­დღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც, აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობაა, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევაო, _ წერდა დ. უზნაძე.

10. უზნაძის მიხედვით, რაში მდგომარეობს “აღზრდის ტრაგედის” გადალახვის სტრატეგია?

“აღზრდის ტრაგედიის” გადალახვაში გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს მასწავლებელი, რომელსაც ძალუძს “ემ­პირიული ზედაპირიდან ადამიანის არსში შეღწევა”. პედაგოგიური პროცესის ძირითადი პირობა სწორედ ბავშვის ბუნების უშუალო წვდომაა, მისი გრძნობებისადმი, “სულიერი მღელვარებისად­მი” თანაგრძნობა _ ის, რასაც ახლა ემპათიურ უნარებს ეძახიან. მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნა მისცემს შესაძლებლობას მასწავლებელს, “უმტკივნეულად შეუხამოს სოციალური ხასიათის მიზნები ბავშვის ბუნებრივი განვითარების მიმართულე­ბას”.

11. უზნაძის მიხედვით, რას წარმოადგენს განწყობა?

უზნაძის მიხედვით, განწყობა წარმოადგენს ადამიანის მთლიანპიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი. “სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცე­ვას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა გ ა ნ წ ყ ო ბ ი ს სახით მოცემული”.

განწყობის ცნების შინაარსს უზნაძე ინდივიდის მიზანშეწონილი ქცევის ანალიზიდან გამომდინარე ხსნის: რა განსაზღვრავს ადამიანის ქცევას? მოთხოვნილება, რომელიც რა­ღაცის დეფიციტს გულისხმობს. მოთხოვნილება არის ის სუბიექტური, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ქცევის განსახორციელებლად.

12. დავაკონკრეტოთ… 

თუ ადამიანს შემეცნებითი მოთხოვნილე­ბა აქვს, ის სათანადო სიტუაციას ეძებს მის დასაკმაყოფილებლად. მაშასადამე, სიტუაცია, გარემო წარმოადგენს ობიექტურ, აუცილებელ ფაქტორს ქცევის განხორციელებისთვის. მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა. განწყობავე განსაზღვრავს ადამიანის გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას ახ­ალი ინფორმაციისადმი, წინასწარ ამზადებს გარკვეული ქცევისადმი, შესატყვისი ძალებისა და შესაძლებლობების მობილიზაციას ახდენს.

გარე სინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში პიროვნება, რომელიც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, სიტუაციის შესატყვისად იცვლება.

13. ახლა კი ერთი მაგალითიც განვიხილოთ…

ერთ-ერთ სამაგალითო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი: როდესაც ადამიანი პურის შესახებ რუსს ესაუბრება, მას ენაზე თავისთავად ადგება სიტყვა “ხლებ”; როდესაც იგი გერმანელთან დაიწყებს საუბარს, მაშინ მას შესაფერი გერმანული სიტყვა “ბროტ” აგონდება. რატომ? რა უდევს საფუძვლად ამ გარემოებას? პასუხი ასეთია: რუსთან საუბრის დროს ადამიანი რუსულად სალაპარაკოდ არის გ ა ნ წ ყ ო ბ ი ლ ი, გერმანელთან საუბრის დროს – გერმანულად სალაპარაკოდ. მაშასადამე, რა სიტყვა მოგადგება ენაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენაზე ლაპარაკის გ ა ნ წ ყ ო ბ ა გაქვს”. ასეთი წინასწარი მზაობა განსაზღვრავს არა მხოლოდ ქცე­ვას, არამედ აღქმის შინაარსსაც. მაგალითად, ჩასაფრებულ მონადირეს, რომელიც დათვს ელოდება, ადამიანი შეიძლება დათვად მოეჩვენოს. ეს წინასწარი მზაობა ადამიანის ემოციურ დამოკიდებულე­ბასაც განსაზღვრავს: წინასწარ შექმნილი დადებითი დამოკიდებ­ულება დადებითად შეაფასებინებს რომელიმე მოვლენას.

14. რატომ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი მასწავლებელმა, რით დაეხმარება მას ამის ცოდნა გაკვეთილების, აქტივობების წარმატებით ჩატარებაში?

მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში ჩასართავად სჭირდებათ სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. მასწავლებელმა მოსწავლეს სამოქმედოდ განწყობილ ძალე­ბზე გათვლილი სასწავლო აქტივობები უნდა მიაწოდოს.სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ მოსწავლეს ადა­მიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოთხოვნილება, ინტელექტუა­ლური მოთხოვნილება (ცნობისმოყვარეობა), ე.წ. ცოდნის წყურვილ­ში გადაეზარდოს.

15. როგორ გამოვიყენოთ უზნაძის კონცეფცია საკლასო ოთახში?

პედაგოგმა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეუქმნას მოსწავლეს განწყობა;
  2. მოარგოს მასალა მოსწავლეს /აქტუალური დონე +წინსვლა/;
  3. შექმნას მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემო

როგორ?

1. შევუქმნათ მოსწავლეს განწყობა

სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას, რომელიც განსაზ­ღვრავს აქტივობაში მოსწავლის ჩართვას. თუ ახალი აქტივო­ბის მიმართ (დისკუსია, ახალი ტიპის ტესტები) მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შეუქმნით, შედეგი აუცილე­ბლად დადებითი იქნება.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივო­ბის პროცესშია შესაძლებელი.

2. მოვარგოთ მასალა მოსწავლეს /აქტუალური დონე +წინსვლა/

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძა­ლებს.

როგორი უნდა იყოს ეს მასალა?

“იგი, ერთი მხრივ, შესაფ­ერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისათვის; მეორე მხრივ, იგი დაშორებულიც უნდა იყოს მას საკმარისად. წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლა შეუძლებელი იქნება. მასწავლებლის ჩარევა სწორედ ამ პირობის რეალიზაციას ახდენს, მასწავლებელი მასალას ისე აწვდის მოწაფეს, რომ იგი მისაწვდომი გახდეს. მასწავლებლის როლი სასწავლო მასალისა და მოწაფის ძალთა შორის შუამავლობასა და მისი ნამდვილი განვითარების შესაძლებლობის აუცილებელი პირობის შექმნაში მდგომარეობს” /უზნაძე/.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება დაფუძნებულია იმ კიბეზე, სადაც ათვისებული და აუთვისებელი მასალა ქვედა და ზედა საფეხურებია!

3. შევქმნათ მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული საკლასო გარემო

საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირე­ბული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მის ინტერესებსა და სურვილებზეა დაფუძნებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი