ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ცხელი შოკოლადი და  მეტყველების ნაწილების სწავლება

დაწყებით საფეხურზე გრამატიკის სწავლებისას მასწავლებლები ვაწყდებით რიგ სირთულეებს, რომელთა გადალახვა არცთუ ისე ადვილია. მოსწავლეებს უჭირთ სიტყვებისთვის კითხვის სწორად დასმა და სიტყვების დაკავშირება გრამატიკულ ტერმინებთან, რადგან ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ რეალურ, კონკრეტულ ობიექტებზე შეუძლია სააზროვნო ოპერაციების ჩატარება.

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ გრამატიკული საკითხების პრაქტიკასთან დაკავშირება. მეტყველების ნაწილების შესწავლისას ხშირად ერეოდათ ისინი ერთმანეთში, უჭირდათ კითხვების სწორად დასმა. ვერ ხვდებოდნენ, რა საჭირო იყო მეტყველების ნაწილების შესწავლა. ვხვდებოდი, რომ უნდა მეპოვა განსხვავებული მეთოდი, რომლის დახმარებითაც საინტერესოდ და, იმავდროულად, ხალისით შევასწავლიდი გრამატიკულ საკითხებს.

იმისთვის, რომ გრამატიკის გაკვეთილები საინტერესო და ადვილად გასაგები გამეხადა, მიზნად დავისახე, შემექმნა მოსწავლეთა საჭიროებას მორგებული რესურსები. ასე შევქმენი „გრამატიკის დღიური“. ყოველი ახალი საკითხის შესწავლისას დღიურში ვაწებებ წინასწარ გამზადებულ და ამობეჭდილ საკითხებს. საკითხებს სქემების სახეს ვაძლევ, რათა ადვილად გასაგები იყოს. ყოველ საკითხს ერთვის მაგალითები და მოსწავლეს შეუძლია, თუ დაავიწყდა, დამოუკიდებლად გაიხენოს როგორც თეორიული მასალა საკითხის შესახებ, ისე პრაქტიკული მაგალითები.

 

 

პოზიტიური საკლასო გარემოს შექმნისა და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით გადავწყვიტე, ჩამეტარებინა საინტერესო ექპერიმენტი – მეტყველების ნაწილები აღმოჩენებით მესწავლებინა და ეს პროცესი დამეკავშირებინა ყოველდღიურ საქმიანობასთან.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელზეც მოსწავლეებმა, ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესში, აღმოაჩინეს და დაასახელეს მეტყველების ნაწილები.

 

კლასი: მე-3

მოსწავლეთა რაოდენობა: 16

გაკვეთილის თემა: მეტყველების ნაწილები

გაკვეთილის მიზანი: ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესში მოსწავლემ ამოიცნოს და დაასახელოს მეტყველების ნაწილები.

ესგ-ის სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები:

ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის ნორმების დაცვა.

  • იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის ფორმით;
  • სათანადოდ იყენებს პირის ნაცვალსახელებს;
  • სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში, სწორად ათანხმებს რიცხვით და /ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა და რიცხვში;

წინა მოსამზადებელი სამუშაოები:

გაკვეთილის ჩატარებისთვის საჭიროა:

  • მეტყველების ნაწილების ცხრილი;
  • დიდი საერთო ცხრილი – გაკვეთილის შეჯამებისთვის;
  • ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად საჭირო ნივთები და მასალები:

ადუღებული წყალი ან რძე, შოკოლადის ფხვნილი, შაქარი, მუყაოს ჭიქები, კოვზები, ჩაიდანი.

(მასწავლებელს მშობლებისგან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწავლეები არ არიან ალერგიულები რომელიმე პროდუქტის მიმართ).

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკას.

მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს: შეგვიძლია თუ არა არსებითი სახელების „დაგემოვნება“? რომელ ზმნებს ვიყენებთ შინ, საოჯახო საქმიანობის დროს? მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ნივთებს და საკვებ პროდუქტებს და ეკითხება: რა შეიძლება მოვამზადოთ ამ პროდუქტებისგან?

დიალოგის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ცხრილებს და უხსნის, რომ მათ უნდა მოამზადონ ცხელი შოკოლადი და მომზადების პროცესში გამოყენებული ყველა სიტყვა დააკავშირონ შესაბამის მეტყველების ნაწილთან.

 

ჯგუფი N

ჯგუფის წევრთა რაოდენობა:

არსებითი სახელი ზედსართავი სახელი რიცხვითი სახელი

 

ნაცვალსახელი ზმნა
ვინ ჯგუფი რა ჯგუფი
რაოდენობითი რიგობითი წილობითი

 

 

აქტივობა 2. ცხელი შოკოლადის მომზადების პროცესი

 

მასწავლებელი კლასს ყოფს რამდენიმე ჯგუფად, ურიგებს საჭირო ნივთებს და მიუთითებს: დამოუკიდებლად მოამზადონ ცხელი შოკოლადი, დააკვირდნენ კეთების პროცესს, დაასახელონ, რომელ ნივთებსა და პროდუქტებს გამოიყენებენ. დასახელებული სიტყვები შეიტანონ ცხრილში შესაბამისი მეტყველების ნაწილების გრაფაში.

თითოეული ჯგუფი აკეთებს მხოლოდ მათთვის განსაზღვრული რაოდენობის ცხელ შოკოლადს. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებულია და ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს როგორც შოკოლადის მომზადებაში, ისე სიტყვების დახარისხებასა და ჩაწერაში.

მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს. მიდის ყველა ჯგუფთან და უსვამს რამდენიმე კითხვას: რა პროდუქტი გამოიყენეთ? რა რაოდენობის? როგორი იყო პროდუქტები?

მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს ცხელი შოკოლადის მომზადებას, თითოეული მოსწავლე დააგემოვნებს მას. დაგემოვნების შემდეგ კიდევ ერთხელ შეავსებენ ცხრილს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 3: საერთო საკლასო ცხრილის შევსება

ცხელი შოკოლადის დაგემოვნებისა და ჯგუფებში ცხრილების შევსების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს საერთო საკლასო ცხრილს. ცხრილში თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეიტანოს მის მიერ მოგროვებული მონაცემები. საერთო ცხრილის შევსების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რომელი სიტყვები იყო საერთო და რომელი – განსხვავებული? რა გაუადვილდათ? რა გაუჭირდათ? რა სიახლე აღმოაჩინეს გაკვეთილზე? რას გაიმეორებდნენ შემდეგ გაკვეთილზე?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 4: გაკვეთილის შეფასება

 

გაკვეთილის დასრულებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჯგუფების მიხედვით შეაფასონ ერთმანეთი. მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგებს გასასვლელ ბილეთებს და სთხოვს, შეაფასონ გაკვეთილი.

 

გასასვლელი ბილეთი

 

რა ისწავლე დღევანდელ გაკვეთილზე?

 

 

 

რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

 

 

 

ამ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება…

 

 

 

 

შეფასების რუბრიკა

მოსწავლე სწორად სვამს კითხვებს სწორად ასახელებს მეტყველების ნაწილებს

 

ჯგუფური სამუშაოს შესრულება
აქტიურ. შესრულ. აქტიურ. შესრულ. აქტიურ. შესრულ.
             
             
             
             

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი