სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ტექსტის გაგებისათვის

მინდა შემოგთავაზოთ პირველი (ანბანის შემდგომი პერიოდისთვის) ან მეორე კლასელებისთვის პატარა ზღაპარი ,,როგორ იქცა სიო ქარიშხლად“ (დანართი 1.),  გაგების ცნებაზე ორიენტირებული აქტივობებით.

ტექსტზე მუშაობას მასწავლებელი სათაურის გაცნობითა და წინარე ცოდნის გააქტიურებით იწყებს.

აქტივობა 1. გონებრივი იერიში

რა არის სიო? სახესთან ახლოს მივიტანოთ ხელები და ტაში შემოვკრათ. რა იგრძენით?

ფურცლით დავინიავოთ. რა იგრძენით? ქარიშხალი რა არის? გინახავთ?

თქვენი ვარაუდით, რაზე შეიძლება იყოს ზღაპარი ,,როგორ იქცა სიო ქარიშხლად?“.

რატომ ფიქრობ ასე?

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით (აბზაც-აბზაც)

ნაბიჯი1.

რა მოხდა?  გამართლდა თქვენი მოლოდინი? წელიწადის რომელ დროს ხდება ამბავი?

როგორ დაიბადა სიო? როგორ იქცეოდა კარგად თუ ცუდად? თქვენი აზრით, შემდეგ რა მოხდება?

ნაბიჯი 2.

ნიავი რა არის? რის შემდეგ იქცა სიო ნიავად? რით განსხვავდება სიოსგან?

პირველად ვინ მოინახულა ნიავმა?  მერე ვისთან  მოუნდა თამაში?

ზღვის დანახვაზე რა გაიფიქრა და რა სურვილი გაუჩნდა ნიავს?

რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

ნაბიჯი 3.

რა ქნა ნიავმა, რომ ქარად ქცეულიყო? როგორი მოიქცა ქარი?

მოსწონდათ მისი ქმედება ადამიანებს?  რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

ნაბიჯი 4.

რა მოიმოქმედა ქარიშხალმა? ვის გამოეჯიბრა?

რა მოხდა ქარიშხალისა და ზღვის შებმის შედეგად?

ბოლოს რატომ გაჩერდნენ ქარიშხალი და ზღვა?

რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

ნაბიჯი 5.

რა მოხდა ბოლოს? სიოს რა განცდა ჰქონდა, როცა ნამოქმედარს გადახედა?

რა გააკეთა სიომ?

აქტივობა 3. ლექსიკონის შექმნა (მართული პრაქტიკა)

გზადაგზა ხდება უცხო სიტყვების ჩანიშვნა და განმარტება. მასწავლებელი გეზისმიმცემი შეკითხვებით და განსხვავებულ კონტექსტებში გამოყენებით,  დაამუშავებს ახალ  სიტყვებს, შესიტყვებებს; დაეხმარება  მოსწავლეებს მათი მნიშვნელობების გაგებაში.

მოსწავლეები აკეთებენ ლექსიკონს.

აქტივობა 4.  პერსონაჟის ქცევები

ნაბიჯი 1. დაფაზე აგებულია სქემა, მხოლოდ საწყისი ჩანაწერით, შეავსეთ სქემა და თითოეული პერსონაჟის ქვეშ ჩამოწერეთ ამ პერსონაჟის ქმედებები.

 

 

 

 

 

ნაბიჯი 2. მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს: დავდგეთ ერთმანეთისგან ხელის გაწვდენაზე, ცოტა კიდევ დავშორდეთ  და ჩემს დაძახილზე ხელების მოძრაობით გამოვსახოთ:

სიო… ნიავი… ქარი… ქარიშხალი …

ქარი… ქარიშხალი… სიო… ნიავი…

(მასწავლებელი თავადაც აკეთებს მოდელირებას).

აქტივობა 5. ტექსტის მთავარი სათქმელის გამოკვეთა (კითხვა-პასუხი)

როგორ ფიქრობთ, სიოს, ნიავს, ქარს, წვიმას შეუძლიათ მოფერება, გამოჯიბრება ან სინანული? ვის შეუძლია ეს ყველაფერი? ვისთვის არის დაწერილი ეს ზღაპარი? რა არის ამ ზღაპრის მთავარი სათქმელი? როდის რცხვენიათ ადამიანებს? დამალვა  შველის ცუდ ნამოქმედარს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სანანებლად არ გაგვიხდეს საქმე? და თუ მაინც შეგვეშალა, მაშინ როგორ ვიქცევით? ბოდიშის მოხდის შემდეგ კიდევ ვიქცევით ცუდად?

აქტივობა 6. ტექსტის სიუჟეტის აღდგენა ილუსტრაციებზე დაყრდნობით (ჯგუფური სამუშაო)

ჯგუფის წევრებმა გადაინაწილეთ ეპიზოდები (სიოს ამბავი; ნიავის ამბავი; ქარის ამბავი; ქარიშხლის ამბავი; სინანულის ამბავი); სათაურის მიხედვით,  შექმენი/დახატე  ილუსტრაცია. ჯგუფში თქვენი  ილუსტრაციები დაალაგეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით; გამოყავით მთხრობელი ან მთხრობელები და ილუსტრაციებზე დაყრდნობით გადმოეცით ტექსტის შინაარსი.

აქტივობა 7. პრეზენტაციები

აქტივობა 8. შეჯამება

რა მოგეწონათ ზღაპარში?  რა არ მოგეწონათ? რას შეცვლიდით?

რა თქმა უნდა, ეს აქტივობები არ არის გათვლილი ერთი გაკვეთილისთვის და მასწავლებლის ინტერპრეტაციას ექვემდებარება.

                                                                                                                                                 დანართი 1.

როგორ იქცა სიო ქარიშხლად

 

ხასხასა ფოთლები ტაშით მიესალმნენ გაზაფხულის მშვენიერ დილას. ასე დაიბადა სიო, ნაზი და საამური. ის ყველას და ყველაფერს მიელამუნა, ჰამაკში ჩაძინებულ პატარას კულულებზე მიეფერა, ნარნარად გადაევლო კამკამა აუზს. პეპელას აედევნა და მინდორში აღმოჩნდა.

 

მინდორში აიჩქარა და ნიავად მოევლინა ახლად ამოქოჩრილ  ყანას. მერე ტალღებთან გასათამაშებლად ზღვისკენ გაისეირნა. ზღვას რომ გადახედა, გაიფიქრა: რამხელაა, რა ღონიერი იქნებაო… უცებ,  აფორიაქდა,  გამოჯიბრება მოუნდა, მოდი, მეც ძალას მოვიკრებ და ვნახავ, რა შემიძლიაო.

 

ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, აიქროლა და  დაიქროლა, მართლაც გაძლიერდა და ქარად იქცა. სანაპიროზე გოგონას კაბა აუფრიალა, ყვავილებს ფოთლები გასტაცა, შეღებულ ფანჯრებში შეიჭრა და ჯახა-ჯუხი აუყენა. ბებიამ ბავშვი ჰამაკიდან  აიტაცა და სახლისკენ აიჩქარა. ხალხმა ფანჯრები ჩარაზა. ქუჩაში სახეს არიდებდნენ, ყველა გაცლას და დამალვას ცდილობდა.

 

გაბრაზდა ქარი. აიწყვიტა და ქარიშხლად იქცა. დაგლიჯა ყვავილები, დაამტვრია ტოტები, ხეებიც კი წამოაქცია. ცის კიდურიდან გამორეკა შავი ღრუბლები და კოკისპირულ წვიმად აქცია.  ბოლოს, ისევ ზღვისკენ გაიწია, ვნახოთ, მე უფრო ძლიერი ვარ თუ ზღვაო. შეებნენ ერთმანეთს ქარიშხალი და ზღვა,  ვეებერთელა ტალღები ააგორეს, გემები ნაფოტებივით ააფრიალეს, სანაპირო დატბორეს და მიმოანგრიეს. ბოლოს, ძალაგამოცლილებმა უკან დაიხიეს, გაყუჩება მოუნდათ.

 

ქარიშხალი ქარობაში დაბრუნდა, ქარი ნიავად იქცა, ნიავი – სიოდ. სიომ მიმოიხედა, ნამოქმედარის შერცხვა და სადღაც გადაიმალა. ასეთ დროს თქვეს, სიო არ იძვრისო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი