პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სახლი, როგორც გაკვეთილი და ნივთები, როგორც რეკვიზიტები

უკვე თვეზე მეტია ახალ სამყაროში ვცხოვრობთ, ახალ უნარებს, ჩვევებს გამოცდილებას ვიძენთ, მათ შორისაა,  საგაკვეთილო ფორმატი, ეკრანებთან მიმსხდარი მოსწავლეები და დისტანციური დავალებები. მშობლები? მშობლებიც იქვე ვართ, ჯერ-ჯერობით გარეთ გასვლა არ შეგვიძლია. იქნებ ჩვენც მშვენიერი რესურსი ვართ ამ პროცესის დასახმარებლად? იქნებ ბევრი რამე შეგვიძლია?

ამ შინ მეცადინეობამ კიდევ ერთხელ დამანახა,  როგორ კარგად მეცადინეობენ ბავშვები არასტრესულ და თავისუფალ გარემოში. კონცენტრირებულები, მობილიზებულები, მითითებასაც მარტივად იგებენ და  ინსტრუქციასაც. ეს ყველაფერი რომ დასრულდება, კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ, სტრესულ, საშიშ, მოსაბეზრებელ სივრცედ არ იქცეს სკოლა, იქნებ საშინაო გაკვეთილებმა კარგი მინიშნებები მოგვცეს?

მე კი, როგორც მშობელი, მოგიყვებით ჩვენი საშინაო გაკვეთილების შესახებ, იქნებ გამოგადგეთ. მთავარი პრინციპია, რეკვიზიტები, თვალსაჩინოებები და რესურსები აქვე, ჩვენს სახლში, სამზარეულოში, სათამაშოების ძველ ყუთში, კარადასა და საკუჭნაოში მოვიძიოთ.

 

 

  • სახელმძღვანელოს ტექსტი იყო ეპიზოდი “პატარა უფლისწულიდან”, საქმოსანთან შეხვედრის ნაწილი.

გამოვიყენეთ რეკვიზიტები გაკვეთილებისთვის:

  • პატარა პრინცი, წიგნი;
  • გლობუსი;
  • წიგნი “ჩვენი პლანეტა”;
  • წიგნი “კოსმოსი”;
  • საანგარიშო;
  • კალკულატორი;
  • ჩვენი ხელით მომზადებული მზის სისტემის დიორამა;
  • პატარა პრინცის მოსასხამი, რომელიც ლელამ შეგვიკერა და დაბადების დღეზე აჩუქა გიოს;
  • რამდენიმე სათამაშო კოსმონავტი;
  • სათამაშო თვითმფრინავი;
  • მიკროფონი;
  • მობილური ტელეფონი, რომელიც კამერად გამოვიყენეთ;

 

  1. სანამ ეპიზოდის კითხვას დავიწყებდით, მწერლის ბიოგრაფიას შევეხეთ ორი სიტყვით, ვთქვით, რომ სამხედრო მფრინავი იყო ( რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ წიგნი მფრინავებზე და გავიხსენეთ, როგორ გამოიგონა ადამიანმა საფრენი აპარატები).
  2. ვილაპარაკეთ ტექსტსა და ილუსტრაციაზე, რომ ეგზიუპერი თავად იყო თავისი წიგნის ილუსტრატორი ( სულაკაურის გამომცემლობის გამოცემული პატარა პრინცი კარგად დავათვალიერეთ), საპირისპიროდ, ვნახეთ წიგნები, რომელთაც ცალკე ილუსტრატორი ჰყავს და აქ გიოს არ დავიწყებია გაეხსენებინა, რომ თავადაა წიგნის ილუსტრატორი.
  3. ვნახეთ ანიმაციის მცირე ნაწილი.
  4. გადმოვიღეთ გლობუსი და გიომ მანახა ყველა დიდი უდაბნო, იმიტომ, რომ ეგზიუპერი და პატარა პრინცი ერთმანეთს უდაბნოში შეხვდნენ, გავიმეორეთ წინა კლასში უდაბნოს შესახებ ნასწავლი მასალა ბუნების წიგნიდან, ვილაპარაკეთ უდაბნოზე.
  5. ცოტა ხნის წინ სპექტაკლადაც ვნახეთ პატარა პრინცი, ნაწილი წაკითხულიც გვაქვს, ამიტომ მოკლედ გავიხსენეთ, ვინ იყო, სად ცხოვრობდა და სად იმოგზაურა,სანამ საქმოსანს შეხვდებოდა (პლანეტების დიორამა დაგვეხმარა).
  6. წავიკითხეთ ეპიზოდი რამდენჯერმე, გავინაწილეთ როლები და განსაკუთრებით ბევრჯერ წავიკითხეთ დიალოგების ნაწილი.
  7. მათემატიკის ნაწილი – საქმოსანი ვარსკვლავებს თვლიდა, დიალოგში მოთხრობილი ვერბალური ნაწილი მაგალითებად ვაქციეთ, საანგარიშოზე ვიანგარიშეთ, მერე კალკულატორით გამოვთვალეთ, გავიხსენეთ, როგორ იწერება რამდენიმეშემადგენლიანი რიცხვითი სახელი ( საქმოსანი ფლობდა ხუთი მილიონ რაღაცა ვარსკვლავს), ვისაუბრეთ, როგორი ჭკვიანია ადამიანი, რომ ჯერ ჩხირებით ანგარიშობდა, მერე საანგარიშო და კალკულატორი გამოიგონა და ბოლოს, კომპიუტერი.
  8. ვისაუბრეთ, რას შეიძლება ფლობდე და რას არა და რას ნიშნავს ფლობა , რთული ეპიზოდია საკმაოდ, ალბათ ყველა მესამეკლასელს გაუჭირდება, მარტივი პრალელები ვცადეთ, მაგრამ არ იყო ადვილი).
  9. რეპორტაჟი პლანეტიდან- გადავიღეთ ტელეფონით, გიო იყო კოსმონავტი, რომელმაც იმოგზაურა მარსზე და იქ ნახა მაიკლ ჯექსონი, დევიდ ბოუი, ფრედი მერკური, თოჯინების თეატრი მოვაწყვეთ.
  10. დავწერეთ წერითი დავალება მფლობელობაზე, სადაც გიომ თქვა, რომ თუ რამეს ფლობ, უნდა მიხედო კიდეც მას.
  11. ამოვარჩიეთ და დავასათაურეთ ეპიზოდი და დავხატეთ, გიომ დახატა ვარსკვლავები, რომლებსაც ბანკში ვერ შეინახავ.

 

 

  • “სალამურას თავგადასავლის” პირველი თავი

გაკვეთილს დავარქვით ” შვიდი ჯადოსნური ნივთი ” და ასე მივყევით ტექსტის წაკითხვას და გააზრებას:

ნივთი 1 – კომპასი

” სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით მწყემსავდა ჭიამაიებს”. მოვძებნეთ ძველი კომპასი, ვისწავლეთ გამოყენება, ვნახეთ, რომ პირველი კომპასი ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იპოვეს, დავხატეთ და გამოვჭერით კომპასი.

ნივთი2 – ნებისმიერი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვნახოთ ამინდის პროგნოზი, ჩვენთვის ეს იყო ანდროიდის ამინდის აპლიკაცია.

( ჭიამაიებს ხომ ამინდის გასაგებად იყენებდნენ), ვნახეთ უახლოესი ამინდის პროგნოზი, ვუყურეთ რამდენიმე ვიდეოს გადაცემებიდან, სადაც ამინდის პროგნოზს გადმოგვცემენ.

ნივთი 3 ქოლგ

სალამურამ წვიმის დროს დაკარგა ჭიამაიები…

გავშალეთ ქოლგა, ჩავრთეთ და ვუსმინეთ წვიმის ხმებს

ნივთი 4 – სალამური

სალამურა სალამურზე უკრავდა, მოვუსმინეთ სალამურის ჟღერადბოას, ქაღალდისგან დავამზადეთ სალამური,

ნივთი 5 – მანათობელი სათამაშო

ჩვენ გავიმართლა, დიდი ჭიამაია-სათამაშო გვაქვს, რომელიც თან მუსიკას უკრავს, ჩავაქრეთ ოთახში შუქი და წარმოვიდგინეთ, როგორ გამოჩნდება სიბნელეში ციცინათელებით გარემოცული ბაია.

ნივთი 6 – ჰერბარიუმი

ბაიას ბაიას ყვავილებისგან შეკერილი კაბა ეცვა, ჩემს ჰერბარიუმში ბაია არა, მაგრამ სხვა გამხმარი ყვავილები  ეწყო, დავგუგლეთ ამ ყვავილის შესახებ და ბაიებიანი პეიზაჟი დავხატეთ.

ნივთი 7 – ჯიბის ფარანი

ბაია სალამურას ჭიამაიების მოძებნაში დახმარებას დაჰპირდა… ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ სალამურას, სახლში შუქი ჩავაქრეთ და ჯიბის ფარნით ვითამაშეთ, ციცინათელები ვერა, მაგრამ პირველები ვიყავით, ვინც დავალება გაუგზავნა მასწავლებელს და ქებაც დავიმსახურეთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი