პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შინაგზათა მგზავრები

უჩვეულოდ თბილი ზამთარი დაიჭირა წელს. არათუ ქალაქში – აქაც, მთაშიც სითბო დაგვხვდა. ამ მიწის შვილი ვარ, მაგრამ, აგერ, თითქმის ორმოცდაათი წელი შევასრულე და ამ დროს აქ არ ვყოფილვარ. ალბაც არც წელს ამოვიდოდი, რომ არა, როგორც იტყვიან, გარდაუვალი აუცილებლობა…

 

ორნი ვართ – მე და ირაკლი. ირაკლი ჩემზე ოდნავ უფროსია და საკუთარ სოფელში მეგზურობას მიწევს. კარიკარ უნდა ჩამოვიაროთ. სათქმელი ცოტა გვაქვს, მაგრამ ყველასთან. ისედაც პატარა სოფელში კვამლი მეჩხერად ამოდის სახლებიდან. ჯაფას მხოლოდ მუხლამდე თოვლი და აღმართ-დაღმართი გვაყენებს…

 

…ნუკრი ეზოში დაგვიხვდა. შეშას აპობდა. შორიდან მივესალმეთ. შეშის ასაღებად დაწვდილი, ჩვენს ხმაზე წელში გაიმართა და სანამ ნაბიჯს გადმოდგამდა, ჯერ ქუდი მოიხადა. მთაში ეს წესად გვაქვს. ჭირის მეპატრონეს ქუდით არ მიუხვალ.

 

– როგორ არის ბიძა ირაკლი? – ვეკითხები, სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე.

ასეა, როცა საკუთარი აღარ გყავს, სხვის მშობლებზე იწყებ ფიქრსა და ზრუნვას.

 

– უკეთესად, შინ მოვიყვანე უკვე, – მოკლედ გვპასუხობს.

 

– ხომ დგას ყინჩად ფეხზე? ხომ მიდ-მოდის თავისით? – ახლა ირაკლი ეკითხება უკეთესის მოლოდინში.

 

– კი, შინაგზათა…

 

ასეთია ცხოვრება. ჯერ მიწაზე დახოხავ და გულმოდგინედ აკვირდები, როგორ დადიან მშობლები წელში გამართულნი, ორ ფეხზე. მერე თავადაც ბაძავ და ნელ-ნელა სწავლობ. იზრდები და შენთან ერთად იზრდება ჯაფაც, მისი სიმძიმეც. სხვა გზა არ გაქვს, მუხლი უნდა გაიმაგრო, რომ ამ ტვირთს გაუძლო. ამასაც ახერხებ. დადიხარ, ქვეყნიერებას თელავ. თანდათან ჟანგი, კაცნი ჭაღარას რომ ვეძახით, გეპარება, ნელ-ნელა ამოკლებ ნაბიჯსა და მანძილს და ბოლოს შინაგზის მგზავრი ხდები.

 

თავს ამით ვიმშვიდებთ: „რკინისანი ხომ არ ვართ, ცას გამოვეკეროთო“.

 

მაგრამ ვინ თქვა, რომ რკინა ან სხვა მასალები უბერებელია? მაშ, სად გაქრა დიდი ქალაქები, რომელთა შესახებაც მხოლოდ ლეგენდები შემორჩენილა? სად არის ფარაონთა სრა-სასახლეები? რატომ ვეღარ ვსეირნობთ სემირამიდას ბაღებში? რამ ჩამოაქცია სულ რამდენიმე წლის წინ გენუის თავზე ავტომაგისტრალი?

 

დიახ, მასალებიც იღლებიან, ბერდებიან და, ჩვენსავით, მიწა იყვნენ და მიწადვე იქცევიან.

 

მეტალების ზედაპირი გარემოსთან ქიშპში ჯერ ოქსიდური (ჟანგის) ფენით იფარება, მერე და მერე აქა-იქ ჰიდროქსიდებიც გამოერევა და ნაოჭები – მიკრობზარები უჩნდება. სანამ ბზარები პატარაა და ცოტა, მეტალებიც მტკიცედ დგანან ფეხზე, მაგრამ ბოლოს მაინც იღლებიან და მიწას ენარცხებიან.

 

ამიტომ დღეს ინჟინრებს შორისაც მოიძებნებიან მასალათა გერიატრიის სპეციალისტები და მასალებისთვისაც მისაღებია ისეთი ტერმინები, როგორიცაა „გადაღლა“, „ამტანობა“ „დაბერება“. აიღეთ ალუმინის მავთული და ერთსა და იმავე ადგილზე რამდენჯერმე მოღუნეთ და გაასწორეთ. ცოტა ხანში ორად გატეხილი მავთული შეგრჩებათ ხელში. რატომ? ერთ წერტილში ციკლური დაძაბულობით მეტალი გადაიღალა, მიკრობზარები მოუმრავლდა და ბოლოს დაემორჩილა გარეგან ზემოქმედებას…

 

…წინათ ფშავს მშობლიურ კუთხედ, მამულად და სხვა ამგვარი ეპითეტებით ვიხსენიებდი, ახლა უკვე პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ: „ჩემი მამა-პაპის საძვალე“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი