პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ტექსტების სინთეზირება – ადამიანი საკუთარი თავის ძიებაში

ადამიანი უხსოვარი დროიდან ეძიებს ღმერთს და საკუთარ მისიას დედამიწაზე. ყოველი ეპოქის მხატვრული ლიტერატურის თემები და იდეებიც სწორედ ამას უკავშირდება. როგორ გაჩნდა სამყარო? რა კოსმიური ძალაა ღმერთი, რომელმაც დედამიწაზე ასეთი საოცარი წესრიგი დაამყარა? რისთვის გავჩნდი მე? რა არის ჩემი სულიერი მისია ამქვეყნად? რა არის სიკვდილი? სად წავა ჩემი სული სიკვდილის შემდეგ? – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც, საუკუნეებია, მკითხველთან ერთად ცდილობს მსოფლიო ლიტერატურა. ყოველი მხატვრული ნაწარმოების უმთავრესი თემაა ადამიანი, მის სულში წვდომა, პერსონაჟის საინტერესო ფსიქოპორტრეტის წარმოჩენა.

XX-XXI საუკუნეების ადამიანი ფსიქოლოგიურად დაძაბული, ნერვიული და დეპრესიულია. მატერიალურ ფასეულობათა ფეტიში მის ნაზ სულს თრგუნავს. გარემო გაჯერებულია ცივილიზაციის სიკეთეთა მიერ მოტანილი ნეგატიური ფლუიდებით, რის გამოც ადამიანის სული ცარიელდება, მარტოობას განიცდის, ეძებს ხსნას. სულ უფრო იშვიათია გაწონასწორებული, თავდაჯერებული პიროვნება, კიდევ უფრო იშვიათი – ჰეროიკული სულისკვეთების ანუ სხვათა ხსნასა და საზოგადოების გაკეთილშობილებაზე ორიენტირებული გმირი.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ჩვენი საოცარი ოთარ ჭილაძის ლექსის „ადამიანი გაზეთის სვეტში“ გმირს – ამერიკელ ჯარისკაც კრუს ხიმენესს, რომელიც თავისიანებმა დაცხრილეს იმის გამო, რომ არ ისურვა მონაწილეობა თავისუფლებისთვის მებრძოლი პანამელი პატრიოტების დასჯაში. უკვე მოკლული, სისხლის გუბეში „დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის ხიდივით გადამხობილი“ კრუსის პირით ცხადდება ყველაზე ამაღლებული და ჰუმანისტური იდეალები ადამიანის სულიერ მისიაზე. მას გაცნობიერებული აქვს, რომ „ხნულს ვერ მონახავს ყველა მარცვალი, რომ პურად იქცეს და დააპუროს მშიერი ხალხი“, ანუ ყველას როდი ძალუძს სხვისი ან თუნდაც საკუთარი თავის გადარჩენა. ამაზე ფიქრი კრუსისთვის უმთავრესია, რადგან „ცხოვრების ავან-ჩავანი ფიქრში ირკვევა“. კრუსი ამბობს, რომ ტვინის რენტგენი ჯერ არ გამოუგონიათ, რომ ადამიანის ფიქრები წაიკითხონ, მაგრამ მაინც დანამდვილებით იცის, რომ ადამიანი ვერასოდეს შეათავსებს ბოროტს და კეთილს.

მე და ჩემი მოწაფეები ხშირად ვიმეორებთ საზოგადოების თომას მანისეულ დიფერენციაციას: რომ ადამიანები იყოფიან ბიურგერებად და სულიერ პიროვნებებად, რომ ბიურგერი ისაა, ვინც მატერიალური სიკეთეებს სჯერდება, ხოლო სულიერი ადამიანი ან შემოქმედი ბუნებისაა, ან სხვისი ქმნილების აღქმა შეუძლია, ესთეტია, მშვენიერებას და ცოდნას ეძიებს და მისთვის არასდროს სრულდება სამყაროს შემეცნება. ასეთია კრუსი. ასეთი ადამიანები კი ყოველთვის აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. მათ საკუთარი გონიერება და სულიერება მოსვენებას უკარგავს და მებრძოლად აქცევს. ისინი მისიონერები არიან, სიკეთის გამარჯვებისთვის იბრძვიან. კრუსი შეშფოთებით კითხულობს: „ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი?“ „ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი?“ „რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით?“

სიხარბე, გაუმაძღრობა, მტაცებლური ბუნება აშთობს ადამიანის სულში ღვთის ქმნილებას და აცოცხლებს ცხოველს. კრუსი გვაჩვენებს მაგალითს, როგორ უნდა გავითავისოთ სხვისი განსაცდელი. ის მრავალმნიშვნელოვნად კითხულობს: „შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი? ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?“ მისი არსება შეპყრობილია სამართლიანობის წყურვილით, რაც სიცოცხლის ფასად უჯდება, სიცოცხლისა, რომელიც ახლა ისე უნდა, როგორც არასდროს… ახლა კი მის სულს შეუძლია მშვიდად განისვენოს საუკუნო სასუფეველში. ძველ ქართულში ცხოვნება ერქვა სააქაო ცხოვრებასაც და საიქიოსაც, ანუ ჩვენს წინაპრებს გააზრებული ჰქონიათ, რომ ორი სოფელი განუყოფელი გზაა ადამიანისთვის. სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს სულისშემძვრელი შედარებით გვიმხელს კრუსი: „და მეც ტკივილით მოვწყდი ქვეყანას, როგორც სწყდებიან საკრავს გამები…“ ეს სიტყვები გვასწავლის, რომ ადამიანი მუსიკაა, უკვე ნამღერი, კოსმოსში გაშვებული იმის იმედით, რომ მას შემდეგ, რაც ის მოისმინეს დედამიწაზე, ზეცაში იჟღერებს. ერთი ფრანგი მოაზროვნე წერდა: „შენ დაიბადე – შენ წააგე!“ ალბათ მართლაც აჯობებდა, ღვთიურ იდეად დავრჩენილიყავით, მაგრამ რაკი მოვევლინეთ მიწას, არ ღირს სიცოცხლე მხოლოდ საკუთარი სტომაქისთვის. აქ უეჭველად გაგვახსენდება ჩვენი სევდიანი ტატო: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს…“

სიმართლე, როგორც სიყვარული, ალბათ თავად ღმერთია, რადგან სამართლიანობის წყურვილი ადამიანური საწყისის მამოძრავებელია. გავიხსენოთ, რას ამბობენ „ვეფხისტყაოსნის“ გმირები სამართალზე, სამართლის აღსრულებაზე, რაც „ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“… კრუსსაც მიაჩნია, რომ „ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი“. მისი სამართალი კი ასეთია: „არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები, არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი!“ და აქვე გვეუბნება, რომ სუსტი ვერ დაიცავს თავის სიმართლეს, თუკი მას სხვები არ მიეშველებიან. კრუსს იმის სურვილიც კი გაუჩნდა, დემონსტრანტებს შეერთებოდა და თავისი სისხლი მიეცა მათთვის, როგორც „ნიშანი პატიოსნების და ერთგულების“. ეს კი აპოთეოზია ადამიანის სულიერი სიმაღლისა!

მთესველის ბიბლიურ იგავში, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ჭილაძის ლექსს, საუბარია იმაზე, რამდენ ნაყოფს გამოიღებს თბილ ხნულში ჩავარდნილი იფქლის მარცვალი: ასს, სამოცს თუ ოცდაათს. ეს რიცხვები ალეგორიაა ადამიანთა შესაძლებლობისა, მეტნაკლებობისა. კრუს ხიმენესი ემსგავსება მაცხოვარს, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველს. ის პოულობს საკუთარ თავს და თავისი ზნეობრივი მაგალითის ძალით სხვათა სულებსაც იხსნის. ამიტომაც უდავოა, რომ კრუსის იფქლის მარცვალი ას ნაყოფს გამოიღებს, ადამიანური სრულქმნილების სიმბოლოდ მოგვევლინება.

საკუთარი თავის მაძიებელ გმირებს შორის გამორჩეულია რიჩარდ ბახის მოთხრობის, ორიგინალური და თვითმყოფადი ტექსტის გმირი ჯონათან ლივინგსტონი. მისი სახელიც მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ პერსონაჟთან. ეს სახელი ბიბლიური ალუზიაა და უკავშირდება იონათანს, ებრაელთა პირველი მეფის საულის ვაჟს, დავით ფსალმუნთმეტყველის ერთგულ მეგობარს და ასევე – ნინევიელ წინასწარმეტყველ იონას, რომლის სამდღიანი ყოფნა ვეშაპის მუცელში იესოს სამდღიანი დაფლვისა და აღდგომის ალეგორიული წინასწარმეტყველება იყო. გვარი ლივინგსტონიც მეტაფორულად გამოხატავს ყოფიერების არსს, რადგან ინგლისურად „living“ ცხოვრებას ნიშნავს.

ჯონათან ლივინგსტონი ბევრი რამით ენათესავება კრუს ხიმენესს: საკუთარი თავის ძიების დაუოკებელი წყურვილით, სიკეთის თესვის, ქმნადობის, მოყვასისთვის თავგანწირვის უნარით. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ჯონათანი ქამსას შეგნებულად აგდებს ნისკარტიდან, რათა მოხუც თოლიებსაც შეხვდეთ საკვები. თავად მშიერი რჩება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ჯონათანსა და კრუსს შორის ის განსხვავებაა, რომ თოლია უფრო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პერსონაჟია, ხოლო კრუსი – მორალური კოდექსის შემოქმედი. მამა შთააგონებს ჯონათანს, რომ ვარხვებსა და ალბატროსებთან ერთად ფრენა კარგს არაფერს მოუტანს, რომ მისი მთავარი საზრუნავი საკვების მოპოვებაა, იზრუნოს, მაგრამ ჯონათანს სხვა რამ ამოძრავებს: ვარხვები და ალბატროსები ზღვის ბატონ-პატრონები არიან, თოლიებზე ძლიერები და ლაღები, სიმაღლეებს იპყრობენ, მუცელგაბერილი თოლიებივით ტალღებზე ფრთების ტყლაშუნით ფრენა არ მოსწონთ.

ჯონათანის სულიერი ნათესავია გურამ პეტრიაშვილის ცნობილი ზღაპრის, „პატარა დინოზავრის“, მთავარი გმირიც, რომელსაც ასევე არ აკმაყოფილებს თავისიანების ერთადერთი ვნება – ბალახის ძოვა. ის პირველი აიხედავს ცაში, მზეს (უფლის მეტაფორულ ხატს) იხილავს და, სიყვარულით სავსე, მის შეცნობას სცდის. მზე-ღმერთიც შეიყვარებს მას, გამოარჩევს და კოცნის, ნაკოცნი დინოზავრს ლაქებად ემჩნევა. ამით იწყება გმირის გაუცხოება და კონფლიქტი თანამოძმეებთან. ბოლოს პატარა დინოზავრი კუდსაც მოიშორებს და სრულ მეტამორფოზას აღწევს, ტყის საყვარელ ქმილებად – ჟირაფად იქცევა, რომლის გრძელი კისერიც ცნობისმოყვარე, მაძიებელი ადამიანის ალეგორიაა. ჟირაფად გარდაქმნილი დინოზავრი არა მხოლოდ მზე-ღმერთს, არამედ თავის სულიერ მისიასაც იპოვის – როცა მზეს ღრუბლები ფარავს, ჩიტები მის მზისფერ ლაქებში იმედს ხედავენ. ამრიგად, დინოზავრი თავად იქცევა მზედ, უფლის ემანაციად. დინოზავრები კი გადაშენდებიან, რადგან სამყაროს ეზედმეტება სტომაქზე გადაგებული უსულო არსებები.

როცა ბალახი გახმა, დინოზავრები ვერ მიხვდნენ, რომ საჭირო იყო სხვა ადგილის ძებნა, გარდაქმნა, განახლება, რასაც მიხვდა საბას იგავის, „იხვი და მყვარის“ პერსონაჟი იხვი. როცა გუბე დაშრა, მან საცხოვრისი შეიცვალა, ხოლო ფსევდოპატრიოტი მყვარი სამკვიდროს ერთგულების ყალბ, აკვიატებულ იდეას ემსხვერპლა. „მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო“, – დაასკვნა იხვმა.

ჯონათანის ცხოვრება სამ ეტაპად იყოფა. პირველი: მას არ აკმაყოფილებს მკვდარი თევზებისა და გემებიდან გადმოყრილი ნარჩენების მოსაპოვებლად წანწალი, მის სულში ქარიშხალი ბობოქრობს. თვითგამორკვევისა და თვითიდენტიფიკაციის პროცესში ჯონათანი უჯანყდება საკუთარ თავს, თოლიების ცხოვრების წესს, უძრაობასა და უაზრო ყოფას. მეორე პერიოდი მოიცავს ექსპერიმენტებს, თვითგანვითარების გრძელ და დამღლელ გზას, დაუცხრომელ ლტოლვას საკუთარი სისუსტეების დაძლევისკენ. მესამე კი საკუთარი ღვთაებრივი მისიის გაცნობიერების, თანამოძმეებთან მათ განსავითარებლად დაბრუნების ამაღლებული გზაა – ჯონათანის ცხოვრება კულმინაცია. ციური სიმაღლეებისკენ დამქანცველი სწრაფვის პროცესში ჯონათანმა გააცნობიერა, რომ „მხოლოდ ძვალი და ბუმბული კი არ იყო, არამედ – თავისუფლებისა და სინათლის სრულყოფილი, ყოვლად დაუსაზღვრავი იდეა“.

ამიტომაც არის ჯონათანი ღვთაებრივი სული, რომელიც, ბახის აზრით, თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს (რაზეც ავტორი მოთხრობის ეპიგრაფშიც მიუთითებს). მას მხოლოდ გამოღვიძება და ზრდა უნდა. ვინც ვერ გრძნობს „ჯონათანის“ არსებობას საკუთარ სულში, მას არც ჯონათანისნაირი ადამიანებისა ესმის, რის გამოც თვითმაძიებელ პიროვნებას ბევრი საფრთხე და დაბრკოლება ემუქრება, თუმცა მას ეს არ აშინებს, არც ბოღმით ივსება მტრების მიმართ. ჯონათანი არ არის სულმოკლე არსება, რომ პატარა ადამიანებს თუნდაც გუნდიდან გარიყვა ვერ აპატიოს. ის მარტოობას თვითძიებისთვის, თვითჩაღრმავებისა და მედიტაციისთვის იყენებს და თემიდან მოკვეთის ტკივილი კი არ აბოროტებს, არამედ იმპულსს აძლევს, ძალას მატებს, მოტივაციას უმაღლებს. როცა ჯონათანმა ბოლომდე გამოსცადა ფრენის, თავისუფლების, სიმაღლეთა დაპყრობის სიტკბო, თავისი გამწირველი თანამოძმეები მოენატრა, მათი გაკეთილშობილება მოუნდა და იტვირთა მძიმე მისია, სხვებიც ეზიარებინა თავისი მიღწევებისთვის. ასეთ გმირს კი ყოველთვის გამოუჩნდება მიმდევარი. თოლიების გუნდში ჯონათანის შემდეგ ფლეტჩერ ლინდი გამოჩნდა, რომელიც თემიდან გარიყვამ გააბოროტა, მაგრამ ჯონათანმა მასაც ასწავლა: „გუნდს არ ეუხეშო… შენი გაგდებით დანარჩენები მხოლოდ თავის თავს ავნებენ. ოდესმე ამას მიხვდებიან და იმასაც დაინახავენ, რასაც ახლა შენ ხედავ. აპატიე და დაეხმარე, რომ გასაგები გაიგონ!“ აქ უსათუოდ გაგვახსენდება თემიდან უმოწყალოდ მოკვეთილი ალუდა და მისი მიმართვა თემის მაწყევარი ქალებისადმი: „ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა!“ ალუდა თუ გაწირეს, თემში დარჩა მინდია (ვაჟასეული ფლეტჩერ ლინდი), რომელმაც გააცნობიერა ალუდას იდეების სიდიადე და ამიერიდან ის აიღებს ჰუმანისტური იდეალებისთვის ბრძოლის ბაირაღს.

გამაკეთილშობილებელი გმირის იდეა საოცარი გამომსახველობით შემოგვთავაზა მინიატურული პროზის დიდოსტატმა გოდერძი ჩოხელმა მოთხრობა „ცასწავალაში“.ცასწავალას ფრენის, საზღვრის გადალახვის, ამაღლებისა და თავისუფლების იდეალებს უპირისპირდება მთელი ფრინველთა თემი მოსამართლე ყვავის მეთაურობით, მაგრამ ეული გმირის გვერდით გამოჩნდება მოლაღური, რომელიც მისთვის ფარულად იღწვის, თანაუგრძნობს მას, ცასწავალას სიკვდილის შემდეგ მისი იდეების გამგრძელებლად რჩება.

თავდაპირველად ერთეულები იზიარებენ მესია-გმირის იდეალებს, მერე და მერე კი თანამოაზრეთა რიცხვი იზრდება და მისია აღსრულდება: გმირი ცვლის რეალობას. ჯონათანი სულიერად ენათესავება ქართული მწერლობის გამაკეთილშობილებელ გმირებს: „ვეფხისტყაოსნის“ ზეკაცებს, ალუდას, ჯოყოლას, ზვიადაურს, მინდიას, გოგოთურს, ლელას, კვირიას, ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის. ყოველი გმირი, რომელიც კონკრეტულ მიკროკოსმოსში საზოგადოების გაკეთილშობილებისთვის იბრძვის, სამყაროს მხსნელია, რადგან მისი ზნეობრივი მაგალითი მილიონებზე ახდენს გავლენას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი