ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჟანა კვაჭაძე – ინკლუზიური განათლება

სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეების განათლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მათ
ინტეგრაციას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს.

 

სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე არის ყველა ის მოსწავლე, რომელიც ხასიათდება: 1. ფიზიკური
და გონებრივი განვითარების დარღვევით; 2. მხედველობისა და სმენის დარღვევით; 3. მეტყველების,
ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით; 4. რომლებსაც სჭირდებათ გრძელვადიანი
მკურნალობა/ჰოსპიტალიზაცია; 5. რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას; 6. რომლებიც
არიან სოციალურად დაუცველნი და 7. რომლებსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების
გამო საგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა ემუქრებათ.

 

არცთუ შორეულ წარსულში
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები ფორმალურ განათლებას მხოლოდ
ინსტიტუციურ დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლა-ინტერნატებში იღებდნენ. მათი უმრავლესობა
ყოველგვარი განათლების გარეშე რჩებოდა. ძალიან იშვიათი იყო შემთხვევები, როდესაც სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
სწავლობდნენ.

 

დღეს დემოკრატიული
საზოგადოება მიზნად ისახავს, რომ ყველა მოზარდს ხარისხიანი განათლება მისცეს. ამასთან
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
თანატოლებთან ერთად მიიღოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო
მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების დანერგვას.

 

ინკლუზიური განათლება
ხშირად განიხილება, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტეგრაცია, რაც, სინამდვილეში, ინკლუზიური განათლების
ერთ-ერთი, და არა ერთადერთი მიმართულებაა. დღეს ინკლუზიურ განათლებას განმარტავენ,
როგორც იდეას, მრწამსსა თუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების
სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა
ტიპის საჭიროებებისა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც
ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საფრთხე ემუქრებათ. ისინი შეიძლება იყვნენ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები: განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები,
უსახლკარო ბავშვები; ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური უმცირესობის წარმომადგენელები
და ა.შ.

 

ინკლუზიური განათლება
ეფუძნება მიდგომას, რომლის ცენტრშიც მოსწავლეა თავისი შესაძლებლობებითა და საჭიროებებით
და არა კონკრეტული საგანი თუ პროგრამა. ხარისხიანი განათლების მიღება მაშინ არის შესაძლებელი,
როცა სწავლების მეთოდები და სტრატეგიები მოსწავლის შესაძლებლოებებსა და საჭიროებებზეა
მორგებული და არა პირიქით. შესაბამისად, ის სირთულეები, რომლებსაც ბავშვი სკოლაში განიცდის,
სკოლის და ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზების, სწავლების მეთოდიკის ნაკლად
განიხილება და არა მოსწავლის სისუსტედ.

 

ეს მიდგომა არსებითად
განსხვავდება წარსულში არსებული მიდგომისგან, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საჭიროება
ინდივიდის “ნაკლოვანებად” ითვლებოდა და პედაგოგთა მთელი ძალისხმევა ასეთი მოსწავლეების
რეაბილიტაციაზე – მათი ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და უნარების ”აღდგენაზე” იხარჯებოდა.
მათი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებას აძლევდა მოზარდს, რომ სკოლის გარემოს მორგებოდა
და იმ მოთხოვნებისა თუ მიზნებისათვის ეპასუხა, რასაც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა
უსახავდა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამგვარი მიდგომა ადამიანის უფლებების
დარღვევაა და თან არაეფექტურია სასწავლო შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც. 

 

დღეს განათლების სისტემა
ცდილობს, სკოლების ორგანიზება და სწავლების სტილი იმგვარად შეცვალოს, რომ მოსწავლეთა
ინდივიდუალობა დაფასდეს და მათი განსხვავებული საჭიროებები დაკმაყოფილდეს. სწორედ ამ
მიზანს ემსახურება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემოღება სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, კერძოდ, მათთვის, ვისაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო,
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა არ შეუძლია. სკოლა იღებს
ვალდებულებას, შექმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმები სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ასეთი გეგმები ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით
იქმნება და მათში სასწავლო მიზნები განსაზღვრულია მოსწავლეების შესაძლებლობებიდან და
საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაში
აუცილებლად მონაწილეობს მოსწავლის მშობელი, კლასის დამრიგებელი და სხვა სპეციალისტები. 

 

ერთერთი მნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელიც
მონაწილეობას იღებს როგორც ინდივიდუალური სასწავლო
გეგმის შეგენაში, ასევე ზოგადად, ინკლუზიური განათლების დანერგვასა
და უზრუნველყოფაში, სპეციალური მასწავლებელი
. ას
აქვს სპ
ციალური
საგანმანათლებლო საჭიროებ
ების
მქონე მოსწავლეებ
სწავლების კომპეტენცია და ასევე შეუძლია
დაეხმაროს მათ მშობლებს, მასწავლებლებს და სხვა სპეციალისტებს
ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში
ამ
მოზარდებისინტეგრაციის პროცესში. სპეციალური მასწავლებელი ეხმარება კლასის
დამრიგებელს
ა და საგნის მასწავლებელს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების,
მისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მორგების
თუ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელების დროს. ის მათ რეკომენდაციებს აძლევს მოსწავლის განათლებასთან,
ქცევის მართვას
თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

დღეს ბევრი სირთულეა
ინკლუზიური განათლების სფეროში. საკმაოდ ცოტაა სპეციალური მასწავლებელი და სხვა სპეციალისტი,
ვისაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა
და გამოცდილება აქვს. არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის სტანდარტიც. ეს ყველაფერი
მცირე ნაწილია იმ პრობლემური საკითხებისა, რომელთა გადაჭრა აუცილებლია იმისთვის, რომ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების
მიცემა შესაძლებელი გახდეს.

 

ასეთი სირთულეების
არსებობამ განაპირობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ინკლუზიური განთლების
ცალკე მიმართულებად გამოყოფა. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლზეც მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი მუშაობს, სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი და სამუშაოს აღწერილობაა
_ ის როლი და პასუხისმგებლობა, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლასა თუ კლასში, სპეციალურ კლასსა თუ ნებისმიერ სხვა საგანმანათლებლო სივრცეში.
მომავალში ამ სტანდარტის და სამუშაოს აღწერილობის მიხედვით მოხდება როგორც უკვე დასაქმებული
სპეციალური მასწავლებლების გადამზადება, ასევე ამ სფეროში საუნივერსიტეტო განათლების
დაგეგმვაც.    

 

ადამიანური რესურსების
სიმცირის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართულად გამოვიყენოთ ყველა იმ ადამიანის
ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან
წლების მანძილზე მუშაობენ. საქართველოში სპეციალიზებული პროფილის მქონე 13 სკოლაა.
ასეთი სკოლების განვითარება ისე უნდა მოხდეს, რომ საკუთარ რეგიონებში მათ ინკლუზიური
განათლების დანერგვის ხელშემწყობი ცენტრის ფუნქცია შეითავსონ. მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრი სპეციალურ სკოლებში, პედაგოგთა სპეციალური უნარების განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგებს გეგმავს. პარალელურად ამ სკოლების მასწავლებლები მომზადდებიან,
როგორც კონსულტანტები, რომლებიც რეგიონში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ითანამშრომლებენ
და დაეხმარებიან მათ სსსმ მოსწავლეების შეფასების, მათთვის ინდივიდუალური სასწავლო
გეგმების შედგენის და კლასში ჩართვის პროცესში.  

 

სპეციალურ სკოლებს
შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საკუთარ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირების
პროცესში. ინკლუზიური და სპეციალური განათლებისადმი მიძღვნილი სემინარები ყველა რეგიონში
მოეწყობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის უშუალო ხელმძღვანელობით. მათზე
განხილული იქნება, თუ რა გზებს და საშუალებებს უნდა მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლამ იმისთვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა განათლება
უზრუნველყოს.

 

ვფიქრობ, აღნიშნული
აქტივობები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვას და დაეხმარება
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების
დაკმაყოფილებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი