ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დისტანციური სწავლება, ანუ ონლაინ გაკვეთილები ყველასთვის

ჩვენი ახალი რეალობა, რომელზე მსჯელობაც პოსტ-ფაქტუმ გვიწევს

 

 «ნუ შეურაცხყოფთ ბავშვებს მზა ფორმულებით.

ფორმულები სიცარიელეა;

 გაამდიდრეთ ბავშვები ხატებითა და სურათებით,

რომლებზეც მკაფიოდ ჩანს დამაკავშირებელი ძაფები.

ნუ დაამძიმებთ ბავშვებს ფაქტების მკვდარი ტვირთით;

 ასწავლეთ მათ ხერხები და საშუალებები, რომლებიც მათ

დაეხმარება ჩაწვდნენ საკითხს.

ნუ ასწავლით მათ, რომ მთავარი სარგებელია.

მთავარი, ადამიანში ადამიანურობის აღზრდაა“

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

 

დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო, ახალი ვერაგი ვირუსის, COVID 19-ის გამო სახლებშია გამოკეტილი, სკოლების მასწავლებლებსა და უმაღლესი დაწესებულებების ლექტორებს ახალი რეალობა დაუდგათ: გაკვეთილები და ლექციები უნდა გაგრძელდეს და ისინი დისტანციურად უნდა ჩატარდეს. პირდაპირ ვერ გეტყვით, კარგია ეს თუ ცუდი სტუდენტებისთვის ან მასწავლებლებისთვის, სწავლის პროცესისთვის თუ საგნის ათვისებისთვის, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს უცნაურია და ძალიან განსხვავდება ადრე არსებული პრაქტიკისგან.

ერთი შეხედვით, დისტანციური გაკვეთილები, მსოფლიო ქსელის, ინტერნეტის, ეპოქაში არ უნდა გამხდარიყო რაიმე განსაკუთრებული – პერსონალური კომპიუტერი თითქმის ყველა სახლში მოიძებნება. ინტერნეტ-კავშირიც თითქოს ყველას აქვს და ინტერაქტიული პროგრამებიც უხვადაა კომპიუტერის ეკრანებზე გასამართი კონფერენციებისთვის. დიახ, ყველაფერი დისტანციური ურთიერთობებისთვის არსებობს და ყველამ (ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც ინტერნეტ-კავშირსა და კომპიუტერს რეგულარულად იყენებს) იცის დისტანციური კავშირის გამოყენება. მაგრამ შედეგად მაინც ის მივიღეთ, რომ „ონლაინ გაკვეთილი“ მაინც არ აღმოჩნდა ის გამოსავალი, რაც მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობებს სჭირდება.

რატომ? რაშია საქმე? სად არის პრობლემა? დისტანციური კონტაქტის დროს ყველა ყველას ხედავს, ხმა ისმის, სასწავლო მასალებიც  კარგად ჩანს, ონლაინ გაკვეთილის დროს, სლაიდების პრეზენტაციების ჩვენება უფრო ადვილიც კი არის, ვიდრე კლასში, ჭერში დაკიდებულ პროექტორთან…თუმცა, ლექტორებისა და მასწავლებლების უმრავლესობა ალბათ დამეთანხმება და იტყვის, რომ „ამ ონლაინ სწავლებაში მაინც რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს…“

ქვემოთ ვეცდებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ვნახოთ, როგორია დისტანციური სწავლებისა და „ონლაინ გაკვეთილების“ გამოცდილება მსოფლიოში დღეს, ვირუსული პანდემიის დროს, როდესაც მოულოდნელად მთელი მსოფლიოს სკოლებსა და უნივერსიტეტებს ერთდროულად და დაუყოვნებლივ მოუწიათ უკვე დაწყებული საგაზაფხულო სემესტრის გაგრძელება ინტერნეტისა და ვიდეო კონფერენციების დახმარებით.

ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: ჩვენს უმრავლესობას, არ აქვს ონლაინ სწავლების გამოცდილება, ჩვევები და უნარები და არჩევანის შემთხვევაში, ალბათ, კვლავ პირისპირ სწავლებას აირჩევდა.

მიუხედავად იმისა, ვასწავლიდით თუ არა ოდესმე ონლაინ, სიმპათია „ცოცხლად“ სწავლებისადმი  ბევრად უფრო დიდია.

ასევე სიმართლეა ისიც, რომ ჩვენმა უმეტესობამ უბრალოდ არ იცის ბევრი რამ დისტანციური სწავლების შესახებ. კერძოდ, რას ნიშნავს „კარგად“ სწავლება ონლაინ? რა უნარ-ჩვევებია ასეთი სწავლებისთვის საჭირო ან აუცილებელი? რამდენად ვართ ჩვენ, მასწავლებლები, მოტივირებულნი ასეთი ტიპის სწავლებისთვის? რამდენად მოხერხებულია დისტანციური გაკვეთილები სტუდენტებისთვის?

ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე დაწყებულია და მალე, ალბათ, ხელმისაწვდომი გახდება იმ გამოკითხვების შედეგები, რომლებიც ამ ტიპის სწავლებას ეხება.

2017 წელს, EDUCAUSE CENTER FOR ANALYSIS AND RESEARCH-ის მიერ აშშ-სა და მსოფლიოს ექვს ქვეყანაში, 150-მდე უნივერსიტეტში, 10,000-ზე მეტ პროფესორსა და ლექტორს შორის ჩატარებული კვლევის შედეგად, (https://library.educause.edu/-/media/files/library/2017/10/facultyitstudy2017.pdf) გაირკვა, რომ „მასწავლებელთა შემადგენლობის უმრავლესობა ეთანხმება ონლაინ სწავლებას, რომელიც ბევრად მეტ სტუდენტს მისცემს სწავლის საშუალებას უმაღლესი განათლების სკოლებში, თუმცა პროფესორთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს ონლაინ სწავლებას ეფექტურად“. იგივე კვლევის თანახმად, აშშ-ს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მხოლოდ 9 პროცენტი აძლევს უპირატესობას „მთლიანად ონლაინ გარემოში სწავლებას“.

სანამ ონლაინ გაკვეთილების თავისებურებებზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება თავიდან გავიაზროთ, რას წარმოადგენს საკუთრივ გაკვეთილი ინტერნეტის კავშირის გარეშე. როგორც Collins-ის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი (collinsdictionary.com) გვეუბნება, „გაკვეთილი წარმოადგენს დროის განსაზღვრულ (ფიქსირებულ) მონაკვეთს, რომლის დროსაც ადამიანებს ასწავლიან რომელიმე საგანს, ან რამის კეთებას“.  დიახ, ეს ფორმალური განმარტებაა, თუმცა იგი ნათლად აღწერს თვითონ პროცესს – ადამიანებს ასწავლიან რაიმეს კეთებას ან ასწავლიან რომელიმე დისციპლინას (ენას, მათემატიკას, მეცნიერების დარგებს, ცეკვას, ჭიდაობას, დურგლობას და სხვა). იგივე კოლინზის ლექსიკონის მიხედვით, დაახლოებით მსგავსი განმარტება აქვს ლექციასაც: „ლექცია წარმოადგენს სიტყვით გამოსვლას, რომლის მიზანია ადამიანებისთვის რომელიმე საგნის (დარგის) სწავლება. როგორც წესი ლექციები იმართება უნივერსიტეტებში და კოლეჯებში“.

აქაც თითქოს ყველაფერი ნათელია, გარდა ერთი მცირე დეტალისა – „..ლექციები იმართება უნივერსიტეტებში და კოლეჯებში“ –  მტკიცებითი ფორმით გვეუბნება განმარტებითი ლექსიკონი. დიახ, ლექციის (ან გაკვეთილის) გამართვა გულისხმობს მის ჩატარებას შენობაში, სადაც ადამიანები იკრიბებიან კლასებში თუ აუდიტორიებში და ლექტორი (მასწავლებელი, პროფესორი) მათთან ხილულად, ცოცხლად ურთიერთობს. ცოცხლად ურთიერთობა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლეების ფიზიკურად ახლოს ყოფნას.

ალბათ, სწორედ აქ არის იმ „უცნაურობის“, „დოსკომფორტისა“ თუ „გაურკვევლობის“ მიზეზი, რომელსაც ყველა განიცდის დისტანციური ლექციის კითხვისას. მასწავლებელი გარკვეულწილად მსახიობია, რომელიც კლასის წინაშე გამოდის და სტუდენტებს თემის საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობს მოცემულ საკითხზე თუ პრობლემაზე.

ლექტორების უმრავლესობას მოსწონს საკუთრივ სწავლების პროცესი, როდესაც ის პირადი ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს. მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ინტერაქცია, საკითხისადმი მასწავლებლის დამოკიდებულება თემაზე საუბრისას, ყველა მასწავლებელში წარმოშობს ემოციას, რომელიც საკლასო ოთახის სივრცეში გადაეცემა ახალგაზრდებს. მასწავლებელი, თითქოს თავისი ენერგიით აღავსებს საკლასო ოთახს და ამით აადვილებს კომუნიკაციას. თავის მხრივ, მასწავლებელი გრძნობს და განიცდის იმას, თუ როგორ ხდება მოსწავლეების მიერ მისი საუბრის აღქმა – ეს ჩანს მათ სახეებზე, სხეულის მოძრაობებზე დაკვირვებით თუ მიმიკითა და რეაქციებით. ბევრ მასწავლებელს საუბრისა და ქცევის უნიკალური მანერა თუ სტილი აქვს – რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, თუმცა ეს უნიკალურობა დამატებით ემოციას სძენს სწავლების პროცესს.

გარდა ამისა, მასწავლებელი სხვაგვარად იქცევა საკლასო ოთახში სწავლების დროს და სხვა არის უნივერსიტეტის/სკოლის დერეფანში თუ ფორმალურ გარემოში. ზოგიერთი მასწავლებელი სწავლების მეთოდად ხშირად იყენებს იუმორს ან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მეტაფორებსა თუ ხატებს; ბევრი მასწავლებელი საუბრისას ჩერდება, აკეთებს პაუზებს, ელოდება მოსწავლეთა უსიტყვო რეაქციებსა თუ კითხვებს; ლექციის დროს უნიკალურია მასწავლებლის ჟესტიკულაცია, მოძრაობის თავისებურებები და კლასში, დაფის წინა მოძრაობის „მარშრუტი“.

ონლაინ სწავლების დროს, ყველაფერი რაც ზემოთ აღვწერეთ – სტილი, უნიკალურობა, მეტყველების მანერა თუ სხეულის „ენა“, შესაძლოა „დაიკარგოს თარგმანში“, ანუ უბრალოდ შეიცვალოს უშუალო კონტაქტის არარსებობის გამო.

პირადად ჩემი გამოცდილებიდან (ლექციების ონლაინ კურსი ურბანიზაციისა და ქალაქების პრობლემების საკითხებზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მარტში დავიწყე) შემიძლია გითხრათ, რომ ზემოთ აღწერილი ონ-ლაინ „უცნაურობებიდან“ და „დისკომფორტიდან“ ბევრი ჩემთვისაც ნაცნობი გახდა: არ მომწონს ჩემი ხმა (არ მეცნობა იგი), მეუცნაურება საუბრის მანერა (იგი ნაკლებად ემოციური მეჩვენება), განსხვავებული მაქვს საუბრის რიტმი (ნელი მგონია) და რაც მთავარია, ვერ ვხედავ სტუდენტებსა და მათ რეაქციებს გადაცემულ მასალაზე! კურსის თავისებურებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ლექციების დროს, ყოველთვის ვიყენებდი პროექტორზე გაშვებულ პრეზენტაციებს, რომლებზეც უამრავი გრაფიკი, რუკა და ცხრილია (ურბანიზაციის კურსი ამას გულისხმობს).

დისტანციური სწავლების ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი, ან „უცნაური“ მხარეების მიუხედავად, ასეთ ლექციებს აშკარად აქვთ რამდენიმე უპირატესობაც:

  • ონლაინ ლექციების დროს, აუდიო-ვიდეო ფორმატში ატვირთული პრეზენტაციის სლაიდები, ფონად ლექტორის ხმით, ალბათ, კარგად აღიქმება კომპიუტერის წინ მჯდომი სტუდენტისთვის.
  • სტუდენტს/მოსწავლეს შეუძლია გააჩეროს ატვირთული ვიდეო ჩანაწერი და თავიდან მოუსმინოს წინადადებასა თუ ფრაზას, რომელიც ლექტორმა სლაიდის ჩვენებისას წარმოთქვა.
  • ასევე მოხერხებულია ონლაინ კურსი დროის მართვის მხრითაც – ლექცია შეგიძლია გახსნა და ნახო ნებისმიერ დროს. მოისმინო ბევრჯერ და გასათვალისწინებელი შენიშვნები კონსპექტში  ჩაიწერო.

ალბათ დაგაინტერესებთ დამამთავრებელი სასკოლო კლასების მოსწავლეების მოსაზრებები და შთაბეჭდილებები ონლაინ კურსებისა და დისტანციური სწავლების შესახებ, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსმა“ ჩაატარა 2020 წლის მარტის ბოლო რიცხვებში, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში:

ბრენდა კიმი, Valencia High School, კალიფორნია: „მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე გვაქვს ონლაინ სასკოლო სწავლება, იგი მაინც ძალიან განსხვავებულია. სახლიდან მუშაობა (სწავლა) უარესი აღმოჩნდა. მე მიჭირს სახლში სწავლა. ხშირად სხვა რამით ვკავდები და მასალის სწავლას დღის ბოლოსთვის „ვინახავ“. ზოგადად, გაკვეთილზე დასწრება ლოგინში წოლისას ვერ არის დიდებული იდეა (იცინის)“.

ლარისა, კალიფორნია, აშშ: „კორონავირუსმა და პანდემიამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ეს ვირტუალური სასკოლო გაკვეთილები საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ხშირად არ მაქვს კარგი ხარისხის wi-fi, ნერვებს ისიც გვარიანად მიშლის, რომ ზუსტად არ ვიცი, რა უნდა ვქნათ გამოცდების დროს. მე გამოცდების ჩაბარება აუცილებლად მჭირდება, რათა შემდეგ საფეხურზე გადავიდე და დავამთავრო სკოლა“.

ჯულიენ ფილიპსი, ტეხასი, აშშ: „ჩვეულებრივ, ახლა, დღეში 2-3 საათის სწავლა მიწევს, ნაცვლად 8 საათისა (საშინაო დავალების ჩათვლით), მაგრამ ეს უფრო დამღლელია ჩემთვის. კი, სახლში ყოფნის კომფორტი მაქვს, სულ სახლში ვარ ძირითადად და გაკვეთილების მოსმენისა და დავალებებისთვის სულ რამდენიმე საათი მჭირდება, მაგრამ ასეთი ყოფა ჩემთვის უფრო მონოტონურია, ვიდრე სკოლაში გატარებული 8 საათი. მეორე მხრივ, ბევრად უფრო წყნარად ვარ, რადგან არ მიწევს მუდმივად ხალხთან ერთად ყოფნა. საკლასო ოთახში ბავშვები საშინლად იქცევიან. ზოგადად, ეს სიტუაცია არ გახლავთ უარყოფითი ჩემთვის, თუმცა ამ ცვლილებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. მომავალში თუ სწავლა ასე გაგრძელდება, ვფიქრობ, ეს უფრო მისაღები იქნება.“

ალექსენი, ქ.ლოურენსი, მასაჩუსეტსი, აშშ: „თვითკარანტინის პირველი კვირის ბოლომდე ვერც კი აღვიქვამდი იმ სოციალურ ურთიერთობას, რომელიც სკოლაში მიწევდა ყოველდღე. დღეს სახლში ვარ გამომწყვდეული ჩემს ოჯახთან ერთად. რაც შეეხება მიმდინარე Zoom-ლექციებს, დიდი არაფერი…დიდად არ მომწონს. როგორც აღმოჩნდა, ეს ლექციაც არ იყო. იგი უფრო საუბარს წააგავდა. ეს იყო დისკუსია იმ ბოლო დავალების შესახებ, რომელზეც არ ვიცოდი, რომ აუცილებელი ყოფილა. ვიდეო-კონფერენციის დროს საუბრები ხმაურიანი იყო. განსხვავებული აზრები ყველა მხრიდან მოდიოდა და ხშირად სცდებოდა საკითხის ჩარჩოს. ამავე დროს, ვიდეო ჩართვისას, ზოგმა კატაც კი მოიყვანა ეკრანთან. ხშირად ჩნდებოდნენ და უჩინარდებოდნენ ჩემი კლასელების ოჯახის წევრები და ეს კონტროლირებადი ქაოსი სასწაულად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, ნამდვილად ვისიამოვნე კამათში მონაწილეობით. აქამდე ვერც კი ვხვდებოდი, თუ რამდენად იზოლირებული ვიყავი ჩემს კლასელებთან ვიდეო საუბრებამდე და ამ შეხვედრით შანსი მომეცა ჩავრთულიყავი ასეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ შეკრებაში.“

როგორც ვხედავთ, აზრები ონლაინ კურსების შესახებ დიამეტრალურად განსხვავებულია. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ზოგიც დაბნეულია. ეს ნორმალურია. ადამიანები სხვადასხვანაირები და ბუნებით კონსერვატიულები ვართ. ამავე დროს, ჩვენ გაგვაჩნია ადაპტაციისა და სიახლის აღქმის გასაოცარი უნარი, რაც ყოველთვის გვეხმარება სიახლის მიღებაში. მოკლედ თუ ვიტყვით, ადაპტაცია  თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელსაც ამ ჯერზე განსხვავებული ფორმატით სწავლისათვის ვსწავლობთ. დიახ, ჩვენ ვსწავლობთ. ვსწავლობთ ონლაინ ურთიერთობებს ჩვენს მოსწავლეებთან და ჩვენს მასწავლებლებთან.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი