ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ეპიდემიების ისტორია:- მეორე ნაწილი

ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი სამხრეთ ამერიკის კონტინენტის კვლევა ინტენსიურად გაგრძელდა XVIII-XIX საუკუნეებში. ქრისტეფორე კოლუმბი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ნაპირს (დღევანდელი ვენესუელა, მდინარე ორინოკოს შესართავთან კარიბის ზღვაში) პირველად ამერიკაში თავისი მე-3 ნაოსნობის შემდეგ მიადგა, აღფრთოვანებული იყო იქაური ბუნების მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით. თავის წერილში იგი ესპანეთის მონარქებს ფერდინანდ II  არაგონელსა და დედოფალ ისაბელა I კასტილიელს (რომელთა შეუღლების შედეგად მოხდა ესპანეთის ფორმალური გაერთიანება, ლ.ა.) წერდა:

„ეს ადგილი დედამიწაზე არსებულ სამოთხეს ჰგავს, რადგან იგი ეთანხმება იმ წმინდა და ბრძენი თეოლოგების აზრს, რომლებიც მე [ადრე[ ვახსენე. მსგავსად, ბევრი [სხვა] ნიშანიც ადასტურებს ამას, რადგან მე არსად წამიკითხავს ან გამიგია, რომ შესაძლოა ამდენი მტკნარი წლის არსებობა მიწის შიგნით, ასე ახლოს ზღვის მარილიან წყალთან. ყველაფერს ასევე ხელს უწყობს ამ ადგილებზე არსებული ძალიან რბილი ტემპერატურაც. და თუ ეს წყალი, რომელზეც მე ვსაუბრობ, სამოთხიდან არ მოედინება, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდი საოცრებაა, რადგან ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი დიდი და ღრმა მდინარე დედამიწაზე სადმე არსებობდეს“.

რა თქმა უნდა, საინტერესოა ვენესუელის ტროპიკული ბუნების კოლუმბისეული აღწერა, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირს სამოთხეს ადარებს, თუმცა მე-19 საუკუნის მეწარმეებისთვის და მსოფლიოში ახლად დაწყებული ინდუსტრიალისტებისათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენდა სამხრეთ ამერიკის მდიდარი წიაღისეული და ხის უძვირფასესი სახეობებით სავსე ეკვატორული ტყეები. ამ მხრივ, სამხრეთ ამერიკა, თავისი უზარმაზარი ტყის ფართობებითა და ანდების უსაზღვრო სასარგებლო წიაღისეულით, ნამდვილად სამოთხეს წარმოადგენდა XIX საუკუნის ინდუსტრიული „კოლუმბებისთვის“. სამწუხარო კი ის იყო, რომ იმ დროს (და მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე) ამ კონტინენტზე მცხოვრები ტრადიციული საზოგადოებები და ადამიანები მხოლოდ იაფ სამუშაო ძალას და რიგ შემთხვევებში, ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენდნენ.

სამხრეთ ამერიკის შორეულ ადგილებში, მაგალითად, ამაზონიის მარადმწვანე ეკვატორულ ტყეებში ან ანდების მაღალმთიან ზეგნებზე, ადგილობრივების კონტაქტი ევროპელ კოლონიზატორებთან გარკვეულწილად შეზღუდული იყო. თუმცა კოლონისტების სურვილმა, მოეპოვებინათ ბრაზილიის, პერუსა თუ ბოლივიის სასარგებლო წიაღისეული და ძვირფასი ხე-ტყე, უკვე გარდაუვალი გახადა ბევრი ადგილობრივი ჯგუფის უშუალო კონტაქტი ევროპელებთან.

მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ევროპისა და ამერიკის საწარმოებში გაიზარდა ელექტოაპარატურის, მატარებლების, სხვადასხვა საიზოლაციო მასალის, საკისრებისა და ველოსიპედების წარმოება, მნიშვნელოვნად მოიმატა მოთხოვნამ კაუჩუკსა და რეზინზე. ამაზონის ტყეები, რომლებიც მდიდარი იყო კაუჩუკის ხეებით (Hevea brasiliensis, ლათ.), საჭიროებდა ამ კაუჩუკის შემგროვებლებს. ევროპელები, რომელთათვისაც ამაზონია უცხო და სახიფათო სამყარო გახლდათ, ყველანაირად ცდილობდნენ ადგილობრივების ჩართვას კაუჩუკის შეგროვების საქმეში. ინდიელების ნაწილი დაატყვევეს და მათ იძულებით ამუშავებდნენ ეკვატორულ ტყეებში, ნაწილმა კი უარი თქვა ევროპელებთან მონურ შრომაზე და თავს ამაზონიის კიდევ უფრო მიუვალ ადგილებში გადასახლებით უშველა. ამან, ნაწილობრივ შეაჩერა ინფექციების გავრცელება ამაზონიაში და ბევრი ადგილობრივი ტომი, დღესაც იზოლაციაში ან სახელმწიფოსთან მცირე კონტაქტის პირობებში, თავიანთთვის ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს.

1914 წელს შესაძლებელი გახდა კაუჩუკის პლანტაციების ხელოვნური გაშენება აფრიკისა და აზიის ეკვატორულ პლანტაციებზე, რამაც შეაჩერა ამაზონიისა და იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ექსპლუატაცია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალმა, დიდი მასშტაბის პროექტებმა – როგორიც იყო ტელეგრაფის ხაზების ან ავტობანების მშენებლობა ამაზონიის მარადმწვანე ტყეებში – მთავრობა იძულებული გახადა, შესულიყო იზოლირებული, ტრადიციული ტომებით დასახლებულ ტერიტორიებზე. მონადირე-შემგროვებელი ტომების ტყეებიდან გამოსაყვანად, მთავრობის წარმომადგენლებმა „შეიმუშავეს“ ახალი ტაქტიკა – შემდგომ მას „მოზიდვის ხაზი“ (attraction front) ეწოდა – რომლის მეშვეობითაც, მთავრობები ათწლეულების განმავლობაში „იზიდავდნენ“ ადგილობრივ, ტრადიციულ ტომებს. მთავრობა და კორპორაციები, მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიებზე, სანადირო ადგილებზე, ბაღებსა თუ მდინარეების სანაპიროებზე „საჩუქრად“ ტოვებდნენ ლითონის სასოფლო-სამეურნეო იარაღებს (ცული, მაჩეტე, დანები), სხვა სამომხმარებლო საქონელსა და მოწყობილობებს, რათა მათი მეშვეობით და მათზე მოთხოვნის გაჩენით, ადგილობრივები იძულებულნი გაეხადათ, ტყიდან გამოსულიყვნენ და ტყეების კაფვასა თუ გზების მშენებლობებზე ემუშავათ. სწორედ ასეთმა კონტაქტებმა „ფრონტის ხაზებზე“ მრავალი ინფექცია შეიტანა ამაზონის იზოლირებულ საზოგადოებებში და გაანადგურა ტყის მრავალი ტრადიციული საზოგადოება. ეს მანკიერი პრაქტიკა მხოლოდ 1988 წელს დასრულდა, როდესაც ბრაზილიის მთავრობამ შეწყვიტა ადგილობრივების ასეთი „მოზიდვა“ და დაადგინა ახალი, უფრო ადამიანური „No Contact” („არაკონტაქტის“) წესები და აკრძალა „საკონტაქტო ხაზის“ მეთოდების გამოყენება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძალიან ტრაგიკული და ჭკუის სასწავლებელი იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში მომხდარი ამბავი, როდესაც ვენესუელის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ იონომამის ინდიელების კონტაქტმა უცხოებთან (სახელმწიფო პროგრამის ხალხთან და კათოლიკე მისიონერებთან) თითქმის მთლიანად გაანადგურა ამაზონიის ტყეებში მცხოვრები ეს ტრადიციული ხალხი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩუტყვავილას ეპიდემია გახდა.

დღეს, 50 წლის შემდეგ, დავი კოპენავა, ეპიდემიის შემდეგ გადარჩენილი ბავშვი, იხსენებს,  როგორ მოხდა იონომამის ხალხის პირველი შეხება ევროპელებთან: „არაკას მდინარის პირას, კოპენავას ბებია-ბაბუა და სხვები პირველად გადაეყარნენ თეთრ ხალხს, რომლებმაც მათ ცულები და მაჩეტეები გადასცეს. ამის შემდეგ ტომის წარმომადგენლებმა ევროპელების მიერ ნაჩუქარი იარაღები ტომში გაანაწილეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეპიდემია“. დღეს, ინდიელების ეს ერთ დროს მრავალრიცხოვანი ტომი, მხოლოდ 32,000 ადამიანს ითვლის. ამჟამად, კოპენავა იანომამის ხალხის აქტიური ადვოკატია და მათი უფლებების დასაცავად იბრძვის.

სამწუხაროდ, დიდი ბიზნესისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი სახელმწიფოს ულტრალიბერალური პოლიტიკის გამო, კვლავ გრძელდება ამაზონიისა და ანდების სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მზარდი ექსპლუატაცია, რაც პირველ რიგში არღვევს ამ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემების მდგრადობას, რაც პირდაპირ აისახება ტრადიციული, იზოლაციაში მცხოვრები საზოგადოებების ყოველდღიურობაზე. მაგალითად, 2007 წელს, პერუს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ (რომელსაც მოგვიანებით კორუფციაში დაადანაშაულებენ) საჯაროდ განაცხადა, რომ პერუს ამაზონიის ნაწილში აღარ არსებობებენ ტრადიციული, ადგილობრივი ტომები. სამწუხაროდ, გარსიას ამ განცხადების უკან იდგა მისი სურვილი, თავისუფლება მიეცა საერთაშორისო (ძირითადად აშშ-ის და ევროპული) კორპორაციებისთვის, რომლებსაც სურდათ ამაზონიის მდიდარი რესურსებისა და წიაღისეულის მომგებიანი კონცესიების მიღება (რასაც დღეს საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ვეძახით, ლ.ა.). გარსიას ეს განცხადება იმისთვის დასჭირდა, რომ გადაელახა გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და პერუს მკვიდრი მოსახლეობის დამცავი ჯგუფების წინააღმდეგობა. როგორც პრეზიდენტმა გარსიამ განაცხადა, „გარემოსდამცველები სპეციალურად იგონებენ პერუში მცხოვრებ ტრადიციულ ტომებსა და იზოლირებულ საზოგადოებებში მცხოვრები ადამიანების რიცხვს, რათა ამაზონიის რეგიონში შეაჩერონ გაზისა და ნავთობის მოპოვება და ქვეყნის განვითარება“.

ანთროპოლოგების უმეტესობა გარსიას ამ განცხადებებს არ ეთანხმება. ბრაზილიაში მომუშავე ინდიელთა ეროვნული ფონდი (FUNAI) ადასტურებს, რომ ამაზონიაში დღესაც ცხოვრობს 26-ზე მეტი იზოლირებული ჯგუფი, ხოლო დაახლოებით დამატებით 78 ტრადიციული ტომი იმალება ან გაქცეულია ტრადიციული საცხოვრისიდან.

ტრადიციული საზოგადოებების კონტაქტი თანამედროვე ცივილიზაციასთან დღესაც ხდება – ხანდახან ეს კონტაქტი ადგილობრივი ტომების ინიციატივით ხდება და ასეთი კონტაქტები, როგორც FUNAI-ის ანგარიშები ადასტურებენ, მზარდია როგორც ბრაზილიაში, ისე  – პერუში. მთავარი მიზეზი, შესაძლოა მათი ტერიტორიის ხელყოფა იყოს: ტყის უკანონო მჭრელებისგან ან ადამიანთა ტრაფიკინგისგან თავის დაღწევის მიზნით.

2013 წლის აგვისტოში, პერუს ტყის რეინჯერებმა გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი იზოლირებული ტომის, მაშკო-პიროს ასი წევრი ამაზონიის ერთ-ერთ მცირე დასახლებაში, მონტე-სალვადოში შემოიჭრა. ტომის წევრებმა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მუქარის შეძახილებით, შემოიარეს სოფელი, ჩატეხეს ფანჯრები, დახოცეს სოფლის ძაღლები და ქათმები, შეძახილებით დასდევდნენ სოფლის მცხოვრებთ, რის შემდეგაც დატოვეს სოფელი. ამ უცნაური შეტევის შემდეგ, გამოითქვა მოსაზრება, რომ მკვიდრი მოსახლეობის ბრაზი შიმშილმა წარმოშვა – ბოლო წლებში ძლიერ შემცირდა ამაზონიის პეკარისა (იქაური საშუალო ზომის გარეული ღორის სახეობა) და ამაზონური კუს რაოდენობა (რომელთა კვერცხებიც ტყის მცხოვრებთა ძირითადი საკვებია მშრალი სეზონის დროს).

ასევე FUNAI-ის მონაცემებით, 2014 წელს ფონდის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ბრაზილიის სამი იზოლირებული ტომის წარმომადგენლებს – იმ ჯგუფებს, რომლებსაც ადრე არანაირი შეხება არ ჰქონიათ გარე სამყაროსთან. ამავე წლის ივნისში, ამ ჯგუფიდან ერთ-ერთი ტომის, შინანეს (Xinane) მხცოვრებნი ტყიდან გამოვიდნენ და შევიდნენ სოფ. სიმპატიაში (შტატი აკრი/Acre). ახალგაზრდა ინდიელებმა სოფლის ეზოებიდან რამდენიმე ლითონის იარაღი და ტანსაცმელი წაიღეს, თუმცა უმეტესწილად მშვიდობიანები იყვნენ. ეს მათი პირველი ოფიციალური კონტაქტი გახლდათ გარე სამყაროსთან. ერთი დღის შემდეგ, როგორც ამას „ფუნაის“ ფონდის წარმომადგენლები აღწერენ, შინანეს ხალხი ახველებდა და ცუდად გამოიყურებოდა. როდესაც ექვსი დღის შემდეგ  ფონდის გაგზავნილმა ექიმმა შინანეს დასახლებას მიაღწია, განაცხადა, რომ ტომის ხალხს რომელიღაც ვირუსი შეეყარა, თუმცა საბედნიეროდ, მან ტომის მოსახლეობისთვის შედარებით ადვილად ჩაიარა და გართულებები არავის ჰქონია. „ფუნაის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეპიდემიების ტრაგიკული ისტორიების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია იმ რესურსების მოზიდვა, რომლებიც კომპეტენტური და სწორი ინტერვენციებისთვის არის საჭირო.

 

სტატია მომაზადა ლევან ალფაიძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი