შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ანბანის შესწავლის რამდენიმე სახალისო მეთოდი

ორი წლის წინ, გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი უფროსი მეგობარი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი პატარა კაფეში ვსადილობდით. მაშინ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ პირველკლასელებისთვის სწავლება ენატრებოდა. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. გამახსენდა, რა დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მასწავლებლებს წერა-კითხვის სწავლებისას. ახლა, როცა ისევ პირველ კლასს ვასწავლი, უკვე ვხვდები, რას გულისხმობდა ჩემი მეგობარი ხათუნა. ის რომ არა, მგონია, რომ ასე სიღრმისეულად ვერ ჩავწვდებოდი ანბანის სწავლების საიდუმლოებასა და მნიშვნელოვნებას.

მართლაც უჩვეულო შეგრძნებაა, შენს მდინარებაში რომ იწყებენ ტივტივს პირველკლასელი ადამიანები. ამასთანავე, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

რა უნდა გავატანო სკოლაში გატარებული დღეებიდან? – ამ კითხვის ირგვლივ იწყებ ტრიალს. ფიქრს იდეები უწყვეტად მოჰყვებიან და ქმედების დრო დგება.

ამ ყოველივეზე ფიქრმა კი ანბანის სწავლების რამდენიმე მხიარული მეთოდი აღმომაჩენინა და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ. დაწვრილებითი აღწერილობის დაწყებამდე, ჩამოვთვალოთ აქტივობათა დადებითი მხარეები:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ წვრილი მოტორიკა;
  • სწავლობენ ასოთა მოხაზულობას;
  • აღიქვამენ ბადის სივცრულ მახასიათებლებს;
  • წერენ ხალისით;
  • ადვილად იმახსოვრებენ ასო-ბგერებს;
  • დაუვიწყარი ხდება სწავლების პროცესი.

 

ნაჭრის ასოები

წარმოიდგინეთ, რომ პირველ კლასში ხართ და ახლა სწავლობთ ანბანს.  მასწავლებელს კი ყოველი ახალი ასო-ბგერის შესწავლისას შეკერილი  „მ“, „შ“ ან „უ“  „მოჰყავს“. მართალია, თავიდან არ განახებთ. საგულდაგულოდ მალავს ხან ტყავის ზურგჩანთაში, ხან – ჭრელ ყუთში, მაგრამ მშობლიური ენის სახელმძღვანელო წიგნი გამოცნობას აადვილებს.  ერთი სული გაქვთ, დაინახოთ, რა ფერია, რა ახატია და კიდევ უფრო მეტად გელევათ სული, სანამ ახალი ასოს შესახებ ზღაპარს მოისმენთ.

ვფიქრობ, წარმოსახვითი მოგზაურობა მოგეწონათ. მეც ასე დავასრიალებ დროსა და სივრცეში ჩემი იდეების ნავს და ვფიქრობ, რა გამიხარდებოდა ყველაზე მეტად – მგონი ის,  რომ პირველკლასელი ვიყო და ახლა ვსწავლობდე ანბანს.

სამწუხაროდ, ჩემი პირველი კლასის ისტორიიდან არცერთი ასოს შესწავლის ამბავი არ მახსოვს. მე კი მინდა, რომ ანბანის სწავლების პერიოდი ბავშვებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდეს.

ასოების შეკერვა არც ადვილია თვითნასწავლი მკერავისთვის და არც შეუძლებელი.

საჭიროა ფერადი ნაჭრები, სილიკონი შიგთავსისთვის (მატყლი ან ბამბაც გამოდგება) და საკერავი მანქანა, თუმცა, შეკერვა ხელითაც შესაძლებელია.

 

ძაფები

ქსოვა თუ გიყვართ,  ფერადი ძაფების ნაკუწებიც გექნებათ თუ არადა, რომელიმე კოლეგას ან მშობელს ექნება. ძაფებს ვანაწევრებთ თანაბარ ნაწილებად. კლასს ვყოფთ ჯგუფებად. მიგვაქვს დიდი ფორმატი, რომელზეც დაწერილია ერთი (ორ ან სამსიტყვიანი) წინადადება ნაცნობი ტექსტიდან, ბავშვებს ვურიგებთ თხევად წებოს და ყოველ ჯგუფს ინდივიდუალურად ვუჩვენებთ, როგორ უნდა იმოქმედოს. ბავშვები რიგრიგობით უსვამენ წებოს ერთ ასოს, ირჩევენ სასურველი ფერის ძაფს და იმ მიმართულებით იწყებენ შემოვლებას, როგორც იწერება კონკრეტული ასო.

ამგვარად მოსწავლეები უფრო უკეთ აღიქვამენ თითოული ასო-ბგერის მოხაზულობას, აგებულებას, წერის მიმართულებას, ბადის თავისებურებას, თან ძაფის სირბილე მათ თითებს ათბობს, ფერების სიხასხასე განწყობას ამაღლებს და მეგობრებთან ერთად ფუსფუსისას ერთმანეთის მოსმენასა და დანახვას სწავლობენ.

 

როგორ გამოვაცხოთ ანბანი?

წლებია მე და ჩემი შვილები ორცხობილის ცომთან და გამოსაჭრელ ფორმებთან ვმეგობრობთ. წელს ასოების გამოძერწვა და გამოცხობა მოგვაფიქრდა. ხშირად მეკითხებიან ორცხობილების რეცეპტს და მისი გაზიარებით თქვენც გაგიადვილებთ საქმეს:

 

          2 კვერცხი 2 ჭიქა შაქართან ერთად ჩანგლით ავთქვიფოთ, დავუმატოთ ერთი შეკვრა გახეხილი კარაქი, მოვაყაროთ ვანილი, შემდეგ შევაზილოთ იმდენი  ფქვილი, რომ საშუალო სისქის ცომი მივიღოთ. მოზელილი ცომის გუნდა 15-20 წუთით საყინულეში შევდოთ.

ასოების გამოძერწვისას გაითვალისწინეთ, რომ ძალიან თხელი ცომი ადვილად იწვება და ცუდი გემო აქვს. მთავარია, ბავშვმა გაიხსენოს ასოს მოხაზულბა და ბადეში „ცხოვრების“ შესახებ წარმოდგენა განიმტკიცოს.

ხშირად წინასწარ მოზელილ ცომს საყინულეში ვინახავ. როდესაც სტუმრად შვილების მეგობრები გეწვევიან, ანბანის გამოძერწვა სახალისო აქტივობად შეიძლება აქციოთ.

 

პლასტილინი

პლასტილინით ასოების ძერწვა ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი საქმიანობაა. ჩვენ ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ვძერწეთ. წინასწარ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის მარცვლეული და ბურღულეული, კლასი  სამ მწკრივად დავყავით და თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად გამოძერწა ერთი ასო, ფურცლის ქვედა ნაწილში კი – სიტყვა. ნამუშევრები გარკვეული დროის განმავლობაში გალერეაში გვქონდა გამოფენილი, ახლა კი საკლასო ოთახში ვინახავთ. ყველა ასო განსხვავდება ერთმანეთისგან: ზოგი ერთფეროვანია, ზოგი – ფერადი, სხვადასხვაგვარად გაფორმებული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მუშაობის პროცესი იყო – მოსწავლეებს წახალისებისას და შექებისას თავდაჯერებულობა ემატებოდათ, რაც მათ ნამუშევრებზეც აისახებოდა.

პლასტელინი, როგორც ცომი და თიხა, საუკეთესო საშუალებაა წვრილი მოტორიკის (თითების დასამორჩილებლად) განსავითარებლად და თითის წვერებზე განლაგებული ნერვული დაბოლოებების გამოსაფხიზებლად.

პერიოდულად ანბანის სწავლების პროცესში პლასტელინით ასოების გამოძერწვას ვავალებდი მოსწავლეებს.

 

თიხა

          დეკემბრის მიწურულს საკლასო ოთახის საახალწლო გაფორმება მთავარი საზრუნავი ხდება. ახალი წლის მოლოდინში სკოლის სარემონტო სამუშაოების ნარჩენებით ნაძვის ხე ავაწყვეთ, სათამაშოებად კი თიხისგან გამოძერწილი ასოები გამოვიყენეთ.

საძერწი თიხა წიგნის მაღაზიებში იყიდება. ასოების „დამტვრევის“ თავიდან ასაცილებლად, სასურველია, სქელი ფორმა მივცეთ მათ.

ჩვენ თიხის ასოები გაშრობის შემდეგ ფერად-ფერადად შევღებეთ.

 

შტოები

„არც ტოტს მოგვტეხავს, არც შტოსა,

და არც შეგვირხევს ფესვებსო…“

ეს სტრიქონები ამონარიდია შიო მღვიმელის ლექსიდან „ნაძვები“. დედა ნაძვი თავის ხუთ შვილს ამშვიდებს, რომ ქარის არ შეეშინდეთ. ტოტი და ფესვები გასაგებია, მაგრამ ხშირად ისმის შეკითხვა – რას ნიშნავს „შტო“?

შტო ტოტის პატარა ნაწილია. შტოებით ასოების აგება საინტერესო თამაშად შეგვიძლია ვაქციოთ. ამისთვის დაგვჭირდება შტოებით ბავშვების მომარაგება. მართალია, თიხისგან და პლასტელინისგან განსხვავებით, ცოტა დაუმოჩილებელი მასალაა, მაგრამ პროცესი სახალისო თამაშად  შეგვიძლია ვაქციოთ.

 

კენჭები, ნიჟარები, ბუმბული

წვრილი კენჭებით ასოების შედგენა სახალისო იქნება. კენჭების მოსაგროვებლად მდინარეზე ან ზღვის სანაპიროზე უნდა წახვიდეთ.

ზღვაზე ხშირად ვაგროვებთ გამორიყულ ნიჟარებსაც. აბა, წარმოვიდგინოთ, რა ლამაზი იქნება ნიჟარებით აწყობილი ნებისმიერი ასო-ბგერა.

სკოლისაკენ მიმავალ გზაზე მე და ჩემი პირველკლასელი ბიჭი ხშირად ვპოულობთ ბუმბულებს. ზოგი ისეთი გრძელია, „ბ“-ს თავსა და მუცელს შორის ხიდად გაიდება. ასოების „დასაწერად“ ხელოვნური ბუმბულის გამოყენებაც შესაძლებელია.

 

ფუნჯი

          სხვადასხვა ზომის ფუნჯები და ფერადი საღებავები ასოების შესწავლის პერიოდში არტთერაპიად შეიძლება გამოვიყენოთ. ჩემი სტუდენტობისას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ  იყო კაფე, რომელიც ერთი წლის წინ მოვინახულე. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა: ინტერიერი, მენიუ, სტუდენტები. კედლებზე კი დახატული ასოები ჩამოეკიდათ. ამ იდეის საკლასო ოთახში გადმოტანის სურვილი მაშინ გამიჩნდა. საინტერესოა, ვინ როგორ ნახატს შექმნის. გაკვეთილზე ფუნჯით წერისა თუ ხატვის  დაგეგმვა სასურველი იქნება ხელოვნების მასწავლებელთან ერთად.

 

ჰაერი, დაორთქლილი მინა

ამ აქტივობისთვის კი მხოლოდ დაორთქლილი მინა დაგჭირდებათ.

აბა, სცადეთ და ჰაერში „დაწერეთ“ რომელიმე სიტყვა. გაოცდებით იმის აღმოჩენისას, რა ყოჩაღად გაართმევენ თავს ბავშვები ჰაერში დაწერილის ამოკითხვას. გარდა იმისა, რომ ასოების მოხაზულობას სწრაფად მიაჩვევენ თვალს, სიტყვის ამოკითხვის პროცესსაც აჩქარებს.

დაორთქლილ მინაზე წერაც სახალისოს გახდის ასოების შესწავლას.

 

ასე რომ, ბავშვებისთვის საანბანო პერიოდი დაუვიწყარი იქნება თუ არა, ჩვენზე -მასწავლებლებსა და მშობლებზეა დამოკიდებული.  მოვინდომოთ, ვიფიქროთ, იდეები ერთმანეთს გავუზიაროთ და ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვაქციოთ რესურსად: თოვლი, ქვიშა, ქვები, მუყაო, ღილები, ბამბა… მთავარია, პატარა თითები „მოვარჯულოთ“, 33 განსხვავებული მოხაზულობისა და აგებულების ასო-ბგერა მოვიშინაუროთ და მშობლიური ენის განუმეორებელ, ერთადერთ სამყაროში მოსწავლეებს დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით შევუძღვეთ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი