პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქეთევან ოსიაშვილი – სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

სასკოლო შფოთიანობა და მისი გავლენა ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე

ემოციური მდგრადობადა სტაბილურობა ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელების უმნიშვნელოვანესწინაპირობას წარმოადგენს. ემოციურ წონასწორობასა და სულიერი კომფორტის განცდას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო პერიოდში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლის ქცევითი და სასწავლო პრობლემების ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად მის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარი სერიოზული ცვლილებები იქცევა ხოლმე.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ბავშვის ემოციური არამდგრადობისა და არასტაბილურობის სხვადასხვა ფორმას გამოყოფენ. ბავშვის განცდები და შიშები, რომლებიც სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება, შეიძლება ძალიან ინტენსიური და მდგრადი გახდეს. ასეთ ემოციურ დარღვევებს სპეციალისტები სხვადასხვანაირად იხსენიებენ.

ტერმინი “სასკოლო ნევროზი” გამოიყენება მაშინ, როდესაც მოსწავლეს აღენიშნება “უმიზეზო” პირღებინება, ტემპერატურის მომატება, მუცლისა და თავის ტკივილები და, ამასთან, ეს ყველაფერი – დილაობით, როცა ბავშვის სკოლაში წასვლის დრო ახლოვდება. არდადეგების პერიოდში და უქმე დღეებში ეს სიმპტომები რატომღაც ქრება.

სასკოლო ფობია აღნიშნავს სკოლასთან დაკავშირებული შიშის უკიდურეს ფორმას. მას შესაძლოა არც კი ახლდეს სხეულებრივი სიმპტომები, მაგრამ სამედიცინო ჩარევის გარეშე მისგან გათავისუფლება ძნელია.

ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქ ფორმას წარმოადგენს სასკოლო შფოთიანობა.

სასკოლო შფოთიანობა – ეს არის ემოციური არაკეთილდღეობისა და დისკომფორტის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რაღაც ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინთან, წარუმატებლობისა და ხიფათის წინათგრძნობასთან.

შფოთვა და მღელვარება ამა თუ იმ დოზით მუდამ თან სდევს ბავშვის სასწავლო საქმიანობას ნებისმიერ, თვით საუკეთესო სკოლაშიც კი. უფრო მეტიც – ადამიანის აქტიური შემეცნებითი საქმიანობა ყოველთვის ერთგვარი მღელვარებისა და შფოთვის ფონზე მიმდინარეობს, რაც ბუნებრივია. ბავშვში შფოთვის, მღელვარების სრული არარსებობა სიგნალი უნდა იყოს პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სასწავლო საქმიანობაში ყოველგვარ შფოთვას და მღელვარებას მოკლებულნი არიან უზრუნველი, დაუდევარი და ინფანტილური ბავშვები, რომლებსაც სასწავლო მოტივაცია არ გააჩნიათ.

შფოთვა სასწავლო პროცესში წარმატების აუცილებელ პირობასაც კი წარმოადგენს. თუმცა, არცთუ იშვიათად, საქმე გვაქვს შფოთვის დესტრუქციულ გამოვლენასთან. ეს მაშინ, როცა შფოთვა დეზორგანიზებას უწევს ბავშვის საქმიანობას და სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამ დროს ბავშვს ცუდის, არასასიკეთოს მოლოდინი უჩნდება. შფოთიანი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან წარუმატებლობის მიმართ და მწვავედ რეაგირებენ მასზე. ავადმყოფურად ეშინიათ მარცხის და ხშირად უარს ამბობენ იმ დავალებებზე, რომელთა შესრულებისას სირთულეებს განიცდიან – ამით ისინი მარცხის თავიდან აცილებას ცდილობენ.

სასკოლო შფოთიანობის უარყოფითი შედეგები ხშირად იმითაც ვლინდება, რომ ინტელექტუალურ განვითარებაზე ზემოქმედებით არასასურველ გავლენას ახდენს დივერგენტულ (კრეატიულ, შემოქმედებით) აზროვნებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ისეთი პიროვნული თვისებები, როგორებიცაა გამბედაობა, სითამამე, შიშის უქონლობა სიახლეებთან შეხვედრისას.

შფოთიან ბავშვებს აქვთ მავნე, ნევროზული ხასიათის ჩვევებისადმი (ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, თმების წიწკვნა-ამოგლეჯა, ონანიზმი) მიდრეკილება. საკუთარი სხეულით მანიპულირება ამცირებს ასეთი ბავშვების ემოციურ დაძაბულობას და ამშვიდებს მათ.

მართალია, სასკოლო შფოთიანობა ემოციური არამდგრადობის შედარებით მსუბუქი ფორმაა, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს უფრო რთულ ფორმებში და ნევროზის ერთ-ერთ წინაპირობადაც იქცეს. ამდენად, აუცილებელია მუშაობა მის დასაძლევად.

საკორექციო მუშაობის წარმატებით ჩასატარებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს შფოთიანობის მიზეზი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

სასკოლო შფოთიანობის მიზეზებია:

 

  • ბავშვის თანდაყოლილი, ნერვულ-ფსიქიკური ორგანიზაციის ბუნება;
  • მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები და ზედმეტი სიმკაცრე (“ყველაფერი უნდა გაკეთდეს საუკეთესოდ”; “კარგად სწავლა მხოლოდ უმაღლესი ქულების მიღებას ნიშნავს”);
  • სწავლების სისტემისა და მასწავლებლის დამოკიდებულების თავისებურებანი;
  • მუდმივი სტრესი და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებიდან მიღებული ნეგატიური ინფორმაციის ნაკადის უარყოფითი ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე;
  • მშობლების ჰიპერმზრუნველობა, ზედმეტი მღელვარება და შიში, რაიმე არ დაემართოს მათ შვილს;
  • სკოლის ხშირი ცვლა და ახალ პირობებსა და თანაკლასელებთან გართულებული სოციალური ადაპტაცია. სოციალური დამოკიდებულებების ცვლილება ბავშვისთვის მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს;
  • სასკოლო ცხოვრების დასაწყისში სკოლაში სწავლისთვის მზაობის არასათანადო დონე;
  • სწავლისთვის საჭირო ინტელექტუალური ბაზის დეფიციტი;
  • ოჯახური პრობლემები;
  • აღზრდის მოუქნელი, დოგმატური სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს, უნარებსა და მიდრეკილებებს;
  • ბავშვის იძულებითი, ძალდატანებითი მონაწილეობა ისეთ საქმეებში, რომლებიც არ აინტერესებს;
  • ორიენტაცია ნიშანზე და არა შემეცნების პროცესზე;
  • ოჯახისადა სკოლის მიერ ბავშვის მიმართ წაყენებული მოთხოვნების წინაღმდეგობრივი ხასიათი და შეუთავსებლობა;
  • წინააღმდეგობა მშობლების პრეტენზიების მაღალ დონესა და ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს შორის;
  • პატივისცემის, ყურადღების, აღიარებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა;
  • მუდმივი ცვლილებები გარე სამყაროში, ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევა;
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი, მოთხოვნებისა და შეფასებების არათანამიმდევრულობა;
  • დიდი მოცულობის დავალებები და ბავშვის შიში, რომ თავს ვერ გაართმევს მათ;
  • დროის მცირე მონაკვეთში განმეორებადი შეფასებით-საგამოცდო სიტუაციები. 

ევროპული სკოლის IV-IX კლასებში ბავშვთა ემოციური მდგომარეობის შესასწავლად ფსიქოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევაში 216-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. კვლევა ტარდებოდა ფილიპსის სასკოლო შფოთიანობის კითხვარით, რომელიც სტანდარტიზებულ ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდიკას წარმოადგენს და საშუალებას იძლევა, შევაფასოთ სასკოლო შფოთიანობის არა მხოლოდ დონე, არამედ სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული შფოთვის განცდების თავისებურებანი, გამოვყოთ ფაქტორები, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ბავშვში ემოციური არამდგრადობის აღმოცენებაში.

სასკოლო შფოთიანობის ძირითადი ფაქტორების შინაარსობრივი დახასიათება: 

  1. ზოგადი შფოთიანობა სკოლაში – ბავშვის ზოგადი ემოციური მდგომარეობა, დაკავშირებული სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართულობის სხვადასხვა ფორმასთან;
  2. სოციალური სტრესის განცდა – ბავშვის ემოციური მდგომარეობა, რომლის ფონზეც ვითარდება მისი სოციალური კონტაქტები (პირველ რიგში, თანატოლებთან);
  3. წარმატების მოთხოვნილების ფრუსტრაცია – არახელსაყრელი ფსიქიკური ფონი, რომელიც საშუალებას არ აძლევს ბავშვს, დაიკმაყოფილოს წარმატების მოთხოვნილება მაღალი შედეგების მიღწევით და ა.შ.
  4. თვითგამოხატვის შიში – უარყოფითი ემოციური განცდები ისეთ სიტუაციებში, სადაც საჭიროა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა;
  5. ცოდნის შემოწმების შიში – ნეგატიური დამოკიდებულება და შიშის განცდა სიტუაციებში, სადაც მოწმდება ბავშვის ცოდნა, მიღწევები, შესაძლებლობები (განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს საჯაროდ ხდება);
  6. შიში, რომ ვერ გაამართლებს გარშემო მყოფთა მოლოდინს, ორიენტაცია სხვათა შეხედულებებსა და აზრებზე საკუთარი შედეგების, ქცევებისა და აზრების შეფასების დროს, შფოთვა იმ შეფასებების გამო, რომელსაც სხვებისგან იღებს, რადგანაც მუდმივად უარყოფითი შეფასების მოლოდინშია;
  7. დაბალი ფიზიოლოგიური მდგრადობა სტრესის მიმართ – ფსიქოფიზიოლოგიური ორგანიზაციის თავისებურება, რომელიც ხელს უშლის ბავშვს, შეეგუოს სტრესოგენული ხასიათის სიტუაციებს და ზრდის არაადეკვატური, დესტრუქციული რეაგირების ალბათობას შფოთვის შემცველ გარემო ფაქტორებზე;
  8. მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – სკოლაში უფროსებთან ურთიერთობისას საერთო ნეგატიური ფონის არსებობა, რაც აქვეითებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას. 

კვლევის შედეგად მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე დადგინდა როგორც ცალკეული მოსწავლეების შფოთიანობის დონე, ასევე კლასების მიხედვით მოსწავლეთა ჯგუფებში არსებული მდგომარეობა. რაც შეეხება სკოლის საერთო მაჩვენებელს, ის ქვემოთ დიაგრამის სახით არის წარმოდგენილი:

დიაგრამა

გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა

სულ 216 მოსწავლე (120 ბიჭი და 96 გოგო)


როგორც დიაგრამიდან ჩანს, რვა ფაქტორიდან არც ერთის მიხედვით არ აჭარბებს სასკოლო შფოთიანობის მაღალი და მომატებული დონე ნორმალურს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო შფოთიანობის მაღალი დონის მქონე თუნდაც ერთმა ბავშვმა შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს ფსიქოლოგიური კლიმატი კლასში და სასწავლო-საგაკვეთილო პროცესს სერიოზული პრობლემებიც კი შეუქმნას, აუცილებლად მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტორებზე, რომლებიც დომინანტურ როლს ასრულებს ცალკეულ მოსწავლეებში შფოთიანობის დონის მომატებაში. როგორც გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, ჩვენს მოსწავლეებში შფოთიანობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დომინანტურია: მეოთხე (ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში), მეხუთე (თვითგამოხატვის შიში) და მერვე (მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები) ფაქტორი (იხ. დიაგრამა).

ცოდნის შემოწმების სიტუაციის შიში – ის მოსწავლეებს, რომელთა შფოთიანობასაც აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს (მომატებული დონე – 26%-თან, მაღალი დონე – 11%-თან), მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები მათ ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს უყენებენ, რის შედეგადაც შესაძლოა უარყოფითად შეაფასონ ისინი. ნეგატიური შეფასებები კი, თავის მხრივ, ძალიან მტკივნეულია მოზარდებისთვის და საფრთხეს უქმნის მათ მდგომარეობას თანატოლთა შორის, მათ თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ამ მოსწავლეებს იმდენად აკლიათ საკუთარი თავის, საკუთარი ცოდნისა და ძალების რწმენა, რომ მხოლოდ მოლოდინიც კი ცოდნის შეფასებისა მათში მღელვარებას და შფოთვას იწვევს. მასწავლებელთან ურთიერთობა ასეთი ბავშვებისათვის მხოლოდ ნეგატიური ემოციებით არის დატვირთული.

თვითგამოხატვის შიში – კვლევის შედეგებში ეს ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი (მომატებული დონე აღირიცხა გამოკითხული მოსწავლეების 26%-თან, მაღალი დონე – 10%-თან). ის ბავშვები, რომელთათვისაც შფოთიანობის მიზეზი თვითგამოხატვის შიშია, უარყოფით ემოციებს განიცდიან ისეთ სიტუაციებში, სადაც თავი სხვებს უნდა წარუდგინონ. ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ისინი საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ საკუთარ თავს, მაგრამ იმავდროულად უკიდურესად ეგოცენტრულები არიან და თავი “სამყაროს ცენტრად” მიაჩნიათ. თვითაღქმის ეს წინააღმდეგობრიობა საშუალებას არ აძლევს მათ, ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი თავი და სათანადოდ წარდგნენ გარშემო მყოფთა წინაშე. მეორე მხრივ, ამ ასაკში ბავშვი ხშირად განიცდის ისეთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც არ ესმის და რცხვენია, ამიტომ უჩნდება მისწრაფება, ჩაიკეტოს, დაუმალოს თავისი შინაგანი სამყარო გარშემო მყოფებს.

მასწავლებლებთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები და შიშები – გამოკვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 4%-თან სასკოლო შფოთიანობის დონეს მაღლა სწევს მასწავლებლებთან ურთიერთობა – მათ მიერ ბავშვის ცოდნის შემოწმება, კომენტარები და ქულებით გამოხატული შეფასებები. როგორც დიაგრამიდან ჩანს, მომატებული დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36% – სწორედ აღნიშნულ ფაქტორთან ფიქსირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა და მისი შეფასებების მოსმენა ბავშვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ ურთიერთობაში არსებული პრობლემები საკმაოდ მაღლა სწევს სასკოლო შფოთიანობის დონეს. კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 60%-ს მასწავლებლებთან ურთიერთობაში არავითარი განსაკუთრებული პრობლემა და შიში არ აქვს, მათთვის ეს ურთიერთობა საკმაოდ იოლად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

გამოკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ საკორექციო პროგრამა ცალკეულ ბავშვებთან შფოთიანობის დონის შესამცირებლად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ საკორექციო მუშაობას თან უნდა ახლდეს სერიოზული ცვლილებები ბავშვის პედაგოგებთან, მშობლებსა და თანატოლებთან ურთიერთობაში. ამ მიზნით მომზადდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება პედაგოგებისა და მშობლების მიერ საგრძნობლად შეამცირებს შფოთიანობის დონეს ცალკეულ ბავშვებში. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების გამოყენება მუშაობის პროცესში პროფილაქტიკის კუთხითაც დიდ დახმარებას გაგვიწევს.

რეკომენდაციები სასკოლო შფოთიანობის შესამცირებლად 

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ის უნდა გრძნობდეს, რომ მას იღებენ და აფასებენ იმისგან დამოუკიდებლად, როგორ იქცევა და როგორ სწავლობს. ბავშვის უპირობო მიღება შფოთიანობის შემცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
  • შევუქმნათ ბავშვს სათანადო პირობები და დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში, გავუჩინოთ წარმატებულობის განცდა.
  • მოვერიდოთ ბავშვის სასწავლო შედეგების შედარებას წარმატებულ თანაკლასელთა მიღწევებთან. თითოეული მოსწავლის სასწავლო შედეგები უნდა შევადაროთ მხოლოდ მის ადრინდელ შედეგებს და შევაქოთ იმის გამო, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად შეასრულა სამუშაო.
  • ნამუშევრების შეფასების დროს, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კარგად არის გაკეთებული, მერე კი გამოვთქვათ კონკრეტული მითითებები იმის თაობაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ მოსწავლეების ძლიერ მხარეებს.
  • ნუ დავუშვებთ, რომ ბავშვი საკუთარ წარუმატებლობაში ჩაიკეტოს. მას აუცილებლად სჭირდება ისეთი არასასწავლო საქმიანობა, რომელშიც თვითდამკვიდრებას შეძლებს, ეს კი მოგვიანებით მის სასკოლო საქმიანობაზეც პოვებს ასახვას. რაც უფრო მეტად არის მიჯაჭვული ბავშვი სკოლას, მით უფრო მეტად უჭირს სასკოლო წარმატებების მიღწევა.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენთვის მისი მიღწევები და წარმატებები საკმაოდ მაღალი ღირებულების მატარებელია.
  • ბავშვს, რომელიც გამუდმებით განიცდის მარცხს, უბრალოდ ხშირი შექება და ნაკლები საყვედური კი არ სჭირდება, არამედ შექება სწორედ მაშინ, როცა რაღაცას გააკეთებს (და არა მაშინ, როცა პასიურად ზის და ხელს არავის უშლის).
  • ხანდახან უმჯობესია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ ბავშვს დავალებები სრულყოფილად არ აქვს შესრულებული, თუ ვიცით, რომ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკეთესად შესრულება არ შეეძლო.
  • მოვერიდოთ მოსწავლის მუშაობის ტემპის, პიროვნული თვისებების, მეხსიერების, ყურადღების, აღქმის თავისებურებების, მოქმედების ტემპის შეფასებას.
  • ვერიდოთ შფოთიანი ბავშვების გამოკითხვას გაკვეთილის დასაწყისში ან გაკვეთილის ბოლოს.
  • არა უფრო მეტი, არამედ უფრო ეფექტიანად. დამატებითი დავალებების რაოდენობა ვერ გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუკი არ დავუკვირდებით, რა უჭირს თითოეულ ბავშვს და არ მივცემთ მას ისეთ დავალებებს, რომლებიც ეფექტიანად დაეხმარება მას ამ სირთულეთა დაძლევაში.
  • ნუ დავაჩქარებთ ასეთ ბავშვებს დავალების შესრულების დროს. დაჩქარების გარეშე შესრულებული დავალება, განურჩევლად იმისა, გამოუვა თუ არა, მას შფოთიანობისთვის თავის გართმევაში დაეხმარება.
  • მკაცრად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები შფოთიან ბავშვებთან ურთიერთობისას, ვინაიდან ბავშვის შფოთიანობა ბევრად არის დამოკიდებული გარშემო მყოფი ადამიანების შფოთიანობის დონეზე.
  • დავეხმაროთ შფოთიან ბავშვს, გადალახოს დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. ამ კუთხით კარგ სამსახურს გაგვიწევს გულწრფელი შექება. ამასთან, ბავშვმა უნდა იცოდეს, რისთვის შეაქეს. სურვილის შემთხვევაში შექების მიზეზი ყველაზე სუსტ მოსწავლესთანაც კი შეიძლება მოიძებნოს.
  • დავეხმაროთ ბავშვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ჯგუფში.
  • განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ სკოლაში ახალგადმოსულ ბავშვებს, რათა უცხოდ არ იგრძნონ თავი და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ამ კუთხით კარგი იქნება, თუ სასწავლო წლის დასაწყისშივე ამ ბავშვების თანატოლებისთვის წარდგენის რაიმე განსაკუთრებულ ფორმას გამოვიყენებთ.
  • სასურველია შევამციროთ ნიშნის (და არა ცოდნის) ღირებულება ბავშვის თვალში.
  • მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ბავშვის თუნდაც სულ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმატება. 

P. S. სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი ფსიქოლოგიური პირობების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან ფსიქიკურ და პიროვნულ გავითარებას. პიროვნების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ანუ სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. თუ ადამიანი დისკომფორტს განიცდის, პირველ რიგში, ფრუსტრაცია ემუქრება ემოციურ სფეროს, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება შფოთიანობა როგორც საპასუხო რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე.

სკოლა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. მრავალი მისი ძირითადი თვისება და პიროვნული მახასიათებელი ცხოვრების სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება ისინი, ბევრად არის დამოკიდებული მთელი მისი შემდგომი განვითარება. სწორედ ამიტომ პიროვნების ფორმირება სკოლისთვის პრიორიტეტად უნდა იქცეს და სასწავლო პროცესიც ისე დაიგეგმოს, რომ პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში სერიოზულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. ამისთვის გასაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ურთიერთობებს. როგორც ერთმა მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის სწავლა პირველადი არ არის და ვერც იქნება; მოზარდებისთვის პირველადი ურთიერთობებია. გასულ წლებში ევროპულ სკოლაში სასკოლო მოტივაციის კვლევამ გვიჩვენა, რომ სასწავლო მოტივებს შორის დომინანტურია აღიარების, პატივისცემის, ყურადღების მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იმისთვის, რომ ბავშვმა სწავლაზე იფიქროს და კარგადაც ისწავლოს, უპირველეს ყოვლისა, ეს მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული. შემთხვევითი არ არის, რომ ამჯერად ჩატარებული კვლევის მიხედვითაც სასკოლო შფოთიანობის ყველაზე მაღალი დონე ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. ამდენად, აღნიშნული პრობლემების მოგვარება სასწავლო მოტივაციასაც გააძლიერებს და სწავლების ხარისხსაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი