დავით ნაჭყეპია – სკოლის მართვა როგორც მეცნიერება

წინამდებარე წერილში ყურადღებას შევაჩერებ სკოლის მართვის როგორც მეცნიერების ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა სკოლის მართვის ცნება,  სკოლის მართვის მეცნიერების შემეცნების საგანი, ობიექტი,  ადგილი მეცნიერებათა კლასიფიკაციის სისტემაში,  სკოლის მართვის მეცნიერების არქიტექტონიკა და მისი მთლიანობა.

1. სკოლის მართვის ცნება. სკოლის მართვის ცნების გაგებისათვის საჭიროა ერთი მხრივ – სკოლის,  ხოლო მეორე მხრივ მართვის ცნებათა განხილვა.
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (მუხლი 2) მიხედვით,  სკოლა (საჯარო სკოლა) სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა,  ხოლო ზოგადი განათლება – ეს არის “განათლება,  რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის” (იქვე,  “მ” პუნქტი). მაშასადამე,  სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია მოსწავლის აღზრდა და მომზადება პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.

რა შეიძლება ითქვას მართვის ცნების შესახებ?

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ სოკრატე, ანტიკური და, საზოგადოდ, დასავლური ფილოსოფიის ფუძემდებელი, მართვას მიიჩნევდა ადამიანის საქმიანობის განსაკუთრებულ სფეროდ, რომლის მთავარი მიზანია საჭირო ადამიანების საჭირო ადგილას დაყენება და მათ წინაშე დასახული ამოცანის მიღწევა (ე. ბარათაშვილი, ლ. თაკალანძე, ა. აბრალავა. მენეჯმენტი და ადმინინისტრირება. “ინოვაცია”, გვ. 37).

მართვის საკითხებს განიხილავდა ასევე გენიალური ბერძენი მოაზროვნე, სოკრატეს მოწაფე პლატონი. იგი მართვას მეცნიერებად მოიაზრებდა და მიაჩნდა, რომ იგი საყოველთაოდ გააზრებულ კანონებს უნდა ეფუძნებოდეს (იქვე, გვ. 37).

ჩვენს დროში მართვის ცნება სისტემატური კვლევის საგანი გახდა. ამ კუთხით საინტერესოა მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორების პ. დრუკერისა და მ. მესკონის დეფინიციები.

პიტერ დრუკერი მართვას განმარტავს როგორც “საქმიანობის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც არაორგანიზებულ ბრბოს აქცევს მიზანმიმართულ და მწარმოებლურ გუნდად” (იქვე, გვ. 18). პროფ. მ. მესკონი, საყოველთაოდ ცნობილი სახელმძღვანელოს “მენეჯმენტის საფუძვლების” თანაავტორი, კი ამ ცნების ასეთ განმარტებას გვთავაზობს: “მართვა – ეს არის დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციისა და კონტროლის პროცესი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ფორმულირებული და მიღწეული იქნეს ორგანიზაციის მიზნები” (იქვე, გვ. 18).
მართვის თანამედროვე სახელმძღვანელოების, მათი სტრუქტურის გათვალისწინებით, ჩვენთვის მისაღებია მ. მესკონის თვალსაზრისი. აქვე უნდა ითქვას, რომ დღეს მენეჯმენტის ოთხ ზემოაღნიშნულ ძირითად ფუნქციასთან – დაგეგმვასთან, ორგანიზებასთან, მოტივაციასა და კონტროლთან ერთად განიხილება კიდევ ორი – გადაწყვეტილება და კომუნიკაცია, რომლებიც ძირითადი ფუნქციების დამხმარედ და დამაკავშირებლად მიიჩნევა.
მართვის მეცნიერებაში დღეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორებიცაა ტაქტიკური დაგეგმვა, მართვის სტილი, ძალაუფლების ფორმები, ჯგუფური დინამიკა, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, შრომის ნაყოფიერების მართვა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სკოლის მართვა გულისხმობს სკოლის როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმვას, ორგანიზაციას, მოტივაციასა და კონტროლს, აგრეთვე – მათ დამაკავშირებელ პროცესებსა და მართვის სხვა საკითხებსი, რომელთა მიზანია მოსწავლის აღზრდა და მომზადება პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
2. სკოლის მართვის მეცნიერების შესწავლის საგანი, ობიექტი, ადგილი მეცნიერებათა კლასიფიკაციის სისტემაში. სკოლის მართვა დამოუკიდებელი, სუვერენული მეცნიერებაა, რომელსაც სხვა მეცნიერებათაგან განსხვავებული შესწავლის საგანი აქვს.
მას შემდეგ, რაც განვსაზღვრეთ სკოლის მართვის ცნება, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სკოლის მართვის როგორც მეცნიერების შესწავლის საგანი.

სკოლის მართვის მეცნიერების შესწავლის საგანია სკოლის როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი, აგრეთვე  – დამხმარე ფუქციები: გადაწყვეტილება და კომუნიკაცია – და მათთან დაკავშირებული საკითხები.
სკოლის მართვის შესწავლის ობიექტია ადამიანი, ვინაიდან სკოლა როგორც ორგანიზაცია ანთროპოგენური ინსტიტუტია.

ცნობილია მეცნიერებათა დაყოფა სამ დიდ სფეროდ: საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივ და ტექნიკურ მეცნიერებებად. სკოლის მართვა საზოგადოებრივი მეცნიერებაა, რადგან მისი შესწავლის ობიექტია ადამიანი.
3. სკოლის მართვის მეცნიერების არქიტექტონიკა. რაკი გავარკვიეთ, რა არის სკოლის მართვის შესწავლის საგანი, შეიძლება განვსაზღვროთ სკოლის მართვის არქიტექტონიკაც.
სკოლის მართვის არქიტექტონიკა არის სკოლის მართვის საკითხების თანამიმდევრობა, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნის.

სკოლის მართვის საკითხები ასეთი თანამიმდევრობით შეიძლება წარმოვიდგინოთ:
1. სკოლის სტრატეგიული დაგეგმვა – მისია, მიზნები, SWOT-ანალიზი, სტრატეგიული ზრდა, სტრატეგიული გეგმის შეფასება და ა.შ.
2. ორგანიზაცია-დეპარტამენტიზაცია, ანუ სკოლის მართვის სტრუქტურის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად. ესენია: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, კათედრები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი და სხვ. ორგანიზაცია გულისხმობს აგრეთვე მართვის სტრუქტურის ელემენტებს შორის ფუნქციების განაწილებას.
3. მოტივაცია – მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის სტიმულირება სკოლის საქმიანობის შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. კონტროლი – სწავლის, სწავლებისა და არასასწავლო პროცესების მონიტორინგი, შეფასება, დადებითი მხარეების განმტკიცებისა და ხარვეზების აღმოფხვრის დაგეგმვა და განხორციელება.
5. გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება – ეს ალტერნატივის არჩევაა. სკოლის მენეჯერს ყოველდღიურად მრავალი ინტუიციური თუ დისკურსიული (რაციონალური, ლოგიკური) გადაწყვეტილების მიღება უწევს. სწორი გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ როლს ასრულებს ორგანიზაციის წარმატებაში.
6. კომუნიკაცია – ეს არის ინფორმაციის გაცვლის პროცესი, რომლის შედეგად მენეჯერი იღებს სწორი გადაწყვეტილების შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციას და მიღებული გადაწყვეტილება შემსრულებლებამდე დაჰყავს.
7. მართვის სტილი. ეფექტურია დემოკრატიული მართვის სტილისა და სიტუაციური მიდგომის მოდელების გამოყენება.
8. დირექტორის ძალაუფლების ფორმები. ყველაზე ეფექტურია მონაწილეობითი ძალაუფლება და არა მბრძანებლობა, იძულებაზე დამყარებული თუ ძალაუფლების სხვა არაჰუმანური და უეფექტო ფორმების გამოყენება.
9. ჯგუფური დინამიკა – განსაზღვრა იმისა, რა სახის ჯგუფები თუ კომიტეტები შეიძლება არსებობდეს სკოლაში და რა არის საჭირო მათი ეფექტური მუშაობისთვის.
10. სტრესებისა და კონფლიქტების პრევენცია და მართვა. ეს ყოველივე უზრუნველყოფს მასწავლებელთა და სკოლის სხვა პერსონალის შრომის ნაყოფიერების ამაღლებას. 
11. ტაქტიკური და მიმდინარე დაგეგმვა. თუ სტრატეგიული დაგეგმვა სკოლის გრძელვადიანი  განვითარების გეგმაა, ტაქტიკური დაგეგმვა ერთწლიან პერიოდს მოიცავს და სკოლის მისიისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ემსახურება. ტაქტიკური გეგმა ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა “რა უნდა გაკეთდეს”, “როგორ უნდა გაკეთდეს”, “ვინ უნდა გააკეთოს” და “რა ვადაში უნდა გაკეთდეს”. მიმდინარე გეგმა კი ერთდღიანი ან რამდენიმედღიანი გეგმაა, რომლის განხორციელებასაც ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმების რეალიზებამდე მივყავართ. მიმდინარე გეგმაც იმავე კითხვებს ითვალისწინებს, რასაც ტაქტიკური.
12. სკოლის დირექტორის პიროვნება და ხალხთან ურთიერთობა. სკოლის დირექტორს პროაქტიულობა მოეთხოვება. ურთიერთობათა წარმმართველი მისთვის ზნეობრივი მოტივები – სინდისი, მოყვასის სიყვარული, ემპათია – უნდა იყოს. სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობათა ზნეობრივი რეგულირების მდიდარი ცოდნა (ანუ ზნეობრივი ნორმებისა და პრინციპების ცოდნა, რასაც შეგნება ეწოდება) და ნებისყოფა.
4. სკოლის მართვის საკითხების მთლიანობისთვის. სკოლის მართვის საკითხები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, ერთმანეთიდან უნდა გამომდინარეობდეს და ერთ მთლიანობას ქმნიდეს.
სკოლის მართვა უნდა დაიწყოს სტრატეგიული დაგეგმვით, რომლის პირველი საფეხური მისიის განსაზღვრაა. მისია იმის მიხედვით ყალიბდება, რა საგნებსა და საკითხებს ვასწავლით, აგრეთვე – ქცევის როგორი სტანდარტია ჩამოყალიბებული სკოლაში.

მისიის საფუძველზე იქმნება სტრატეგიული მიზნები. მიზნები მისიის განხორციელების გზებია. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სასწავლო და არასასწავლო სტრატეგიული მიზნები. რა შეიძლება იყოს სასწავლო მიზნები? ჩემი აზრით, სასწავლო მიზნები შეიძლება იყოს სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები. ამის შესახებ ყველაზე საინტერესო ნაშრომებად მიმაჩნია მარზანოს, ნორფორდისა და არკანჯელოს “რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას”, შენონისა და ბილსმას “წარმატებული სკოლის 9 მახასიათებელი” და საერთაშორისო კვლევა TIMSS 2007-ის მიხედვით – “ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მათემატიკის სწავლასა და სწავლებაზე”. მათი სინთეზის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს სტრატეგიული მიზნები.

არასასწავლო მიზნებია ფინანსები, სახელმწიფო შესყიდვები, სამეურნეო საკითხები, სანიტარიულ-ჰიგიენური სფერო.

მიზნებთან მიმართებით საჭიროა SWOT-ანალიზი. ეს ნიშნავს სტრატეგიული მიზნების შეფასებას – იმის გარკვევას, რომელი მიზნის მხრივ არის სკოლაში დადებითი ვითარება და რომლის მხრივ – უარყოფითი. SWOT-ანალიზი ითვალისწინებს იმასაც, რომელი სკოლისგარე ფაქტორები უქმნის სტრატეგიულ მიზნებს საფრთხეს და რომელი ხელს უწყობს მათ განხორციელებას.

SWOT-ანალიზიდან და სკოლის ადამიანური თუ მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, ვადგენთ, ზრდის როგორი ტემპის დასახვა შეუძლია სკოლას მიზნად. ვგულისხმობთ მოსწავლეთა აკადემიურ ზრდას – მეტი მოსწავლის მეტ განათლებას.

სტრატეგიული მიზნების განხორციელება სკოლის მართვის სტრუქტურის სრულყოფილ გააზრებას მოითხოვს. საჭიროა სკოლის მართვის სტრუქტურული ელემენტების (სამეურვეო საბჭო, დირექტორი, პედსაბჭო, შესყიდვების, სწავლების, ფინანსების, კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები) ისე განსაზღვრა, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიული მიზნების შესრულება. ამიტომ მართებულია მართვის მეცნიერებაში ცნობილი გამოთქმა: სტრატეგია განსაზღვრავს სტრუქტურას (ალფრედ ჩენდლერი). სტრუქტურის ელემენტების შესაბამისად უნდა განაწილდეს უფლებამოსილებები და მოვალეობები მათ შორის.

სტრატეგიული მიზნებისა და მისიის რეალიზების კუთხით მართვის სტრუქტურის თითოეული ელემენტის ძალისხმევისთვის საჭიროა პერსონალის მოტივაციის პროგრესული და რეალისტური კონცეფციის შექმნა.
საჭიროა მონიტორინგი იმისა, როგორ მიმდინარეობს მისიისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელება. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები, ხოლო დადებითი მხარეების ანალიზის შემდეგ მოხდეს ამ უკანასკნელთა განმტკიცება-განვითარება.
როგორც აღვნიშნეთ, სკოლის მართვის ოთხი ფუნდამენტური ფუნქციის: სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციისა და მონიტორინგის – დამაკავშირებელი და დამხმარე ფუნქციებია გადაწყვეტილება და კომუნიკაცია.

ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას სკოლის განვითარების ერთწლიანი დეტალური გეგმა, ანუ ტაქტიკური გეგმა, რომელიც საბოლოოდ სტრატეგიული გეგმის – მისიისა და მიზნების განხორციელებამდე მიგვიყვანს.
სკოლის მართვის მეცნიერება, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიცავს კიდევ რამდენიმე საკითხს (ამის შესახებ ითქვა მე-3 პარაგრაფში), რომელთა გათვალისწინება აუცილებელია და სკოლის ეფექტიან მართვას განაპირობებს.

კომენტარები

comments