ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სტამბოლის საქართველო

მსოფლიოს უდიდეს და უმთავრეს ქალაქთა შორის აუცილებლად მოიხსენებენ სტამბოლს. სტამბოლი მრავალი ნიშნით გამორჩეული ქალაქია. თავდაპირველად, ალბათ, მოსახლეობის რაოდენობის გრანდიოზულ მაჩვენებელზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყოფილ კონსტანტინეპოლში დაახლოებით თვრამეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გაშენებული გრანდიოზული სივრცე საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაციათა და ისტორიულ გამოცდილებათა ერთმანეთთან შეხვედრის ადგილად ჩამოყალიბდა. სტამბოლში საერთო ნიადაგზე თანაარსებობენ ევროპული და აზიური ტრადიციები. უზარმაზარ მეტროპოლისში წააწყდებით ურთიერთგანსხვავებული და ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული ორი ძლევამოსილი იმპერიის – ბიზანტიისა და ოსმალეთის დიად ნაშთებს. დასახელებული იმპერიები აერთიანებდნენ ტერიტორიებს ირანიდან ესპანეთამდე, ყირიმიდან საჰარის უდაბნომდე, არაბეთის ნახევარკუნძულიდან ავსტრიამდე. შესაბამისად, სტამბოლის ქუჩებში ყველა რასისა და უამრავი ეთნოსის წარმომადგენელს შეიძლება გადაეყაროთ, რომელთა ოჯახებიც ყოფილ დედაქალაქში ასწლეულებია სახლობენ. ორ ზღვას შორის გაშენებული დასახლების სტუმრებს ნებისმიერ მოსახვევში შეუძლიათ განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა, აია სოფიას ტაძრისა თუ „ლურჯი მეჩეთის“ მონახულება, სრუტეზე გემით გასეირნება და თანამედროვე სავაჭრო თუ გასართობი დაწესებულებების დალაშქვრა. ალბათ, მთელი თვეც არ არის საკმარისი თურქეთის უმდიდრესი ცენტრის უმნიშვნელოვანესი ადგილების დასათვალიერებლად. უკიდურესი მრავალფეროვნების აღმოჩენის შემდეგ ადამიანები იბნევიან, აღარ იციან, საიდან დაიწყონ სიახლეების ძიება და უამრავი დეტალი უყურადღებოდ მიგდებული რჩებათ. არადა, სულ მცირე მონდომებაა საჭირო, რომ თვალუწვდენელ სტამბოლში საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამ კუნძულს მიაკვლიოთ.

თურქული მეტროპოლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანს შიშლის უწოდებენ. უბნის შუაგულში, ერთ ვიწრო ქუჩაზე, სტადიონსა და მრავალსართულიან პროფესიულ სასწავლებელს შორის პატარა თეთრი შენობა დგას. შენობის ირგვლივ ჯერ კიდევ შემორჩენილია მომცრო ბაღი და რამდენიმე ძელსკამი. ალაყაფის კარებსა და შენობის ფასადზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ თურქული ქალაქის ცენტრში ქართული კათოლიკური ეკლესია მდებარეობს.

ოსმალეთის იმპერიას უმძიმესი ურთიერთობები ჰქონდა მართლმადიდებლურ სახელმწიფოებთან. ოტომანებმა სამყაროს დაპყრობისკენ მიმართული პირველი ნაბიჯები სწორედ ბიზანტიელებთან შეტაკებების, მათი დამარცხების ხარჯზე გადადგეს. არსებობის ბოლო საუკუნეებში კი სასულთნოს ყველაზე დიდ საფრთხეს რუსები უქმნიდნენ, რომლებიც ავადმყოფური მონდომებით ცდილობდნენ „თბილ ზღვებზე“ გასასვლელის მოპოვებას. სამაგიეროდ, სავაჭრო-ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე „დიადი პორტა“ აქტიურად თანამშრომლობდა დასავლურ სამყაროსთან და თურქეთის ტერიტორიაზე აქტიურად მფრაველობდა კათოლიკურ და პროტესტანტულ თემებს. ოსმალების მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, სამშობლოდან მოწყვეტილ მხარეებში მცხოვრებ ქართველებს ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა ჰქონდათ, ისინი უნდა შეერთებოდნენ სულთნის მფარველობის ქვეშ მყოფ კონფესიებს. დასახელებულმა გარემოებებმა შეუწყვეს ხელი ქართული კათოლიკური ჯგუფების ჩამოყალიბებას. ქართველი კათოლიკეები დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ ეროვნულ საქმეს. ისინი ხშირად მოგზაურობდნენ რომში განათლების მისაღებად თუ პოლიტიკური კავშირების ჩამოსაყალიბებლად. მათ ყოველთვის კონსტანტინეპოლის გავლით უწევდათ გადაადგილება. კონსტანტინეპოლი ქართველი კათოლიკეებისა და მთელი ქვეყნისათვის დასავლეთთან დამაკავშირებელ მთავარ რგოლად იქცა. 1861 წელს კათოლიკე მღვდელმა პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლში ქართული ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა. ახალციხელი აბატი აღმოჩნდა პირველი კათოლიკე ღვთისმსახური, რომელმაც რომისგან ქართულ ენაზე ლიტურგიის აღსრულების უფლება მოიპოვა. პეტრე ხარისჭირაშვილის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საეკლესიო საქმეების გაძღოლა. მან ეკლესიაში მალევე ააწყო სტამბა და დაიწყო ქართულენოვანი კვლევების, თარგმანების, „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა რედაქციების გამოცემა. ეკლესიასთან არსებული სასწავლებელი მრავალი ქართველისათვის ტრამპლინად იქცა. ქვეყნიდან შორს მყოფ ახალგაზრდებს ხარისჭირაშვილის სკოლაში ლიტერატურის, ისტორიის, რელიგიისა და თეოლოგიის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ. თავად აბატი პოლიგლოტი გახლდათ და სტუდენტებს ენების დაუფლებაშიც ეხმარებოდა. ეკლესიის ბაზაზე მალევე გაიხსნა თავშესაფარი, რომელიც არაერთი ხელმოკლე და გაჭირვებული ქართველისათვის სიცოცხლის შენარჩუნების წინაპირობად იქცა.

მოკლედ, 1861 წლიდან სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომელიც დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი ჩვენი თანამემამულისათვის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენდა. შიშლის ქართული კერა მასპინძლობდა პირველ მსოფლიო ომში გაუბედურებულ ჩვენებურებს, პარიზის კონფერენციაზე მიმავალ ივანე ჯავახიშვილსა და დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, 1924 წლის აჯანყების მონაწილეებსა და წინააღმდეგობის დამარცხების შედეგად მსხვერპლად ქცეულ ჯარისკაცებს. სტამბოლში ყოფნისას ორი თავისუფალი წუთი მაინც თუ გამოგიჩნდათ, ქართული სავანის მონახულებაზე უარის თქმა ნამდვილი დანაშაულია.

კონსტანტინეპოლის „ოქროს კარს“ მიღმა, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე შვიდკოშკიანი ციხე-სიმაგრე მდებარეობს. ციხე-სიმაგრეს ადგილობრივები იედიყულეს საპყრობილეს უწოდებენ. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა დიდ მოღვაწეს სწორედ ამ გალავნის დილეგებში ამწესებდნენ. შესაბამისად, ციხეს ჩვენი არაერთი ისტორიული გმირისთვის გაუღია თავისი რკინის კარი. იედიყულეს მსხვერპლთა შორის გახლდათ ქართლის გამორჩეული მეფე სიმონ I. ანტიიმპერიალისტმა მთელი ცხოვრება ომში გაატარა. დასუსტებულ ირანს ოსმალების დახმარებით აძევებდა ქართლიდან. დასუსტებულ ოსმალებს ირანის ჯარების გამოყენებით აიძულებდა საქართველოს ველებიდან გასვლას. მუდმივი ლავირების მიუხედავად, ის არასდროს ამბობდა უარს ტახტსა და ქართლის სახელმწიფოებრიობაზე. აქედან გამომდინარე, ურჩი მეფე ბრძოლას ყოველთვის მრავალწლიანი ტყვეობით ასრულებდა. ლუარსაბ მეფის შვილი თითქმის ათი წელი გამოკეტილი იყო ალამუთის ციხეში, კასპიის ზღვის სამხრეთით. სიცოცხლის ბოლოს იგი ოსმალებს ჩაუვარდათ ხელში, ხელმწიფემ უკანასკნელი ათი წელიც გისოსებს მიღმა გაატარა. საქართველოს გაერთიანებისთვის მებრძოლი მოღვაწე სწორედ იედეყულეში აღესრულა. შვიდკოშკიანი სიმაგრის მონახულება, ალბათ, მისი ღირსეული ცხოვრებისათვის პატივის მიგების საუკეთესო გამოხატულება იქნებოდა.

2013 წელს მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია „გეზი პარკმა“ და ტაქსიმის მოედანმა. პარკსა და მოედანზე შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ თურქეთში ნამდვილი დემოკრატია არსებობს. თურქეთის მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ავტორიტერულ ტენდენციებსა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. საპროტესტო მოძრაობა დიდი შეტაკებების შემდეგ დასრულდა, ქალაქის ნაწილმა კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი თურქეთის უახლეს ისტორიაში. სწორედ ტაქსიმის მოედნიდან ფეხით რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს კაფე „გალაკტიონი“. კაფე მხოლოდ ქართული კერძების დასაგემოვნებლად არ შექმნილა. „გალაკტიონში“ ხშირად იკრიბებიან ადგილობრივი და სტამბოლში სტუმრად მყოფი ქართველი ინტელიგენტები, მყუდრო მაგიდებთან ხშირად მიმდინარეობს საინტერესო დისკუსიები. კაფეს მფლობელი შესანიშნავ ქართულ წიგნებსაც აგროვებს დაინტერესებული პირებისთვის წარსადგენად. მოკლედ, შუა ქალაქში კიდევ ერთი ქართული პუნქტი არსებობს, რომელიც სრულიად თანამედროვე შინაარსისაა და წარსულის ქარტეხილებთან არ არის დაკავშირებული.

მაშასადამე, მთავარი მონდომებაა. თუ სურვილი გექნათ, დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში თქვენც შეძლებთ ჩვენი წილი საქართველოს აღმოჩენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი